იესო ქრისტე

(გადამისამართდა გვერდიდან იესო)

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამისა და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

იესო ქრისტე

იესოს VI საუკუნის ხატი
მშობლიური სახელი יהושע
დაბადების თარიღი 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1
ბეთლემი, რომის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 33
იერუსალიმი, გოლგოთა, რომის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი ჯვარცმა
მშობლები მამა: მამა ღმერთი,
იოსები (მიწიერი მამა)
დედა: მარიამი

წინასწარმეტყველება მესიას პირველ მოსვლაზე

რედაქტირება

უფალი ხშირად ელაპარაკებოდა ისრაელიანებს წინასწარმეტყველთა პირით კაცობრიობის გამომხსნელის - მესიას (ცხებულის, ე. ი. ქრისტეს) მოსვლაზე. ასე მაგალითად, ესაიამ იესო ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი მოსვლა. აი მისი სიტყვები:

 
„რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი...(ესაია 9,6)“

მიქა წინასწარმეტყველმა (მიახლ. 737–690 ქრისტეს შობამდე) კი მისი შობის ადგილიც კი მიანიშნა:

 
„და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა... (მიქა 5,1)“

რაც თანამედროვე ქართულ ენაზე შემდეგნაირად ჟღერს:

 
„...შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდეას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან...“

ესაიას წიგნის 53-ე თავი კი მესიას მოსვლის მთავარ მიზანზე მოგვითხრობს - ცოდვის უარყოფით კაცობრიობის მოქცევა ღმერთისაკენ და ყოველი ადამიანის ხსნა, საკუთარ თავზე სიკვდილის მიღება მათი ცოდვების გამო.

ესაიამ იწინასწარმეტყველა მესიას, კაცობრიობის მხსნელის, იესო ქრისტეს დაბადება. მან ისე ცხადად გადმოსცა ქრისტეს შობის ისტორია, მისი ცხოვრება, ვნება, სიკვდილი და აღდგომა, რომ კაცი იფიქრებს, მან მაშინ უკვე ნახაო ის, რაც მრავალი ასეული წლის შემდეგ მოხდა და რაც ჩაწერილია ახალ აღთქმაში.

 
„ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)“

ზაქარიამ (მე-6 საუკუნე ქრისტეს შობამდე) იწინასაწარმეტყველა ადამის ძის მიერ ქრისტეს 30 ვერცხლად გაცემა:

 
„...და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ... (ზაქ. 11,12-13)“

ქრისტეს განკაცების მიზანი

რედაქტირება

სახარებაში ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს განსაკუთრებული ვალდებულებისკენ, მოციქულების ვალია იქადაგონ ხალხში სახარება, რომ სიკვდილი დამარცხებულია და ცათა სასუფეველი დადგა, ყოველი ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისგან.

ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება ახალი აღთქმის მიხედვით

რედაქტირება

ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ. ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, მოუწოდა მოწაფეებს (12 მოციქული, 70 მოწაფე), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა.

ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.

ისრაელი იყო რომის კეისარის მორჩილებაში. კეისარმა გასცა ბრძანება დაწყებულიყო მოსახლეობის აღწერა. ზუსტი აღწერისათვის აუცილებელი იყო, ყველა მოქალაქე თავისი წინაპრის მშობლიურ ქალაქში გადასულიყო და იქ აღწერილიყო. იოსები და მარიამ ღვთისმშობელი დავითის ტომის შთამომავლები იყვნენ, სწორედ ამიტომ უნდა ჩაწერილიყვნენ ბეთლემში. გზაში დაუღამდათ და ვერ მოახერხეს სასტუმროში თავისუფალი ადგილის პოვნა. ისინი ქალაქის განაპირას ღამის გასათევად ერთ გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც მწყემსებს საქონელი შეჰყავდათ. სწორედ ამ ღამეს დაიბადა იესო, მარიამმა იგი გამოქვაბულში შვა, სახვევებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა.

იესოს ტაძრად მიყვანება

რედაქტირება

ებრაელთა ჩვეულებისამებრ, ორმოცი დღის შემდეგ, როცა გასრულდა მათი - მარიამისა და ახალშობილის - განწმედის დღეები, ჩვილი იესო მიიყვანეს იერუსალიმის ტაძრად და იგი მიირქვა სვიმეონ მოხუცებულმა. მან ჩვილში გამოიცნო ყრმა, რომლის მოლოდინს იგი ატარებდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში: „სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე“.

ნათლობა და ცდუნება

რედაქტირება
 
იესო ქრისტეს ნათლობა მდინარე იორდანეში.

შეხვედრა იესო ქრისტესი და იოანე ნათლისმცემლისა ღირსშესანიშნავია როგორც ორი ეპოქის შეხვედრა. იოანე, ზაქარიასა და ელისაბედის სიბერის ძე, ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც თავის წინამორბედთა მსგავსად, თავად წინამორბედი, ერთი მხრივ, იუწყებოდა, რომ განაახლებდა მესიანისტურ თემას, იმეორებდა რა ესაიას სიტყვებს - „განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“, მეორე მხრივ, მოუწოდებდა სინანულისკენ მოახლოებული ცათა სასუფევლის წინ. „მოინანიეთ!“ - ეს მოწოდება პირველად გაისმა ამ ენაზე უკანასკნელი წინასწარმეტყველის პირით. ეს სიტყვა იქცა ქრისტიანობის საკვანძო სიტყვად. ცათა სასუფეველს ატარებდა ის, ვის პიროვნებაშიც მან შეიცნო „კრავი, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“. მანვე მონათლა იგი იორდანეზე, რა დროსაც პირველად მოხდა ძველი აღთქმის ტექსტში დაფარული სამების განცხადება მამა ღმერთის, რომლის ხმა გაისმა: „აჰა, ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე“. იორდანეში შთაფლული ძისა და ძის მხარზე ციდან გარდამოსული მტრედის სახით. იორდანეზე ამოიწურა იოანე ნათლისმცემლის მისია, როცა მან თქვა იესოზე თავის მოწაფეთა გასაგონად: „აჰა, კრავი“, და მისი მოწაფეები გაჰყვნენ იესოს.

ეშმაკის მიერ გამოცდა უდაბნოში. იესომ, როგორც კაცმა (არა ღმერთმა), სძლია სამ საცთურს, რომელიც ეშმაკმა გაუმზადა მას: ნივთიერს, რაზედაც ჰქონდა პასუხი: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი“, უფლის გამოცდის საცთურს, რაზედაც უპასუხა: „კვლავ დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“ და ამქვეყნიური დიდების საცთურს, რაზედაც მიუგო: „განვედ“ და კვლავ წმიდა წერილი დაიმოწმა: „უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“. ასე სძლია მან სატანას, მაგალითი მისცა ადამიანებს და ანგელოზების მხარდაჭერა მოიპოვა. ისიც შევნიშნოთ, რომ თავის მოღვაწეობას იესო წმიდა წერილის სიტყვების დამოწმებით იწყებს და მითვე ამთავრებს: ჯვარზე გაკრულის უკანასკნელი სიტყვები ფსალმუნიდან იყო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე“.

ქადაგება

რედაქტირება
 
ქადაგება მთაზე.

დაახლოებით 30 წელი იესომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იცხოვრა (დაფარული ცხოვრება), სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი კი ისრაელი ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გამოცხადებას მიუძღვნა. იესო ქრისტეს ცხოვრების ამ პერიოდის, მისი უწყებისა და მის ქმედებათა შესახებ მოგვითხრობს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები.

თავისი ქადაგება იესომ დაიწყო უწყებით: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“. პალესტინის მიწაზე გამოთქმული იესოს ეს უწყება სინამდვილეში დედამიწის ყველა დროში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიმართავს, უწინარესად – გაჭირვებულთ, ტანჯულთ, გარიყულთ. იესო სინაის მთის ძველი კანონის გაუქმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის აღსრულებას იმგვარი სრულყოფილებით, რომ ამ კანონის ძირეული არსი წარმოჩნდეს და ცდომილებანი გამოსწორდეს, რაც შესაძლებელს გახდის ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მცნების განცდას.

გაცემა და ჯვარცმა

რედაქტირება
 
ქრისტეს გასამართლება.

თანამედროვეებმა ვერ გაუგეს იესოს ჯერ მისმა მოწაფემ იუდა ისკარიოტელმა გასცა, მერე სამღვდელოებამ და მწიგნობრებმა გადასცეს რომის ხელისუფლებას, ბოლოს ხალხმა გაწირა, როცა პილატეს საბოლოო შეკითხვაზე - „ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო?“ - მან ერთხმად აირჩია ავაზაკი ბარაბა, ქრისტესთვის კი ჯვარცმა მოითხოვა. ამრიგად, ქრისტეს რომის ხელისუფლებამ ხალხის სახელით გამოუტანა განაჩენი და რომისავე სასჯელით - ჯვარზე გაკვრით დაისაჯა, როგორც ავაზაკებს სჯიდნენ. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ანუ როგორც პროვიდენციაში იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ადამიანის ხელით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ასე მომხდარიყო. დაისაჯა უცოდველი ადამიანი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი არც იუდეველთა რჯულის, არც რომის კანონების წინააღმდეგ. ჯვარცმაც აუცილებელი იყო პროვიდენციულად, რამდენადაც ჯვარი კოსმიური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო იყო (თუმცა სასჯელად გამოყენებულს ეს მნიშვნელობა არ ახლდა), ხოლო ჯვარცმამ გახსნა მისი იდუმალი სიღრმეები. პროვიდენციული იყო ისიც, რომ იესო მისმა თანამოძმეებმა, საკუთარი რჯულის თანახმად, ჩაქოლვით ან საზოგადოებისგან ამოძირკვით ვერ დასაჯეს, რადგან დიდი დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა.

 
ქრისტეს გამოცხადება მარიამ მაგდალინელთან.

ღმრთის ძლევამოსილების მეშვეობით იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება (რასაც მისი მოწაფეები ადასტურებენ) და თავს აღწევს სიკვდილს. ამავე დროს, იგი საბოლოოდ ახორციელებს ხსნის ქმედებას და იქცევა მკვდრეთით აღდგომის საწყისად ყოველი ადამიანისთვის, ვისაც მისი სწამს.

ქრისტიანობის პარადოქსია, რომ მკვდრის აღდგომა - ეს უნიკალური ფაქტი - ყველაზე მეტი დამარწმუნებლობით გამოირჩევა და სახარებისეულ სხვა ფაქტებს შორის ურყევ მტკიცებულებებს შეიცავს. ახალი აღთქმის ხანაში (I საუკუნის მეორე ნახევარი) არავისთვის იგი საეჭვო არ ყოფილა. ცარიელი საფლავი ბევრმა იხილა, ხოლო პავლე მოციქული საგანგებოდ აღნიშნავს, რომ იმ ხუთასიდან, რომელთაც აღმდგარი გამოეცხადა, უმეტესობა ცოცხალია და შეუძლიათ დაადასტურონ ეს ფაქტიო. პირველად პავლე მოციქულმა ქრისტეს აღდგომაზე დააფუძნა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, განმარტა, რომ ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის გარანტიაა. ამავე დროს, ყველაფერი, რაც ნათქვამია ქრისტეზე, როგორც ღვთის ძეზე, ძველ აღთქმასა თუ სახარებებში, დადასტურებას აღდგომის ფაქტში პოულობს.

ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ყველა სხვა ტრანსფორმაციას აძლევს დასაბამს - სიკვდილიდან სიცოცხლედ გარდაქმნა არის რაღაც ისეთი რამ, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ადამიანის ტრანსფორმაციისაკენ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამას არ აღიარებს, განწირულია წარუმატებლობისათვის. ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა ყველაზე პოზიტიური ამბავია კაცობრიობის ისტორიაში.

აღდგომის შემდეგ

რედაქტირება

იესოს ისტორია არ სრულდება იმით, რომ იერუსალიმის კარიბჭის მიღმა ცარიელი საფლავი აღმოჩნდა. იესო განდიდებული და გასხივოსნებული აღდგა და პერიფერიაში, გალილეაში, დაბრუნდა. იგი ჭამს თავისი მოციქულების თანდასწრებით. იგი მათ ეცხადება ორმოცი დღის განმავლობაში და ესაუბრება უფლის სასუფეველზე. მისი ბოლო მოწოდება მოციქულებისადმი შემდეგია: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ და „ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ“. მკვდრეთით აღმდგარი იესოსათვის უფლის სასუფეველის შესახებ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად, ის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი მიმდევრებისათვისაც.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება