ელვის აარონ პრესლი (ინგლ. Elvis Aaron Presley; დ. 8 იანვარი, 1935 ― გ. 16 აგვისტო, 1977) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი. მას ხშირად მოიხსენიებენ „როკ-ენ-როლის მეფედ“.

ელვის პრესლი

ელვის პრესლი ფილმის Jailhouse Rock პრომო-ფოტოსურათზე, 1957
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელვის აარონ პრესლი
აგრეთვე ცნობილი როგორც ელვისი, მეფე, როკ-ენ-როლის მეფე
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1935, ტუპელო, მისისიპი
დაბ. ადგილი ტუპელო[1] [2]
წარმოშობა მემფისი, ტენესი, აშშ
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1977 (42 წლის)
გარდ. ადგილი მემფისი[3] [4] [5]
დასაფლავებულია Graceland
ჟანრ(ებ)ი როკაბილი, როკ-ენ-როლი, გოსპელი, ბლუზი, ქანთრი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პიანინო
აქტიური 1954-1977
ლეიბლ(ებ)ი Sun, RCA Victor
ხელმოწერა
საიტი
ელვის პრესლი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობა და სკოლის წლები რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის პრესლის ოჯახში. მისი ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი, დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. 10 წლის იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა „Old Shep“ ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი — 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება.

1946 წელს ელვისს დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი გიტარა აჩუქეს, რაშიც $12.95 გადაიხადეს. 1948 წელს ოჯახი ქალაქ მემფისში (ტენესის შტატი) გადავიდა. ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა ტრადიციებმა ელვისი მოხიბლა. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით შესძლო თავის დაცვა.

სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში (Parker Machinists Shop, Precision Tool Company და Crown Electric Company). პარალელურად, საღამოს სკოლაში სწავლობდა ელექტრიკოსის ხელობას.

კარიერის დასაწყისი რედაქტირება

1953 წლის 18 ივლისს ელვისმა მემფისში, სტუდია The Memphis Recording Service–ში (იგივე Sun Records) 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა „My Happiness“ და „That’s When Your Heartaches Begin“. ფირფიტა აჩუქა დედას დაბადების დღეზე. Sun Records–ის მფლობელი იყო სემ ფილიპსი (Sam Phillips), კაცი, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ლეგენდარული მუსიკოსები: ბი ბი კინგი (B.B. King), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), როი ორბისონი (Roy Orbison), ჯონი კეში (Johnny Cash) და კარლ პერკინსი (Carl Perkins). თუმცა სემ ფილიპსი ელვისის პირველ ჩაწერას არ დასწრებია.

პრესლიმ 1954 წლის 4 იანვარს კვლავ მიაკითხა სტუდიას და ჩაწერა „I'll Never Stand in Your Way“ და „It Wouldn't Be the Same Without You“. სემ ფილიპსი სტუდიაში იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. ამბობდა, რომ ასეთ მომღერალთან ერთად ის მილიარდის შოვნას შესძლებდა. პრესლი კარგი კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ ელვისს დაურეკა, სტუდიაში მიიწვია და ისიც უმალ იქ გაჩნდა. ეს 1954 წლის 26 ივნისს მოხდა (დამთხვევაა, რომ ელვისის ბოლო კონცერტი 1977 წელს ზუსტად ამ დღეს–26 ივნისს შედგა). ელვის პრესლიმ რამდენიმე სიმღერა იმღერა. ფილიპსმა ელვისს ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური (Scotty Moore) და ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი (Bill Black) შეახვედრა და მათ ერთობლივად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ფილიპსმა 5 ივლისს მიაგნო, რასაც ეძებდა: ბიჭების სპონტანურად შესრულებულმა „That's All Right-მა“ გადააწყვეტინა სიმღერა გამოეცა და 19 ივლისს გამოუშვა კიდეც „Blue Moon of Kentucky-სთან“ ერთად.[6] „That's All Right“ გადაიცა მემფისის რადიოსადგურ WHBQ–ით და უმალ ჰიტი გახდა.

პრესლიმ სკოტი მურთან და ბილ ბლეიკთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით: როკ-ენ-როლი „Good Rockin' Tonight“ და „I Don't Care if the Sun Don't Shine“ ქანთრის სტილში. ქანთრის ვარსკვლავმა ჰენკ სნოუმ (Hank Snow) ის ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ მოეწონა და ელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა, მაგრამ სულ მალე, 16 ოქტომბერს ის გრანდ ოლ ოპრის მთავარ კონკურენტ შოუში „ლუიზიანა ჰეირაიდში“ (Louisiana Hayride) წარმატებით გამოვიდა ორი სიმღერით: „That's All right, Mama“ და „Blue Moon of Kentucky“. შოუ გადაიცემოდა 190 რადიოსადგურით 30 შტატში.

4 ნოემბერს ელვისმა „ლუიზიანა ჰეირაიდთთან“ ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ის ერთი წლის მანძილზე უნდა გამოსულიყო შოუში შაბათობით. თუმცა ანაზღაურება მხოლოდ 30 დოლარს შეადგენდა გამოსვლისთვის, მაგრამ ეს კონტრაქტი ელვისის კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მუდმივი სამუშაო იშოვა, სადაც უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებდა (მარტო ჰენკ უილიამსთან (Hank Williams) კონტაქტი რად ღირდა!) და საკუთარ სტილსაც საბოლოოდ დახვეწდა. ამასთან მან გრანდ ოლ ოპრიში შელახული საკუთარი თავის რწმენაც აღიდგინა. დანარჩენ დღეებში ის მართავდა კონცერტებს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ შტატებში: სკოლის შენობებში, ღამის კლუბებში.

პარალელურად ელვისმა Sun Records–ში კიდევ სამი სინგლი გამოუშვა: „Milkcow Blues Boogie / You’re A Heartbreaker“ (1954 წლის 28 დეკემბერი), „Baby, Let’s Play House / I'm Left, You're Right, She's Gone“ (1955 წლის 10 აპრილი), „I Forgot To Remember To Forget / Mystery Train“ (1955 წლის 6 აგვისტო). 1955 წლის აგვისტოში ელვისმა კონცერტები მშობლიურ ტუპელოშიც ჩაატარა. 1955 წელს „ჰეირაიდის“ შოუში ჯონი კეშიც გამოდიოდა. მალე ელვისის ჯგუფს დი ჯეი ფონტანა (D.J. Fontana) შემოემატა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ელვისმა ახალი ერთწლიანი კონრაქტი გააფორმა „ლუიზიანა ჰეირაიდთთან“. ახლა ის უკვე 200 დოლარს მიიღებდა კვირაში.

პრესლის სწრაფად მზარდი პოპულარობისთვის რეგიონალური ასპარეზი აღარ კმაროდა. ეს გააცნობიერა ტომ პარკერმა (Andreas Cornelis (Dries) van Kuijk ცნობილი პსევდონიმით Colonel Tom Parker). 1955 წლის 18 აგვისტოს ის ელვისის მენეჯერი გახდა. გაფორმდა კონტრაქტიც. პარკერმა დაიწყო ელვისის ნაციონალურ ვარსკვლავად ქცევა: ნოემბერში დაარწმუნა უმსხვილესი ჩამწერი სტუდია RCA, 35000 დოლარად (იმ დროისთვის არნახული თანხა) გამოესყიდა ელვისის კონტრაქტი სემ ფილიპსისგან. 21 ნოემბერს პრესლიმ გააფორმა ხელშეკრულება RCA–სთან. პარკერი უცვლელ მენეჯერად დარჩა ელვისის სიცოცხლის ბოლომდე. პრესლის და პარკერის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. პარკერი ყოველთვის ახერხებდა ელვისისთვის უმაღლესი ჰონორარები გამოეთხოვა. ის ასევე სწორად წარმართავდა ელვისის სარეკლამო კამპანიას მედიაში. პარკერმა შეძლო ელვისის შესაძლებლობების სრულად ამოქმედება. პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დაიგვიანა.

