მადონა (მომღერალი)
მადონა ლუიზა ჩიკონე (/tʃɪˈkoʊni/; დ. 16 აგვისტო, 1958) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ბიზნესმენი. 1980-იანებში MTV-ის ეთერით პოპულარობის მოპოვებით, მადონა ცნობილია მეინსტრიმულ პოპულარულ მუსიკაში ტექსტების თემების, ისევე, როგორც მუსიკალურ ვიდეოებსა და სასცენო გამოსვლებში სპექტრის გამდიდრებით. როგორც შემსრულებელს, საკუთარი ჟღერადობა და იმიჯი არაერთხელ შეუცვლია, თუმცა ხმისჩამწერ ინდუსტრიაში დამოუკიდებელი რჩებოდა. გარდა სკანდალური იმიჯის, ცნობილია ნამუშევრებით, რომლებიც მუსიკის კრიტიკოსების მიერ ფართოდ არის აღიარებული. ცნობილი, როგორც „პოპის დედოფალი“, მადონა აგრეთვე მრავალი შემსრულებლის მიერ აღიარებულია, როგორც შთაგონების წყარო.
მადონა | |
---|---|
მადონა 2023 წელს, The Celebration Tour | |
მშობლიური სახელი | Madonna |
დაბადების სახელი | მადონა ლუიზა ჩიკონე |
დაბადების თარიღი |
16 აგვისტო, 1958 ბეი სითი, მიჩიგანი, აშშ |
რეზიდენცია | ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები |
|
მოქალაქეობა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | მიჩიგანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1979–დღემდე |
მეუღლე(ები) | |
პარტნიორ(ებ)ი | კარლოს ლეონი (1995–1997) |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: ენტონი „ტონი“ ჩიკონე დედა: მადონა ლუიზა ფორტენი |
ჯილდოები | იხ. სია |
სუფთა მოგება | 580 მილიონი აშშ დოლარი (2017 წლის მაისის მიხედვით)[1] |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები |
|
საიტი | madonna.com |
დაბადებული და გაზრდილი მიჩიგანში, მადონა 1977 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც თანამედროვე ცეკვების სფეროში კარიერით დაკავდა. მას შემდეგ, რაც ჯგუფებში Breakfast Club და Emmy გამოდიოდა, როგორც დრამერი, გიტარისტი და ვოკალისტი, 1982 წელს Sire Records-თან კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი. მას მოჰყვა მთელი რიგი წარმატებული ალბომების (ზოგიერთი მათგანი ბესტსელერიც გახდა) — Like a Virgin (1984), True Blue (1986), ისევე, როგორც გრემის მფლობელები — Ray of Light (1998) და Confessions on a Dance Floor (2005). კარიერის წლებში სიმღერების ავტორი ძირითადად მადონა იყო. მათ შორის უმეტესობა მოხვედრილა ჩარტების სათავეებშიც — „Like a Virgin“, „Live to Tell“, „Like a Prayer“, „Vogue“, „Take a Bow“, „Frozen“, „Music“, „Hung Up“ და „4 Minutes“.
მადონას პოპულარობა განამტკიცეს კინოროლებმა ფილმებში „სასოწარკვეთილი ვეძებ სიუზანს“ (1985), „დიკ ტრეისი“ (1990), „მათი საკუთარი ლიგა“ (1992) და „ევიტა“ (1996). მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელმა მას მოუპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, სხვა ფილმების უმეტესობას წილად ხვდა უარყოფითი შეფასებები. ბიზნესის სამყაროში წარმატებულმა მადონამ 1992 წელს საკუთარი კომპანია Maverick დააარსა, რომელშიც შედის ლეიბლი Maverick Records. იგი აგრეთვე ცნობილია მოდის დიზაინის სამყაროში, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი, გამაჯანსაღებელი ცენტრის დამფუძნებელი და რეჟისორი. განთქმულია საქველმოქმედო საქმიანობით და 2006 წელს დააარსა ორგანიზაცია „Raising Malawi“.
მსოფლიოში გაყიდულია მადონას 300 მილიონზე მეტი ალბომი. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ქალი. RIAA-ს სიაში მადონას იკავებს მეორე ადგილს ყველაზე სერტიფიცირებულ ქალ შემსრულებლებს შორის, 64.5 მილიონი გაყიდული დისკით. ჟურნალ „ბილბორდის“ თანახმად, მადონა ცხელი ასეულის სინგლების ჩარტში ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელია, საერთო ჯამში კი – The Beatles-ის შემდეგ რიგით მეორე. იგი აგრეთვე რეკორდსმენია ყველაზე შემოსავლიანი სოლო-ტურნეების მხრივ – 1990 წლიდან გაყიდული ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 1.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მადონა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრიც არის, VH1-ის მუსიკაში 100 უდიდესი შემსრულებელი ქალების სის სათავეშია. Rolling Stone-მა იგი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის და სიმღერების 100 უდიდესი ავტორის სიაში.
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირება1958–1981: ადრეული ცხოვრება და კარიერის დასაწყისი
რედაქტირებამადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).[2]
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.
პირველივე კურსიდან მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით, მადონამ ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა. და აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.[3]
მას ცოტა ფული ჰქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის დანკინს დონათშიც. ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.
ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას,[4] მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ ჯგუფი „ბრეკფასტ კლაბი“ ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სტივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი „ემმი“ დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ. დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპიანია „საია რეკორდს“-ის დამფუძნებელს, სეიმურ სტაინს წარუდგინა.
პროფესიული კარიერა
რედაქტირება1980—1985 — გზა წარმატებისკენ
რედაქტირება1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია „საია რეკორდსთან“ (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც „უორნერ ბრაზერს რეკორდსს“ ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა „Everybody“ (1982 წლის 24 აპრილი), რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, „ბილბორდის“ საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე „ბილბორდის“ საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა.[5] ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო.[6] 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო „Burning Up“ და „Physical Attraction“, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა „საია რეკორდსის“ ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Borderline" (1983 წ.) | |
საშუალო ტემპის სიმღერა; მადონას პირველი ჰიტი, რომელიც ბილბორდის საუკეთესო 100-ეულის პირველ ათეულში შევიდა. |
"Like a Virgin" (1984 წ.) | |
ეს სიმღერა მადონას პირველი #1 ჰიტი გახდა აშშ-ში და თავისი სექსუალური ხასიათის გამო, კრიტიკა დაიმსახურა. |
"Material Girl" (1984 წ.) | |
საუკეთესო ათეულში შესული მეორე სინგლი მადონას ალბომიდან "Like a Virgin". სიმღერის სათაურის წყალობით, მადონას მოგვიანებით საერთაშორისო პრესაში ზედმეტსახელით — "მატერიალური გოგონა" მოიხსენიებენ. |
თავდაპირველად მისი სადებიუტო ალბომის, „Madonna“-ს (სადაც შესული იყო საცეკვაო სიმღერები) პროდიუსერი იყო რეგი ლუკასი, მაგრამ მოგვიანებით ორივე მიხვდა, რომ ისინი მუშაობისას ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. როდესაც ალბომის საწყის მასალაზე მუშაობა დასრულდა, მადონამ თავისი ჩანაწერები იმხანად თავის ბოიფრენდს, ჯონ „ჯელიბინ“ ბენიტესს მოასმენინა, რომელმაც ალბომი გამიქსა და ახალი არანჟირება გაუკეთა მას. ჩანაწერი აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმებში მე-8 ადგილზე გავიდა[5] და აქედან სამი სინგლი — „Holiday“, „Borderline“ და „Lucky Star“ საუკეთესო სინგლების 100-ეულში მოხვდა. ალბომი „Madonna“ გამოსვლისთანავე მსოფლიო მასშტაბით 3-მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. აქედან 1 მილიონი ალბომი აშშ-ში გაიყიდა. დღეს ეს ალბომი მსოფლიოში 8-მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.[5]
მადონა წარმატების გზაზე იდგა, ხოლო თინეიჯერი გოგონები მისი ჩაცმის სტილის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რასაც ისინი მომღერლის ფოტოებზე, ცოცხალ გამოსვლებზე და მუსიკალურ ვიდეოებში ხედავდნენ. მაქმანის ტოპი, ბრიჯების ზემოდან ქვედაბოლო, ბადისებური წინდები, ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებიანი სამკაულები და თეთრად შეღებილი თმა — ეს განსხვავებული სტილი 1980-იან წლებში ქალების მოდის განმსაზღვრელი გახდა.[7][8]
მადონას მომდევნო ალბომს „Like a Virgin“ წილად ხვდა საერთაშორისო წარმატება. ის მადონას პირველი ალბომი გახდა, რომელიც აშშ-ს საუკეთესო ალბომების სათავეში მოექცა.[9] მთავარი სიმღერის — „Like a Virgin“-ის წარმატების გამო, რომელმაც აშშ-ს ჰიტ-აღლუმების პირველი პოზიცია დაიპყრო (ის „ბილბორდის“ საუკეთესო სინგლების 100-ეულში 6 კვირის განმავლობაში ლიდერობდა),[4] ასევე, ისეთი ჰიტ სინგლების წყალობით, როგორებიცაა „Material Girl“ (აშშ-ს საუკეთესო სინგლების ჰიტ-აღლუმში მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო პირველ ადგილზე ამ დროს ამერიკელი შემსრულებლების მიერ აფრიკის მხარდასაჭერად დაწერილი უკვდავი სიმღერა — „We Are the World“ იყო), „Angel“ და „Dress You Up“, ალბომი გამოსვლისთანავე 12-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამჟამად კი მსოფლიოში „Like a Virgin“-ის 19 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.[5] ალბომიდან ოთხი სინგლი აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების 5-ეულში მოხვდა.
MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების პირველ ცერემონიალზე მადონამ სწორედ „Like a Virgin“ შეასრულა, რომლის დროსაც ის საქორწილო ტორტის ფორმის დეკორაციაზე ცეკვავდა, მოტმასნილ მანჟეტებში, ბრეტელებიან საქორწილო კაბასა და მაქმანის წინდებში გამოწყობილი, წვივსაკრავებითა და იმ დროს მისი „საფირმო ნიშნით“ — „BOY TOY“-ს (ბიჭების სათამაშო) წარწერიანი ქამრით.[10] ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა, რომელმაც მადონას თაყვანისმცემელთა რიცხვი გაზარდა. თუმცა, პარალელურად, მომღერლის წარმოდგენებმა კრიტიკოსთა თავდასხმაც გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მადონას მაპროვოცირებელი სტილის მიღმა მისი უნიჭობა იმალება.
1985 წელს მადონამ მეინსტრიმული კინოს სამყაროშიც შეაბიჯა. პირველად მან ეპიზოდური როლი შეარულა ფილმში „მხედველობის არეს ძიებაში“. ფილმის საუნდტრეკში შევიდა მისი მეორე ნომერ პირველი პოპ ჰიტი, გრემიზე ნომინირებული ბალადა „Crazy for You“ და ასევე, გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების ლიდერი „Gambler“. მოგვიანებით, იმავე წელს მადონამ მონაწილეობა მიიღო კომერციულად წარმატებულ ფილმში „სასოწარკვეთილი ვეძებ სიუზანს“, რომელმაც კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მადონას კომიკურ როლსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ფილმში პირველად აჟღერდა საცეკვაო სიმღერა „Into the Groove“, რომელიც სინგლ „Angel“-ის B-მხარის სახით გამოვიდა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მე-5 პოზიცია დაიკავა.[5] ეს სიმღერა საერთაშორისო ჰიტად იქცა და გაერთიანებულ სამეფოში მადონას პირველი ნომერ 1 ჰიტი გახდა.[11]
1985 წელს მადონამ აშშ-ში თავისი პირველი ტურნესთვის მზადება დაიწყო, სახელწოდებით „Virgin Tour“, რომელსაც ჯგუფი „ბისტი ბოიზი“ ხსნიდა. იმავე წლის ივლისში ჟურნალებმა „პენტჰაუზმა“ და „პლეიბოიმ“ გამოაქვეყნეს შიშველი მადონას შავ-თეთრი ფოტოების სერია, რომლებიც მან 1970-იანების დასასრულს გადაიღო. მასალამ მომღერლის შესახებ საზოგადო დისკუსიების ტალღა გამოიწვია, რომელიც თავიდან წინ აღუდგა ამ ფოტოების გამოქვეყნებას, მაგრამ მოგვიანებით უკან არ დაიხია და გამომწვევი პოზიცია დაიკავა.[12] ღია ცის ქვეშ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის, Live Aid-ის მსვლელობისას, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა მადონამ მთელი მსოფლიოსადმი თავის მიმართვაში მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სიცხის მიუხედავად, თავისი ქურთუკის გახდას არ აპირებდა, რადგანაც „ათი წლის შემდეგ, შეიძლება ჩემს წინააღმდეგ დამიბრუნდეს“-ო.[12] მოგვიანებით მადონა გაზეთ „ნიუ იორკ პოსტის“ გარეკანზე მოხვდა, სადაც შიშველი ფოტოების შესახებ მომღერლის კომენტარი იყო გამოტანილი: „მე ႠႰ მრცხვენია“.
