ჯონი კეში
ჯონი კეში (ინგლ. Johnny Cash, ნამდვილი სახელი — ჯონ რეი კეში (John Ray Cash); დ. 26 თებერვალი, 1932, კინგსლენდი, არკანზასის შტატი, აშშ ― გ. 12 სექტემბერი, 2003, ნეშვილი, ტენესის შტატი, აშშ) — ქანთრი და როკ მუსიკის ამერიკელი შემსრულებელი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.
ჯონი კეში | |
---|---|
ინგლ. Johnny Cash | |
„მამაკაცი შავებში“ | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ რეი კეში |
დაბ. თარიღი | 26 თებერვალი, 1932[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბ. ადგილი | Kingsland |
გარდ. თარიღი | 12 სექტემბერი, 2003[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეშვილი[1] |
დასაფლავებულია | Hendersonville Memory Gardens |
ჟანრ(ებ)ი |
ქანთრი, როკ-ენდ-როლი ბლუზი, ფოლკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
საიტი | johnnycash.com |
ჯონი კეში ვიკისაწყობში |
კეში ცნობილი იყო ღრმა გამორჩეული ბარიტონით, ე. წ. ტენესიური ბუმ-ჩიკა-ბუმ ხმოვანების ბენდის აკომპანემენტით, მუქი ფერის ტანსაცმლითა და ქცევით, რომლის გამოც მას მეტსახელად „მამაკაცი შავებში“ („The Man in Black“) შეარქვეს. კეში მის ყოველ კონცერტს მოკლე და მარტივი შესავლით „Hello, I'm Johnny Cash“ („გამარჯობა, მე ჯონი კეში ვარ“) იწყებდა.
მძიმე პირადი ცხოვრება და რელიგიურობა კეშის მუსიკის ლეიტმოტივი იყო, განსაკუთრებით მის გვიანდელ კარიერაში, რომელშიც გამოძახილს მწუხარება, მორალური ტანჯვა და მონანიება პოულობს. მისი უკვდავი ჰიტებია: „I Walk the Line“, „Folsom Prison Blues“, „Ring of Fire“, „Man In Black“ და „Hurt“. მას ასევე რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარული იუმორისტული სიმღერა აქვს ჩაწერილი: „One Piece At A Time“, „The One on the Right is on the Left“ და „A Boy Named Sue“.
კარიერაში, რომელიც თითქმის ხუთი ათწლეული გრძელდობოდა, კეში მსოფლიოში მრავალი ადამიანისთვის ქანთრი მუსიკის პერსონიფიკაცია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნეშვილის მეინსტრიმს სიძულვილით მოიხსენიებდა. თუმცა, რეი ჩარლზის, The Beatles-ის, ბობ დილანისა და ელვის პრესლის მსგავად, კეში იმ მუსიკოსთაგანი იყო, რომელიც ჟანრთა შორის საზღვრებს არღვევს. მისი ჩაწერილი სიმღერები შეიძლება როკ-ენდ-როლიც იყოს, ბლუზიც, როკაბილი, ფოლკი და გოსპელი, და თითოეულ ამ ჟანრზე უდიდეს გავლენას ახდენს. კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის დიდების დარბაზებშია შეყვანილი (დანარჩენები არიან ჩეტ ატკინსი, ელვის პრესლი, ბრენდა ლი, ჰენკ უილიამსი, დონ და ფილ ევერლი, სემ ფილიპსი, სემი როჯერსი, ფლოიდ კრემერი) და ასევე პატივს იყოფს ჰენკ უილიამს უმცროსთან, როგორც მუსიკოსთა სამი უდიდესი დიდების დარბაზის სრული წევრი (როკ-ენდ-როლი, ქანთრი, და სიმღერათა ავტორების დარბაზები). კარიერის განმავლობაში მას 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და "მუსიკის ისტორიაში წამყვანი პოზიცია" უჭირავს.[17]
ბიოგრაფია
„მამაკაცი შავებში“ დაიბადა სახელით ჯ. რ. კეში კინგსლენდში, არკანზასი, იზრდებოდა დაიესში, არკანზასი. ხუთი წლის ასაკში ბამბის მიმდვრებზე მუშაობდა ოჯახთან ერთად. საოჯახო მეურნეობა ხშირად წყლით იტბორებოდა, რის გამოც მან მოგვიანებით სიმღერა „Five Feet High And Rising“ დაწერა.[18] მისი უფროსი ძმა, ჯეკი, ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა საშუალო სკოლის სახელოსნოს დაზგაზე მუშაობისას 1944 წელს.[18] ამ უბედურ შემთხვევას ის საკუთარ უყურადღებობას აბრალედბდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნას განიცდიდა. ოჯახის ეკონომიკური და პირადი სირთულეები დიდი დეპრესიის პერიოდში კეშის სიმღერების მთავარი შთაგონების წყარო იყო.
კეშის ადრეულ მოგონებებში დომინირებს გოსპელი (საგალობლები) და რადიო. გიტარაზე დაკვრა ადრეულ ასაკში დედამ ასწავლა, შემდეგ კი ახლო მეგობართან ერთად სკოლაში და ადგილობრივ რადიო სადგურზე მღეროდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მან ალბომიც გამოსცა ტრადიციული საგალობლების სიმღერებით სახელწოდებით „My Mother's Hymn Book“ (დედაჩემის საგალობლების წიგნი). მასზე დიდი გავლენა ამ პერიოდში მოუხდენია ტრადიციულ ირლანდიურ მუსიკას, რომელსაც ის ყოველ კვირა ჯეკ ბენის რადიო პრაგრამაში უსმენდა დენის დეის შესრულებით.[19]
გადმოცემით ინიციალები „ჯ. რ.“ მშობლებს ბავშვისთვის მიუციათ სახელზე შეუთანხმებლობის გამო (ამგვარი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული იყო იმ ხანად). საჰაერო ძალებში მსახურობისას კეში რადიო ოპერატორი იყო. ჯარში მხოლოდ ინიციალებით არ მიიღებდნენ, რიც გამოც მან ჯონ რ. კეში დაირქვა. 1955 წელს სან რეკორდსისთვის კონტრაქტის დადებისას მან „ჯონი“ კეში აირჩია სასცენო სახელად. მისი მეგობრები და ცოლოურები მას ზოგადად ჯონს უწოდებდნენ, სისხლით ნათესავები კი დაბადების ინიციალებით „J.R.“ (ჯეი-არ) მიმართავდნენ.
ადრეული კარიერა
სან-ანტონიოში ლაკლანდის ბაზაზე, ზოგადი მომზადებისა და ბრუკსის ბაზაზე ტექნიკური მომზადების შემდეგ, კეში გერმანიაში გაანაწილეს ლანდსბერგის ბაზაზე საჰაერო ძალების უსაფრთხოების მომსახურების ნაწილში. აქ მან, მისი პირველი ბენდი, „Landsberg Barbarians“ დააფუძნა.[20]
ჯარში სამსახურის დასრულების შემდეგ, კეში ვივიენ ლიბერტოს ირთავს ცოლად, რომელსაც იგი ბრუკსის ბაზაზე წვრთნებისას შეხვდა. 1954 წელს ის მემფისში (ტენესი), გადადის საცხოვრებლად, სადაც ის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდის, პარალელურად კი რადიო წამყვანის სპეციალობას ეუფლება. ღამ-ღამობით გიტარისტ ლუთერ პერკინსთან და ბასისტ მარშალ გრანტთან (ორივე თავდაპირველად ცნობილი როგორც „Tennessee Two“) უკრავდა. ერთხელაც, გაბედულება მოკრებილმა, სან რეკორდსის სტუდიას მიაკითხა ალბომის ჩასაწერად, კონტრაქტის მიღების იმედით. სტუდიის დირექტორს სემ ფილიპს მისი გოსპელის სიმღერების მოსმენის შემდეგ უთქვამს: „წადი შინ და შესცოდე, შემდეგ კი დაბრუნდი სიმღერით, რომლის გაყიდვასაც მე შევძლებ“. კეშმა საბოლოოდ შეძლო ფილიპსის დარწმუნება მისი ჯარში სამსახურის პერიოდში დაწერილი სიმღერებით. მისი პირველი ჩანაწერები სან რეკორდსში „Hey Porter“ და „Cry Cry Cry“ 1955 წელს გამოვიდა და საკმაო წარმატება ხვდა წილად ქანთრის ჰიტ-პარადზე.
კეშის შემდეგი ჩანაწერი - „Folsom Prison Blues“, ქანთრის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, ხოლო „I Walk the Line“ №1 ქანთრი სიმღერა გახდა, რის გამოც იგი საუკეთესო პოპულარულ ოცეულში მოხვდა. შემდეგ, 1957 წელს, კეშმა ჩაწერა „Home of the Blues“. მომავალ წელს კეში ტოვებს სან რეკორდს და საკმაოდ მომგებიან გარიგებას აწერს ხელს კოლამბია რეკორდსთან, სადაც სინგლი „Don't Take Your Guns to Town“ მისი უდიდესი ჰიტი გახდა.
კეშის პირველი შვილი, როზენი, 1955 წელს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ სამი ქალიშვილი შეეძინა (კეთლინი 1956 წელს, სინდი 1959 წელს და ტარა 1961 წელს) მის მეუღლესთან, გამუდმებულმა ტურებმა და ნარკოტიკებმა მისი ოჯახი დაანგრია. ვივიენი და ჯონი 1966 წელს განქორწინდნენ. სწორედ ერთ-ერთ ამ ტურნეზე შეხვდა ჯონი ჯუნ კარტერს, რომელზეც 1968 წელს იქორწინა კიდეც.
ნარკოტიკები
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
„Guess Things Happen That Way“ (1958 წ.) | |
ალბომიდან „Sings the Songs That Made Him Famous“. |
1960-იან წლებში კარიერის ზენიტში კეში ჯერ ალკოჰოლს, შემდეგ კი მეტამფეტამინსა და ბარბიტურატებს ეძალება. მცირე ხნით კეში ნეშვილში ბინას უეილონ ჯენინგსთან იყოფდა, რომელიც ასევე ამფეტამინზე იყო დამოკიდებული. კეში თავდაპირველად ნარკოტიკებს ტურების დროს ენერგიულობისთვის იყენებდა. მეგობრები ხშირად ხუმრობდნენ მის ნერვიულ და ფეთქებად ხასიათზე, თუმცა ბევრი მათგანი ვერ ამჩნევდა მის ნაკოტიკებზე დამოკიდებულების გაუარესების ნიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ხასიათი დღითიდღე სულ უფრო უმართავი ხდებოდა, კეში კვლავაც ქმნიდა ჰიტებს. მისი სიმღერა „Ring of Fire“ უდიდესი ჰიტი გახდა (პირველი ქანთრის სიაში). სიმღერა ჯუნ კარტერმა და მარლ კილგორმა დაწერეს და თავდაპირველად კარტერის და ასრულებდა, თუმცა შემდეგ არანჟირება კეშმა დაამატა. სიმღერა კარტერის პირად განცდებზეა კეშთან აკრძალული სიყვარულისა (ორივე სხვებზე იყვნენ დაქორწინებული იმ პერიოდში) და კეშის პირადი უსიამოვნებების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ კეში მიზანმიმართულად იქმნიდა რომანტიკული კრიმინალის იმიჯს, თავად პატიმარი არასდროს ყოფილა. საზოგადოებრივი აყალმაყალისთვის შვიდჯერ იქნა დაკავებული, თუმცა ყოველ დაკავებაზე მხოლოდ თითო ღამე გაატარა საკანში. მისი ყველაზე სერიოზული და კარგად ცნობილი კონფლიქტი კანონთან, 1965 წელს ტურნეზე ყოფნისას მოხდა, როცა იგი ელ-პასოს (ტეხასი) ნარკოპოლიციამ დააკავა. პოლიციის ვარაუდით ის მექსიკიდან ჰეროინის შემოტანას ცდილობდა, თუმცა კეშს გიტარაში მხოლოდ ამფეტამინი აღმოაჩნდა ჩამალული. ვინაიდან ამფეტამინი გამოწერით მისაღები მედიკამენტი იყო და არა ნარკოტიკი, კეშს პირობითი სასჯელი შეუსაბამეს.
1960-იან წლებში კეში რამდენიმე კონცეპტუალურ ალბომს უშვებს, მათ შორის იყო „Ballads Of The True West“ (1965) - ექსპერიმენტული ორმაგი ჩაწერით, და „Bitter Tears“ (1964), სადაც სიმღერებს თან სდევდა ადგილობრივ ინდიელთა რიტუალური შეძახილები. ამ პერიოდში მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ყველაზე მძიმე იყო, რასაც საბოლოოდ პირველ მეუღლესთან განქორწინება და გაუქმებული კონცერტები მოჰყვა.
„Folsom Prison Blues“
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
„Boy Named Sue“ (1969 წ.) | |
„Sunday Morning Coming Down“ (1969 წ.) | |
კრის კრისტოფერსონის სიმღერა. პოპულარული გახდა ჯონი კეშის შესრულებით. |
დასავლეთ გერმანიაში მსახურობისას კეშმა ნახა დოკუმენტური ფილმი „Inside the Walls of Folsom Prison“ („ფოლსომის ციხის კედლებში“, 1951), რომელიც შთაგონება გახდა მისი ყველაზე განთქმული სიმღერის „Folsom Prison Blues“, ადრეული ვარიანტისთვის.
კეში ტუსაღებს დიდად თანაუგრძნობდა, რის გამოც 1950-იან წლებში მათთვის საპყრობილეებში კონცერტების გამართვას იწყებს.[18] ეს კონცერტები საფუძველი გახდა მისი უაღრესად წარმატებული ალბომების „Johnny Cash at Folsom Prison“ (1968) და „Johnny Cash at San Quentin“ (1969). თავდაპირველი ვერსიები ცენზურის გამო შემოკლებული ვარიანტებით გამოვიდა გრამფირფიტებზე. თანამედროვე კომპაქტდისკებზე სრული ვერსიებია, რაც ასევე უფრო ხანგრძლივია და ტუსაღთა „აკომპანემენტი“ ახლავს.
ფოლსომისა და სან კვენტინის ციხეების გარდა კეში სხვა გამასწორებელ დაწესებულებებსაც სტუმრობდა, მათ შორის ოსტრეკერის ციხეც იყო შვედეთში 1972 წელს. ალბომი ცოცხალი შესრულებით „På Österåker“ („ოსტრაკერში“) გამოვიდა 1973 წელს. სიმღერებს შორის ისმის კეშის საუბარი შვედურად, რასაც ტუსაღები დიდი ოვაციებით ხვდებიან.
1970-იანი წლების დასაწყისში ნარკოტიკების მიტოვების შემდეგ, კეში ისევ უბრუნება ქრისტიანობას და ნეშვილში მცირე ნაკლებად ცნობილ ეკლესიაში გალობას იწყებს. მისი თქმით, ეს ეკლესია იმიტომ შეარჩია, რომ აქ ისეთივე ადამიანი იყო როგორც სხვები.
„Man in Black“
1960-71 წლებში, კეშს საკუთარი სატელევიზიო შოუ მიჰყავდა ABC ტელეარხზე. აქ, ის პოპულარიზაციას უწევდა მრავალ ახალგაზრდა ამომავალ მუსიკოსს. მათ შორის იყვნენ ნილ იანგი, ჯგუფი „The Monkeys“ და ბობ დილანი.
კეში ბობ დილანს 1960-იან წლებში ხვდება და ისინი ახლო მეგობრები ხდებიან ვუდსტოკში (ნიუ-იორკი), მეზობლად ცხოვრებისას. კეში ენთუზიაზმით მოეკიდა მაყურებელთათვის განმარტოებული დილანის გაცნობას. კეში ასევე დუეტში მღეროდა დილანთან დილანის ქანთრი ალბომში „Nashville Skyline“ და ასევე დაწერა ამავე ალბომის გრემით დაჯილდოებული შესავალი სიმღერის სიტყვები. კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელსაც ჯონი კეშმა პოპულარიზაცია გაუწია საკუთარ შოუზე, იყო სიმღერების ავტორი კრის კრისტოფერსონი.
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
„Man in Black“ (1971 წ.) | |
1970-იანი წლებისთვის ჯონი კეშს უკვე მყარად ჰქონდა „შაოსანი მამაკაცის“ იმიჯი შექმნილი. ამ პერიოდში ის საზოგადოებაში მუდმივად შავებში გამოწყობილი გამოდიოდა, მუხლებამდე შავი ლაბადით. ამგვარი ჩაცმულობა მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალ დანარჩენ ქანთრის შემსრულებელთა სტილისგან, რომლებიც ძირითადად კოვბოურ ჩექმებსა და გაცვეთილ ფერმერულ ქურთუკს ამჯობინებდნენ. 1971 წელს კეშმა დაწერა სიმღერა „Man in Black“, სადაც ახსნა მისი ჩაცმის ამგვარი მანერა:
თავდაპირველად კეში და მისი ბენდის წევრები შავი პერანგებით გამოდიოდნენ, ვინაიდან, როგორც თავად იხსენებდა, მათ გარდერობში მხოლოდ ეს ფერი ეხამებოდა ერთმანეთს.[18] კარიერის დასაწყისში სხვა ფერებსაც იცმევდა, თუმცა არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შავს უფრო ამჯობინებდა.[18] 1997 წლის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა კიდევ, რომ პოლიტიკური მიზეზების გარდა სცენაზე შავში უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს. დღემდე აშშ-ის სამხედრო ფლოტის ზამთრის ლურჯ სამსახურებრივ უნიფორმას მეზღვაურები „ჯონი კეშებს“ უწოდებენ, ვინაიდან უნიფორმის პერანგი, ჰალსტუხი და შარვალი სინამდვილეში შავი ფერისაა.
პოპულარობა
1970-იანი წლების შუა რიცხვებში კეშის პოპულარობა კლებულობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ავტობიოგრაფია (პირველი), სახელწოდებით „Man in Black“, გამოცემული 1975 წელს, 1,3 მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა. მისი მეგობრობა ბილი გრემთან იესოს ცხოვრების შესახებ კინოფილმის „The Gospel Road“ შექმნის საფუძველი გახდა, რომელიც კეშის თანაავტორობითა და სცენარით დაიწერა. ამ ათწლეულში, კეშის მორწმუნეობა კიდევ უფრო ღრმავდება და ის მრავალ რელიგიურ ღონისძიებაზე ჩნდება.
ამავე პერიოდში, ის აგრძელებს სატელევიზიო საქმიანობას და ტელეარხზე CBS ყოველწლიური საშობაო სპეციალური გადაცემა მიჰყავს 1970-იანი წლების განმავლობაში. მოგვიანებით, 1985 წელს, მას იღებენ მინისერიალში სამოქალაქო ომზე „North and South“ („ჩრდილოეთი და სამხრეთი“), სადაც ის ბრწყინვალედ ასრულებს ჯონ ბრაუნის როლს.
ჯონი კეში მეგობრობდა ყველა აშშ-ის პრეზიდენტთან რიჩარდ ნიქსონის დროიდან. თუმცა ნაკლებად ახლოს იყო ბოლო ორთან - ბილ კლინტონთან და ჯორჯ ბუშ უმცროსთან, პირადი უნდობლობისა და გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. პრეზიდენტთაგან ყველაზე ახლოს ჯიმი კარტერთან იყო[18], რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი გახდა (პრეზიდენტი მისი მეუღლის, ჯუნ კარტერის, ნათესავი არ იყო). არც ერთი ამ მეგობრობათაგანი მისთვის პოლიტიკის გამო არ გამხდარა, ვინაიდან მას რომელიმე ადმინისტრაციისთვის მხარი არასდროს დაუჭერია. საკუთარ ავტობიოგრაფიაში მან აღნიშნა, რომ თითოეულ პრეზიდენტს ინდივიდუალური მომხიბვლელი ხასიათი ჰქონდა, რაც შესაძლოა ერთობ მნიშვნელოვანია არჩევნებში[18].
1972 წელს თეთრ სახლში პირველად მიწვევისას, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ოფისმა მას სთხოვა შეესრულებინა სიმღერები „Okie from Muskogee“ („ოკი მილუოკიდან“ - მერი ჰაგარდის სიმღერა, რომელშიც ნეგატიურად არის აღწერილი ნარკომანები და ომის მოწინააღმდეგეები) და „Welfare Cadillac“ (გი კრეიკის სიმღერა, რომელშიც განქიქებულია სოციალურ დახმარებაზე მცხოვრები ხალხის სიზარმაცე). კეშმა ამ სიმღერების შესრულება არ მოინდომა და ნაცვლად მისი ორი უფრო მემარცხენე პოლიტიკური სიმღერები შეასრულა, მათ შორის „The Ballad of Ira Hayes“ (მამაც ამერიკელ-ინდიელ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე, ერთ-ერთი მამაკაცი განთქმულ ფოტოსურათზე „Raising the Flag on Iwo Jima“, რომელიც შინ, არიზონაში, დაბრუნებისას რასიზმის მსხვერპლი გახდა), „Man in Black“ და „What is Truth?“[18]
ავადმყოფობა
1997 წელს კეშს დაუსვეს ნევროდეგენერაციული ავადმყოფობის ე.წ. შაი-დრაგერის სინდრომის დიაგნოზი, რომელიც შემდგომში შეიცვალა დიაბეტთან დაკავშირებული ავტონომიური ნევროპათიით. ავადმყოფობამ აიძულა კეში შეეწყვიტა ტურები. 1998 წელს ჰოსპიტალიზებულ იქნა მწვავე პნევმონიით, რომელმაც მას ფილტვები დაუზიანა. ალბომები „American III: Solitary Man“ (2000) და „American IV: The Man Comes Around“ (2002) შეიცავდა კეშის გამოძახილს მის ავადმყოფობაზე ოდნავ პირქუში ტონის სიმღერებით, ვინემ ამ სერიის მის პირველ ორ ალბომში (American).
ჯუნ კარტერ კეში გარდაიცვალა გულის სარქველის გადანერგვის ოპერაციით გამოწვეული გართულების გამო 2003 წლის 15 მაისს, 73 წლის ასაკში. ჯუნის თხოვნით კეში განაგრძობდა მუშაობას და რამდენიმე წარმოდგენაზე გამოჩნდა კიდეც მოულოდნელად. 2003 წლის 5 ივლისს გამართული კონცერტი მისი ბოლო სახალხო გამოჩენა გახდა. 2003 წლის 21 ივნისს გამართულ კონცერტზე სიმღერის „Ring of Fire“ შესრულებამდე მან ჯუნ კარტერისადმი მიძღვნილი წერილი წაიკითხა, რომელიც სცენაზე ასვლამე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა. სიმღერის დასრულება გაუჭირდა, თუმცა მისი თქმით იმედით უყურებდა იმ დღეს, როცა ინვალიდის სავარძელს მის სახლთან მდინარეში მოისროდა.
2003 წლის 22 სექტემბერს, მეუღლის გარდაცვალებიდან ოთხ თვეში, ჯონი კეში გარდაიცვალა 71 წლის ასაკში ნეშვილში (ტენესი), დიაბეტის გართულების გამო, რომელმაც სასუნთქი სისტემის მოქმედება გაუჩერა. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, ჰენდერსონვილის მემორი გარდენში მის სახლთან, ჰენდერსონვილში, ტენესი.
ჯონი კეშის ბოლო ნამუშევარი პროდიუსერ რიკ რუბინთან ერთად, სახელად „American V: A Hundred Highways“, გამოვიდა მისი სიკვდილის შემდეგ, 2006 წლის 4 ივლისს. ალბომის დებიუტი აღინიშნა ჟურნალ ბილბორდის ტოპ 200-ის პირველი პოზიციით, 2006 წლის 22 ივლისის კვირას. ალბომის ვოკალური ნაწილი კეშის გარდაცვალებამდე ჩაიწერა, ინსტრუმენტალური კი მხოლოდ 2005 წელს დასრულდა. „American VI“-ის გამოსვლა სავარაუდოდ 2007 წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს.
დისკოგრაფია
ჯონი კეშის განსახიერება
1998 წელს ქანთრის მომღერალმა მარკ კოლიმ პირველად განასახიერა კეში მოკლემეტრაჟიან ფილმში „I Still Miss Someone“ („კვლავ მაკლია ვიღაც“). ამ შავ-თეთრი ფილმის მიზანი კეშის ყველაზე მძიმე პერიოდის, 1960-იანების, აღწერა იყო.
„Walk the Line“ („ზღვარზე სიარული“), ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით დაჯილდოებული მხატვრული ფილმი, რომელიც ჯონი კეშის ცხოვრებას აღწერს, გამოვიდა 2005 წლის 18 ნოემბერს. კეშის როლს ანსახიერებს ხოაკინ ფინიქსი, ხოლო ჯუნ კარტერისას — რიზ უიზერსპუნი (რისთვისაც მან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო). ორივემ, ფინიქსმა და უიზერსპუნმა, მრავალი სხვა კინოპრემიაც დაიმსახურეს ამ როლების შესრულებისთვის, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა და ქალმა. ამ ფილმში ორივე საკუთრივ ასრულებს ჯონი კეშისა და ჯუნ კარტერის სიმღერებს. ფინიქსმა ამ ფილმისთვის სპეციალურად შეისწავლა გიტარაზე დაკვრა კეშის მსგავსად. საუნდტრეკისთვის „Walk the Line“ ფინიქსმა გრემი მიიღო. ჯონ კარტერ-კეში, ჯონისა და ჯუნის ერთადერთი შვილი, ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.
ჯილდოები
კეშს მრავალი ქანთრი მუსიკის ჯილდო, გრემი და სხვა პრემია აქვს მიღებული, კატეგორიებში, რომლებიც მოიცავს ვოკალს, ალბომის ჩანაწერებსა და ვიდეოკლიპებს. კარიერაში, რომელიც ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა, კეში ქანთრი მუსიკის განსახიერება გახდა მრავალი ადამიანისთვის მსოფლიოში. თუმცა კეში არ იყო მუსიკოსი, რომელიც ერთ რომელიმე ჟანრთან იყო მიჯაჭვული. მის მიერ ჩაწერილი ზოგიერთი სიმღერა მოიაზრება, როგორც როკ-ენდ-როლი, ბლუზი, როკაბილი, ფოლკი, გოსპელი და თითოეულ ამ ჟანრზე საკუთარი გავლენა იქონია. უფრო მეტიც, მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა კარიერის გვიან წლებში პოპულარული გამხდარიყო მოულოდნელ დემოგრაფიულ ჯგუფებში - ახალგაზრდა ინდი და ალტერნატიული როკის ფანებში.
მისი შემოქმედების მრავალმხრიობას ადასტურებს მისი ყოფნა სამ მთავარ მუსიკალური დიდების დარბაზში: ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში (1977), ქანთრის მუსიკის დიდების დარბაზში (1980) და როკ-ენდ-როლის დიდების დარბაზში (1992). მხოლოდ ცამეტი შემსრულებელი მოხვდა ბოლო ორ დიდების დარბაზში ერთდროულად, და მხოლოდ ჰენკ უილიამზი უმც., ჯიმი როჯერსი და ბილ მონრო იყოფენ კეშთან ერთად სამივე დიდების დარბაზის პატივს. თუმცა, მხოლოდ ჯონი კეში არის შეყვანილი როკ-ენდ-რილის დიდების დარბაზში როგორც რეგულარული წარმომადგენელი, განსხვავებით სხვა ქანთრის შემსრულებელთაგან, რომლებსაც ეს წოდება "ადრეული გავლენის" სახით მიენიჭათ. მისი, როგორც ჟანრის პიონერის, წვლილი აღნიშნულია როკაბილის დიდების დარბაზში. 1996 წელს მიღებული აქვს კენედის ცენტრის ჯილდო. თავად კეშის თქმით, მისი შეყვანა ქანთრის მუსიკის დიდების დარბაზში მისი უდიდესი პროფესიონალური მიღწევა იყო. 2008 წელს ჯონი კეში ჰიტ პარადების დიდების დარბაზის წევრთა სიაში შეიყვანეს.
წიგნები
- „მამაკაცი შავებში: მისი საკუთარი ისტორია მისი საკუთარი სიტყვებით“ (ინგლ. Man in Black: His Own Story in His Own Words), (1975) Grand Rapids: Zondervan. ISBN 99924-31-58-X.
- „კეში: ავტობიოგრაფია“ (ინგლ. Cash: The Autobiography) (პატრიკ კერთან) (1997) New York: Harper Collins. ISBN 0-06-101357-9.
- „სიყვარული“ (ინგლ. Love) ჩანაწერები. (ჯუნ კარტერ კეშთან) (2000) New York: Sony. ASIN B00004TB8A.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118519433 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Czech National Authority Database
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 16.0 16.1 Munzinger Personen
- ↑ "ჯონი კეშის ისტორია," ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზი.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 ჯონი კეში, კეში: ავტობიოგრაფია
- ↑ ტერი გროსი, All I Did Was Ask: Conversations with Writers, Actors, Musicians, and Artists
- ↑ ბრუკს ფილდის „ჯონი კეში: უცნობი მომღერალი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-14. ციტირების თარიღი: 2007-05-03.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |