ვაგიშ შასტრი
ვაგიშ შასტრი (აგრეთვე ცნობილი როგორც ბ პ ტ ვაგიშ შასტრი) (დ. 24 ივლისი, 1934, ხურაი, საგარი, ინდოეთი) — საერთაშორისო მნიშვნელობის სანსკრიტის სპეციალისტი, გამოჩენილი ლინგვისტი და იოგი. დაიბადა სოფელ ხურაიში, საგარის რაიონში, მადჰია პრადეშში, 1934 წელს. თავდაპირველად განათლება ხურაიში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ვრინდავანსა და ბენარესში გააგრძელა. 1959 წელს მან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო და ვარანასში, ტიკმანის სანსკრიტის კოლეჯში სანსკრიტის შესახებ ლექციებს კითხულობდა. 1970 წელს იგი ვარანასში სამპურნანანდის სანსკრიტის უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და პროფესორი გახდა. ამ პრესტიჟულ აკადემიურ თანამდებობაზე მან სამი ათეული წელი დაჰყო. მას მიღებული აქვს მაგისტრის წოდება — ვიაკარანა აჩარია (1959); დოქტორის ხარისხი ვიდიავარიდჰი გრამატიკასა და ისტორიულ ლინგვისტიკაში (1964) და ლიტერატურის დოქტორის წოდება ვაჩასპატი (1969) სამპურნანანდის სანსკრიტის უნივერსიტეტში.