1986—1991 — შემოქმედებითი განვითარება
რედაქტირებაწინამორბედებთან შედარებით, მადონას 1986 წლის ალბომი „True Blue“, მუსიკალური და თემატური თვალსაზრისით, გაცილებით დახვეწილი იყო, რაზეც ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ დაწერა: „მადონას ასე არასდროს უმღერია, რითაც თავის, როგორც საშუალო ფენის ამერიკელი პოპ-პოეტის, სტატუსს იმყარებს“.[13] ალბომში შევიდა სულშიჩამწვდომი ბალადა „Live to Tell“, რომელიც მან ფილმისთვის „ახლო მანძილიდან“ შექმნა, სადაც იმ დროს მისი მეუღლე შონ პენი მონაწილეობდა. ამასთანავე, ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც მადონა პროდიუსერის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის კომპოზიტორ პატრიკ ლეონარდთან თანამშრომლობდა, რომელიც შემდგომში მისი ხანგრძლივი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი გახდა. ალბომმა „True Blue“ მსოფლიოს ჰიტ-აღლუმებში პირველი პოზიციები დაიპყრო და გამოსვლისთანავე 11-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.[14] ალბომიდან 5 წარმატებული სინგლი გამოუშვეს: „Live to Tell“, „Papa Don't Preach“, „Open Your Heart“, „True Blue“ და „La Isla Bonita“. თითოეული მათგანი აშშ-ს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, აქედან პირველი სამი ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.[5]
ალბომის სიმღერებისთვის გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში გამოვლინდა, რომ მადონა კვლავ ცდილობდა, ვიდეოს შესაძლებლობები კინემატოგრაფის ხელოვნებისთვის დაეახლოვებინა, რაც არტ დირექტორის დახვეწილ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს და კინოს ისეთ ელემენტებს გულისხმობდა, როგორებიცაა პერსონაჟი და სიუჟეტი. მართალია, მადონას იქამდეც ჰქონდა გადაღებული სექსუალური თვალსაზრისით გულახდილი ვიდეოები, მაგრამ ამჯერად თავის ნამუშევრებს რელიგიური იკონოგრაფია, გენდერული არქეტიპები და სოციალური პრობლემები დაუმატა. ეს კონცეპტები მის ნამუშევრებს მომავალშიც ლაიტმოტივად გაჰყვება. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ვიდეო სიმღერისთვის „Open Your Heart“, სადაც მან პირველად ითანამშრომლა ფრანგ ფოტოგრაფ ჟან-ბატისტ მონდინოსთან.
1987 წელს მადონამ მთავარი როლი შეასრულა კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელ ფილმში „ვინ არის ეს გოგონა“, რომლის საუნდტრეკშიც მისი ოთხი სიმღერა შევიდა. მათ შორის იყო ფილმის სახელწოდების მქონე კომპოზიცია, რომელიც ჰიტად იქცა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მადონას რიგით მეექვსე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა. ალბომის მეორე სინგლი „Causing a Commotion“ ასევე საუკეთესო ხუთეულში შევიდა.[5]
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Like a Prayer" (1989 წ.) | |
საშუალო ტემპის მქონე საცეკვაო სიმღერა, რომელშიც გოსპელის შემსულებელი გუნდის და სოლო შესრულება ერთმანეთს ენაცვლება. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში პირველი პოზიცია დაიკავა, რითაც მადონას რიგით მეშვიდე ნომერ 1-ლ ჰიტად იქცა. |
"Express Yourself" (1989 წ.) | |
მეორე სინგლი ალბომიდან "Like a Prayer", რომელიც საუკეთესო 10-ეულში მოხვდა. ამ ძვირადღირებულმა მუსიკალურმა ვიდეომ, თავისი სიუჟეტის წყალობით, ფემინიზმის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. |
1987 წელსვე მადონამ წარმატებული მსოფლიო ტურნე — „Who's That Girl Tour“ დაიწყო, რომელიც იმ დროისთვის მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ტურნედ იქცა.[15] ამ პერიოდშივე გაიცნო ბექვოკალისტები და მოცეკვავეები — დონა დელორი და ნიკი ჰარისი, რომლებთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. მისი შოუები უფრო და უფრო დახვეწილ თეატრალიზებულ წარმოდგენებს დაემსგავსა. ამავე ხანებში მოუვიდა პირველი უსიამოვნება ოფიციალურ ვატიკანთან, როდესაც პაპმა მომღერლის თაყვანისმცემლებს იტალიაში გამართულ კონცერტებზე წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.[16]
მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტების რემიქსების ალბომი „You Can Dance“ გამოუშვა, რომელშიც ერთი ახალი სიმღერა — „Spotlight“ შევიდა. აშშ-ში ალბომი მილიონიანი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.[5]
მადონას 1989 წლის, რიგით მეოთხე ალბომის, „Like a Prayer“-ის სიმღერები უფრო პირადული ხასიათის ტექსტებით და დახვეწილი ვოკალური სტილით გამოირჩეოდა. ალბომმა, რომლის თანაპროდიუსერები და სიმღერების თანაავტორები პატრიკ ლეონარდი და სტივენ ბრეი იყვნენ, მადონას სერიოზული პოპ მომღერლის სტატუსი მოუპოვა. ალბომში შევიდა მადონას და პრინსის დუეტი. ამას გარდა, პრინსი ორ სიმღერაში საგიტარო პარტიასაც ასრულებდა. ამ ალბომს მადონას კარიერაში კრიტიკოსთა ყველაზე მნიშვნელოვანი, დადებითი რეცენზიები მოჰყვა, რამაც უფრო სერიოზული მსმენელის დაინტერესებაც გამოიწვია. ინტერნეტ საიტმა „All Music Guide“-მა ალბომი „მის საუკეთესო და ყველაზე შინაარსიან“ ჩანაწერად დაასახელა,[17] ხოლო ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ ალბომს „ხელოვნების ნიმუშთან ყველაზე ახლოს მდგომი პოპ მუსიკა“ უწოდა.[18] „Like a Prayer“-ში ხუთი ჰიტ სინგლი შევიდა — მთავარი სიმღერა, „Express Yourself“, „Cherish“, „Oh Father“ და „Keep It Together“. თვით „Like a Prayer“ კი საუკეთესო ასეულში პირველ ადგილზე გავიდა.[19]
1989 წლის დასაწყისში მადონამ გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანია „პეპსისთან“ გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, მსმენელს მადონას ახალი სიმღერა „Like a Prayer“ პირველად „პეპსის“ სარეკლამო რგოლში უნდა მოესმინა, სადაც თავად მომღერალიც გამოჩნდებოდა. ამ სიმღერაზე მადონამ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მუსიკალური ვიდეოც გადაიღო, რომელთანაც „პეპსის“ არავითარი საერთო არ ჰქონდა. სარეკლამო რგოლი სულაც არ ყოფილა სკანდალური, მაგრამ, სამაგიეროდ, სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.[10] ვიდეოს პრემიერა ამერიკის მუსიკალურ ტელეარხ MTV-ს ეთერში შედგა. მასში გამოყენებული იყო ისეთი კათოლიკური სიმბოლოები, როგორიცაა, მაგალითად, სტიგმატა, ჯვარცმა, კრიალოსანი და ა. შ.[10] ვიდეოში შავკანიან მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცების მიერ განაწამები თეთრკანიანი ქალის დასახმარებლად მიდის, დანაშაულის ბრალდებით, შეცდომით აპატიმრებენ. მადონას გმირი, რომელიც კრიმინალური შემთხვევის მოწმე იყო, ხელს უწყობს უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას. მართალია, ვიდეოს მიზანი რასიზმის დაგმობა იყო, მაგრამ მადონა ცეცხლმოდებული ჯვრებისა და იესოსთან „ფლირტის“ გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კომპანია „პეპსი“ საჩივრებითა და აქციებით აიკლეს. რადგან სარეკლამო რგოლი და მუსიკალური ვიდეო ვიზუალური თვალსაზრისით მსგავსი იყო, მწარმოებელმა კომპანიამ განრისხებული საზოგადოება ვერ დაარწმუნა, რომ მათ სარეკლამო რგოლში სინამდვილეში არავითარი უხამსობა არ ყოფილა. „პეპსიმ“ სარეკლამო რგოლის ჩვენება შეწყვიტა, მაგრამ მადონას თავისი 5 მილიონი დოლარი შერჩა, რადგანაც კონტრაქტი „პეპსიმ“ დაარღვია და არა მომღერალმა.[9] აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმში ალბომმა პირველი პოზიცია დაიკავა და მსოფლიოში 13-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, საიდანაც 4 მილიონი ეგზემპლარი აშშ-ზე მოდიოდა.[5]
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Cherish" (1989 წ.) | |
უმნიშვნელო სიუჟეტის მქონე ეს სინგლი ალბომ "Like a Prayer"-ის მესამე მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 10-ეულში მოხვედრილ ჰიტად იქცა. |
"Vogue" (1990 წ.) | |
"ჰოლივუდის ოქროს ხანისადმი" მიძღვნილი სიმღერა, რომელიც მადონას 1990-იანი წლების უდიდესი ჰიტი გახდა და აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების პირველი პოზიციები დალაშქრა. |
"Justify My Love" (1990 წ.) | |
სიმღერა, სადაც ვოკალური შესრულება, ძირითადად, ჩურჩულით და ლაპარაკით შემოიფარგლება. მადონას ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სინგლი, სექსუალურად გულახდილი ტექსტის და მუსიკის წყალობით. |
1990 წელს, პოპულარული კომიქსების ეკრანიზაციაში, სახელწოდებით „დიკ ტრეისი“, მადონამ ბრესლეს მაჰანის როლი განასახიერა.[20] 1990 წლის მაისში, ფილმის გამოსვლასთან ერთად, მადონამ ალბომი „I'm Breathless“ გამოუშვა, რომელშიც ფილმში ასახული 1930-იანი წლების გარემოთი შთაგონებული სიმღერები შევიდა. მათ შორის იყო ნომერ პირველი ჰაუს მუსიკის ჰიმნი „Vogue“ (რომელიც პატივს მიაგებდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს), გერშვინისებური „Something to Remember“ და სტივენ ზონდჰაიმის დაწერილი სამი სიმღერა, მათ შორის „Sooner or Later“, რომელმაც „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ კატეგორიაში კინოაკადემიის ჯილდო „ოკსარი“ დაიმსახურა.[21] ალბომს წარმატება ხვდა წილად ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში და გამოსვლისთანავე, მსოფლიო მასშტაბით 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა (აშშ-ში ორგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა).[5] ამ ალბომს უმნიშვნელო სკანდალიც მოჰყვა სიმღერა „Hanky Panky“-ს გამო, რომლის ტექსტშიც საჯდომზე ეროტიკული მოტყაპუნების სურვილი ვლინდებოდა.