1956-1958 წლები რედაქტირება

1956 წლის 10–11 იანვარს ელვისმა პირველად ჩაწერა RCA სტუდიაში ნეშვილში. აქ მას აკომპანემენტს უწევდა კვარტეტი The Jordanaires, რომელთანაც 60-იანი წლების ბოლომდე თანამშრომლობდა. ჩაიწერა შემდეგი სიმღერები: I Got a Woman, Heartbreak Hotel, Money Honey, I’m Counting on You, I Was the One . სკოტი მურთან, ბილ ბლეიკთან და დი ჯეი ფონტანასთან ერთად ჩაწერაში ცნობილი გიტარისტი ჩეტ ეტკინსიც (Chet Atkins) მონაწილეობდა. 27 იანვარს RCA–მ Heartbreak Hotel (ბლუზი) და I Was the One (ბალადა) გამოსცა სინგლად და 3 კვირაში 300,000 ცალზე მეტი, მალე კი მილიონზე მეტი გაიყიდა. სინგლს ჟურნალ „ბილბორდის“ (Billboard) ჰიტ–აღლუმში 8 კვირა პირველი ადგილი ეკავა. ეს იყო ელვისის პირველი ოქროს ფირფიტა.

28 იანვარს პრესლი პირველად გამოვიდა ტელევიზიით CBS–ის გადაცემაში „Stage Show“, სადაც შეასრულა სამი როკ-ენ-როლი: Shake Rattle and Roll/Flip Flop and Fly და I Got a Woman. 4 თებერვალს იმავე შოუში ელვისმა მეორედ მიიღო მონაწილეობა ორი ცეცხლოვანი როკ-ენ-როლით: Baby Let's Play და Tutti Frutti. ამას მოჰყვა კიდევ 4 გამოსვლა: 11 თებერვალს (Blue Suede Shoes, Heartbreak Hotel), 18 თებერვალს (Tutti Frutti, I Was the One), 17 მარტს (Blues Suede Shoes, Heartbreak Hotel) და ბოლოს, 24 მარტს (Money Honey, Heartbreak Hotel). ამ 6 შოუს შემდეგ ელვისი მთელმა ამერიკამ გაიცნო. ამიერიდან ის როკ-ენ-როლის მეფედ აღიარეს და დღემდე, გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც, უცილობელი მეფეა.

ამასობაში თებერვალში მისი რიგით მეხუთე (და უკანასკნელი) სინგლი Sun Records–ში („I Forgot To Remember To Forget / Mystery Train“) პირველ ადგილზე აღმოჩნდა ნაციონალურ ჰიტებში (ქანთრის ნომინაცია). ეს იყო მისი პირველი ეროვნული პირველი ადგილი. 13 მარტს RCA–მ გამოსცა პირველი ალბომი "Elvis Presley" 12 სიმღერით (Blue Suede Shoes, I'm Counting On You, I Got A Woman,One-Sided Love Affair, I Love You Because, Just Because, Tutti Frutti,Trying To Get To You, I'm Gonna Sit Right Down And Cry Over You, I'll Never Let You Go, Blue Moon და Money Honey). მალე მილიონი ცალი ფირფიტა გაიყიდა. ეს იყო ელვისის პირველი ოქროს ალბომი. 10 კვირა ფირფიტას ლიდერობა არ დაუთმია. ის იყო ასევე როკ-ენ-როლის პირველი ალბომი, რომელიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა. პარალელურად ელვისი კონცერტებს მართავდა მთელი ამერიკის მასშტაბით.

იმავე წლის 3 აპრილს მილტონ ბერლის (Milton Berle) შოუში (NBC) იმღერა Blue Suede Shoes და Heartbreak Hotel. ელვისი და მისი მენეჯერი ჰოლივუდითაც დაინტერესდნენ და 1956 წლის 6 აპრილს პრესლიმ ცნობილ პროდიუსერ ჰოლ უოლისთან (Hal Wallis) და კინოკომპანია „პარამაუნტ ფიქჩერსთან“ (Paramount Pictures) ხელი მიაწერა შვიდწლიან კონტრაქტს. ჰოლივუდი პრესლისთვის ბავშვობიდანვე საოცნებო სამყარო იყო. ახლა კი ის ამ სამყაროს მთავარი გმირი ხდებოდა, სადაც ყველა ვარსკვლავს დაჩრდილავდა. მისი ფილმების უკლებლივ ყველა რეჟისორი აღნიშნავდა მის უდიდეს შრომისმოყვარეობასა და ზედმიწევნით თავაზიანობას.

23 აპრილიდან 6 მაისამდე ელვისი ლას ვეგასში მართავდა კონცერტებს სასტუმრო „ნიუ ფრონტიერში“ (New Frontier Hotel). ეს მისი პირველი ტურნე იყო ამ ქალაქში. მალე პრესლი და ლას ვეგასი განუყრელი ცნებები გახდა. 5 ივნისს ელვისმა მილტონ ბერლის შოუში (NBC) კვლავ იმღერა (Hound Dog და I Want you, I need you, I love you). როკ-ენ-როლის Hound Dog-ის შესრულების დროს ელვისის ცეკვამ და მოძრაობებმა ახალგაზრდობის აღტაცება გამოიწვია, მაგრამ უფროსი თაობისა და პრესისთვის ის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მათი აზრით, ახალგაზრდობის მორალზე უარყოფით გავლენას ახდენდა. თავად ელვისი ყოველთვის აცხადებდა, რომ ეს იყო მისი ბუნებრივი მოძრაობები და სიმღერის დროს შეჩერება არ შეეძლო. თუ ადამიანს როკ-ენ-როლი უყვარს და მას გრძნობს, შეუძლებელია მისი მოსმენის დროს არ იმოძრაოსო. მისი თქმით, სცენაზე გამოსვლისას ყველაზე მიმზიდველი მაყურებელთან კონტაქტით წარმოქმნილი მუხტია და მისთვის ეს უმთავრესია. მაგრამ მის გამოსვლას შოუში პრესა ძალიან უარყოფითად შეხვდა, ნიუ იორკის გაზეთებმა უაღრესად უნიჭო და ვულგარული უწოდეს, მისი სიმღერის უნარი საერთოდ ეჭქვეშ დააყენეს. პრესლიმ კი ამასობაში თავის ტურნე განაგრძო ჯერ კალიფორნიაში, შემდგომ კი ჯორჯიასა და ჩრდილოეთსა და სამხრეთ კაროლინის შტატებში. ელვისი დაუღალავად მუშაობდა. სამ დღეში 10 კონცერტი გამართა ატლანტაში. 1 ივლისს ელვისმა მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში სტივ ალენის სატელევიზიო შოუში, სადაც მას Hound Dog უნდა შეესრულებინა, ამ გამოსვლის ძირითადი მიზანი იყო, ის მრავალრიცხოვანი ნეგატიური განცხადებები გაექარწყლებინა, რაც მილტონ ბერლის შოუმ გამოიწვია. წინა შოუსგან განსხვავებით, ელვისს ეცვა სმოკინგი, გამოიყურებოდა რესპექტაბელურად და უფროსი თაობისთვის მისაღებად, თუმცა როგორც თავად იხუმრა, ყველაფერი მაინც არ ეცვა წესის თანახმად–სცენაზე ლურჯი ნატის ფესხსაცმელებით გამოვიდა, რაც ასოციაციას ქმნიდა მის სიმღერასთან Blue Suede Shoes. სიმღერის დროს დამახასიათებელი მოძრაობები არ შეუსრულებია და უმღეროდა ტაქსას ჯიშის ძაღლს, რომელსაც ცილინდრი დაახურეს. ამ გამოსვლას პრესლი მომავალშიც არაერთხელ იხსენებდა ხალისით, თუმცა ამბობდა, მოძრაობები ამიკრძალეს და მხოლოდ ნეკა თითის განძრევის საშუალება მომცესო. 2 ივლისს RCA–ს ნიუ იორკის სტუდიაში ელვისმა ჩაწერა Hound Dog და Don't be Cruel. ეს სინგლი 11 კვირა ლიდერობდა ამერიკაში, ელვისმა Hound Dog-ის 31 ვერსია შეასრულა და საეკეთესო აარჩია. 4 ივლისს ელვისი მემფისში დაბრუნდა და იმავე საღამოს გამართა საქველმოქმედო კონცერტი. „იმ ხალხმა ნიუ იორკში ვერ შემცვალა თქვენ დღეს ნახავთ, როგორია ნამდვილი ელვისი“ – განაცხადა მან კონცერტზე. აგვისტოში დაიწყო ელვისის პირველი ფილმის – „Love me tender“ გადაღების მზადება. ფილმს კომპანია Twentieth Century Fox იღებდა. გადაღებები 24 აგვისტოს დაიწყო. მანამდე კი ელვისმა ფლორიდაში გააგრძელა გასტროლები. მაიამიში 2 დღეში შვიდი კონცერტი გამართა, შემდეგ ასევე სხვა ქალაქებში დღეში 3–3 კონცერტს მართავდა.

სამხედრო სამსახური და დედის გარდაცვალება (1958-1960) რედაქტირება

ფილმებზე კონცენტრაცია (1960-1967) რედაქტირება

მუსიკაში დაბრუნება (1968-1973) რედაქტირება

ჯანმრთელობის გაუარესება და გარდაცვალება (1973-1977) რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები
საუნდტრეკები (ორიგინალური მასალა)

ფილმები ელვის პრესლის მონაწილეობით: რედაქტირება

  • Love Me Tender (1956),
  • Loving You (1957),
  • Jailhouse Rock (1957),
  • King Creole (1958),
  • G.I. Blues (1960),
  • Flaming Star (1960),
  • Wild in the Country (1961),
  • Blue Hawaii (1961),
  • Follow That Dream (1962),
  • Kid Galahad (1962),
  • Girls! Girls! Girls! (1962),
  • It Happened At The World's Fair (1963),
  • Fun in Acapulco (1963),
  • Viva las vegas (1964),
  • Kissin Cousins (1964),
  • Roustabout (1964),
  • Girl Happy (1965),
  • Tickle Me (1965),
  • Harum Scarum (1965),
  • Frankie and Johnny (1966),
  • Paradise, Hawaiian Style (1966),
  • Spinout (1966),
  • Easy Come, Easy Go (1967),
  • Double Trouble (1967),
  • Clambake (1967),
  • Stay Away Joe (1968),
  • Speedway (1968),
  • Live a Little, Love a Little (1968),
  • Charro! (1969),
  • The Trouble With Girls (and how to get into it) (1969),
  • Change Of Habit (1969),
  • That's The Way It Is (დოკუმენტური) (1970),
  • Elvis On Tour (დოკუმენტური) (1972).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

აქ წარმოდგენილია ელვის პრესლის შესახებ დაწერილი წიგნების სია.

  • Me and a Guy Named Elvis: My Lifelong Friendship with Elvis Presley. ავტორები: Jerry Schilling, Chuck Crisafulli. 368 გვერდი. გამომცემლობა: Gotham (17 აგვისტო, 2006). ენა: ინგლისური. ISBN 1-59240-231-3, ISBN 978-1-59240-231-1.
  • Elvis by the Presleys. ავტორები: Priscilla Presley, Lisa Marie Presley, David Ritz. 256 გვერდი. გამომცემლობა: Crown (3 მაისი, 2005). ენა: ინგლისური. ISBN 0-307-23741-9. ISBN 978-0-307-23741-5.
  • My Life Before, During and After Elvis Presley. ავტორები: John Wilkinson and Nick Moretti. 242 გვერდი. გამომცემლობა: BookSurge Publishing (22 მარტი, 2006). ენა: ინგლისური. ISBN 1-4196-2951-4 ISBN 978-1-4196-2951-8
  • Elvis Presley: A Life in Music—The Complete Recording Sessions. ავტორები: Ernst Jorgensen, Peter Guralnick. 272 გვერდი. გამომცემლობა: St. Martin's Griffin (2 სექტემბერი, 2000). ენა: ინგლისური. ISBN 0-312-26315-5. ISBN 978-0-312-26315-7.
  • Careless Love: The Unmaking of Elvis Presley. ავტორი: Peter Guralnick. 768 გვერდი. გამომცემლობა: Back Bay Books (10 თებერვალი, 2000) and Abacus (3 თებერვალი, 2000). ენა: ინგლისური. ISBN 0-316-33297-6 and 0349111685, ISBN 978-0-316-33297-2 and 978-0349111681.
  • Last Train to Memphis. ავტორი: Peter Guralnick. 578 გვერდი. გამომცემლობა: Abacus (2 ნოემბერი, 1995). ენა: ინგლისური. ISBN 0-349-10651-7, ISBN 978-0-349-10651-9.
  • Elvis Day by Day: The Definitive Record of His Life and Music. ავტორები: Peter Guralnick, Ernst Jorgensen. 400 გვერდი. გამომცემლობა: Ballantine Books (5 ოქტომბერი, 1999). ენა: ინგლისური. ISBN 0-345-42089-6, ISBN 978-0-345-42089-3.
  • Elvis and Me. ავტორი: Priscilla Presley. 352 გვერდი. გამომცემლობა: Berkley (1 აგვისტო, 1986). ენა: ინგლისური. ISBN 0-425-09103-1, ISBN 978-0-425-09103-6.
  • Elvis Aaron Presley: Revelations from the Memphis Mafia. ავტორი: Alanna Nash, Billy Smith, Marty Lacker, Lamar Fike. 800 გვერდი. გამომცემლობა: Harpercollins (მაისი, 1995). ენა: ინგლისური. ISBN 0-06-017619-9, ISBN 978-0-06-017619-8.
  • All Shook Up - Elvis Day By Day, 1954 -1977. ავტორი: Lee Cotten. 528 გვერდი. გამომცემლობა Popular Culture, Ink. , Ann Arbor (MI) (მაისი, 1998). ენა: ინგლისური. ISBN 1-56075-046-4, ISBN 978-1-56075-046-8.
  • Inside Graceland: Elvis' Maid Remembers. ავტორები: Nancy B. Rooks, Jim Cox. Paperback: 149 გვერდი. გამომცემლობა: Xlibris Corporation (23 მარტი, 2005). ენა: ინგლისური. ISBN 1-4134-5476-3, ISBN 978-1-4134-5476-5.
  • Remember Elvis. ავტორი: Joe Esposito. 468 გვერდი. გამომცემლობა: TCB JOE Publishing (4 ივლისი, 2006). ენა: ინგლისური. ISBN 0-9778945-0-9, ISBN 978-0-9778945-0-5.
  • If I Can Dream: Elvis' Own Story. ავტორი: Larry Geller. გამომცემლობა: Avon Books (Mm); (ივლისი, 1990), ენა: ინგლისური. ISBN 0-380-71042-0, ISBN 978-0-380-71042-3.
  • Elvis' Search for God. ავტორები: Jess Stearn, Larry Geller. 246 გვერდი. გამომცემლობა: Greenleaf Publications (TN); (ნოემბერი, 1998). ენა: ინგლისური. ISBN 1-883729-07-6, ISBN 978-1-883729-07-3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება