ფრიდა კალო
ფრიდა კალო (Frida Kahlo; დ. 6 ივლისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― გ. 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურრეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვრის დიეგო რივერას მეუღლე.
ფრიდა კალო Frida Kahlo | |
---|---|
ფრიდა კალო 1932 წელს | |
სრული სახელი | Magdalena Carmen Frida Kahlo y Calderón |
დაიბადა | 6 ივლისი, 1907 |
დაბადების ადგილი | კოიოაკანი, მექსიკა |
გარდაიცვალა | 13 ივლისი, 1954 |
გარდაცვალების ადგილი | მეხიკო |
ეროვნება | მექსიკელი |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | რეალიზმი, სიმბოლიზმი, სიურრეალიზმი |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა[1] , ავტოპორტრეტი[1] [2] [3] და პორტრეტი[3] |
პარტნიორები | დიეგო რივერა |
მასზე გავლენა მოახდინა | მექსიკელ ინდიელთა კულტურა |
მან გავლენა მოახდინა | ფემინიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიომიელიტი გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.
1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშვილოსნოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.
მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებები ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.
თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ 1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთს "სოციალიზმის ახალ იმედს" უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.
დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით „ფრიდა კალო“ გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს. 1984 წელს რეჟისორმა პოლ დე ლუკმა გადაიღო ფილმი „ფრიდა, ნატურალესა ვივა“ (Frida, naturaleza viva), რომელშიც ფრიდას როლს ოფელია მედინა თამაშობს. 2002 წელს კი, სტუდია მირამაქსმა (Miramax) გადაიღო მხატვრული ფილმი სახელწოდებით "ფრიდა", სალმა ჰაიეკით მთავარ როლში.
კალოს არატრადიციული შესახედაობა, გადაბმული წარბებითა და თხელი ულვაშებით (რომელსაც ის არ იშორებდა) თვალშისაცემი იყო, და ამას ის საკუთარ ავტოპორტრეტებშიც ხაზს უსვამდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრიდა კალოს ნამუშევრების გამოფენა დაარქივებული 2012-01-10 საიტზე Wayback Machine. , ტეიტ მოდერნი, 2005.
- ფრიდა კალოს ნამუშევართა გალერეა. დაარქივებული 2005-04-04 საიტზე Wayback Machine.