სარუმანი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი „ბეჭდების მბრძანებლის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, მაგრამ ჩნდება მხოლოდ რამდენიმე თავში.

სარუმანი

სარუმანის სიმბოლო
პირველი გამოჩენა ბეჭდის საძმო (1954)
ბოლო გამოჩენა დაუსრულებელი თხზულებები (1980)
ინფორმაცია
სხვა სახელები იხ. სახელები და წოდებები
სახეობა/რასა მაია

სარუმანი არის ისტარების ორდენის ლიდერი, რომელიც შუახმელეთში მოვიდა მესამე ეპოქაში. „ბეჭდის საძმოში“ იგი არის საურონის პირდაპირი მოკავშირე.

ტოლკინის მიერ მოგონილი სინდარული ენის მიხედვით მას ჰქვია კურუნირი ანუ მცოდნე ადამიანი.

თავდაპირველად სარუმანი იყო მაია, ცნობილი კურუმოს სახელით. მაიარები ამანიდან შუახმელეთში, ხალხის დასახმარებლად გამოაგზავნეს. სარუმანი შუახმელეთში დაახლოებით მესამე ეპოქის 1000 წელს გამოჩნდა. ამბობენ, რომ იგი იყო პირველი ისტარის ორდენიდან, თუმცა მეორე თეორიით, მან თან ჯადოსანი რადაგასტიც გაიყოლა — იავანას თხოვნით.

ადამიანები კურუმოს „სარუმანს“ უწოდებდნენ, ელფები — კურუნირს. ისევე, როგორც სხვა ჯადოსნები, ისიც ადამიანის სახეს ატარებდა. წიგნში იგი აღწერილია როგორც გამხდარი, დიადი წვერ-ულვაშით. თავდაპირველად მისი თმა ბნელი ფერის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით თეთრად იქცა, შავი დრო და დრო მაინც ჩნდებოდა. სარუმანს საუბრის მეტად ბრძნული და თავაზიანი მანერა ახასიათებდა, რითაც სხვებს თავგზას უბნევდა. მისი მანტია თეთრი ფერის იყო, რაც აღნიშნავდა, რომ იგი ისტარების ბელადი იყო.

შუახმელეთში გამოჩენის პირველ ეტაპზე სარუმანმა მოიარა მისი მთელი ტერიტორია. მან იმოგზაურა რუნში, შორეული აღმოსავლეთით, ორ ლურჯ ჯადოსანთან, რომლებიც იქ მოგვიანებით დარჩნენ.

2463 წელს ჩამოყალიბდა თეთრი საბჭო, რომელშიც ელფებიც და ჯადოსნებიც შედიოდნენ, მათ შორის — სარუმანი, განდალფი, ელრონდი, გალადრიელი და კირდენი. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენდა ბნელტევრში არსებული დოლ გულდურის ციხესიმაგრიდან ბოროტი ძალის განდევნა. მაშინ განდალფს შესთავაზეს ამ საბჭოს მართვა, მაგრამ მან უარი თქვა და ამგვარად, ეს ადგილი სარუმანმა დაიკავა.

მიუხედავად ამისა, სარუმანს ყოველთვის შურდა განდალფის, ვინაიდან გრძნობდა, რომ ის მასზე ძლიერია და შუახმელეთის ხალხებს შორის უფრო დიდი პატივისცემა აქვს. მან ასევე იცოდა, რომ განდალფს ჰქონდა ნარია, ელფთა ბეჭდებიდან ერთ-ერთი. ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა, მას ხომ ასევე სურდა ძალაუფლების ბეჭდის ხელში ჩაგდება. მან კარგად შეისწავლა ბეჭდების ისტორია და მსგავსი ბეჭდის შექმნა თავად სცადა.

მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა მთავარი ბეჭდის დაკარგვის ამბავი, მას შემდეგ, რაც საურონი ადამიანთა და ელფთა უკანასკნელი ალიანსის ბრძოლაში დამარცხდა. ამ მიზნით სარუმანმა იმოგზაურა მინას ტირითში, რომლის არქივებში ისილდურისა და ბეჭდის შესახებ ბევრი რამ ამოიკითხა, მათ შორის — ბეჭედზე ამოტვიფრული ლექსი.

თუმცა, არქივებში მან აგრეთვე წაიკითხა პალანტირების შესახებ — ქვების, რომლებიც გამოიყენებოდა შორეულ მანძილზე კავშირისათვის. მან იცოდა ისიც, რომ იზენგარდის ციხე-კოშკ ორთანკში ერთ-ერთი ასეთი იმალებოდა, ამიტომ 2759 წელს გონდორს შესთავაზა, რომ იქაურობის მოუვლიდა. ორთანკის გასაღები მას გონდორის მოურავმა ბერენმა გადასცა.

იმავე წელს სარუმანი დაესწრო როჰანელ მეფე ფრეალაფის კორონაციას. მან თან საჩუქრებიც მოიტანა და როჰირიმები დალოცა. გარკვეული პერიოდის მანძილზე როჰანს უხაროდა, რომ სარუმანი, დიდი ისტარი მათ ეხმარებოდა.

ჯადოსანმა ასევე გაიცნო ხისწვერა, ენტი, რომელიც ფანგორნის ტყეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებამ ბევრი რამ უამბო, იყო ისეთი რამ, რაც საიდუმლოდ შეინახა — ალბათ, უნდობლობის გამო.

2851 წელს გაიმართა თეთრი საბჭოს შეხვედრა. განდალფმა აცნობა მას, რომ დოლ გულდური დალაშქრა და აღმოაჩინა, რომ ბოროტების კერა სინამდვილეში საურონი იყო. სარუმანი იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საბჭომ გადადო დოლ გულდურზე შეტევა. მან უამბო დანარჩენებს, რომ დარწმუნებული იყო მთავარი ბეჭდის ზღვაში სამუდამოდ დაკარგვაში. მაგრამ განდალფი კვლავ ღელავდა.

რეალურად კი სარუმანმა დაზვერა ზამბახის ველები, სადაც ისილდური მოკლული იქნა. რაც უფრო მეტად ინტერესდებოდა ბეჭდით, მით უფრო იხრწნებოდა მისი სული და ერთ დღეს საურონის მსგავს ძალაუფლების მოპოვებაზეც კი იფიქრა.

2939 წელს სარუმანმა შეიტყო, რომ საურონიც ეძებდა ბეჭედს. ამიტომ, როდესაც განდალფმა 2941 წელს განაცხადა, რომ აუცილებელია დოლ გულდურზე შეტევა, სარუმანი დაეთანხმა — მას არ სურდა, რომ საურონი ყველაფერს ჩასძიებოდა. მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ საურონი მზად იყო ამ შეტაკებისათვის. იგი მორდორში დაბრუნდა და ძალები მოიკრიბა. 2951 წელს იგი კვლავ გამოჩნდა. 2953 წელს გაიმართა თეთრი საბჭოს უკანასკნელი შეხვედრა. მაგრამ სარუმანმა კვლავ დაარწმუნა ყველა, რომ ბეჭედი ნამდვილად ზღვაში იყო დაკარგული და საურონი აღარ წარმოადგენდა განსაკუთრებულ საშიშროებას.

სინამდვილეში, ჯადოსანმა იპოვა ჯაჭვი, რომელზეც ბეჭედი ოდესღაც ეკიდა და ელენდილმირიც — ჩრდილოეთ სამეფოს ნიშანი — ორივე ისილდურს ეკუთვნოდა. სარუმანმა ეს ნივთები ორთანკში შეინახა. მაგრამ ბეჭედი...ბეჭედი უბრალოდ გაქრა...და ნაპოვნი იქნა ჰობიტ დეაგოლის მიერ, რომელიც ამ ბეჭდის მითვისების მიზნით მოკლა მისმა მეგობარმა, სმეაგოლმა. სმეაგოლი კი საზარელ არსება გოლუმად გარდაიქმნა. და ბოლოს, ბეჭედი ნისლიან მთებში ხეტიალისას ნაპოვნი იქნა ჰობიტ ბილბო ბეგინსის მიერ.

თავისთავად, სარუმანმა არ იცოდა, რა იპოვა ბილბომ, თუმცა აეჭვიანებდა, რომ განდალფი ზედმეტად დიდ ინტერესს იჩენს ჰობიტთა მიმართ. მისი დავალებით, სერში შიკრიკებმა სცადეს განდალფის შესახებ უფრო მეტის დადგენა, ხოლო თავად ჯადოსანმა ფარულად იმოგზაურა ჰობიტთა მხარეს.

მისმა ინტერესმა ბილბოს მშობლიური მიწებით იმატა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰობიტთა საჩიბუხე მცენარის მოწევა დაიწყო. ამისათვის მან ბრეისგირდლებისა და სეკვილ-ბეგინსების ნაწილი მოისყიდა.

თეთრი საბჭოს უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, სარუმანი გამოიკეტა იზენგარდში. თუკი თავდაპირველად იგი უბრალოდ მოურავის მიერ დანიშნული ერთგვარი თანაშემწე იყო, ახლა იზენგარდი მის სამფლობელოდ იქცა. მან გაანადგურა მისი ულამაზესი ბაღები და ხეები. საკუთარი ინდუსტრიული მიზნებისათვის მან ძალა არ დაიშურა და მისი ბრძანებით ორკებმა ფანგორნის ტყის ხეებიც მოჭრეს.

სარუმანმა საკუთარი ჯარის ჩამოყალიბება დაიწყო. მას ემორჩილებოდნენ როჰანის მოძულე დუნლანდელები, ისევე როგორც ორკები და ვარგები. ასეთ ორკებს შორის იყო მის მიერ განგებ გამოყვანილი ურუკ-ჰაის რასა. ეს იყო ჩვეულებრივი, მაგრამ სიმაღლეში და ძალაში განსხვავებული ორკი. მას ასევე გამოარჩევდა ის, რომ ჩვეულებრივისგან განსხვავებით, დღის სინათლის შიში არ ჰქონია. ამბობენ, რომ ურუკ-ჰაის ადამიანებით კვებავდნენ.

დაახლოებით 3000 წლიდან სარუმანმა დაიწყო პალანტირის გამოყენება. საურონმა თანდათან სულ უფრო მეტად გარყვნა მისი სული.

გარდა ყველაფრისა, სარუმანმა გადაწვიტა მთავარი ბეჭდის მითვისება. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ბეჭედი ჰობიტებთან არის, მან შეიპყრო განდალფი, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ძალების გაერთიანებაზე. მოგვიანებით განდალფი მას გაექცა არწივ გვაიჰირის დახმარებით.

ასე თუ ისე, სარუმანი საურონის გეგმების პარალელურად მოქმედებდა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა ბეჭდების მბრძანებლის“ მეორე წიგნში — სარუმანისა და საურონის ორკებმა ვერა და ვერ გადაწყვიტეს, რა მიმართულებით წაეყვანათ გატაცებული მერი და პიპინი (ვინაიდან მათ ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ვინმე ნახევარკაცას ჰქონდა ნივთი, რომელიც საურონსა თუ სარუმანს მეტად სჭირდებოდა).

ენტთა შეკრებაზე გადაწყდა, რომ იზენგარდის იერიშით აიღებენ. ფანგორნის ტყის მაცხოვრებლების რისხვა გაათმაგებული იყო იმის გამო, რომ სარუმანი და მისი თანამოაზრეები უმოწყალოდ ანადგურებდნენ იზენგარდთან ახლოს მდებარე მწვანე საფარს. სწორედ ენტებმა გაანადგურეს ჯადოსნის საბოლოო ძალები. სარუმანი და გრიმა ენაგესლი დარჩნენ ორთანკში გამოკეტილები. მოგვიანებით, როდესაც მეფე თეოდენი, განდალფი და სხვები მიადგნენ კოშკს. მათ მოიპოვეს სარუმანის პალანტირი. 25 მარტს ბეჭედი განადგურებული იქნა, მაგრამ სარუმანის გარყვნილმა ბუნებამ არ ჰპოვა სიმშვიდე და მან, ხისწვერაზე ზემოქმედებით, გრიმასთან ერთად დატოვა იზენგარდი, გადასცა რა ენტს ორთანკის გასაღებები.

სარუმანს საკუთარი ქსელი გახლართული ჰქონდა მაზრაშიც, სადაც, ფროდოსა და მისი მეგობრების არყოფნისას, მისი მმართველობა დამყარდა (თუმცა, არავინ იცოდა მისი რეალური სახე). ფროდოს დაბრუნებასთან ერთად მოხდა დიდი გადატრიალება და გაიმართა ბრძოლა სარუმანთან, მის მომხმრე ადამიანებთან და მოსყიდულ ჰობიტებთან. სარუმანი მოკლული იქნა გრიმას მიერ, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს ჯადოსანმა სახეში გაარტყა. მისი გვამი გაიფანტა ჰაერში.

სახელები და წოდებები

რედაქტირება
  • სარუმან თეთრი - სახელი „სარუმანი“ ჩრდილოელთა ენაზე წარმოთქმული იყო. ძველ ინგლისურ ენაზე searu ნიშნავს „ცოდნას, სიბრძნეს“. თეთრი მას ეწოდა იმ ჩაცმულობის გამო, რომელსაც ატარებდა.
  • კურუნირი - სინდარულად Curunir ნიშნავს 'დახელოვნებულს'.
  • კურუმო - კურუნირის ქუენიური ექვივალენტი. კურუმო სარუმანს ერქვა, როდესაც იგი ჯერ უბრალოდ მაია იყო.
  • თეთრი მაცნე - ასე სარუმანს ეწოდა თავდაპირველად, როდესაც იგი შუახმელეთში გამოჩნდა.
  • ჯადოსანთა ორდენის ბელადი - ამ ორდენში შედიოდა ყველა ჯადოსანი, რომელიც შუახმელეთში შემოვიდა.
  • თეთრი საბჭოს თავი - თეთრ საბჭოში შედიოდნენ ჯადოსნები და ელფები. ერთად ისინი გეგმავდნენ დოლ გულდურის აღებას, სადაც საურონი (ნეკრომანტი) იმალებოდა.
  • ბრძენი სარუმანი - ასე მას უწოდებდა ხალხი და ასე იგი საკუთარ თავსაც უწოდებდა.
  • ბეჭდის ოსტატი სარუმანი - ასე იგი საკუთარ თავს უწოდებდა, ვინაიდან თავად იყო მინიმუმ ერთი ბეჭდის ოსტატი (იმ ბეჭდებიდან, რომლებიც სხვადასხვა ხალხს გადასცეს)
  • მრავალი ფერის სარუმანი - მან დაკარგა თეთრი ფერი და ამიტომ მოგვიანებით ფერებს იცვლიდა.
  • მეთაური - მას ასე უწოდებდნენ მაზრაში, როდესაც მან ეს კუთხე დაიპყრო. ასევე უწოდებდნენ 'პატრონს'.
  • შარკი (Sharkey) - სარუმანს ასე უწოდებდნენ, ვინაიდან, სავარაუდოდ, სიტყვა მომდინარეობდა ორკული sharkû-დან (მოხუცი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება