შაქრიანი დიაბეტი

(გადამისამართდა გვერდიდან დიაბეტი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შაქრიანი დიაბეტი (ლათ. diabetes mellitus) — ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.[1][2]

გაეროს მიერ შემოღებული შაქრის დიაბეტის აღმნიშვნელი „ცისფერი რგოლის“ სიმბოლო

გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა იწვევს დიაბეტს ინსულინის დანაკლისი თავის, მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას.

სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა.

დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება მისი გამოყოფა შარდით.

ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების ნახშირწყლებზე მოდის. ესენია: შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზის სახით ხდება ნახშირწყლების ათვისება კუნთებსა და ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.

მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება პანკრეასის ანთების შემდეგ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ზოგჯერ დიაბეტის გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ ჭამასთან, ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას, განსაკუთრებით თუ დიაბეტი ორივე მშობელს აქვს. ზემოხსენებული ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებებ

დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს (ხშირად ტიპი 1-ის შემთხვევაში), თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით იღებს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან ნორმალური წონისაა.

დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს.

დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტერიული სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა ცნობიერების დაკარგვით.

დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.

მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.

  1. Diabetes. ციტირების თარიღი: 29 January 2023
  2. Diabetes Mellitus (DM) - Hormonal and Metabolic Disorders. ციტირების თარიღი: 1 October 2022