მაცხოვრის საფლავი

მაცხოვრის საფლავი, უფლის საფლავი, ქრისტეს საფლავი (ბერძ. Αγιος Τάφος) — ქრისტიანული სამყაროს მთავარი სალოცავი, აკლდამა კლდეში, რომელსაც ისტორიული ეკლესიები მიიჩნევენ ადგილად, სადაც სახარების თანახმად, იესო ქრისტე დაკრძალეს ჯვარცმის შემდეგ და სადაც მესამე დღეს იგი მკვდრეთით აღდგა. აკლდამა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძრის მთავარი საკურთხეველია. ტრადიციის თანახმად, აკლდამა იმყოფებოდა საქალაქო კედლების მიღმა, იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით, გოლგოთის სიახლოვეს. IV საუკუნის დასაწყისში მასზე აღიმართა ქრისტეს საფლავის ტაძრის კუვუკლია.[1]

გადატანითი მნიშვნელობით, შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, მაცხოვრის საფლავი წარმოადგენს მთელ წმინდა მიწას. იმ გამოქვაბულის ძებნა, სადაც იესო ქრისტეს სხეული იყო დასვენებული დაიწყეს IV საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინე I დიდის მითითებით. 326 წელს მისი დედა მოციქულთასწორი ელენე მომლოცველობისა და ქრისტიანული რელიკვიების ძიების მიზნით ჩავიდა იერუსალიმში:[2]

ვიკიციტატა
„საღვთო კონსტანტინემ განძეულობასთან ერთად გამოაგზავნა ელენე ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვრის საძიებლად.“

საეკლესიო ისტორიკოსთაგან პირველი, ვინც გვამცნო მაცხოვრის საფლავის აღმოჩენის შესახებ იყო ევსები კესარიელი (თხზულება „კონსტანტინე დიდის ცხოვრება“). მის თანახმად, იმ გამოქვაბულის ადგილას, სადაც იესო ქრისტე დაასვენეს, რომაელებმა ააშენეს წარმართული ტაძარი[3]:

ვიკიციტატა
„ზოგიერთი უღმერთონი და ბიწიერნი ესე მხსნელი გამოქვაბული განიზრახეს დაემალათ ხალხთა მზერისაგან, უგუნური ზრახვებით დაემალათ ამით ჭეშმარიტება. დიდი შრომის მოხმარებით, მათ მოიზიდეს საიდანღაც მიწები და დააყარეს იგი მთელს იმ ადგილს. მერე, ყრილის რომელიღაც სიმაღლეზე აწევისას, მოკირწყვლეს იგი ქვებით და ამ მაღალი ყრილის ქვეშ დაფარეს საღვთო გამოქვაბული. ასეთი სამუშაოს დასრულებისას, მათ დარჩენოდათ მხოლოდ მიწის პირზე დაემზადებინათ უცნაური, ჭეშმარიტად სულთა აკლდამა და მათ აღაშენეს ბნელით მოცული სადგომი მკვდართა კერპთათვის, აფროდიტას ავხორცი ბოროტი სულის სამალავი, სადაც არაწმიდა და მძაფრ სამსხვერპლოს საძულველად სწირავდნენ მსხვერპლთ.“

კონსტანტინეს ბრძანებით, ტაძრის ყრილი გამოააშკარავეს და „უეცრად მიწის წიაღში, მოულოდნელად, ეჩვენათ ცარიელი სივრცე, ხოლო მერე მხსნელი აღდგომის პატიოსანი და ყოვლადწმინდა სასწაული. მაშინ უწმიდესი გამოქვაბული ჩვენთვის გახდა მაცხოვრის სიცოცხლეში დაბრუნების ხატი“.

335 წლისთვის ზედ გამოქვაბულზე იმპერატორ კონსტანტინეს მიერ აშენებული იქნა ქრისტეს საფლავის ტაძარი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს დიდ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს გოლგოთას ჯვარცმის ადგილთან ერთად, კუვუკლიას — სამლოცველოს ტაძრის ცენტრში, რომელიც უშუალოდ ფარავს საფლავის გამოქვაბულს, მირონცხების ქვას, კათოლიკონს, ცხოველსმყოფელი ჯვრის მოპოვების მიწისქვეშა ტაძარს, წმინდა მოციქულთასწორი ელენეს ტაძარსა და რამდენიმე ეკვდერს.

მაცხოვრის საფლავი წარმოადგენს იერუსალიმის მეორე ტაძრის პერიოდის ბუნებრივ კლდეში ამოკვეთილ ტიპურ აკლდამას. მაცხოვრის საფლავის გამოქვაბულის სიგრძეა 207 სმ, სიგანე 193 სმ. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია, რომლის ზომებია 200 × 80 სმ, ხოლო სიმაღლე იატაკიდან 60 სმ.[4] მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც წარმოდგენილია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერა: „ქრისტე აღსდგა“.[5] მომლოცველები ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ რელიკვიის ნაწილის ჩამოტეხვასა და თან წაღებას, რის გამოც ოდიდგანვე სარეცელი ძლიერ იყო დაზიანებული. ამის თავიდან ასაცილებლად, წმინდა სარეცელს გადააფარეს თეთრი მარმარილოს ფილა, რომელიც დღეს, დროის გარემოების გამო გაყვითლდა. ამჟამინდელი ფილა დადებულია 1555 წელს.[6] რამდენიმე ასწლეულის წინ ფილა გარდიგარდმო გაიბზარა. ამ ბზართან დაკავშირებულია გადმოცემა, რომ ის სასწაულებრივად წარმოიშვა, როდესაც მუსლიმებმა გადაწყვიტეს მარმარილოს ფილის აღება მეჩეთის მოსართავად. ბზარის გაჩენამ გააჩერა მუსლიმები და ფილა დარჩა თავის ადგილას. თავიდანვე სარეცლის ირგვლივ არსებობდა დასაკრძალავი გამოქვაბული, თუმცა იგი 1009 წელს ალ-ჰაკიმის ბრძანებით ტაძართან ერთად დაინგრა.[7]

შემორჩენილია მხოლოდ საკუთრივ სარეცელი, გამოქვაბულის კედლებისა (სიმაღლე 60–90 სმ) და შესასვლელის ნაწილი. ამჟამად, გამოქვაბულს ცვლის კუვუკლიის შიგნით მოწყობილი მცირე ნაგებობები (1,93 × 2,07 მ), რომლის თითქმის ნახევარს, შესასვლელიდან მარჯვნივ, ჩრდილოეთის კედელთან, იკავებს სარეცელი. აქ ეტევა სამი, მაქსიმუმ ოთხი ადამიანი ერთდროულად. ამჟამინდელ სადგომს, ისევე როგორც უწინდელ გამოქვაბულს აგრეთვე უწოდებენ წმინდა საფლავს. ანგელოზის ეკვდერიდან აღმოსავლეთით, მასში გადის რიგი არქეოლოგის აზრით, პირველყოფილი ხასიათის დაბალი თაღოვანი შესასვლელი (112 × 72 სმ და დაახლოებით 90 სმ სიღრმე).[8]

2016 წელს კუვუკლიაში განხორციელდა სარესტავრაცო სამუშაოები, რომლის მსვლელობისას 27 ოქტომბერს სარეცელს პირველად XVI საუკუნის შემდეგ ახადეს მარმარილოს ფილა და გამოიკვლიეს ქვის ზედაპირი, რომელზედაც, როგორც ითვლება, სამი დღის განმავლობაში იყო დასვენებული იესო ქრისტეს სხეული.[9] ახდილი მარმარილოს ფილის ქვეშ, აღმოაჩინეს ჯვრის გამოსახულებიანი მეორე ფილა, დადებული, მკვლევრების აზრით, ჯვაროსნების დროს. მეორე ფილის ქვეშ აღმოაჩინეს სარეცელი, რომელიც არქეოლოგების მტკიცებით, დაუზიანებელი დარჩა.[10]

შიგნით ყველაფერი გაწყობილია თეთრი და მოყვითალო-მოვარდისფრო მარმარილოთი, გარდა შესასვლელი თაღის ბუნებრივი კედლის მცირე მონაკვეთისა. სარეცლის ირგვლივ პერიმეტრზე, მისგან დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზე გადის მცირე მარმარილოს კარნიზი. ჩრდილოეთის კედელზე კარნიზის თავზე ქრისტეს აღდგომის მართლმადიდებლური ხატია. გამოსახულება ნაწილობრივ დაფარულია მოოქრული შეჭედილობით.

  1. Гроб господень — Православная Энциклопедия
  2. Животворящий Крест — крест, на котором, согласно христианское вере, был распят Иисус Христос. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-04-18.
  3. Евсевий Памфил (Кесарийский), Жизнь Константина, кн. 3, гл. 36
  4. Архиепископ Серафим. Паломничество из Нью-Йорка в Святую землю
  5. დიდი შაბათი — იესო ქრისტეს საფლავად დადება
  6. Ротонда и Кувуклия. Официальный сайт Санкт-Петербургской митрополии
  7. Трибельский И. Иерусалим. Тайна трех тысячелетий. — Ростов н/Д.:Феникс, 2007. — С. 192—193
  8. Святая Земля. Исторический путеводитель по памятным местам Израиля, Египта, Иордании и Ливана / Ред. акад. М. В. Бибиков. — Израиль: J.C.A. Holyland, 2000
  9. Влад Массино. Непорочное вторжение: Зачем археологи вскрыли гроб Христа
  10. Археологи сообщили результаты исследования Гроба Господня