1990 წლის აპრილიდან აგვისტომდე, თავისი წარმატებული მსოფლიო ტურნეს — „Blond Ambition Tour“-ის ფარგლებში, მადონამ კონცერტები გამართა იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, რომელსაც მუსიკალური თეატრის ტრადიციებთან ბევრი საერთო ჰქონდა. ტურნემ, რომელშიც უხვად იყო გამოყენებული რელიგიური და სექსუალური თემები და სიმბოლოები, სკანდალი გამოიწვია; განსაკუთრებით კი სიმღერა „Like a Virgin“-ის შესრულებისას, როდესაც ორი მოცეკვავე მამაკაცი მის სხეულს ეფერებოდა, ხოლო მადონა მასტურბაციის სიმულაციას ეწეოდა.[16] თუმცა, სკანდალურობის მიუხედავად, დღეს ითვლება, რომ ამ ტურნემ, ზოგადად, საკონცერტო ტურნეებთან დაკავშირებით მსოფლმხედველობა შეცვალა, ხოლო მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის ეს ტურნე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ითვლება.
1990 წლის ნოემბერში მადონამ თავისი პირველი საუკეთესო ჰიტების ნაკრები — „The Immaculate Collection“ გამოუშვა, რომელშიც ორი ახალი სიმღერა შევიდა: „Justify My Love“ და „Rescue Me“. „Rescue Me“ აშშ-ს ჰიტ-აღლუმების ისტორიაში ქალი შემსრულებლის პირველ სინგლად იქცა, რომელიც გამოსვლისთანავე მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა.[4] „Justify My Love“-ის მუსიკალური ვიდეო ჟან-ბატისტ მონდინომ პარიზის Royal Monceau Hotel-ში გადაიღო. ვიდეოს მაცდურ სცენებში მადონა თავის მაშინდელ საყვარელთან — მოდელ/მსახიობ ტონი უორდთან ერთად მონაწილეობდა. სადო/მაზო, დაბმის სცენები, გეი და ლესბოსელი პერსონაჟები[22] და საყოველთაო სიშიშვლე[10] საკმარისზე მეტად გულახდილი აღმოჩნდა MTV-სთვის და ხელმძღვანელობამ თავის არხზე ვიდეოს ჩვენება აკრძალა.[22] მუსიკის ისტორიაში პირველად, „უორნერ ბრაზერს რეკორდსმა“ ეს ვიდეო გამოუშვა ვიდეო-სინგლის სახით, რომელიც ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ვიდეო-სინგლად იქცა; ალბომი კი მთელს მსოფლიოში 22-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.[5]
1991 წელს, მადონამ თავის პირველ დოკუმენტურ ფილმში — „საწოლში მადონასთან“ (აშშ-ში ცნობილია, როგორც „სიმართლე თუ მოქმედება“) მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი 1990 წლის მსოფლიო ტურნეს — „Blond Ambition Tour“-ის ქრონიკებისგან შედგებოდა. 1992 წელს კი მომღერალმა ფილმში „მათი საკუთარი ლიგა“ ითამაშა. ბეისბოლის თემატიკაზე შექმნილ ამ ფილმში მადონამ იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეი მორდაბიტოს როლი განასახიერა,[23] რისთვისაც კრიტიკის დადებითი შეფასება დაიმსახურა (მისი ერთ-ერთი წარმატებული კინო-ნამუშევარი მცირეთაგან). მადონამ ფილმისთვის მთავარი სიმღერა — „This Used to Be My Playground“ ჩაწერა, რომელიც აშშ-ში მომღერლის მეათე ნომერ 1-ლ სინგლად იქცა.
1992—1997 — ალბომი „ეროტიკა“ და კინოფილმი „ევიტა“
რედაქტირებაალბომმა „Erotica“, რომელიც უმეტესწილად შეპ პეტიბონის პროდიუსერობით გამოვიდა, „პორნო“ ალბომის იარლიყი დაიმსახურა, რადგან ბევრი თვლიდა, რომ ალბომის ყველა სიმღერა სექსუალურ თემატიკას შეიცავდა, როდესაც სინამდვილეში სექსუალურად დამუხტული სიმღერა ალმბომში მხოლოდ სამი იყო (თოთხმეტიდან): „Erotica“, „Where Life Begins“ და „;Did You Do It?“. ალბომმა აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა.[24] მთლიანობაში კი ალბომიდან ექვსი სინგლი გამოუშვეს, რომლებიდანაც ყველაზე წარმატებული მისი მთავარი სიმღერა — „Erotica“ იყო. ის აშშ-ს რადიოსადგურების საუკეთესო 100-ეულის ისტორიაში პირველ სინგლად იქცა, რომელიც იმთავითვე ყველაზე მაღალ პოზიციაზე მოხვდა (ნომერი ორი). სიმღერისთვის გადაღებული სკანდალური მუსიკალური ვიდეო, მისი მეტისმეტად გამომწვევი სექსუალური შინაარსის გამო, MTV-ზე მხოლოდ სამჯერ გავიდა.
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Deeper and Deeper" (1992 წ.) | |
საცეკვაო სიმღერა დისკოს სტილში. |
"Take a Bow" (1994 წ.) | |
Babyface-ის (იგი სიმღერაში ბეკ-ვოკალსაც ასრულებს) თანაავტორობით შექმნილი, მადონას კანტო-პოპ სტილის ეს ბალადა თითქმის სამი წლის მანძილზე მომღერლის პირველ ნომერ 1 ჰიტად იქცა . |
"You Must Love Me" (1996 წ.) | |
ეს სიმღერა სპეციალურად ფილმისთვის "ევიტა" დაიწერა და 1997 წელს, ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მხატვრული ფილმიდან", "ოსკარი" მოიპოვა. |
1993 წლის მსოფლიო ტურნე „Girlie Show“ იმ დროისთვის მადონას ყველაზე გულახდილი და სკანდალური საკონცერტო ტურნე გახდა. მასში მადონა, ტყავის მათრახით ხელში, დომინანტ ქალს განასახიერებდა. მას გარს ეხვივნენ წელსზემოთ შიშველი მოცეკვავეები, მათ შორის ლუკა ტომასინი და კერი ენ ინაბა. ტურნეს მიერ გამოწვეულ სკანდალს პუერტო რიკოში მადონას გამოსვლაც დაემატა, როდესაც სცენაზე მომღერალმა კუნძულის დროშა ფეხებს შორის ამოისვა, რამაც მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია,[16] ხოლო ორთოდოქსმა ებრაელებმა პროტესტი გამოთქვეს მის პირველ შოუზე ისრაელში.[16] მადონამ მოგვიანებით თავისი ცხოვრების ეს პერიოდი აღწერა, როგორც მის პირად ცხოვრებაში შეჭრის პასუხად სრულიად მსოფლიოსთვის გაღებული საჩუქარი, რომელსაც ასე მოითხოვდა ყველა. ამით იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ადამიანები ყველაფერს ნახავდნენ, დამშვიდდებოდნენ და კონცენტრირებას მხოლოდ მის შემოქმედებაზე გააკეთებდნენ.
მოგვიანებით, 1994 წელს, ნელი ჰუპერის და დალას ოსტინის თანაპროდიუსერობით, მადონამ თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი — „Bedtime Stories“ გამოუშვა. იმ პერიოდში მადონა რ&ბ/როკ მომღერლის — ჯოის სადებიუტო ალბომით „Pendulum Vibe“-ით იყო შთაგონებული და ისე უყვარდა იგი, რომ პროდიუსერი დალას ოსტინი გადმოიბირა და ამ ახალ პროექტში დახმარება სთხოვა. ალბომში მადონას ხმას უფრო რ&ბ ჟღერადობა აქვს. კომერციული თვალსაზრისით, იგი წარმატებული იყო ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა[5] და გრემის დაჯილდოებაზე — კატეგორიაში „საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი“ იყო ნომინირებული. მთავარი სიმღერით — „Bedtime Story“, რომელიც ნაწილობრივ ბიორკთან თანამშრომლობის ნაყოფი იყო, მადონამ თითქოს მიანიშნა მომავლის მუსიკალურ ტენდენციებზე. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა, მათ შორის „Take a Bow“, რომლის თანაავტორი და პროდიუსერი Babyface იყო. სიმღერას ჟურნალ „ბილბორდის“ საუკეთესო 100-ულში წარმატება ხვდა წილად — შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა,[25] მაგრამ, ამავე დროს, ის მადონას პირველ სიმღერად იქცა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების 10-ეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-16 პოზიციას დასჯერდა. მაიკლ ჰაუსმანის მიერ ამ სიმღერისთვის გადაღებულმა ესპანური თემატიკის შემცველმა ვიდეომ კი, მოგვიანებით მადონას ფილმ „ევიტაში“ მთავარი როლის მიღებაში შეუწყო ხელი.
1995 წლის 7 ნოემბერს მადონამ თავისი ბალადების კრებული „Something to Remember“ გამოუშვა, რომელშიც სამი ახალი სიმღერა შევიდა. მათ შორის იყო მარვინ გეის კლასიკად ქცეული სიმღერის — „I Want You“-ს მადონასეული ვერსია (რომელიც მან ბრიტანულ ჯგუფ „მესივ ეტეკთან“ ერთად ჩაწერა) და „You'll See“ (რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა). აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ალბომს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრამდე ცოტა დააკლდა,[5] სამაგიეროდ მას შემდეგ იგი 3-გზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა.[5]
1996 წელს, კრიტიკოსთა აღიარების თვალსაზრისით, მადონას ყველაზე წარმატებული ფილმი „ევიტა“ გამოვიდა, რომლის სიმღერაც მადონას მეთორმეტე პლატინის ალბომად იქცა. მასში მოგვიანებით ჰიტად ქცეული ორი სინგლი შევიდა — „Don’t Cry For Me Argentina“ და „You Must Love Me“. ეს უკანასკნელი სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა და ერთ წელიწადში, ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მხატვრული ფილმიდან“, კინოაკადემიის ჯილდო და ოქროს გლობუსი დაიმსახურა. მადონამ თავადაც მიიღო ოქროს გლობუსი — ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში“, მაგრამ კინოაკადემიის ჯილდოზე წარდგენილი არ ყოფილა.
1998—2002 — „დიდ სცენაზე“ დაბრუნება
რედაქტირებამადონას მეშვიდე სტუდიური ალბომი, 1998 წლის „Ray of Light“-ი გაჯერებული იყო პიროვნული და ღრმა შინაარსის მქონე ტექსტებით, რომელსაც თან ახლდა აღმოსავლური მოტივები, შენელებული ტემპი, ელექტრონული ჟღერადობა, კრეიგ არმსტრონგისეული სიმებიანი საკრავები და ძლიერი რეივ ელემენტები. ამ ნამუშევარმა აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმებში მეორე პოზიცია დაიკავა,[5] 4-გზის პლატინის სტატუსი მოიპოვა[5] და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამ წარმატებას მხოლოდ ალბომ „Like a Prayer“-ის აღიარება თუ შეედრებოდა. კრიტიკოსები ერთხმად მიუთითებდნენ ამ ალბომზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ არტისტულ მიღწევაზე. თუმცა, ერთ-ერთ სიმღერა შესული იოგა ტარავალის გამხსნელი ჰიმნის სანსკრიტული შლოკების რეციტალში მადონასეული გამოთქმა ბენარესელმა სანსკრიტოლოგებმა მცდარად გამოაცხადეს. ამიტომაც, მადონამ სანსკრიტული სიტყვების სწორად წარმოთქმის საფუძვლების შესწავლის მიზნით, სახელგანთქმულ სწავლულს, სანსკრიტოლოგ ვაგიშ შასტრის მიმართა. მადონა მისგან სატელეფონო გაკვეთილებს იღებდა, რასაც ორგანიზება ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-მ (ლონდონი) გაუწია.[26][27]
ინტერნეტ-მაღაზია „Amazon.com“-მა ალბომს „ყველაზე მდიდრული და სრულყოფილი ნამუშევარი“ უწოდა,[28] ხოლო ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ მადონა და მისი თანაპროდიუსერი უილიამ ორბიტი „ისეთი პირველი მეინსტრიმ პოპ ალბომის შემქმნელებად“ დაასახელა, „რომელიც წარმატებით აერთიანებდა ტექნოს ელემენტებს“.[29] იმავე ჟურნალის თქმით, „Ray of Light“ მადონას „ყველაზე თამამი ალბომია“, რაც კი აქამდე შეუქმნია. ალბომიდან ხუთი სინგლი გამოვიდა, მათ შორის ევროპაში ნომერ 1-ლი ჰიტი „Frozen“. 1999 წლის გრემის დაჯილდოებაზე ალბომმა სამი ჯილდო მოიპოვა[30] და ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ ჩამონათვალში 363-ე ადგილი დაიკავა. 2001 წელს ალბომის მთავარი სიმღერა კომპანია „Microsoft-მა“ Windows XP-ს წარსადგენი სარეკლამო კამპანიისას გამოიყენა.[31]
ალბომ Ray of Light-ის წარმატება მადონამ თავისი საუკეთესო ოცეულში შესული სინგლით „Beautiful Stranger“ განაგრძო.[5] ეს არის 1960-იანი წლების ბოლო პერიოდის ფსიქო-პოპ სტილში გადაწყვეტილი სიმღერა, რომელიც მან უილიამ ორბიტთან ერთად, ფილმის „ოსტინ პაუერსი: ჯაშუში, რომელმაც გამანადგურა“ საუნდტრეკისთვის 1999 წელს დაწერა.
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Frozen" (1998 წ.) | |
ნელი ტემპის მქონე საცეკვაო სიმღერა, რომელზეც მადონას ვოკალი სიმებიან არანჟირებას და სინთეზატორების ჟღერადობას ერწყმის. გაერთიანებულ სამეფოში მას "დიდი დაბრუნება" უწოდეს, სადაც მადონას კარიერაში პირველად, მისმა სიმღერამ გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავა და 1990 წლიდან მის პირველ ნომერ 1-ლ ჰიტად იქცა ბრიტანეთში. |
"Don't Tell Me" (2000 წ.) | |
აკუსტიკური გიტარის და ტექნო ბითის მქონე ეს სიმღერა მსოფლიოს ჰიტ-აღლუმების საუკეთესო 10-ეულებში შევიდა. |
„ევიტას“ შემდეგ, 2000 წელს, მადონამ ფილმში „საუკეთესო მეგობარი“ ითამაშა, რომელიც შემოსავლების თვალსაზრისით, წარუმატებელი აღმოჩნდა და კრიტიკოსების რისხვა დაატყდა. ფილმის საუნდტრეკისთვის მან ორი სიმღერა ჩაწერა, „Time Stood Still“ და ევროპის ნომერ 1-ლ ჰიტად ქცეული „American Pie“ — დონ მაკლინის 1970-იანი წლების სინგლის საცეკვაო ქავერ-ვერსია.
მის მერვე სტუდიურ ალბომში „Music“ მადონამ ოდნავ გადაუხვია სულიერი სიღრმეებისა და სათნოების ძიებას და საცეკვაო, პოპ და ჰაუს მუსიკის სამყაროს დაუბრუნდა. თუმცა, მისი შინაგანი სევდა, რაც ალბომ „Ray of Light“-ში იგრძნობოდა, ახალი ალბომის ისეთ სიმღერებში გამოვლინდა, როგორებიცაა „Paradise (Not for Me)“, საგიტარო პარტიებით შესრულებული ქანთრისმაგვარი „Don't Tell Me“ ან თუნდაც, ბალადებში, როგორიცაა „Gone“. ალბომმა „Music“ გამოსვლისთანავე აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა და 1989 წლის ნამუშევრის, „Like a Prayer“-ის შემდეგ, მის პირველ ნომერ 1-ლ ალბომად იქცა. ფრანგი ჰაუს მუსიკოსის, მირვეის აჰმადზაის თანაავტორობით და თანაპროდიუსერობით შექმნილი ამ ალბომიდან სამი სინგლი გამოვიდა, მათ შორის მსოფლიოს ნომერ 1-ლი სიმღერა Music. მადონას მეუღლის, გაი რიჩის მიერ ალბომის მესამე სინგლისთვის — „What It Feels Like for a Girl“ გადაღებული სკანდალური მუსიკალური ვიდეო, მასში ასახული ძალადობის გამო, მუსიკალურმა ტელეარხებმა MTV-მ და VH1-მა ერთი ჩვენების შემდეგ მოხსნეს თავიანთი ეთერიდან.
რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2001 წელს მადონამ თავისი მსოფლიო ტურნე „Drowned World Tour“ დაიწყო. კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა. ის აშშ-ს ერთ-ერთი ტელეარხითაც გადაიცა და მოგვიანებით, DVD-ის სახით, 2001 წელსვე გამოვიდა, რაც მადონას მეორე საუკეთესო ჰიტების კრებულის, „GHV2“-ის გამოქვეყნებას დაემთხვა. მომღერლის წინა კრებულისგან განსხვავებით, „GHV2“-ში არც ერთი ახალი სიმღერა არ შესულა, თუმცა კლუბებს ალბომის პრომოუშენისთვის სპეციალური მეგამიქსები დაურიგდათ. 2002 წელს მადონამ დაწერა და თვითონვე შეასრულა ჯეიმზ ბონდის მორიგი ფილმისთვის „მოკვდი, ოღონდ არა დღეს“ მთავარი სიმღერა „Die Another Day“, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში მერვე ადგილი დაიკავა.[5] ის ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ კატეგორიაში[32] და ოქროს ჟოლოზე — ნომინაციაში „ყველაზე ცუდი სიმღერა“.[33]
2003-2007 — კომერციული წარმატებები და წარუმატებლობები
რედაქტირებამადონას მეცხრე სტუდიურ ალბომს „American Life“-ს, რომლის ტექსტებშიც წამოჭრილია ამერიკული ოცნების, დიდების, წარმატების და საზოგადოებისთვის აქტუალური თემები, განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა.[34] ეს ნამუშევარი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ მომღერლის ყველაზე გაბედულ და მუსიკალური თვალსაზრისით გამორჩეულ ალბომად, რომელშიც მადონა აქამდე უცნობი, სერიოზული ასპექტით წარმოჩნდა.
პირველი სინგლისთვის, „American Life“-ისთვის გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ აშშ-ში სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მასში მრავლად იყო ომის, აფეთქებების და დაჭრილების ამსახველი სცენები. ევროპის ტელეარხებზე ვიდეოს პრემიერამდე ერთი დღით ადრე, მადონამ მისი ეთერში გაშვება გადაიფიქრა და ალტერნატივის სახით, დამონტაჟებული ვერსია შესთავაზა, სადაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშების ფონზე მღერის. აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში სიმღერა დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა და ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში ოცდამეჩვიდმეტე ადგილს დასჯერდა.[35] გაერთიანებულ სამეფოში კი, მეორე პოზიცია დაიკავა.[5]
5-მილიონიანი ტირაჟით[5] გაყიდული ეს ალბომი მადონას კარიერაში ყველაზე დაბალტირაჟიანი ჩანაწერი აღმოჩნდა. ალბომიდან დამატებით სამი სინგლი გამოვიდა, რომლებიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 10-ეულებში საპატიო პოზიციებს იკავებდნენ.
მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ ბრიტნი სპირსთან, კრისტინა აგილერასთან და მისი ელიოტთან ერთად, MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალზე სიმღერა „Hollywood“ შეასრულა. გამოსვლის დროს, მადონამ ბრიტნის და კრისტინას ტუჩებში აკოცა, რაც მომდევნო დღეების პრესის სენსაციად იქცა. შემოდგომაზე, მადონა მიწვეული მომღერლის სტატუსით მონაწილეობდა ბრიტნი სპირსის სინგლის, „Me Against the Music“-ის ჩაწერაში.
2003 წლის შობისთვის, მადონამ გამოუშვა „Remixed & Revisited“ — რემიქსების EP, რომელშიც შევიდა ალბომ „American Life“-ის სიმღერების როკ-ვერსიები და აგრეთვე, სიმღერა „Your Honesty“, რომელიც 1994 წლის ალბომში „Bedtime Stories“ არ შესულა. „ბილბორდის“ საუკეთესო 100-ეულში ვერც ეს ალბომი მოხვდა.[5]
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
"Die Another Day" (2002 წ.) | |
მადონას "Die Another Day", დიურან დიურანის სიმღერის შემდეგ, ფილმ "ჯეიმზ ბონდი"-სთვის შექმნილ მელოდიათა შორის ყველაზე წარმატებული იყო. აშშ-ს საუკეთესო საცეკვაო სინგლების ჰიტ-აღლუმში იგი მადონას სინგლისთვის რეკორდული — თექვსმეტი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.[36] |
"American Life" (2003 წ.) | |
ეს სიმღერა არაერთხელ გააკრიტიკეს. მისი ელექტროკლეშ-არანჟირება და აკუსტიკური გიტარა საკმაოდ განსხვავდებოდა იმისგან, რისი მოსმენაც იმ დროს მეინსტრიმულ რადიოსადგურებზე შეიძლებოდა. |
"Hung Up" (2005 წ.) | |
ეს სინგლი ბილბორდის ჰიტ-აღლუმების 10-ეულში შესულ მადონას ოცდამეთექვსმეტე ჰიტად იქცა და ამით აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ელვის პრესლის მიღწევებს გაუთანაბრდა. |
2004 წელს მადონამ თავისი მსოფლიო ტურნე — „Re-Invention Tour“ დაიწყო, რომელიც აშშ-ში, კანადასა და ევროპაში სულ ორმოცდათექვსმეტ კონცერტს ითვალისწინებდა. ტურნე 2004 წლის ყველაზე შემოსავლიან კონცერტების სერიად იქცა და ორგანიზატორებს 125 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.[37] ტურნეს მსვლელობისას, რეჟისორმა იონას აკერლუნდმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „ერთ საიდუმლოს გეტყვით“, რომლის დებიუტი MTV-ს ეთერში შედგა. 2004 წელსვე, მადონა „უორნერ მიუზიკ გრუპთან“ სასამართლო გარჩევებში მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც ხმისჩამწერი კომპანია „მავერიკის“ აქციებს ფლობდა. სასამართლო პროცესი იმით დასრულდა, რომ „უორნერ მიუზიკ გრუპმა“ მომღერლის აქციების წილი შეისყიდა.[38] 2004 წელს, ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ მადონას „ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს“დაარქივებული 2007-08-10 საიტზე Wayback Machine. შორის 36-ე ადგილი მიაკუთვნა.[39]
2005 წლის იანვარში, მადონამ ჯონ ლენონის სიმღერის, „Imagine“-ის ქავერ-ვერსია შეასრულა, რაც აშშ-ს ტელევიზიით, საქველმოქმედო კონცერტის — „დავეხმაროთ ცუნამით დაზარალებულებს: იმედის კონცერტი“-ს ფარგლებში გადაიცა და ცუნამით დაზარალებული აზიის მოსახლეობისთვის თანხის შეკრებას ითვალისწინებდა.
მადონას მეათე სტუდიური ალბომი, 2005 წლის გრემის მფლობელი „Confessions on a Dance Floor“, რომლის გაყიდვებმა 8 მილიონი შეადგინა,[40] საცეკვაო სიმღერების უწყვეტი მუსიკალური მიქსის სახით გამოვიდა. მასში შესული იყო 1970-იანი წლების და თანამედროვე საცეკვაო მუსიკიდან ნასესხები ელემენტები. 1998 წლის „Ray of Light“-ის შემდეგ, ეს იყო პირველი ალბომი, რომელსაც ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.[41] კრიტიკოსების თქმით, ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ მომღერალი „American Life“-ის შემდეგ, ფორმაში ჩადგა. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა: „Hung Up“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, რომელმაც პირველი პოზიცია რეკორდულ, 41 ქვეყნის ჰიტ-აღლუმში დაიკავა.[42] ამ სიმღერით მადონამ 2006 წლის გრემის დაჯილდოება გახსნა, სადაც აკომპანემენტს კომპიუტერით შექმნილი ჯგუფი „Gorillaz“ უწევდა. მოგვიანებით, გაერთიანებულ სამეფოში სიმღერა „Sorry“ მადონას მეთორმეტე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა,[43] რაც ბრიტანული ჰიტ-აღლუმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო სოლო მომღერალი ქალისთვის.[44] მესამე სინგლი, „Get Together“ გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო 10-ეულში მოხვდა, ხოლო აშშ-ში მის ოცდამეთექვსმეტე საცეკვაო ნომერ 1-ლ ჰიტად იქცა („ბილბორდის“ ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი ერთ მომღერალზე), მაგრამ ბილბორდის სინგლების საუკეთესო 100-ეულში ვერ მოხვდა.[35] მეოთხე და ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო სიმღერა „Jump“, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმებში მეცხრე პოზიცია დაიკავა.[45] „Forbidden Love“-მა, იმის მიუხედავად, რომ იგი არ ყოფილა ოფიციალურად გამოსული, თაყვანისმცემლის გაკეთებული ვიდეოს წყალობით, ასევე პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. კლიპის ნახვა როგორც ინტერნეტში, ისე რამდენიმე იაპონურ ტელეარხზეა შესაძლებელი. 2006 წლის ბოლოსთვის, მადონა იბეროამერიკის ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო შემსრულებლად აღიარეს.
2006 წლის ზაფხულში, მადონამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, ის H&M-ის სახე გახდა.[46] კონტრაქტი მადონას დიზაინით დამზადებული სპორტული ტანსაცმლის გამოშვებასაც ითვალისწინებდა. მომდევნო წელს „მადონასეული M“ აშშ-ში და მის გარეთ გავრცელდა.[47] გამოსვლიდან პირველ კვირას, ტანსაცმლის ხაზმა 15 მილიონიანი მოგება მოიტანა. ეს ხაზი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 2007 წლის ბოლოსთვის მადონას მეორე და მესამე ხაზის დამზადება შეუკვეთა.[48]
მადონას Confessions Tour 2006 წლის ბოლოს დაიწყო. კონცერტების სერიამ ორგანიზატორებს 260 მილიონი დოლარი მოუტანა და ისტორიაში ქალი შემსრულებლის მიერ გამართულ ყველაზე შემოსავლიან ტურნედ დასახელდა. კონცერტებს, მსოფლიოს მასშტაბით, 1,2 მილიონი ადამიანი დაესწრო.[49] ტურნეს სკანდალის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია — მადონამ თავისი სიმღერის, „Live to Tell“-ის წარმოდგენისას ისეთი რელიგიური სიმბოლოები გამოიყენა, როგორებიცაა ჯვარცმა და ეკლის გვირგვინი. ტურნე მე-60 კონცერტით, 2006 წლის 21 სექტემბერს ტოკიოში დასრულდა. 2007 წლის იანვარში კი კონცერტის ამსახველი CD+DVD „The Confessions Tour — Live from London“ გამოვიდა.
2006 წლის ოქტომბერში, „მალავის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ დაარსებული ობოლ ბავშვთა სახლის მშენებლობლობაში დასახმარებლად, მომღერალი მალავიში გაემგზავრა. იქ ყოფნისას, მან შვილად აიყვანა მალაველი ბიჭი, სახელად დევიდი.
2007 წლის 16 მაისს გამოვიდა მადონას სიმღერა „Hey You“, საქველმოქმედო კონცერტის — Live Earth-ის მხარდასაჭერად.[50] ამჟამად მადონა თავის პირველ ფილმს „სიბილწე და სიბრძნე“ იღებს. პარალელურად, ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2007 წლის ნოემბრისთვის უნდა გამოვიდეს.[51] მადონას შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური სამი CD და ორი DVD, რომელიც მუყაოს ყუთში იქნება მოთავსებული, 2007 წლის ოქტომბრისთვის გამოვა. მადონა ასევე მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მალავის მოსახლეობის პრობლემებსა და გასაჭირზე მოგვითხრობს. მომღერალმა თავისი სიმღერა „Hey You“ 2007 წლის 7 ივლისს ლონდონის უემბლის სტადიონზე მოწყობილ კონცერტზე შეასრულა, რომელიც Live Earth-ის ფარგლებში გაიმართა.[52]
გავლენები
რედაქტირებარელიგია, ეთნოსი და ოჯახი
რედაქტირებამადონას უთქვამს, რომ კათოლიკურმა აღზრდამ მის ცხოვრებასა და კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მომღერალს სხვადასხვა დროს ასევე აღუნიშნავს, რომ დედის უდროო გარდაცვალებამ წარუშლელი კვალი დატოვა მასზე მოზარდობის და ზრდასრულ ასაკში. სახელი „მადონა“ კათოლიკურია და ქალწული მარიამიდან მომდინარეობს, რომელსაც რომის კათოლიკური ეკლესია ხშირად მოიხსენიებს, როგორც „მადონას“. მომღერლის თქმით, მისი სახელი „ძალიან იტალიურია“, იმის მიუხედავად, რომ მას ეს სახელი ფრანგული წარმოშობის კანადელი დედის პატივსაცემად დაარქვეს. სახელი „მადონა“ ორი იტალიური სიტყვის — „ma“-ს, იტალიური „mia“-ს ვარიაცია (ნაცვალსახელ „ჩემი“-ს კონტექსტუალური ფორმა) და „donna“-სგან შედგება, რაც მთლიანობაში სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჩემი ქალბატონი“.[53]
მადონას კათოლიკური აღზრდა და მშობლებისადმი დამოკიდებულება აისახა 1989 წლის ალბომში „Like a Prayer“, სადაც შესულია სიმღერები მშობლებისა და კათოლიკური აღზრდის შესახებ. ალბომის მთავარი სიმღერისთვის გადაღებულ ვიდეოში ისეთი კათოლიკური სიმბოლოები იყო გამოყენებული, როგორიცაა სტიგმატა და ჯვარცმა, როგორც მთავარი რელიგიური აქსესუარი ვიდეოს ეკლესიის და მოგვიანებით, მის „Confessions Tour“-ის სასცენო დეკორაციაში. სიმღერა „Promise to Try“ მოგვითხრობს მის სევდას დედის მოგონებებთან დაკავშირებით, ხოლო „Oh Father“ გვიამბობდა მკაცრ მამაზე, რომელმაც თავის შვილს შიში ჩაუნერგა. „Virgin Tour“-ის მსვლელობისას, მადონას ყელზე კრიალოსანი ეკეთა. მუსიკალურ ვიდეოში „La Isla Bonita“ მადონა კრიალოსანით ხელში ლოცულობს.
მადონამ თავის იტალიურ წარმოშობაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა თავის ნამუშევრებში. სიმღერა „Like a Virgin“-ის ვიდეო გადაღებულია ვენეციაში, იტალია. მუსიკალურ ვიდეოში „Open Your Heart“ ბოსი მას იტალიურ ენაზე უყვირის, ხოლო „Papa Don't Preach“-ის ვიდეოში მადონას აცვია მაისური, რომელსაც აწერია სლოგანი: „იტალიელებს უკეთ გამოსდით“.[54]
მადონას „Who's That Girl Tour“-ის ვიდეოჩანაწერი, სახელწოდებით „Ciao Italia! — Live From Italy“, ძირითადად, ტურინშია, იტალია გადაღებული.[55] მასში სიმღერა „Papa Don't Preach“-ის შესრულებისას, მადონას უკან, ეკრანზე პაპის გამოსახულება ჩნდება. იტალიურ ენაზე „Papa“ ნიშნავს „პაპს“.[56] 2005 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ერთი საიდუმლო უნდა გითხრა“, მადონა ხუმრობით აღნიშნავს, რომ მას „დიდი, მსხვილი, იტალიური ბარძაყები“ აქვს.
1988 წელს, იტალიის ქალაქ პაჩენტროს[57] მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ ქალაქში კორსეტში გამოწყობილი მადონას 4 მეტრის სიმაღლის ქანდაკება დაედგათ. ამ ქანდაკებით სურდათ, რომ პატივი მიეგოთ მადონას ზოგიერთი წინაპრისთვის, რომლებიც ქალაქ პაჩენტროში ცხოვრობდნენ.
მუსიკალური გავლენა
რედაქტირება1985 წელს მადონამ აღნიშნა, რომ ყველაზე პირველი სიმღერა, რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქნონია ნენსი სინატრას „These Boots Are Made for Walkin“ იყო. სწორედ ამან განაპირობა მისი ლიდერული თვისებების ჩამოყალიბება.[58] ახალგაზრდობაში იგი ცდილობდა თავისი ლიტერატურული, სახელოვნებო და მუსიკალური გემოვნება დაეხვეწა, რამაც კლასიკური მუსიკისადმი მისი ინტერესი გამოიწვია. მას აღუნიშნავს, რომ მისი საყვარელი სტილი იყო ბაროკო და უყვარდა შოპენი, ვინაიდან მისი მუსიკის „ქალურობა“ ხიბლავდა. მადონამ ასევე აღიარა დები ჰარისა და ქრისი ჰინდის გავლენა და თქვა, რომ სწორედ მათ „გაუკვალეს გზა“. ჟურნალ „ობზერვერთან“ ინტერვიუში, 2006 წლის 29 ოქტომბერს, მადონამ გამოხატა თავისი სიყვარული თავისი თანაქალაქელების, დეტროიტული ჯგუფების „რაქონთერს“-ისა და „უაით სთრაიფს“-ის, ასევე ნიუ იორკული ბენდის — „ჯეთ სეთ“-ის მიმართ. მადონას აგრეთვე აღუნიშნავს, რომ მას მოწონს ფრენკ სინატრა და განსაკუთრებით მისი My Way-ს სიმღერა უყვარს შხაპის მიღებისას.
კინოს ვარსკვლავები
რედაქტირებაბავშვობაში, მადონა კინოფილმებმა და კინოვარსკვლავებმა გაიტაცა, რაზეც მოგვიანებით განაცხადა: „მიყვარდა ქეროლ ლომბარდი, ჯუდი ჰოლიდეი და მერლინ მონრო. საოცრად სასაცილოდ მეჩვენებოდნენ… მათში ჩემს ქალურობას, ერთსა და იმავე დროს ჩემს გამოცდილებას და უმანკოებას ვხედავდი“.[58] მადონას მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Material Girl“ იმეორებდა მერლინ მონროს „Diamonds Are A Girl's Best Friend“-ს ფილმიდან „ჯენტლმენები ქერათმიანებს ამჯობინებენ“. მოგვიანებით, ფილმ „ვინაა ეს გოგონა?“ მუშაობისას, მომღერალმა 1930-იანი წლების ექსცენტრული კომედიების შესწავლა დაიწყო, განსაკუთრებით კი იმ ფილმების, რომლებშიც ქეროლ ლომბარდი მონაწილეობდა. მუსიკალური ვიდეო „Express Yourself“-ის პროტოგონისტი იყო საბედისწერო ქალი, რომელიც მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი, იმავდროულად მის ანდროგინულობაზე მიანიშნებდა. ამ სახეს მარლენ დიტრიხს ადარებდნენ, ხოლო თავად კლიპი ფრიც ლანგის ფილმით „მეტროპოლისი“ იყო შთაგონებული. მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Vogue“ ჰოლივუდური გლამურ-ფოტოგრაფების სტილის ერთგვარი განმეორება იყო, კერძოდ კი ჰორსტ პ. ჰორსტის. მასში მადონა მარლენ დიტრიხის, ქეროლ ლომბარდის და რიტა ჰეივორთის პოზებს იმეორებდა, ხოლო სიმღერის ტექსტში ჩამოთვლილი იყო ის ვარსკვლავები, რომლებმაც მომღერალზე სხვადასხვა დროს მოახდინეს გავლენა.[59] ლუიზ ბრუქსთან და დიტა პარლოსთან ერთად, ამ ჩამონათვალში ბეთ დეივისის სახელიც ფიგურირებდა, რომელსაც მადონამ მუსიკალურ ჟურნალ „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში კერპი უწოდა.[60]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოჯახი და ურთიერთობები
რედაქტირებაადრეული ურთიერთობები და პირველი ქორწინება
რედაქტირება1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში მადონა ხვდებოდა დენ გილროის, რომელთანაც ჯგუფი „ბრეკფასტ კლაბი“ ჩამოაყალიბა. ადრეულ 1980-იან წლებში მადონა ასევე ხვდებოდა მუსიკოს სტივენ ბრეის, რომელიც მოგვიანებით ისეთი სიმღერების თანაპროდიუსერი გახდა, როგორებიცაა Into the Groove და Express Yourself, მომღერალ ჟან-მიშელ ბასკიას, დიჯეის და მუსიკალურ პროდიუსერ მარკ კამინს და მუსიკოსს ჯელიბინ ბენიტესს, რომელიც მადონას სადებიუტო ალბომის, „Madonna“-ს პროდიუსერი და არანჟირების ავტორი იყო.
1985 წელს, სიმღერა „Material Girl“-ისთვის ვიდეოს გადაღების დროს, მადონამ შონ პენთან შეხვედრა დაიწყო. იმავე წელს, მადონას ოცდამეექვსე დაბადების დღეზე წყვილი დაქორწინდა. მათი ურთიერთობის გაფუჭება პენის მხრიდან პრესის წარმომადგენლებზე ხშირმა თავდასხმებმა გამოიწვია, რის გამოც წყვილს „შხამიანი პენები“ შეარქვეს. 1987 წელს, განქორწინების შესახებ სარჩელის შეტანის შემდეგ, მადონა და შონი 1988 წლის ახალი წლის ღამეს დაშორდნენ. პენს ბრალად მეუღლის შეურაცხყოფა ედებოდა. ისინი ოფიციალურად 1989 წლის სექტემბერში განქორწინდნენ. მოგვიანებით, ჟურნალ „ტატლერთან“ ინტერვიუში, შონ პენთან ქორწინებაზე მადონამ განაცხადა: „მე თავიდან ბოლომდე საკუთარი კარიერით ვიყავი დაკავებული და არანაირი სულგრძელობისთვის არ მეცალა.“[61]
განქორწინების შემდეგ, დედობა და ხელახალი ქორწინება
რედაქტირება1989 წელს შონ პენთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ, მადონამ უორენ ბიტისთან გახმაურებული ურთიერთობა დაიწყო, რომელიც 1989 წლის დასაწყისში, ფილმ „დიკ ტრეისი“-ზე მუშაობისას გაიცნო. 1990 წლის მაისში მათი დანიშვნის შესახებ ჭორების მიუხედავად, წყვილის ურთიერთობა იმავე ზაფხულს დასრულდა. 1991 წელს, ჟურნალ „ვენითი ფეართან“ ინტერვიუში, მადონამ აღნიშნა: „რომ მეკითხა, 'უორენ, მართალია, რომ ამ გოგოს ერთი წელი დასდევდი', ის მიპასუხებდა — 'კარგი რა, ტყუილია'. უნდა მცოდნოდა. რეალობის შეგრძნება მღალატობდა, მაგრამ იმ დროს ხომ ყველას გონია, რომ ერთადერთია“.[62]
1990 წლის ბოლოს, მადონა ახალგაზრდა ბისექსუალ მოდელს და პორნო ვარსკვლავს — ტონი უორდს ხვდებოდა,[63] რომელმაც სიმღერებისთვის „Cherish“ (1989 წ.) და „Justify My Love“ (1990 წ.) გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში მიიღო მონაწილეობა. მათი ურთიერთობა 1991 წლის დასაწყისში დასრულდა.[62] ამის შემდეგ დაიწყო 8-თვიანი ურთიერთობა რეპერ ვანილა აისთან,[63] რომლის ფოტოებიც მოგვიანებით მადონას წიგნში „სექსი“ შევიდა.[63]
1992 წელს მადონა მსახიობ ჯონ ინოს და თავისი პირადი დაცვის წევრს — ჯეიმზ ოლბრაითს ხვდებოდა, ხოლო 1994 წელს კალათბურთელ დენის როდმანთან ოთხთვიანი რომანი ჰქონდა.[64]
1994 წლის სექტემბერში, ნიუ იორკის სენტრალ პარკში სეირნობისას, მადონამ ფიტნეს-ინსტრუქტორი — კარლოს ლეონი გაიცნო, რომელიც მომღერლის პირადი ინსტრუქტორი და საყვარელი გახდა. 1996 წლის 14 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია მადონას მისგან ქალიშვილი — ლურდეს მარია ჩიკონე ლეონი შეეძინა.[65] წყვილის ურთიერთობა 1997 წელს დასრულდა,[66] ხოლო მადონა შემდეგ ენდი ბერდს ხვდებოდა, რომელმაც მათი თვრამეტთვიანი ურთიერთობის შესახებ ყველა დეტალი პრესას 2000 წლის დასასრულს/2001 წლის დასაწყისში მიჰყიდა.[67]
2000 წლის 11 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, მადონას შეეძინა ვაჟი — როკო ჯონ რიჩი — გაი რიჩისგან, რომელიც მომღერალმა საერთო მეგობრების — სტინგისა და მისი მეუღლის, ტრუდი სტაილერის საშუალებით გაიცნო.[68] 2000 წლის 22 დეკემბერს მადონამ და რიჩიმ შოტლანდიაში იქორწინეს. მადონა ამჟამად ლონდონის მერილებონის რაიონსა და უილთშირის მამულში, რიჩისთან და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობს.[69]
2007 წლის მარტში გამომცემლობა „Crown Publishing“-მა უარი თქვა 5 მილიონ დოლარად შეფასებული წიგნის გამოცემაზე მადონასა და რიჩის შესახებ, რომლის ავტორიც მელისა დიუმა — მადონას შვილების ძიძა იყო. ცნობილია, რომ წიგნი მადონასა და მისი მეუღლის ცივ ურთიერთობებზე მოგვითხრობდა. დიუმას თქმით, წყვილს ფულისა და ქრონიკული დიეტის მეტი არაფერი აინტერესებდა.
სხვა ურთიერთობები
რედაქტირებათავისი ლეგენდარული კარიერის მანძილზე, მადონას შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ჭორი, რომ იგი თითქოსდა რომანტიკულ კავშირში იმყოფებოდა ამა თუ იმ მამაკაცთან თუ ქალთან, რომელთა შორის იყვნენ: ჯონ ფ. კენედი, უმცრ., სანდრა ბერნჰარდი, პრინსი და ისაი მორალესი 1988 წელს; ლენი კრავიტცი 1990 წელს; მაიკლ ჯეკსონი 1991 წელს; ხოსე კანსეკო, ინგრიდ კასარესი და ბიგ დედი კეინი 1992 წელს; მარკ ვოლბერგი და ენტონი კიდისი 1993 წელს; ჩარზ ბარკლი და ტუპაკ შაკური 1994 წელს, კრის პასიელო 1997 წელს; ბილი ზეინი 1998 წელს; დევიდ ბლეინი და ჯენი შიმიცუ 1999 წელს, გაი რიჩისთან ქორწინებამდე. თუმცა, ამ ურთიერთობების უმრავლესობა დღემდე დაუდასტურებელია.
დევიდ ბანდას შვილად აყვანა
რედაქტირება2006 წლის 10 ოქტომბერს, მალავის ობოლ ბავშვთა სახლის მონახულებისას,[70] მადონამ პატარა მალაველი ბიჭის, დევიდ ბანდას შვილად აყვანა გადაწყვიტა. ბავშვს, რომელიც 2005 წლის 24 სექტემბერს დაიბადა,[71] მომღერლის ოჯახმა სახელი შეუცვალა და დევიდ ბანდა მვალე ჩიკონე რიჩი დაარქვა.[72]
პასპორტისა და ვიზის მიღების შემდეგ, მალაველი ჩვილი 16 ოქტომბერს მალავიდან წაიყვანეს.[73] შვილად აყვანის ფაქტმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან აინტერესებდათ, იცოდა თუ არა მადონამ, რომ მალავის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის აყვანის მსურველმა პოტენციურმა მშობლებმა მალავიში ერთი წელი უნდა იცხოვრონ.[74]
2006 წლის 25 ოქტომბერს, ხმების გასაქარწყლებლად, მადონა „ოპრა უინფრის შოუზე“ გამოვიდა. ნახევარსაათიანი ინტერვიუს მსვლელობისას, მომღერალმა განაცხადა, რომ მალავიში არ არსებობს დაწერილი კანონი, რომელიც უცხოელთა მიერ ბავშვის აყვანის უფლებებს დაარეგულირებს. ამას გარდა, მალაველი ბავშვის შვილად აყვანას ორი წელია აპირებდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დევიდის მდგომარეობა კრიტიკული იყო. როდესაც მადონა ობოლ ბავშვთა სახლის მოსანახულებლად მივიდა, დევიდი, მალარიის და ტუბერკულოზის გადატანის შემდეგ, ფილტვების ანთებით დაავადდა. ამასთანავე, მადონას თქმით, მედია „დათვურ სამსახურს უწევს აფრიკელ ობოლ ბავშვებს და არა მხოლოდ მალაველებს“, რითაც უცხოელებს ობოლი აფრიკელი ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობას ართმევს. მომღერალმა განაცხადა, „მინდოდა მესამე სამყაროს ქვეყანაში წავსულიყავი — ზუსტად არ ვიცოდი, რომელში — და რომელიმე ბავშვისთვის სიცოცხლის უფლება მიმენიჭებინა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მას ეს უფლება წართმეული ჰქონოდა“.[75]
2006 წლის 22 ოქტომბერს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევიდ ბანდას ბიოლოგიურმა მამამ, იოჰანე ბანდამ „შვილად აყვანის“ მნიშვნელობა ვერ გაიგო და არ იცოდა, რომ თავის შვილს „სამუდამოდ“ შორდებოდა. იოჰანე ბანდას ეგონა, რომ ეს შეთანხმება უფრო ბავშვის აღზრდას ითვალისწინებდა. ოპრა უინფრის ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბავშვის მამამ აღნიშნა, „ეს ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა დამცველები მოსვენებას არ მაძლევენ, მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ თვითონ არ მესმის, რას ვაკეთებ“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოჰანე ბანდამ განაცხადა, „ისინი ჩემგან მოითხოვენ, რომ სასამართლო პროცესის დროს, ჩვენება მათ სასარგებლოდ მივცე. ამას კი ვერ გავაკეთებ, რადგან მადონასა და მის მეუღლეს უკვე შევუთანხმდი“.[76] 2006 წლის 1 ნოემბერს მადონამ ბავშვის მამის კომენტარებს ამერიკული ტელეარხის, ენ-ბი-სი-ს ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ იოჰანე ბანდამ იცოდა, რასაც აკეთებდა. მან უარი თქვა ბავშვის გაუშვილებლად მადონასგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.
მალავის კანონმდებლობის თანახმად, მადონა და გაი რიჩი 18 თვის განმავლობაში დევიდ ბანდას მხოლოდ მეურვე მშობლებად ითვლებიან.
კაბალას ცენტრი
რედაქტირება1990-იანი წლების დასასრულს, მადონა „კაბალას ცენტრის“ და მისი სკანდალისტი ხელმძღვანელის, რაბინ ფილიპ ბერგისა და მისი მეუღლის, კარენის სწავლების ერთგული მიმდევარი გახდა. მადონა და მისი მეუღლე გაი რიჩი კაბალას გაკვეთილებს ესწრებოდნენ. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა აღნიშნეს, წყვილმა იუდაიზმთან დაკავშირებული კაბალისტური მოძრაობის რამდენიმე ასპექტი გაიზიარეს. მედიის თანახმად, მადონამ ბიბლიური ესთერის სახელი მიიღო და მილიონობით დოლარი შესწირა კაბალას ცენტრებს ლონდონში, ნიუ იორკსა და ლოს-ანჯელესში. მომღერალმა პარასკევობით საკონცერტო გამოსვლებზე უარი თქვა, ვინაიდან ამ დღეს ებრაული შაბათი იწყება. მადონამ დაიწყო წითელი სამაჯურის ტარება და კაბალას ცენტრის სხვა წევრებთან ერთად, ებრაული დღესასწაულების აღსანიშნავად, ის ისრაელს ესტუმრა. მომღერალი კერძო გაკვეთილებსაც იღებს რაბინ ეითან იარდენისგან, რომლის ცოლიც — სარა იარდენი კაბალას ცენტრთან არსებულ, მადონას საყვარელ საქველმოქმედო პროექტს — „სულიერება ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელობს.[77] გავრცელებული ინფორმაციით, მადონამ ახალი კაბალისტური საბავშვო სკოლის ფონდს 21 მილიონი აშშ დოლარი შესწირა.[78]
უახლესი ალბომის — „Confessions on a Dance Floor“-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მადონა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. ისრაელელმა რაბინებმა მადონა გაკიცხეს და მისი სიმღერა „Isaac“ (რომელიც ალბომში რიგით მეათეა) დაგმეს, ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ ეს სიმღერა ყველა დროის უდიდეს კაბალისტს — რაბინ ისააკ ლურიას, იგივე იცხაკ ლურიას (1534—1572) ეძღვნებოდა. ებრაული კანონის თანახმად, ყოველგვარი მოგების მიზნით, წმინდა რაბინების სახელების გამოყენება აკრძალულია. ინტერვიუებში მადონამ სიმღერას „The Binding of Isaac“ (ისააკის გაკოჭვა) უწოდა და სწორედ ეს გახდა მითქმა-მოთქმის მიზეზი. გაუთავებელი ბრალდებების მიუხედავად, მადონა ამტკიცებდა, რომ სიმღერა ისააკ ლურიას შესახებ არ ყოფილა; სათაურისთვის ვერსიის უქონლობის გამო, კომპოზიციას „Isaac“ ისრაელელი მომღერლის, იცხაკ (ისააკ) სინვანის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც მადონასთან ერთად, ამ სიმღერაში იემენურ-ებრაულ პარტიას ასრულებს. "ალბომი ჯერ არ გამოსულა და საიდან იციან ებრაელმა სწავლულებმა, რის შესახებაა ჩემი სიმღერა? ისააკ ლურიას შესახებ იმდენი ცოდნა არ მაქვს, რომ მასზე სიმღერა დავწერო. თუმცა, სწავლის დროს, მასზე ცოტა რამ წამიკითხავს, " — აღნიშნა მომღერალმა.[79]
მადონას ხშირად ღიად დაუცავს კაბალისტური სწავლება, მაგალითად:
ვერ ვიტყვი, რომ რვა წლის მანძილზე კაბალას შესწავლა შეიძლება გატაცებად ან მოდად ჩაითვალოს. შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სწავლებით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ მათ ეს მოდურად მიაჩნიათ. თუმცა, გარწმუნებთ, კაბალას შესწავლა ძალიან რთული საქმეა. ის დიდ ძალისხმევას, კითხვას, დროს, კონცენტრირებას და დისციპლინას მოითხოვს.[80]
ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ მისი აზრით, კაბალასგან განსხვავებით, ქრისტიანობა ულმობელია მათ მიმართ, ვისაც კითხვები უჩნდება. მადონას იმ ოპონენტების წინააღმდეგაც გაულაშქრავს, ვისაც უთქვამს, რომ კაბალა მისი მიმდევრებისთვის ფულის გამოძალვის საშუალებააო.
პოლიტიკური შეხედულებები
რედაქტირებამადონა მხარს არ უჭერს აშშ-ს პრეზიდენტს — ჯორჯ უ. ბუშს. 2004 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისას, მომღერალმა მხარი დაუჭირა დემოკრატ უესლი კლარკის კანდიდატურას და თაყვანისმცემლებს მგზნებარე ბარათით მიმართა, სადაც წერდა, „ჩემი შვილების მომავალი საფრთხეშია“.[81] 2006 წლის შემოდგომაზე, 2008 წლის არჩევნებისთვის, მადონამ ჰილარი კლინტონის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.[82] სულ ახლახან კი, გლობალური დათბობის შესახებ ელ გორის დოკუმენტური ფილმის, „უხერხული სიმართლის“ ნახვის შემდეგ, მომღერალმა განაცხადა, რომ თუკი ელ გორი 2008 წლის არჩევნებში კენჭს იყრის, ის აუცილებლად მას მისცემს ხმას. მადონამ ასევე მოუწოდა თაყვანისმცემლებს, რომ აუცილებლად ენახათ მაიკლ მურის ფილმი „ფარენჰეიტი 9/11“.[83]
კრიტიკა
რედაქტირებაკარიერული მიღწევების მიუხედავად,[84] კარიერის დასაწისიდანვე მადონა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. მის შესახებ ერთი გამოკვეთილი აზრი არ არსებობდა: თუ მუსიკის კრიტიკოსების ერთი მხარე მის არტისტულობას ეჭვქვეშ აყენებდა, დანარჩენებმა იგი „პოპის დედოფალად“ აღიარეს. მადონას სიმღერის ტექსტებიც რამდენიმე მათგანმა მარტივად ან გნებავთ, სულელურადაც მიიჩნია[85], როდესაც მეორე მხარე მადონას ნიჭიერ ვოკალისტად და კომპოზიტორად თვლის.[86][87]
ძირითადად, კრიტიკის სამიზნე მადონას ხმა და მისი ვოკალური დიაპაზონი ხდება, რომელსაც ისინი სუსტად, შეზღუდულად და მანერულად მიიჩნევენ. ამას გარდა, მას ხშირად აკრიტიკებენ ეგოცენტრიზმის, საზოგადოებით მანიპულირების და ეპატაჟის გამოწვევის პროვოცირების ტენდენციების გამო. ჯონი მიჩელმა ერთხელ განაცხადა: „მან სცენიდან ნიჭიერების აუცილებლობა განდევნა. ის ხელოვნურია. ბევრი ფული გააკეთა და საჭირო ხალხის დაქირავებით, მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავად იქცა“.[88] გართობის ინდუსტრიის ისეთ პოპულარულ მოღვაწეებს, როგორებიცაა ჯენეტ ჯექსონი, უიტნი ჰიუსტონი და მერაია კერი, აგრეთვე გამოუთქვამთ უკმაყოფილება მისი არტისტული შესაძლებლობების გამო, უგულვებელყვეს იგი ან გააკრიტიკეს მისი იმიჯი და ნამუშევრები.
მადონას კარიერის მანძილზე ყველაზე მძიმე კრიტიკა მოჰყვა მის 1989 წლის მუსიკალურ ვიდეოს სიმღერაზე „Lika a Prayer“, წიგნ „სექსი“-ს პუბლიკაციას, 1992 წლის ალბომს „Erotica“, 2006 წლის მუსიკალურ ნომერს „Confessions Tour“-იდან სიმღერაზე „Live to Tell“ და იმავე წელს, მალაველი ჩვილის — დევიდ ბანდას შვილად აყვანას.
თავისი კარიერის მანძილზე, მან არაერთხელ გაილაშქრა რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, რის გამოც წარსულში მადონა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. 1990 წელს, როდესაც მადონა თავისი „Blond Ambition Tour“-ის ფარგლებში, იტალიას ეწვია, პაპმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ კონცერტებზე წასვლისგან თავი შეეკავებინათ.[89] მან მადონა კათოლიკური ეკლესიის შეურაცხყოფაში და მკრეხელობაში (რაც იტალიაში დანაშაულად ითვლება) დასდო ბრალი. რომაული კათოლიციზმის გულმხურვალე დამცველთა კერძო ორგანიზაციამ — „ფამილია დომანიმაც“, პაპის მსგავსად, პროტესტი გამოთქვა შოუსთან დაკავშირებით, სექსუალური ხასიათის ქარაგმების და ეროტიზმის გამო.[90]
ამის პასუხად, 1990 წელს იტალიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მადონამ განაცხადა: „მე იტალიური წარმოშობის ამერიკელი ვარ და ამით ვამაყობ.“ ჟურნალ „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში, მადონამ აღნიშნა, რომ პაპის რეაქციამ მას ძალიან დაწყვიტა გული, „იმიტომ, რომ იტალიელი ვარ, ხომ გესმით“; ხოლო იმავე წელს მიცემულ სხვა ინტერვიუში განაცხადა, რომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე უარი თქვა, ვინაიდან ეკლესია „სრულიად გმობს სექსს… და მას მხოლოდ გამრავლების ფუნქციას უტოვებს“.[91] 2006 წლის ზაფხულში მადონამ ვატიკანის ოფიციოზის კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც იგი რომს ამჯერად თავისი „Confessions Tour“-ის ფარგლებში ეწვია. ვატიკანის ოფიციოზი ამტკიცებდა, რომ მადონას საკონცერტო ნომერი, სადაც იგი ჯვარზეა გაკრული და თავზე ეკლის გვირგვინი აქვს, კათოლიციზმის წინააღმდეგ მიმართული აშკარა თავდასხმა იყო. ამიტომაც, ამ საკონცერტო ნომრის წარმოდგენა არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო იმავე ქალაქში, სადაც პაპის რეზიდენციაა.[92]
დოკუმენტურ ფილმში „იტალიელები ამერიკაში — ჩვენი წვლილი“, ავტორი გეი ტალეზე მადონას ამბოხს კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მომღერლის იტალიურ ფესვებს უკავშირებს. ტალეზე ამტკიცებს, რომ მადონას წინაპრები მამის მხრიდან სამხრეთ იტალიის იმ რეგიონიდან არიან, რომელსაც კათოლიკური ეკლსესიის წინააღმდეგ ამბოხის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.[93] მისი „ამბოხების“ მიუხედავად, მადონას ორივე ბიოლოგიური შვილი მან რომის კათოლიკურ ეკლესიაში მოანათვლინა.
მადონა ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებმაც გააკრიტიკეს ბეწვის ქურქების ტარების გამო,[94][95] ხოლო მანამდე კრიტიკა თავის სახლში სანადირო წვეულებების მოწყობის გამო დაიმსახურა.[96]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Madonna (1983)
- Like a Virgin (1984)
- True Blue (1986)
- Like a Prayer (1989)
- Erotica (1992)
- Bedtime Stories (1994)
- Ray of Light (1998)
- Music (2000)
- American Life (2003)
- Confessions on a Dance Floor (2005)
- Hard Candy (2008)
- MDNA (2012)
- Rebel Heart (2015)
- Madame X (2019)
ფილმოგრაფია
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მადონა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- მადონა — AllMovie
- მადონა AllMusic-ზე
- მადონა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მადონა (მომღერალი) TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Greenburg, Zack O'Malley (September 18, 2013). „Madonna's Net Worth: $500 Million In 2013“. Forbes. Forbes, Inc. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
- ↑ მადონა — ლეგენდა დაარქივებული 2007-11-25 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია: 10 ივლისი, 2007 წ.
- ↑ მადონა ნიუ იორკში მოხვედრის შესახებ დაარქივებული 2008-06-22 საიტზე Wayback Machine. . ფან-საიტი "Madonna Village". წაკითხულია: 26 თებერვალი 2006 წ.
- ↑ 4.0 4.1 4.2 მუსიკალური ატლასი: მადონას ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-07-28.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 სამყარო მადონასთვის: მადონა ჰიტ-აღლუმებში და გაყიდვების მაჩვენებლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2007-07-28.
- ↑ MTV-ის როკუმენტაცია. მუსიკალური ტელევიზია. 1990 წელი. (ამ გადაცემაში მადონა თვითონ ამბობს ფრაზას: „ხალხს შავკანიანი მომღერალი ვეგონე“).
- ↑ Madonna.com. მუსიკის განყოფილება — მადონა (1983 წ.). წაკითხულია: 4 მაისი, 2006
- ↑ ამერიკის ვინტაჟ-ბლუზი: მოდის ისტორია
- ↑ 9.0 9.1 მაივილიჯ: მადონას ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 MSN Live Earth: Madonna — 10 moments that created an icon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-10. ციტირების თარიღი: 2007-08-15.
- ↑ BBC: Madonna scores 12th chart topper in the UK
- ↑ 12.0 12.1 მადონას წლები[მკვდარი ბმული]
- ↑ Madonna Village დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. ციტატა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ რეცენზიიდან ალბომ „True Blue“-ზე, 1986 წ. წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ Madonna.com. მუსიკის განყოფილება — True Blue (1986 წ.). წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 BBC News: Show Stealer Madonna on tour
- ↑ „All Music Guide“ „Like a Prayer“-ის განხილვა. წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ ფან-საიტი „Madonna Village“ დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. ციტატა ჟურნალ "როლინგ სტოუნის რეცენზიდან ალბომ „Like a Prayer“-ზე. 1986 წ. წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ Billboard: Madonna Artist Chart History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-17. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
- ↑ მადონას ფილმფოგრაფია: დიკ ტრეისი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-09-02. ციტირების თარიღი: 2004-09-02.
- ↑ ინტერნეტ ფილმების მონაცემთა ბაზა: დიკ ტრეისი (1990 წ.)
- ↑ 22.0 22.1 მადონა: უმიზეზო ამბოხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ მადონას დღიური. ავტორი: მორის გრეიველი დაარქივებული 2009-04-12 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია: 1 ივნისი, 2006
- ↑ Billboard: Madonna Album Chart Positions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-09-29.
- ↑ ბუსტერ ინტერტაინმენტი: მადონა ცუდ მელოდიაზეა 'დაციკლული'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ http://timesofindia.indiatimes.com/articleshow/1607547901.cms
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ „Madonna Village“ დაარქივებული 2007-08-18 საიტზე Wayback Machine. ციტატა „Amazon.com“-ის რეცენზიიდან ალბომზე „Ray of Light“, 1998 წ. წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ „Madonna Village“ დაარქივებული 2007-08-18 საიტზე Wayback Machine. ციტატა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“-ის რეცენზიიდან ალბომზე „Ray of Light“, 1998 წ. წაკითხულია: 5 მაისი, 2006
- ↑ CNN: 1999-წლის გრემის დაჯილდოება
- ↑ Clickz: მაიკროსოფს იმედი აქვს, რომ „Ray of Light“ გაანათებს XP-ს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ GreenCine: Die Another Day. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-15. ციტირების თარიღი: 2007-08-01.
- ↑ Los Angeles Times: Golden Raspberry Awards past winners database
- ↑ მადონას „Confessions On A Dance Floor“-ის რეცენზია
- ↑ 35.0 35.1 Billboard: Madonna Artist Chart History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-24. ციტირების თარიღი: 2006-02-24.
- ↑ Billboard Chart Beat 22 December 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2007.
- ↑ China Daily: Madonna ready to Dance on world tour
- ↑ „MTV.com“ დაარქივებული 2007-08-19 საიტზე Wayback Machine. „მადონას და თანადაარსებული ხმისჩამწერ ლეიბლის გზები იყოფა“, ინვისი 2004. წაკითხულია: 6 მაისი 2006
- ↑ The Immortals: The First Fifty დაარქივებული 2010-04-11 საიტზე Wayback Machine. Rolling Stone Issue 946. Rolling Stone
- ↑ Billboard.com: აშშ-ს რადიო „ჩაიციკლა“ მადონაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-17. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ Confessions On A Dance Floor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-12. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ [2007 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი]
- ↑ The Epoch Times: Madonna Storms to 12th UK Number One
- ↑ RTE Entertainment: Madonna smashes record in UK charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-17. ციტირების თარიღი: 2007-08-01.
- ↑ BBC News: Westlife score 14th UK number one
- ↑ Adweek დაარქივებული 2007-12-12 საიტზე Wayback Machine. . „H&M Signs Madonna“. წაკითხულია: 27 ნოემბერი, 2006
- ↑ მადონას H&M-ის სარეკლამო რგოლი წაკითხულია: 24 მარტი 2007
- ↑ She’s Still Got It. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-08. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ 25 საუკეთესო ტურნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-06. ციტირების თარიღი: 2007-01-06.
- ↑ Madonna Writes New Song „Hey You“ for Live Earth Live Earth. 17 მაისი, 2007. წაკითხულია: 17 მაისი, 2007
- ↑ Exclusive First Look: C-E-L-E-B-R-A-T-E
- ↑ Confirmed Artists at Live Earth concerts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-03. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ მადონა: დეფინიცია და კიდევ ბევრი რამ. ვებ-საიტზე „Answers.com“
- ↑ მაისური წარწერით „იტალიელებს უკეთ გამოსდით“ ინგლისურ ენაზე. (JPG ფორმატის ფაილი)
- ↑ მადონას „Ciao Italia! — Live From Italy“-ს ყდა (JPG ფორმატის ფაილი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-25. ციტირების თარიღი: 2007-07-28.
- ↑ იტალიურენოვანი ვიკიპედიის სტატია პაპის შესახებ წაკითხულია: 1 ივნისი, 2006
- ↑ იტალიურენოვანი ვიკიპედიის სტატია პაჩენტროს შესახებ წაკითხულია: 1 ივნისი, 2006
- ↑ 58.0 58.1 ჟურნალი „თაიმი“ — 27 მაისი, 1985, ინტერვიუ მადონასთან, „მადონა, რატომაა მაგარი“, ავტორი — დენის უორელი.
- ↑ „ქალღმერთი, მადონას შესახებ“ ბარბარა და ვიქტორი, 2001 წ., გამომცემლობა „კლიფ სტრიტ ბუქსი“, ISBN 0-06-019930-X გვ. 23.
- ↑ ჟურნალი როლინგ სტოუნი, 1991 წლის აგვისტო, „ნამდვილი აღსარებები: როლინგ სტოუნის ინტერვიუ მადონასთან, ნაწილი პირველი“ ავტორი: კერი ფიშერი.
- ↑ femalefirst.co.uk Madonna: Guy makes me look good femalefirst.co.uk, Madonna interview. 18 მაისი 2006. წაკითხულია: 15 ივნისი 2006
- ↑ 62.0 62.1 ჟურნალი „ვენითი ფეარ“, 1991 წლის აპრილი, „სხვა ზომა“ ავტორი: ლინ ჰირშბერგი
- ↑ 63.0 63.1 63.2 ვგიჟდებიტ მადონას კაცებზე USA Today, 2000 წელი. ფრაზები: „მადონა და მოდელი ტონი უარდი ერთმანეთს 1990 წელს ხვდებოდნენ“, „1992 წელს ვანილა აისი და მადონა ერთად 8 თვის განმავლობაში იყვნენ.“
- ↑ მადონა და დენის როდმანი დაარქივებული 2007-07-02 საიტზე Wayback Machine. საიტი „usefultrivia.com“
- ↑ კარლოს ლეონის ბიოგრაფია imdb.com ფრაზა: „მადონასთან ერთად, ლურდეს მარია ჩიკონე ლეონის (ლოლა ლეონის) მშობელი, რომელიც დაბადებულია: 14 ოქტომბერი, 1996.
- ↑ http://www.celebritywonder.com/html/madonna.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-04. ციტირების თარიღი: 2007-07-28.
- ↑ “მადონას ბიჭი გაუჩნდა" დაარქივებული 2013-06-18 საიტზე Wayback Machine. , CNN.com, 11 აგვისტო, 2000. წაკითხულია: 5 მაისი, 2006.
- ↑ 6 მილიონი გირვარქა სტერლინგი დაარქივებული 2007-08-12 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „სანი“, 22 ივნისი, 2007
- ↑ „მადონა მალაველ ბიჭს ყიდულობს, ამბობს ბავშვის მამა“, CNN, 2006 წლის ოქტომბერი. წაკითხულია: 11 ოქტომბერი, 2006
- ↑ ბიჭი, რომლის შვილად აყვანასაც მადონა აპირებს, ტოვებს აფრიკას დაარქივებული 2006-11-26 საიტზე Wayback Machine. ჟურნალი „People“, 2006 წლის ოქტომბერი. წაკითხულია: 16 ოქტომბერი, 2006
- ↑ მადონა თავის შვილს დეივი რიჩის არქმევს
- ↑ მადონას შვილი მალავიდან გაფრინდა დაარქივებული 2007-12-12 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ წაკითხულია: 16 ოქტომბერი, 2006 წ.
- ↑ „როიტერსი“, "მადონას შვილის აყვანის გეგმები ფართო დისკუსიას იწვევს, "[მკვდარი ბმული] 17 ოქტომბერი, 2006
- ↑ ეშლი მ. ჰიჰერი „მადონა 'უკმაყოფილოა' კრიტიკით“, „ასოშიეტიდ პრესი“, SFGate.com, 25 ოქტომბერი, 2006
- ↑ „ასოშიეტიდ პრესი“. „ბიჭის მამას ეშინია, რომ მადონა უკან დაიხევს“ დაარქივებული 2008-05-23 საიტზე Wayback Machine. , MSNBC.com, 26 ოქტომბერი 2006.
- ↑ მიმ უდოვიჩი. ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული კულტის შესახებ — ნაწილი მესამე: მადონას ჯადოსნური მისტიური ტურნე. 20 ივნისი, 2005. წაკითხულია: 26 თებერვალი, 2006
- ↑ მადონა საკუთარ სკოლას ხსნის. „ინდოეთის დროება“. 5 აგვისტო, 2004. წაკითხულია: 26 თებერვალი, 2006.
- ↑ ელისა გარდნერი. მადონა გზაჯვარედინებზე. „USA Today“. 27 ოქტომბერი, 2005. წაკითხულია: 26 თებერვალი, 2006
- ↑ კაბალა არ არის გართობა, ჯ. უ. ბუშმაც უნდა ცადოს. FemaleFirst.com. 18 ნოემბერი, 2004. წაკითხულია 26 თებერვალი, 2006
- ↑ მადონა სხვებს კლერკის მხარდაჭერას ურჩევს; 'მომავალი საფრთხეშია' დაარქივებული 2010-06-13 საიტზე Wayback Machine. . 7 იანვარი, 2004. წაკითხულია: 17 აპრილი, 2006
- ↑ „მადონა ირჩევს ჰილარის პრეზიდენტად“ დაარქივებული 2007-04-17 საიტზე Wayback Machine. , newsmax.com, 12 მარტი, 2006.
- ↑ მადონა ურჩევს თავის თაყვანისმცემლებს, ნახონ მაიკლ მურის დოკუმენტური ფილმი 'ფარენჰეიტი 9/11' დაარქივებული 2007-08-08 საიტზე Wayback Machine. . MTV ნიუსი. 17 ივნისი, 2004. წაკითხულია: 17 აპრილი, 2006
- ↑ Queen of Pop Madonna crowned highest earning female singer on earth „დეილი მეილი“
- ↑ Pitchfork: Madonna: „Love Profusion“ Track Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-14. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ The Collaborative Madonna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ The Johns Hopkins News-Letter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-11. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
- ↑ Google Cached Thread. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-06-16. ციტირების თარიღი: 2003-06-16.
- ↑ BBC: Madonna’s giant cross 'offensive' 8th paragraph: „In 1990, the Pope called for a boycott of the Blond Ambition tour, in which Madonna simulated masturbation during Like a Virgin.“ წაკითხულია: 28 მაისი, 2006
- ↑ Blond Ambition World Tour 1990 დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Rolling Stone, August 1991, „True Confessions: The Rolling Stone Interview With Madonna, Part One“ by Carrie Fisher
- ↑ Vatican accuses her of blasphemy and provocation დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია: 13 აგვისტო, 2006
- ↑ Italians in America — Our Contribution წაკითხულია: 1 ივნისი, 2006
- ↑ Madonna’s fur coat sparks outrage დაარქივებული 2007-01-28 საიტზე Wayback Machine. , Yahoo! Music, 8 დეკემბერი 2006.]
- ↑ Frith, Maxine. „Madonna’s fur coat outrages animal rights groups“[მკვდარი ბმული], New Zealand Herald, 9 დეკემბერი 2006
- ↑ Smart, Gordon. Stella gives pal Madonna a blast დაარქივებული 2007-08-18 საიტზე Wayback Machine. , The Sun, 16 დეკემბერი, 2006
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |