ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია (რუს. Депортация чеченцев и ингушей) ასევე ცნობილია, როგორც აარდახი (ჩეჩ. Aardax), ოპერაცია ოსპი[1] (რუს. Чечевица) — საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-დან ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დეპორტაცია განხორციელდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში და მიმდინარეობდა 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით. საერთო მონაცემებით გადაასახლეს 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში. გადასახლების პერიოდში და პირველ წელს დაიღუპა 100 000 ჩეჩენი და 23 000 ინგუში, ანუ ორივე ერიდან ყოველი მეოთხე ადამიანი. დეპორტაციაში უშუალოდ იყო ჩართული 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერთი ამდენი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მეზობელ რაიონებში. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის მიმართულებები

დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არარსებობის გამო. ფაშისტებმა დაიკავეს მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და მალევე უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მასშტაბი და რესპუბლიკაში ბანდიტიზმი ასევე არ აღემატებოდა მეზობელ რეგიონებში მსგავს მაჩვენებლებს. აღნიშნული მონაცემები გაყალბებულია ხელისუფლების ქმედებების გასამართლებლად. დეპორტაციის რეალური მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. ხალხთა დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა იყო არაკანონიერი, რომელიც არცერთ სამართლებრივ აქტში არაა გათვალისწინებული.

ძირძველი მოსახლეობის გადასახლების შემდეგ იწყება მათი ცხოვრების კვალის მიზანმიმართული წაშლა: დასახლებულ პუნქტებს მიენიჭათ რუსული ან ოსური სახელები, წაბილწეს და გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები, საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობისათვის და საგზაო სამუშაოებისათვის, დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები, გადარჩენილი წიგნებიდან ამოიღეს ტერმინი ვაინახები, მუზეუმებიდან ამოიღეს „არაპოლიტკორექტული“ ექსპონატები, გაანადგურეს ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები, დაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, იარაღი, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

საბჭოთა კავშირისა და რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს 1957 წლის 9 იანვრის დადგენილებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღადგინეს, თუმცა მისი საზღვრები შეიცვალა. საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა თავისი პრეზიდიუმის ბრძანება და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შეიტანა ავტონომიის აღმნიშვნელი ტერმინები. ჩეჩნებსა და ინგუშებს უფლება მისცეს დაბრუნებოდნენ საკუთარ სამშობლოს. ხელისუფლების არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების გამო, მათი დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა. უამრავ პრობლემას ახალი პრობლემებიც დაემატა. 1957 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებიდან 113 000 არაძირძველი, ჩეჩნებისა და ინგუშების ადგილზე ჩასახლებული, ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს.

დეპორტაციის მიზეზები

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის დადგენილებაში „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს ლიკვიდაციისა და მათი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ“ ვკითხულობთ[2]:

იმასთან დაკავშირებით, რომ სამამულო ომის დროს, განსაკუთრებით გერმანელ-ფაშისტთა ძალების კავკასიაში მოქმედების პერიოდში, ბევრმა ჩეჩენმა და ინგუშმა სამშობლოს უღალატა, გადავიდა ფაშისტი ოკუპანტების მხარეს და გაწევრიანდა დივერსანტებისა და მზვერავების დანაყოფებში, შეიჭრნენ წითელი არმიის ზურგში, შექმნეს შეიარაღებული დაჯგუფებები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი ჩეჩენი და ინგუში წლების მანძილზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დაკავებული კეთილსინდისიერ შრომით, ახორციელებდნენ მეზობელი რეგიონების კოლექტიურ მეურნეობებზე ბანდიტურ თავდასხმებს, ძარცვავდნენ და კლავდნენ საბჭოთა ხალხს - საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ყველა ჩეჩენი და ინგუში, რომლებიც ცხოვრობენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში, გადასახლებულნი იყვნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებში, ხოლო ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ლიკვიდირებულ იქნეს.

სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭო ჩეჩნებსა და ინგუშებს გამოუყოფს მიწებს დასასახლებლად ახალ ადგილებში და მათ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს...

ოკუპანტებთან მასობრივი თანამშრომლობის თეზისი მიუღებელია ოკუპაციის ფაქტის უქონლობის გამო. ვერმახტის ჯარმა დაიკავა მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და რამდენიმე დღეში უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან[3]. დეპორტაციის რეალური მიზეზი აქამდე არ არის დადასტურებული და დღემვე წარმოადგენს ცხარე დისკუსიის საგანს. გარდა ამისა, ხალხის დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა არის არაკანონიერი ქმედება, რომელსაც არ განიხილავს არც ჩეჩნეთ-ინგუშეთის, არც რსფსრ-ის და არც სსრკ-ის კონსტიტუციები. ასევე არცერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი[4].

კოლაბორაციონიზმი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 1944 წლის იანვრამდე რესპუბლიკაში გაანადგურეს 55 ბანდიტური დაჯგუფება, მოკლეს 973 მისი მონაწილე, დააპატიმრეს 1901 ადამიანი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ანგარიშით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე მომედებდა 150-200 ბანდფორმირება, რომლის წევრთა საერთო რაოდენობა იყო 2-3 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 0,5 %)[5].

მტკიცება, რომ დეპორტაციის მიზეზი იყო ანტისაბჭოთა და პროფაშისტური განწყობის მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ანომალიურად მაღალი აქტივობა, რიგ ავტორებს შორის იწვევს დავას. 1943 წლის აგვისტოში მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა 156 უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელთა შემადგენლობა 3 485 ადამიანს მოითვლიდა. მათ შორის: ჩეჩნეთ-ინგუშეთში — 44 (300 მონაწილე), ყაბარდო-ბალყარეთში — 47 (900 მონაწილე), დაღესტანში — 1 500 მონაწილე, ათასი დეზერტირი და 800 ადამიანი, რომელმაც მობილიზაციაზე უარი განაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთში ომის მესამე წლისათვის — 4 336 დეზერტირი, 862 სამსახურის თავის არიდების შემთხვევა, ასევე გააქტიურებული „პოლიტბანდები“ და აბვერის დივერსანტებია[6]. ომის დაწყებიდან 1944 წლის მეორე ნახევრამდე ჩრდილოეთ კავკასიაში აღინიშნა 49 362 დეზერტირობის შემთხვევა, საიდანაც კრასნოდარის მხარეში — 23 711, სტავროპოლის მხარეში — 10 546, ჩეჩნეთ-ინგუშეთში — 4 441, ჩრდილოეთ ოსეთში — 4366[6].

ნკვდ-ის ყოფილი პოლკოვნიკი სულთან ალბოგაჩიევი, 1941-1943 წლების პერიოდში შინსახკომის კომისარი ჩეჩნეთ-ინგუშეთში, 1963 წელს წერდა:

 
„ჩეჩნეთის მთებში უფრო ნაკლები ბანდიტი იყო, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში, ჩემი ვარაუდით ჩეჩნეთის მთებში ამ პერიოდისათვის იყო დაახლოებით 300 ბანდიტი, მათ შორის აქტიური იყო 160-170... ვიმეორებ კიდევ ერთხელ — არანაირი მიზეზი არ არსებობდა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლებისათვის. ეს დაადასტურა თავად ბერიამ 1953 წელს მის სასამართლო პროცესზე[7].“

1942 წლის აგვისტოში რეგიონში ანტისაბჭოთა მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაირბეკ შერიპოვი 150 კაცთან ერთად შეიჭრა სოფელ ხიმოიში და გაძარცვა იგი. ოპერაციას კოორდინაციას უწევდა ნკვდ-ს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ბანდიტიზმთან ბრძოლის ხელმძღვანელი იდრის ალიევი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გაიყვანა ნკვდ-ს ჯარები სოფლიდან. შერიპოვის აქტივობამ მთელს რესპუბლიკაში გამოიწვია ანტისაბჭოთა მოძრაობის აღმავლობა. შერიპოვის დანაყოფი გადაადგილდა სოფელ ითუმ-ყალესაკენ, სადაც შეხვდა ნკვდ-ს დიდ ძალებს, რომლებიც წარმატებით დაამარცხეს[8].

1942 წლის 25 აგვისტოს გავრცელდა ხმები მასშტაბური აჯანყების შესახებ, ვერმახტის ძალებმა გალაშკინის რაიონში გადმოსხეს დივერსანტების დიდი ჯგუფი ოსმან გუბეს ხელმძღვანელობით. დაჯგუფებამ საბჭოთა სპეცსამსახურების დანაყოფებზე სასწრაფოდ დაამყარა კონტროლი. აღნიშნული სიტუაცია გაგრძელდა ოთხი თვის განმავლობაში, სანამ ნკვდ-მ არ მიიღო გადაწყვეტილება მათი ლიკვიდაციის შესახებ[8].

ხელისუფლების სხვა მოწინააღმდეგის ჰასან ისრაილოვის ბანდის წევრთა რეალური რიცხვი არასოდეს არ აჭარბებდა 14 კაცს[7]. კონტაქტები გერმანელ დივერსანტთა ხელმძღვანელობასა და ისრაილოვის ბანდას შორის ატარებდა ეპიზოდურ ხასიათს[8].

მთელი რიგი ისტორიკოსების აზრით სიტუაცია „ფართო ანტისაბჭოთა მოძრაობით“ ჩეჩნეთ-ინგუშეთში საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგანოების გრანდიოზული თამაში იყო. ამის სასარგებლოდ მიუთითებდა ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, ზოგჯერ მხარს უჭერდნენ ბანდიტებს და მკვეთრად აკრიტიკებდნენ რესპუბლიკის პარტიულ მოღვაწეებს უმოქმედობისათვის და იღებდნენ მადლობებს, ორდენებსა და წოდებებს ცენტრალური ხელმძღვანელობისაგან. ჩეჩნეთ-ინგუშეთის ნკვდ-ს სახალხო კომისარმა სულთან ალბოგაჩიევმა ერთ წელიწადში მიიღო სამხედრო ორდენი, ვადამდელი წოდება და სამუშაოდ გადაიყვანეს მოსკოვში[9]. ყველა სხვა ვინც უკმაყოფილო იყო საბჭოთა ხელისუფლებით და უკავშირდებოდა ისრაილოვს, ადრე თუ გვიან ნკვდ-ს ხელში ჩავარდა. ხასუკა მაგომადოვმა, რომელიც ისრაილოვის დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა, მალევე შეამჩნია ეს თავისებურება. გერმანელი პარაშუტისტების მომდევნო ჯგუფის განადგურების შემდეგ მან საიდუმლოდ მიატოვა ბანდა და გარდაცვალებამდე, 1976 წლამდე, დამოუკიდებლად მოქმედებდა[10].

მრავალი ჩეჩენი და ინგუში იბრძოდა წითელი არმიის რიგებში. დაახლოებით 9 000 ჩეჩენი და ინგუში იყო წითელი არმიის წევრი ომის საწყის ეტაპზე, ხოლო 30-40 ათასით გაიზარდა ომის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ბრესტის ციხესიმაგრის დაცვაში მონაწილეობდა 420 ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან გაწვეული პიროვნება, საიდანაც 270 იყო მთიელი[11]. ბრესტის ერთ-ერთი დამცველი იყო მაგომედ უზუევი, რომელსაც 1996 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

1941 წლის 24 ივნისიდან 10 ივლისამდე რესპუბლიკის 17 ათასზე მეტი მცხოვრები ჩაეწერა სახალხო მილიციის რიგებში, საიდანაც 10 ათასი იყო ვაინახი. ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 317-ე მსროლელი დივიზია და 114-ე ჩეჩნეთ-ინგუშეთის კავალერიის დივიზია, რომელთა 80 % მთიელი იყო. ეს სამხედრო ფორმირება იბრძოდა მოზდოკ-მალგობეკის მიმართულებით. გარდა ზემოთ ხსენებულისა, რესპუბლიკაში ასევე ჩამოყალიბდა 242-ე მთიელთა მსროლელი დივიზია, მე-16 მესანგრეთა ბრიგადა, მე-4 სამანევრო-საჰაერო დივიზია, რამდენიმე სარეზერვო დანაყოფი[12].

1941 წლის ნოემბერში გროზნოში დაიწყო 114-ე ჩეჩენ-ინგუშეთის კავალერიის დივიზიის ფორმირება. დივიზიაში ჩაეწერა შტატით გათვალისწინებულზე 600 ადამიანით მეტი მოხალისე[13], თუმცა მისი ფორმირება ვერ დასრულდა: 1942 წლის დასაწყისში გამოიცა საიდუმლო განკარგულება ჩეჩნებისა და ინგუშების მოქმედ არმიაში გაწვევის შეჩერების შესახებ[14]. მთავრობასთან თხოვნის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩეჩენი და ინგუში ოფიცრების ჯგუფი[15][16]. 1942 წელს დივიზიის ბაზაზე შეიქმნა 255-ე ჩეჩნეთ-ინგუშეთის განცალკევებული კავალერიის პოლკი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტალინგრადის ბრძოლაში. დიდი დანაკარგის გამო გადაწყვიტეს მის ბაზაზე შეექმნათ ორი სადაზვერვო კავალერიის დივიზია და ისიინი მიამატეს მე-4 კავალერიის კორპუსს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტიმოთე შაპკინი[17].

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს 36 სამხედროს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, მაგრამ მხოლოდ 6 დაჯილდოებული იყო ჩეჩენი (მავლიდ ვისაიტოვის ჩათვლით, რომელიც დააჯილდოეს 1990 წელს). სხვებს მიწერილი ჰქონდათ სხვა ეროვნება[18].

დეპორტაციის დაწყების შემდეგ ჩეჩენი და ინგუში სამხედრო მოსამსახურეები დაითხოვეს წითელი არმიიდან და გააგზავნეს სამუშაოდ ზურგში. მაგრამ რამდენიმე პიროვნებამ მოახერხა დოკუმენტების გაყალბება და დეპორტაციის შემდეგაც რჩებოდა არმიაში. საბჭოთა კავშირის მომავალი გმირი მავლიდ ვისაიტოვი რჩებოდა არმიაში და იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ამერიკელებს შეხვდა ელბაზე[19].

1995-1996 წლებში დიდი სამამულო ომის დროს ჩადენილი გმირობებისათვის რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიენიჭათ ჩეჩნებს კანტი აბდირახმანოვს, მოვლდი უმაროვს, მაგომედ უზუევს და ინგუშებს მურად ოზდოევს, შირვანი კოსტოევსა და ახმედ მალსაგოვს[20].

აქტიურად ეხმარებოდნენ ფრონტს ზურგში მცხოვრები ჩეჩენი და ინგუში მუშები, რომლებმაც შექმნეს ე. წ. თავდაცვის ფონდი, რომელშიც ხელფასის 10 % ყოველთვიურად რიცხავდნენ. 1942 წლის 15 იანვრისათვის რესპუბლიკის მოსახლეობამ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის კანტორაში შეიტანა 5 მლნ 135 ათასი მანეთი, 6 მლნ 263 ათასი ობლიგაცია, 430 გრამი ოქრო და 16 500 გრამი ვერცხლი. 1943 წლის განმავლობაში ჯავშანმატარებლის ასაშენებლად შეიტანეს 13 მლნ მანეთი[21].

1942 წლის დასაწყისში სამხედროებისათვის საჩუქრად გაიგზავნა 41,6 ტონა ხორცი, 8,3 ტონა თევზი, 4,1 ტონა ცხიმი, 2,9 ტონა ყველი, 3,8 ტონა საკონდიტრო ნაწარმი, 85,8 ტონა ხილი და ბოსტნეული[22].

დანგრეული ობიექტების აღსადგენად და დივერსანტებთან საბრძოლველად ჩამოყალიბდა საინჟინრო ბატალიონი[23]. გმირული მუშაობისათვის ათასობით რესპუბლიკის მაცხოვრებელი დააჯილდოეს მედლით „კავკასიის თავდაცვისათვის“[24].

ჩეჩნეთ-ინგუშეთში ჩამოაყალიბეს მრავალი ჰოსპიტალი, რომლებიც განთავსებული იყო გროზნოს კეთილმოწყობილ შენობებში, კურორტ სერნოვოდსკში, დასვენების სახლში, სოფელ ჩიშკიში. რესპუბლიკის პიონერებმა და მოსწავლეებმა ჰოსპიტალისათვის შეაგროვეს 27 ათასი მანეთი, 14 650 წიგნი, 25 მუსიკალური ინსტრუმენტი, 242 სამაგიდო თამაში, 1 000 კალამი და ფანქარი და სხვა[25].

სოფლის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა თავდაცვის ფონდისათვის დამატებითი სახსრების შეგროვებაში. 1941 წელს სუნჯის რაიონისა და სოფელ ალხან-იურტის მოსახლეობამ ჩააბარა ათასობით ტონა მარცვლეული და მზესუმზირა[22].

2000-იან წლებში გასაჯაროვდა ნკვდ-ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ფრონტისათვის სერიოზული ქონება გაუღიათ რელიგიურ მოღვაწეებსა და მიურიდებს[26].

მონაცემების გაყალბება

ზოგიერთი წყარო ეჭვქვეშ აყენებს დეპორტაციასთან დაკავშირებულ ოფიციალური მონაცემებს, რადგან ისინი განსხვავდებიან სხვადასხვა ორგანიზაციის სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით. გარდა ამისა ამ დოკუმენტებში შეიმჩნევა წინასწარ დაგეგმილი შედეგების შეცვლის ტენდენცია[27]. ნკვდ-მ კი თავის დოკუმენტებში განზრახ დაამახინჯა ფაქტები. უფრო მეტიც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ფაქტების შეცვლით დაკავებული იყო დეპორტაციამდე ცოტა ხნით ადრე და დეპორტაციის პერიოდშიც. ვასილი ფილკინი, რომელიც ომის წლებში იკავებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნის თანამდებობას, რომელიც ასევე იყო ბანდიტიზმთან მებრძოლი „ტროიკის“ წევრი, ამტკიცებდა, რომ ნკვდ-სა და მისი თანამშრომლების მონაცემები ბანდებზე და ბანდიტების რაოდენობის შესახებ არ არის სანდო. ამ ბრალდებისთვის 1970-იან წლებში იგი სკკპ ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს[28].

ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ნკვდ-ს ხელმძღვანელობა შეცვალეს ბანდიტური დაჯგუფებების რიცხვის სტატისტიკურად შემცირებს გამო. ახალმა მმართველმა გუნდმა სასწრაფოდ შეცვალა სტატისტიკა ხელმძღვანელობის სურვილის შესაბამისად. ახალი მაჩვენებლები გახდა ბალყარელების დეპორტაციის ერთ-ერთი მიზეზი[29].

ნკვდ-ს დოკუმენტების მიხედვით ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დროს ამოიღეს 20 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ, ამისთვის დააკავეს სულ 2 ათასი ადამიანი, ეს შეუსაბამობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ნკვდ-ს ორგანოებმა მძევლები აიყვანეს, რომლებიც გაათავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათესავებს გადასცეს დაკავებული იარაღი, რომელიც იმავე ნკვდ-ს თანამშრომლებისაგან შეიძინეს. შედეგად ერთი და იგივე იარაღი შეიძლება რამდენჯერმე გაყიდულიყო[30].

თავის ანგარიშში, სახელმწიფო უსაფრთხოების სახალხო კომისრის მოადგილე ბოგდან ქობულოვი წერდა: „1942 წლის მარტში 14 576 ადამიანიდან დეზერტირობა არჩია 13 560-მა, რომლებიც არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და გადავიდნენ მთაში, სადაც შეუერთდნენ ბანდიტებს“. დ. აბდურაჰმანოვი და ი. ახმადოვი აღნიშნულს „პოლიტიკურ სიცრუეს“ უწოდებენ, რადგან მათი მონაცემებით რესპუბლიკაში დაფიქსირებული იყო მხოლოდ 4 579 დეზერტირობის შემთხვევა და, შესაბამისად, არ შეიძლება ყოფილიყო ბანდიტების მსგავსი რიცხვი[31].

ნიკოლაი ბუგაი და მისი მოსწავლეები (ა. გონოვი, ა. ხუგანოვი და სხვები) ცდილობენ გაამართლონ საბჭოთა კავშირის ხალხთა დეპორტაცია. ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ესარგებლათ ბრალდებებით, რომელიც გასაჯორებული იყო თავად სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) მიერ 1980-იან წლებში. ისინი იყენებდნენ დაუსრულებელ ინფორმაციებს, ბუნდოვან მინიშნებებს და ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს. ერთ-ერთ თავის პირველ პუბლიკაციაში დეპორტაციის შესახებ იგი ბერიას მიერ სტალინისადმი გაგზავნილი ტელეგრამის ტექსტს ციტირებს:

 
„მე გავეცანი ბალყარელების ქცევას როგორც გერმანელ-ფაშისტთა კავკასიაში შეჭრის, ასევე მათი განდევნის შემდეგ...“

სინამდვილეში კი დეპეშა იწყებოდა ასე:

 
„ბალყარელების ჩრდილოეთ კავკასიიდან სავარაუდო გასახლებასთან დაკავშირებით მე გავეცანი ბალყარელების ქცევას როგორც გერმანელ-ფაშისტთა კავკასიაში შეჭრის, ასევე მათი განდევნის შემდეგ...“

ამრიგად, ფრაზის ძირითადი ნაწილი დოკუმენტში იმალება, რათა შეესაბამებოდეს მოვლენების სასურველ ვერსიას. მსგავსი ფალსიფიცირებული ვარიანტით საბჭოთა კავშირში დეპორტაციის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი წიგნი გამოიცა[32].

არაკეთილსაიმედოობა

დეპორტაციის შესაძლო მიზეზებს შორის ასევე განიხილება იმ ეროვნული უმცირესობისადმი უნდობლობა, რომლებიც სახლობდნენ საბჭოთა კავშირის თურქეთთან, ირანთან და სხვა სასაზღვრო რაიონებში. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები ხალხები არასაიმედოთა კატეგორიაში იყვნენ, რადგან ბევრ მათგანს ნათესავები ჰყავდა საზღვარგარეთ[33].

წარმოდგენები არასაიმედო ხალხებზე გაჩნდა XIX საუკუნის ბოლო პერიოდის სამხედრო სტატისტიკაში, ვ. ზოლოტარიოვის, ა. მაკშეევისა და ნ. ობრუჩევის ნაშრომებში. მათი წარმოდგენის მიხედვით საიმედოდ ითვლებოდა ქვეყნის სლავური მოსახლეობა, ხოლო არასაიმედოდ — რუსეთის განაპირა რეგიონებში მცხოვრები ერის წარმომადგენლები. უცხოეთის მოქალაქეობა, ეროვნული ან რელიგიური სიახლოვე იმ ქვეყანასთან, რომელთანაც რუსეთი იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში, ასევე ითვლებოდნენ არასაიმედოდ[34].

თურქეთის პოლიტიკა

მთელი სამამულო ომის განმავლობაში საბჭოთა კავშირისა და თურქეთის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იყო. ეს დაკავშირებული იყო თურქეთის არაპროგნოზირებად პოლიტიკასთან, რომელიც ხასიათდებოდა „მტრული ნეიტრალიტეტით“. 1941 წლის 18 ივნისს თურქეთმა გერმანიასთან ხელი მოაწერა „თავდაუსხმელობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას“, ხოლო 1941 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი მსგავსი ხელშეკრულება დაიდო. აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა გააბათილა საბჭოთა კავშირ-თურქეთის 1925 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულება „მეგობრობასა და ნეიტრალიტეტის შესახებ“ და დაადასტურა თურქეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირთან[35].

ჯამილ ჰასანალი წერდა, რომ კავკასიის ხალხთა დეპორტაცია

 
„არ იყო გამოწვეული სამხედრო აუცილებლობით და არ იყო დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან. ყველაფერი ეს იყო თურქეთის მიმართ ზეწოლის პოლიტიკის ელემენტები, რომელიც კრემლში იყო ინსპირირებული[35].“

აბდულა ბუგაევის აზრით, სტალინი იმდენად იყო შეშფოთებული სამხრეთ კავკასიისა და ყირიმის თურქული მოდგმის მუსლიმი ხალხების დიდი რაოდენობით, რომ იგი ფიქრობდა მათ შესაძლო კონსოლიდაციას თურქეთის წინააღმდეგ კრემლის აგრესიული გეგმებისა და ქმედებების შემთხვევაში[35].

საქართველო

დეპორტირებული ჩეჩნებისა და ინგუშების ტერიტორიის გარკვეული ნაწილი 1944 წლის 7 მარტის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების შესაბამისად გადაეცა საქართველოს სსრ-ს. შემოერთებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ახალხევის რაიონის სახით დაფუძნდა, რომელიც მოგვიანებით, 50-იან წლების დასაწყისში, გაუქმდა და დუშეთის რაიონს შეუერთდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს, იგი გააერთიანეს ყაზბეგის რაიონში[36].

ასევე საქართველოს გადაეცა ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიები. გადაცემა მოხდა 1944 წლის 12 ოქტომბრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. კალინინისა და პრეზიდიუმის მდივნის ა. გორკინის ხელმოწერილი ბრძანებით, რომელშიც წერია:

 
„იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდა გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებს და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტურ დახმარებას, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
  1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომირი ოლქი გაუქმდეს.
  2. ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო… ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უშკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული — ქლუხორის რაიონი, ცენტრი — ქალაქი მიქოიან-შახარი, აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი.[37]

მიუხედავად ამისა, დ. ედიევის აზრით პრო-ქართული მოტივი არ ყოფილა დეპორტაციის ძირითადი მიზეზი[38].

შსსკ-ის პოლიტიკა

მკვლევარი დალჰატ ედიევი მიზეზების თავის ვერსიას გვთავაზობს. პირველი, სამხედრო-პოლიტიკურ ხელისუფლებაში გაიზარდა წარმოდგენა არასაიმედოობაზე ნაციონალური ნიშნით. მეორე, დაგროვდა ეთნიკური წმენდის გამოცდილება, როგორც პრევენციული ზომა საზღვრისპირა და ფრონტისპირა რაიონების გამაგრების კუთხით. პირველი დეპორტაციის დროს შეიქმნა და ხალხის ცნობიერებაში გაძლიერდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტები. შეიქმნა დეპორტაციის სახელმწიფო მანქანა და იწერებოდა მისი სცენარები. გერმანელების დეპორტაციის დროს, 1941 წლის აგვისტოში ნკვდ-ის სტრუქტურაში შეიქმნა სპეცგასახლების განყოფილება[39].

დეპორტაციის დაწყებამდე ინიციატორები იყვნენ სამხედროები, ხოლო აღმასრულებლის როლს თამაშობდა ნკვდ, მაგრამ 1943-1944 წლების დეპორტაციის დროს ნკვდ იყო, როგორც ინიციატორი, შემსრულებელი და ბრალმდებელი, რომელიც ქმნიდა მტკიცებულებებს რეპრესირებული ხალხების წინააღმდეგ[39].

ომის მეორე ნახევარში, ფრონტზე გამარჯვების წყალობით, არმიის ავტორიტეტი გაიზარდა, მაგრამ ეს არ იყო ნკვდ-სა და სტალინის დამსახურება, ეს იყო გიორგი ჟუკოვის სწორი მანევრირების შედეგი. ამ პირობებში გადაწყდა, რომ გამოეყენებინათ დეპორტაცის მექანიზმი ნკვდ-ის რეიტინგის ასამაღლებლად. დეპორტაციის შედეგად ნკვდ-ს ხელმძღვანელობა და თანამშრომლები დააჯილდოეს ორდენებით და მედლებით. ლავრენტი ბერია, ბოგდან ქობულოვი, სერგეი კრუგლოვი და ივან სეროვი დააჯილდოეს სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენით, რომლითაც აჯილდოებდნენ ფრონტისა და არმიის ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებს, შტაბის ხელმძღვანელებს „წარმატებულად ორგანიზებული სამხედრო ოპერაციისათვის, მოწინააღმდეგის მცირე ძლაებით დამარცხებისათვის“. არკადი აპოლონოვი, ვსევოლოდ მერკულოვი და ივან პიაშევი დააჯილდოეს კუტუზოვის პირველი ხარისხის ორდენით, რომლითაც აჯილდოებდნენ „წითელი არმიის მხედართმთავრებს კარგად შესრულებული ფრონტის ოპერაციის გამო“. ქვედა რგოლმა მიიღო სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი — 13 კაცმა, კუტუზოვის მეორე ხარისხის ორდენი — 17 კაცმა და ა. შ[40].

დეპორტაცია დაიწყო უცხო ეროვნების ხალხის წმენდის საბაბით და დასრულდა საკუთარი ეროვნული უმცირესობების გადასახლებით[41].

ოპერაცია „ჩეჩევიცა“

პოლიტბიუროს წევრთა პოზიცია

 
ანასტას მიქოიანი

1944 წელს როდესაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილებოდა ჩეჩნების დეპორტაციის საკითხი, გამოიკვეთა ორი მოსაზრება: ვიაჩესლავ მოლოტოვი, ანდრეი ჟდანოვი, ნიკოლაი ვოზნესენსკი და ანდრეი ანდრეევი მხარს უჭერდნენ ჩეჩნებისა და ინგუშების სასწრაფო გასახლებას და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციას. სტალინი, კლიმენტ ვოროშილოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ლაზარ კაგანოვიჩი, ლავრენტი ბერია და მიხეილ კალინინი მხარს უჭერდნენ დეპორატციის დაწყებას ჩრდილოეთ კავკასიის გერმანელებისაგან გათავისუფლების შემდეგ. ცალკე პოზიცია ჰქონდა ანასტას მიქოიანს, პრინციპში იგი ეთანხმებოდა დეპორტაციას, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეს ფაქტი საზღვარგარეთ სსრკ-ის რეპუტაციას შელახავდა[42]. 1957 წელს მიქოიანი სათავეში ჩაუდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენის კომისიას[43].

სახელწოდება

რამდენიმე თანამედროვის აზრით ოპერაციის სახელწოდება წარმოსდგება რუსული სიტყვისაგან „чеченцы“ - ჩეჩნები[44].

მომზადება

თავდაპირველად ვაინახების გასახლებას ვარაუდობდნენ ალთაის მხარეში, ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქებში, თუმცა მომავალში მიზნები შეცვალეს და 1943 წლის დეკემბერში დაიწყეს საუბარი უკვე ყაზახეთისა და ყირგიზეთის სსრ-ების ტერიტორიაზე[44].

არსებობს მოსაზრება, რომ გადასახლებისათვის მზადება დაიწყეს 1942 წლის გაზაფხულზე, როდესაც შეაჩერეს ჩეჩნებისა და ინგუშების მობილიზაცია, მათი შენახვის შეუძლებლობის საბაბით (მთიელები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, ხოლო ღორის მოშუშული ხორცის კონსერვი ამ პერიოდისათვის იყო ერთადერთი ხორციანი საკვები წითელი არმიის რიგებში)[45]. 1943 წლის ოქტომბერში „ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის“ მონაცემების შესაგროვებლად ჩეჩნეთ-ინგუშეთს ესტუმრა ნკვდ-ის დირექტორის მოადგილე ბოგდან ქობულოვი. 9 ნოემბერს მან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახლხო კომისარს ლავრენტი ბერიას წარუდგინა მოხსენება რესპუბლიკაში ბანდიტიზმისა და დეზერტირობის გაძლიერების შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელმა დაამტკიცა. ყაზახეთსა და ყირგიზეთში დაიწყეს მზადება სპეცგადასახლებულების დასახვედრად. მათ გასაკონტროლებლად შეიქმნა 135 რაიონული და 375 სასოფლო კომენდატურა. სტავროპოლის პარტიის სამხარეო კომიტეტმა 1943 წლიდან მოამზადა რუსების სია, რომლებსაც გადაასახლებდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთში. 1943 წლის ზაფხულიდან გროზნოში თავი მოუყარეს სამხედრო ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზი ბევრად დასავლეთისკენ გადიოდა. მზვერავი თვითმფრინავები რეგულარულ ფრენებს ახორციელებდნენ მთიან რაიონებში[46].

ადგილობრივი მოსახლეობის დასამშვიდებლად ოფიციალურად გამოაცხადეს მასშტაბური სამხედრო სწავლების შესახებ რესპუბლიკის მთიან რაიონებში. სამხედრო ძალები განათავსეს სოფლების მახლობლად ბანაკებში. მოსახლეობა ჯარისკაცებს გულთბილად შეხვდა. სოფლის მამრობითი მოსახლეობა არამარტო საკუთარი ნებით ეხმარებოდნენ სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში, არამედ ჯარისკაცებთან საჩუქრები და საკვებიც კი მიჰქონდათ[47].

შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით დაგეგმეს ანტისაბჭოთა ელემენტების დააპატიმრება. დეპორტაციაში მონაწილეობისათვის მიიწვიეს საბჭოთა-პარტიული აქტივი თავად ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან (რამდენიმე ათასი ადამიანი), დააღესტნიდან — 6-7 ათასი და ჩრდილოეთ ოსეთიდან — 3 ათასი[48].

რიგი მკვლევარების აზრით, მთიან, ტყიან და სხვა რესპუბლიკის ძნელადმისადგომ რაიონებში, სადაც შეიძლება დისლოცირებული ყოფილიყვნენ დივერსანტები, აჯანყებულები და უკლონისტები, გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ამ მიზნებისათვის სავარაუდოდ გამოიყენეს 105-ე და 126-ე საავიაციო დივიზია, რომელიც ჩეჩნეთ-ინგუშეთში იყო დისლოცირებული. ამავე მიზნით გროზნოში გადაიტანეს კონოტოპის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი. ბერიამ ხელი მოაწერა ბრძანებას № 00609-ს, რომლის მიხედვითაც სრული მზადყოფნა დაევალათ ქიმიურისაწინააღმდეგო და სანიტარულ-ქიმიური თავდაცვისათვის. ასევე სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს გაზსაწინააღმდეგო თავშესაფრები, რომლებიც 10 749 ადამიანზე იყო გათვლილი. აღნიშნული მონაცემები, მთელ რიგ მკლევრებს აძლევს იმის საფუძველს, რომ საბჭოთა ხელისუფლება მთიანი რაიონების ყველა მაცხოვრებლის წინააღმდეგ აპირებდა ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დეპორტაციას[49].

1944 წლის 31 იანვარს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო დადგენილება № 5073 ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებისა და მისი მოსახლეობის შუა აზიაში დეპორტაციის შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა, მისი შემადგენლობიდან დაღესტნის ასსრ-ს გადაეცა 4 რაიონი, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს ერთი რაიონი, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გროზნოს ოლქი[50].

1944 წლის 29 იანვარს ლავრენტი ბერიამ დაამტკიცა „ინსტრუქცია ჩეჩნებისა და ინგუშების გამოსახლების პროცედურის შესახებ“[5], ხოლო 31 იანვარს გამოვიდა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილება ჩეჩნებისა და ინგუშების ყაზახეთის სსრ-სა და ყირგიზეთის სსრ-ში დეპორტაციის შესახებ[51]. 20 თებერვალს ლავრენტი ბერია ივან სეროვთან, ბოგდან ქობულოვთან და სტეფანე მამულოვთან ერთად ჩავიდა გროზნოში და პირადად ჩაუდგა სათავეში ოპერაციას[52]. გარდა ამისა, მეზობელ რესპუბლიკებში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა, სამხედრო ავიაციის ჩათვლით[48].

დეპორტაცია

 
ვაგონები, რომლებიც გამოიყენებოდა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის.

21 თებერვალს ბერიამ გამოსცა ნკვდ-ის ბრძანება ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობის დეპორტაციის შესახებ[5]. მომდევნო დღეს იგი შეხვდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და უმაღლეს სასულიერო ლიდერებს, გააფრთხილა ისინი ოპერაციის შესახებ და შესთავაზა მოსახლეობაში ამ საკითხზე მუშაობა[52]. სწორედ ამის შესახებ ბერიამ ანგარიში გაუგზავნა სტალინს[53].

დეპორტაცია და დანიშნულების ადგილზე ეშელონების გაგზავნა დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი დროით 2:00 საათზე და დასრულდა ამავე წლის 9 მარტს. ოპერაცია დაიწყო კოდური სიტყვით „პანტერა“, რომელიც გადაიცა რადიოს საშუალებით.

დეპორტაციას თან ახლდა მთაში გაქცევის მცირერიცხოვანი მცდელობები ან დაუმორჩილებლობა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. არსებობს სოფელ ხაიბახში 700 ადამიანის ცოცხლად დაწვის მტკიცებულება, თუმცა აღნიშნულ მტკიცებულებებს თანამედროვე მეცნიერები არასაკმარისად თვლიან[54].

სულ გაიგზავნა 180 ეშელონი, გადასახლებულთა რიცხვი კი შეადგენდა 493 269 ადამიანს. გადასახლებისას გზაში დაიბადა 56, ხოლო გარდაიცვალა 1 272 ადამიანი. გარდაცვალების ძირითადი მიზეზები იყო ქრონიკული დაავავებები და ფიზიკური სისუსტე. სამკურნალო დაწესებულებებში გაიგზავნა 285 ავადმყოფი. უკანასკნელ ეშალონში შედიოდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი პირები და რელიგიური ლიდერები[5]. რამდენიმე მთიელი რესპუბლიკაში დარჩა დეპორტაციის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში[55].

ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 780 ადამიანი, დააპატიმრეს 2 016 „ანტისაბჭოთა ელემენტი“, ამოიღეს 20 000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 4 868 შაშხანა, 479 ტყვიამფრქვევი და ავტომატი. მთაში დაიმალა 6 544 ადამიანი[56].

იმ გამონაკლის შემთხვევებში თუკი ვაინახებს გაათავისუფლებდნენ დეპორტაციიდან, მათ უფლება არ ჰქონდათ დაბრუნებულიყვნენ პირველი კატეგორიის ქალაქებში, სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებბში და ასევე გროზნოს ოლქისა და დაღესტნის ტერიტორიაზე[57].

აღინიშნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დეპორტაციიდან გათავისუფლებულ ჩეჩნებს მათი სურვილისამებრ დაბრუნების უფლება მისცეს. ასეთი მაგალითები იყო, მომავალში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და საბჭოთა კავშირის შრომის გმირის მახმუდ ესემბაევისა[55] და საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწის მუსლიმ გაირბეკოვის შემთხვევაში[58].

სამხედრო მოსამსახურეების დეპორტაცია

დეპორტაციის დაწყების პარალელურად დაიწყო წითელი არმიიდან ვაინახების დემობილიზაცია. ჩეჩენი, ინგუში, ბალყარელი და ყარაჩაელი სამხედროები უნდა გადაეგზავნათ ალმა-ათაში და ყოფილიყვნენ ყაზახეთის სსრ-ის ნკვდ-ის განკარგულებაში. 1944 წლისათვის მოახდინეს წინა ხაზზე მებრძოლი 710 ოფიცრის, 1 696 სერჟანტისა და 6 488 ჯარისკაცის დემობილიზაცია. უმეტესი მათგანი გადააგზავნეს ჩრდილოეთის ზურგში, სადაც იყენებდნენ სატყო სამუშაოებში და გზების მშენებლობისათვის[59].

1945 წლის ოქტომბერში რეპრესირებული სამხედროები გაათავისუფლეს სპეცგადასახლებულების სტატუსისაგან, მაგრამ მათ აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება. მათ შორის 5 300 იყო ჩეჩენი და ინგუში და ყველას ჰქონდა დამსახურებული ჯილდოები. 1955 წლისათვის მათგან ცოცხალი იყო 4 445 ადამიანი, რომელთაგან სამხედრო ინვალიდი იყო 2 280 კაცი[55].

დეპორტირებულები იყვნენ საბჭოთა კავშირის გმირების ირბაიხან ბეიბულატოვის, ხავაჯი მუჰამედ-მირზაევის, აბუხაჯი იდრისოვის, ხანფაშა ნურადილოვის, ხანსულთან დაჩიევის ოჯახები. გმირულად დაღუპული მატაშ მაზაევის ცოლი და სამი შვილი[60].

ინტერნაციონალური ოჯახების დეპორტაცია

ჩეჩნები და ინგუშები, რომლებიც გათხოვილები იყვნენ სხვა ერის ადამიანებზე დეპორტაციისაგან გაათავისუფლეს. ამის საწინააღმდეგოდ, რუსი ქალები, რომლებიც ცოლად ჰყავდათ ვაინახებს, დეპორტაციას დაექვემდებარენ. მათ შეეძლოთ გადასახლებისაგან თავის დაღწევა განქორწინების გზით, მაგრამ ეს ვერ გაათვისუფლებდა მათ შვილებს დეპორტაციისაგან[61].

დეპორტაცია საბჭოთა კავშირის სხვა რაიონებიდან

გადაასახლეს ყველა ჩეჩენი და ინგუში განსახლების ადგილის მიუხედავად. დაღესტნიდან გაასახლეს 28 ათასი ჩეჩენი, მათ შორის 15,4 ათასი აკინჯი. ორჯონიკიძიდან გაასახლეს მრავალი ინგუში, საქართველოდან 2 700 ჩეჩენი (საქართველოს სსრ-სხელისუფლებამ წოვათუშები და ქისტები ცალკე ერად გამოაცხადა და გადასახლებას გადაარჩინა). ასობით ვაინახი გადაასახლეს სსრკ-ის სხვა რაიონებიდან[62].

სხვა ხალხების დეპორტაცია

ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად ასევე გადაასახლეს სხვა ხალხებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთში. მსგავსი გადასახლებულების განცხადებები წლების განმავლობაში განიხილებოდა. 1948 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული იყო 308 განცხადება, რომლებიც ეკუთვნოდა შეცდომით გადასახლებულ ავარებს, დარგუელებსა და ლაკებს[63].

დამატებითი ეტაპები

დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ ასევე რეპრესირებული ხალხის წარმომადგენელი პატიმრებიც. საბჭოთა კავშირის ყველა ციხიდან და კოლონიიდან ისინი იგზავნებოდნენ ყაზახეთის სსრ-ში და შუა აზიაში. ყველა პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიდა გადაეცა ყაზახეთის სსრ-ის ნკვდ-ს. ასევე გადაასახლეს დეპორტაციის ადგილებში ის ჩეჩნები და ინგუშები, რომლებიც მალავდნენ თავიანთ ეროვნებას და შემდეგ გამოაშკარავდნენ. აღნიშნული მიზეზებით სპეცგადასახლებულთა რიცხვმა შეადგინა 16 000 ადამიანი[55].

დეპორტაციის ხარჯები

დეპორტაციის განხორციელებაში რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო ნკვდ-სა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 19 ათასი თანამშრომელი, 100 000 ჯარისკაცი. გადასახლებულთა ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი იყო 15 000 ვაგონი და ასობით ორთქლმავალი, 6 000 სატვირთო ავტომობილი. დეპორტაციის ადგილებში შეიქმნა ასობით კომენდატურა ათასობით თანამშრომლით. დაახლოებით 100 000 გლეხური მეურნეობა იყო განადგურებული, რამაც ქვეყნის ეკონომიკაში გამოიწვია რამდენიმე მილიარდი რუბლის ზარალი. მხოლოდ სპეცგასახლებულების გადასასახლებლად სახელმწიფომ დახარჯა 150 მლნ რუბლი, რომლითაც შეიძლება აეგოთ 700 ტანკი Т-34[4].

დეპორტაციის პირობები

ოფიციალური საბჭოთა მონაცემებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან იძულებით გაასახლეს 496 ათასი ადამიანი, მათ შორის ყაზახეთის სსრ-ში — 411 ათასი (85 ათასი ოჯახი) და ყირგიზეთის სსრ-ში — 85,5 ათასი (20 ათასი ოჯახი)[53]. სხვა მონაცემებით დეპორტირებულთა რიცხვი 650 ათასს შეადგენდა[64].

სატრანსპორტო დანახარჯების შემცირების მიზნით ვაგონებში, რომლის ტევადობაც იყო 28-32 ადამიანი, ჩასვეს 45 ადამიანი. ვაგონის ფართი კი სულ რაღაც 17,9 მ² იყო. ბევრ ვაგონში მოაწყვეს ტახტები[65].

ნკვდ-ს დოკუმენტების თანახმად

 
„...ყოველ ორღერძიან ვაგონში განთავსებული იყო არანაკლებ 240 ადამიანი სპეცკონტინგენტიდან[66].“

ხელისუფლებამ დეპორტირებულებზე სამედიცინო და კვების მომსახურება საკუთარ თავზე აიღო[53]. დეპორტირებულების გარდაცვალების ძირითადი მიზეზები იყო ამინდის პირობები, შეცვლილი საყოფაცხოვრებო ფაქტორები, ქრონიკული დაავადებები, ფიზიკური სისუსტე. ოფიციალური მონაცემებით დეპორტაციის პერიოდში ეშელონებში დაიბადა 56 და გარდაიცვალა 1 272 ადამიანი[67][68].

თუმცა, ეს მონაცემები ეწინააღმდეგება მოწმეების ჩვენებას. რუსეთის კონსტიტუციური სასამართლოს წევრი ერნესტ ამეტისტოვი იგონებს:

 
„მე დავინახე როგორ ჩასვეს ისინი [ჩეჩნები] ვაგონებში და ნახევარი გადმოტვირთეს, როგორც მიცვალებულები. ცოცხლად გადარჩენილები ჩამოყარეს 40°-იან ყინვაში[69].“

ტიფის ეპიდემიამ, რომელმაც გზაში იფეთქა, უკვე ახალი ძალით დაიწყო მოქმედება დეპორტაციის ადგილებზე. ყაზახეთის სსრ-ში 1944 წლის 1 აპრილისათვის ინგუშებს შორის 4 800 ავადმყოფი იყო, ხოლო ყირგიზეთის სსრ-ში - ორი ათასზე მეტი. მედიცინის ადგილობრივ დაწესებულებებს არ ჰყოფნიდათ მედიკამენტები და სადეზინფექციო საშუალებები. სპეცგადასახლებულებს შორის ასევე აღინიშნებოდა მალარიის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების მრავალრიცხოვანი შემთხვევები. 1944 წლის აგვისტოში მხოლოდ ყირგიზეთის სსრ-ის ჯალალ-აბადის ოლქში დაიღუპა 863 სპეცგადასახლებული[70].

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ ეპიდემიების, არამედ კვების ნაკლებობის შედეგიც იყო. ნკვდ-ს დოკუმენტების მიხედვით გადასახლებულებს 30 დღის საკმარისი საკვები ჰქონდათ[71]. შემდეგში რსფსრ-ის დამსახურებული მსახიობი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახლხო არტისტი ზულაი სარდალოვა იხსენებს, რომ ცხელი საკვები ვაგონებში მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიტანეს[72].

გადასახლებიდან 12 წლის შემდეგ, 1956 წელს ყაზახეთში ცხოვრობდა 315 ათასი ჩეჩენი და ინგუში, ხოლო ყირგიზეთში — დაახლოებით 80 ათასი ადამიანი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მათ გადასახლების შეზღუდვა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების ნებას არ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა 1957 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგენის შემდეგ 140 ათასი დეპორტირებული დაუბრუნდა სამშობლოს. ამავე დროს მათთვის მთიანი რაიონები დაკეტილი აღმოჩნდა და მთის ყოფილი მოსახლეები დასახლდნენ დაბლობის აულებში და კაზაკების სტანიცებში. მთიელებს აეკრძალათ დასახლება ჩებერლოვსკის, შაროის, გალანჩოჟის რაიონებში, ითუმ-ყალესა და შატოის რაიონების დიდ ნაწილში. მათი სახლები დამწვარი და დანგრეული იყო, ხიდები კი დანგრეული[73].

სიტუაცია გროზნოს ოლქში

ტერიტორიული ცვლილება

 
გროზნოს ოლქის რუკა.

თავდაპირველად იგეგმებოდა რესპუბლიკის ტერიტორიის გაყოფა მეზობელ რესპუბლიკებსა და სტავროპოლის მხარეს შორის. სტავროპოლის მხარეს უნდა გადასცემოდა გროზნო და დაბლობი ტერიტორიები. თუმცა, გროზნოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, რადგან იგი იყო ნავთობმომპოვებელი ტერიტორია, ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე შეექმნა ახალი ოლქი, რომელსაც გადაეცემოდა სტავროპოლის მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები კასპიის ზღვამდე[74].

გროზნოს ოლქი დაარსდა 1944 წლის 22 მარტს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც 1944 წლის 7 მარტს გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ. 1946 წლის 25 ივნისს რსფსრ-ის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის მე-14 მუხლიდან ამოიღო ტერმინი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ[75].

1947 წლის 25 თებერვალს სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს მაგივრად საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შეიტანა გროზნოს ოლქი[76].

ოლქის ტერიტორია მოიცავდა ძირითადად ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორიას. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს 1944 წლის 22 მარტის ბრძანებით დაღესტანის ასსრ-ს გადაეცა ვედენის, ნოჟაი-იურტოვის, საიასანოვის, ჩებერლოევის, შაროის რაიონები, გუდერმესის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი. დაღესტნის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ რაიონებს სახელი შეუცვალეს. ნოჟაი-იურტის რაიონს ეწოდა ანდალალის რაიონი, საიასანოვის რაიონს - რიტლიაბის რაიონი, კურჩალოევის რაიონს - შურაგატის რაიონი. ამავდროულად გაუქმდა ჩებერლოევისა და შაროის რაიონები და მათი ტერიტორიები გადაეცა დაღესტნის ასსრ-ის ბოტლიხისა და ცუმანდინის რაიონებს[2].

ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ქალაქი მალგობეკი, აჩალუკის, ნაზრანის, ფსედახისა და პრიგოროდნის რაიონები გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს, ითუმ-ყალეს რაიონი შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალხევის რაიონი[2].

გროზნოს ოლქის შემადგენლობაში ასევე შევიდა ადრე სტავროპოლის მხარის ნაურის რაიონი, ასევე ყოფილი ყიზლარის ოლქის ქალაქი ყიზლარი, ყიზლარის, აჩიკულაკის, ნოღაის, კაიასულინის და შელკოვის რაიონები[77].

მეამბოხეთა დაჯგუფებები

მოსახლეობის გადასახლებას არ შეუჩერებია მეამბოხე დაჯგუფებების მოღვაწეობა. დეპორტაციის შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა რამდენიმე ათას კაცამდე. მაგრამ მათ უმეტესობას არ ჰქონდათ იარაღი და საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. აღნიშნულმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალეს დეპორტაციას, თუმცა სამხედროებმა დროულად ვერ შეძლეს მათი განიარაღება და ლიკვიდაცია. 1944 წლის გაზაფხულზე მოხდა რამდენიმე შეიარაღებული აჯანყება. აჯანყებულებმა თავდასხმა განახორციელეს მცირე სამხედრო დაჯგუფებებზე[78].

ჰასან ისრაილოვი ცდილობდა გაეერთიანებინა მცირე დაჯგუფებები, მაგრამ მან ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწია. ამის პირველი მიზეზი იყო მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთები, რომლებიც ართულებდნენ დაჯგუფებებს შორის კომუნიკაციას, ასევე ის ღონისძიებები, რასაც ნკვდ ატარებდა. მაგალითად, მათ არ გადაუსახლებიათ ნკვდ-ს საიდუმლო აგენტები. ვაინახების რიგებიდან რამდენიმე ჩეკისტი ისევ აგრძელებდა მუშაობას. კერძოდ, ვედენის რაიონში ნკვდ-ის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი იყო ყაჩაღ ზელიმხან გუშმაზუკაევის შვილი უმარ-ალი ზელიმხანოვი. იგი აქტიურად მონაწილეობდა აჯანყებულების წინააღმდეგ და დაიღუპა ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდაციის დროს[79].

არალეგალებთან ბრძოლისათვის იყენებდნენ უწყვეტ მოსწორებულ რელიეფს. მსგავსი ოპერაციები მიმდინარეობდა 1944 წლის ივლის-აგვისტოში ხილდიხოროევის, პეშხოევისა და მაისტინის ხეობებში, მონაწილეობდა შინაგანი ძალების ორი დივიზია და ორი ქვედანაყოფი. თავის მხრივ არალეგალები აწყობდნენ ჩასაფრებებს, თავს ესხმოდნენ მცირერიცხოვან სამხედრო დანაყოფებს და თავს არიდებდნენ მსხვილ სამხედრო გაერთიანებებთან შეტაკებას[80].

1944 წლის ბოლოსათვის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს 26 „ბანდიტური“ დაჯგუფება 258 წევრით, 42 აბრაგით და 137 სხვა ეროვნების პირით (რუსები, ქართველები, ოსები, დაღესტნელები). ოფიციალურად არალეგალებთან ბრძოლა დაასრულეს 1953 წელს[81].

ამ პერიოდში გრზონოს ოლქში სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. 1944 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კავკასიის დარჩენილ ტერიტორიაზე გაანადგურეს 75 დაჯგუფება, ხოლო განადგურებული არალეგალების საერთო რიცხვმა ათას კაცს მიაღწია[82].

დეპორტაციას აცილებულების დევნა

უბრალო მაცხოვრებლებმა, რომლებიც გაექცნენ დეპორტაციას, შექმნეს მსხვილი ჯგუფები და გადავიდნენ მთაში. ბევრმა მათგანმა შინაური ცხოველები წაიყვანა თან. 1944 წლის ზაფხულში შინაგანი ძალების დაზვერვამ ხილდეხოროვის რაიონში აღმოაჩინა პირუტყვის სადგომები, რომელიც აგებული იყო გაქცეული მოქალაქეების მიერ. მაღალმთიან რეგიონებში დისლოცირებული ჯარებს ნაბრძანები ჰქონდათ დარჩენილი მოსახლეობის პირდაპირი განადგურება[83].

მთაში გახიზნული დეპორტაციას გარიდებული მოსახლეობის დროულად გადასახლებისათვის დეპორტაციიდან დროებით დააბრუნეს ყველაზე მეტად ავტორიტეტული რელიგიური პირები. მათ მიერ მიცემული გარანტიით მთებიდან და ტყეებიდან გამოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი. ნკვდ-ს მონაცემებით წლის ბოლომდე დეპორტაციაში გაიგზავნა 6 500 ადამიანი[84].

ოლქის ძარცვა

დატოვილი პირადი, კოლმეურნეობისა და სახელმწიფო ქონების გადარჩენის უზრუნველსაყოფად დეპორტაციის მზადების პროცესში შეიქმნა კომისია ამ სიმდიდრის დაცვისათვის. კომისიებს დახმარებას უწევდა 8 500 ჯარისკაცი და ოფიცერი და ასევე გროზნოში დამატებით მობილიზებული 8 ათასი ადამიანი. მაგრამ მიუხედავად ამ ღონისძიებებისა ფასეულობების დიდი უმრავლესობა დაიტაცეს. ასევე დაიტაცეს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვიც[82].

გროზნოს ოლქში მეზობელი რეგიონებიდან გაემგზავრნენ მარადიორები. მხოლოდ 1944 წელს დააკავეს 1 245 ადამიანი. მათ გაიტაცეს 700 ათასი რუბლი, 170 ტონა მარცვლეული კულტურა, 200 ათასი რუბლის სამრეწველო საქონელი. ათჯერ მეტი ზარალი მიაყენეს სამხედროებმა და ნკვდ-ს ძალებმა, მაგრამ მილიციელები მათ ვერ ეხებოდნენ[85].

საკუთრების ქურდობაში გროზნოს ოლქისა და მეზობელი რეგიონების მთელი პარტია-ეკონომიკური და მილიციელთა ელიტა იყო ჩართული. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შევიდნენ დაღესტნის ასსრ-ის ტერიტორიაზე, მარადიორობაში ჩართული იყვნენ დაღესტნოს საოლქო კომიტეტი, რაიკომის მდივნები, პროკურორები, ნკვდ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სხვა[85].

მცირე დასახლებული პუნქტები, რომლებიც მოშორებით იყვნენ განთავსებულნი სრულიად განადგურდნენ, გადარჩა მხოლოდ დიდი დასახლებები[86].

კულტურულ-ისტორიული დანაკარგები

საბჭოთა-პარტიული ხელმძღვანელობის ბრძანებით გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები. საფლავის ქვებს იყენებდნენ ქარხნებისა და ფერმების საძირკვლის ჩაყრისთვის, გზების დასაგებად იყენებდნენ როგორც ბორდიურებს. გროზნოს მოედანზე დაწვეს წიგნები ჩეჩნურ, ინგუშურ და არაბულ ენებზე. დარჩენილი წიგნებიდან ამოჭრეს ან დამალეს გვერდები სადაც მოხსენიებული იყვნენ ოლქის ძირძველი ხალხები. ჩეჩნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციამ სიცოცხლის რისკის ფასად განადგურებას გადაარჩინა და ავტონომიის აღდგენამდე გადამალა ჩეჩნურ ენაზე არსებული რამდენიმე ასეული წიგნი[87].

წმენდაში მოყვა ასევე რესპუბლიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექცია. გაანადგურეს და გაძარცვეს ჩეჩნებისა და ინგუშებს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული მემკციდრეობა: ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, იარაღი, ხალიჩები, ჭურჭელი, ავეჯი. ააფეთქეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლი ასლანბეკ შერიპოვის ძეგლი. ქუჩებს, აულებსა და რაიონებს ძირძველი სახელების ნაცვლად უწოდეს რუსული და ოსური სახელები[87][88][89]. გაანადგურეს შუა საუკუნეების ვაინახური კოშკების არქიტექტურა, საკულტო და დასაკრძალი ნაგებობები სოფლებში ეზმი, კიახკი, ხამხი, ჯეირახი და სხვა[90].

ოლქის დასახლება

გროზნოს ოლქისა და იმ რეგიონების ხელისუფლებამ, რომლებმაც ტერიტორიები გადასცეს ოლქს, სასწრაფოდ მიიღეს ზომები გამოთავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დასახლებისათვის. ოლქში დაასახლეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოსახლებულები. 1944 წლის მაისში გადმოსახლებულების რიცხვმა შეადგინა გადასახლებული ჩეჩნების 40 %. 6 800 ოჯახი გადაასახლეს სტავროპოლიდან. 5 892 ოჯახი კი — გრზონოდან სოფლებში. მომავალში იგეგმებოდა მოსახლეობის გადმოსახლება ქვეყნის ცენტრალური რაიონებიდან (ტამბოვის, პენზის, ულიანოვსკისა და სხვა ოლქებიდან)[91].

გადასახლებულებს შორის სტიმულის ამაღლებისათვის, მთელი რიგი შეღავათები დააწესეს მათთვის ვინც გადასახლდებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე: ჩამოაწერეს სახელმწიფო დავალიანება; ახალ ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში არ ახდევინებდნენ გადასახადებს; გადასცეს 2 500 მანეთი ერთჯერადად; ჰქონდათ უფასო გადაადგილების უფლება; დაურიგეს სამშენებლო მასალები. მიუხედავად ამისა, მსურველი ცოტა იყო, ტერიტორიის დასახლება გაგრძელდა 1950-იანი წლების დასაწყისამდე. საცხოვრებელი პირობების გამო ჩამოსახლებულების ნაწილი უკან დაბრუნდა. 1947-1951 წლებში გროზნოში ჩამოასახლეს 6 000 ოჯახი, საიდანაც 4 000 დარჩა ახალ ადგილზე[91].

1944 წლის გაზაფხულზე საქართველოს სსრ-დან ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს 500 ოჯახი. ეს ახსნეს იმ ფაქტით, რომ საქართველოს გადაეცა მთიანი რაიონი, სადაც იგეგმებოდა მხოლოდ მსხვილი აულების გადარჩენა, დანარჩენი ტერიტორიები კი უნდა გამოეყენებინათ საძოვრებად. ტერიტორიას, რომელიც გადაეცა საქართველოს სსრ-ს ეწოდა ახალხევის რაიონი[92].

გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება გეგმავდა ინგუშეთის მიწაზე შეექმნა 3 ათასი მეურნეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაყოფიერი მიწები ჩრდილოეთ ოსეთს გადაეცა, არასაკმარისი ხალხისა და მთიელების სურვილის არ ქონის გამო დასახლება ნელა მიმდინარეობდა. ამის გამო ხელისუფლემ განსახლებაში ჩართო საქართველოს სსრ-ის კიდევ ერთი ნაწილის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობა[93].

დაღესტნის ხელისუფლებას უნდა განესახლებინა ჩეჩნური აულები ხასავიურტისა და ბაბაიურტის რაიონებში, საიდანაც გაასახლეს ჩეჩნები, ასევე აუხოვის რაიონი, სადაც დეპორტაციამდე ცხოვრობდნენ ჩეჩენი-აკინჯები, ასევე ვედენის, ნოჟაი-იურტის, ჩებერლოვისა და კურჩალოვის რაიონები, რომელთა საერთო ფართობი იყო 3 000 კმ². რადგან დაღესტნის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ტრადიციულად განიცდიდა მიწის ნაკლებობას, არ იყო პოტენციური მიგრანტების დეფიციტი. დაღესტნის ხელისუფლებამ ძალით გადაასახლა მოსახლეობის გარკკვეული ნაწილი, მათი სახლები კი გაანადგურა. გადასახლება შეეხო მთის 224 სოფელს, საიდანაც 114 მცირე დასახლება მთლიანად გადაასახლეს. ახალ მიწებზე გაასახლეს 65 ათასი ადამიანი, რომელთაგანაც 51 ათასი გაიგზავნა გროზნოს ოლქის რაიონებში[93].

ამავდროულად ხელისუფლებამ ვერ შეძლო გადასახლებულების საჭირო ნივთებით მომარაგება. გარდა ამისა, ახალ პირობებში მათ სხვა ეკონომიკური უნარები სჭირდებოდათ. 1944 წლის ბოლოსთვის დაღესტნელებში მალარიამ იფეთქა, რამაც მათი ერთი მეხუთედი ნაწილი იმსხვერპლა. შემდეგ ამას დაემატა ტიფი და სხვა ავადმყოფობები. დაავადებების შესაძლო მიზეზებს შორის სახელდებოდა „საპონის, თეთრეულის უკმარისობა, გადასახლებულების კულტურული ჩამორჩენილობა, კვების პროდუქტების ნაკლებობა და ერთფეროვნება“[94].

1945 წლის დასაწყისში დაღესტნელ მოსახლეობას შორის შიმშილობა იყო, ხელისუფლება იძლებული გახდა მათთვის დახმარება გაეწია. მალარია და ტიფი მომდევნო წლებშიც აქტუალური იყო. აუხოვის რაიონში 1944-1947 წლებში ავადმყოფობებისაგან გარდაიცვალა 2 000 გადასახლებული. ახალ ადგილას გამოწვეული სირთულეები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაღესტნის მცხოვრებთა ნაწილი თვითნებურად დაბრუნდა მათ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში[95].

1956 წელსაც კი, როდესაც ჩეჩნებმა და ინგუშებმა დაიწყეს დაბრუნება, მრავალი დასახლებული პუნქტი დაბლობში, ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე განსახლებული. სურსათის პრობლემა გროზნოს ოლქში არასდროს მოგვარებულა, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, დიდი რაოდენობით საკვები შეეძინა. წარმოების ომამდელი დონე არცერთ ყოფილ ჩეჩნურ-ინგუშურ რაიონში არ იყო მიღწეული[95].

გროზნოს განვითარება

დეპორტაციამ პრაქტიკულად არ იმოქმედა გროზნოს განვითარებაზე, ვინაიდან ჩეჩნები და ინგუშები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ წარმოადგენდნენ ქალაქში. მრეწველობის აღდგენა, რომლის ძირითადი ნაწილი ევაკუირებული იყო, პრაქტიკულად ომამდე დაიწყო. 1949 წელს მიაღწიეს წარმოების ომამდელ დონეს. წარმოების დონემ 1945-1956 წლებში გაუსწრო 1930-იანი წლების დონეს. 1951-1955 წლებში ააშენეს 23 ახალი საწარმო. ძველი ქარხნების უმეტესობა აღადგინეს და აღჭურვეს ახალი ტექნიკით. წარმოებული პროდუქციის ნახევარს ნავთობპროდუქტები წარმოადგენენ. 1956 წელს გროზნოს პროდუქციის მოცულობამ გადააჭარბა დაღესტნისა და ჩრდილოეთ ოსეთის ერთად აღებულ პროდუქციის მოცულობას[96].

სოფლის მოსახლეობისაგან განსხვავებით გროზნის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა. ამის მიზეზი იყო მოსახლეობის ბუნებრივი მატება, ახლომდებარე სოფლებიდან და სსრკ-ის სხვა რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაცია. მოსახლეობისათვის ააშენეს ახალი კვარტალები. 1950-იანი წლების პირველ ნახევარში ააგეს 300 000 მ² ახალი საცხოვრებელი. ქალაქის მოსახლეობამ მიაღწია 233 ათას ადამიანს. განვითარდა სოციალური სფერო, საქალაქო ტრანსპორტი[97].

შედეგები

დეპორტირებულთა რაოდენობა

 
გაზდიევების ინგუშური ოჯახი გარდაცვლილი შვილის სხეულთან. ყაზახეთი, 1944 წელი.

გადასახლებიდან ახლო მომავალში ჩეჩნებისა და ინგუშების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. გარდა იმისა, რომ ახალ ტერიტორიებე შეგუების პროცესი იყო მძიმე, დანაკარგების ზრდა განაპირობა ორმა მიზეზმა: პირველი, საომარი მდგომარეობის სირთულეები და მეორე, ჩეჩნებისა და ინგუშების დიდი ნაწილი სამშობლოში დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით[98].

კონკრეტულად ჩეჩნებისა და ინგუშების სიკვდილიანობისა და შობადობის მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა, ჩრდილოეთ კავკასიის დეპორტირებული ხალხების (ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარელები) მაჩვენებლები ზოგადად ცნობილია. სულ გადასახლების მომენტიდან 1948 წლის 1 ოქტომბრამდე დაიბადა 28 120 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 146 892. ცალკეული წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია[99]:

წელი დაიბადა გარდაიცვალა მატება
1945 2230 44 652 −42 422
1946 4971 15 634 −10 663
1947 7204 10 849 −3645
1948 10 348 15 182 −4834
1949 13 831 10 252 +3579
1950 14 973 8334 +6639

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილო კავკასიელ გადასახლებულთა შორის 81,6 % ჩეჩენი და ინგუში იყო, ვაინახებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასი გამოდის (100 ათასი ჩეჩენი და 23 ათასი ინგუში[100]).

დალჰატ ედიევის შეფასებით დანაკარგებმა შეადგინა 125 477 ჩეჩენი (დეპორტირებულთა 30,76 %) ვა 20 284 ინგუში (21,27 %)[101].

1939 წლიდან 1959 წლამდე საბჭოთა კავშირში ჩეჩნების რიცხვი გაიზარდა 2,6 %-ით. ინგუშების რიცხვი 15 %. რაც გამოწვეული იყო გადასახლებაში მძიმე დანაკარგით. მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარში ტრადიციული შობადობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით დემოგრაფიული კატასტროფა გამოსწორდა. 1959 წელთან შედარებით 1989 წელს ჩეჩნების რიცხვი 2,3-ჯერ გაიზარდა, ინგუშებისა კი — 2,2-ჯერ.

დეპორტირებულთა განსახლება

1945 წლისათვის სპეცგადასახლებულთა რაოდენობა მოითვლიდა 440 544 ჩეჩენსა და ინგუშს. 1949 წლისათვის კი მათი რიცხვი შემცირდა 365 173 ადამიანით. 1949] წლისათვის ცხოვრების პირობებთან ადაპტაციის პროცესი ძირითადად დასრულდა. შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას, რის შემვეგაც დაიწყო მოსახლეობის მატება. 1953 წლის დასაწყისში ჩეჩნნების რიცხვი იყო 316 717, ხოლო ინგუშებისა 83 518. მათი განსახლება სსრკ-ის ტერიტორიაზე ამ მომენტისათვის ასე გამოიყურებოდა[102]:

რეგიონი ჩეჩნები ინგუშები სულ
ყაზახეთის სსრ 244 674 80 844 325 518
ყარაღანდის ოლქი 38 699 5226 43 925
აკმოლის ოლქი 16 511 21 550 38 061
კოსტანაის ოლქი 15 273 17 048 32 321
პავლოდარის ოლქი 11 631 12 281 23 912
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი 23 060 3 23 063
ალმათის ოლქი 21 138 1822 22 960
ტალდი-ყურღანის ოლქი 21 043 465 21 508
ჟამბილის ოლქი 20 035 847 20 882
ქოქჩეთაუს ოლქი 5779 14 902 20 681
სემიპალატინსკის ოლქი 19495 58 19 553
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი 12 030 5221 17 251
სამხრეთ ყაზახეთის ოლქი 14 782 1187 15 969
ყიზილორდის ოლქი 13 557 74 13 631
აქტობეს ოლქი 10 394 10 394
ატირაუს ოლქი 1244 159 1403
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი 3 1 4
ყირგიზეთის სსრ 71 238 2334 73 572
ჩუის ოლქი 31 713 1974 33 687
ოშის ოლქი 21 919 294 22 213
ჯალალაბადის ოლქი 13 730 39 13 769
თალასის ოლქი 3874 13 3887
ნარინის ოლქი 1 1 2
უზბეკეთის სსრ და ტაჯიკეთის სსრ 249 182 431
რსფსრ 535 142 677
შრომა-გასწორების ბანაკები და
სსრკ-ის შსს-ს სპეცნაგებობები
19 15 34

მთიელები, რომლებიც მუშაობდნენ ნავთობის მრეწველობაში, გააგზავნეს „ყაზახნავთობში“ სამუშაოდ. ესენი იყვნენ სპეციალისტები საშუალო და უმაღლესი განათლებით, ასევე მუშები, რომლებსაც ჰქონდათ პრაქტიკული გამოცდილება ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში[103].

მთიელთა ცხოვრების პირობები

ერთი მხრივ ხელისუფლება ცდილობდა შეემსუბუქებინა სპეცგადასახლებულების ყოფა-ცხოვრება და ნაწილობრივ აენაზღაურებინა დეპორტაციის შედეგად დაკარგული სიმდივრე. 1944 წლის 29 მაისს სახკომსაბჭომ მიიღო დადგენილება სპეცგადასახლებული ყარაჩაელების, ჩეჩნების, ინგუშების, ბალყარელებისა და ყალმუხებისათვის პირუტყვისა და მარცვლეულის გამოყოფის შესახებ[104].

მეორე მხრივ, მსგავსი გადაწყვეტილებები ადგილებზე არ განხორციელებულა მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის უმთავრესი იყო ომი. ომის დამთავრების შემდეგ მთავრობის 1945 წლის 28 ივლისის დადგენილების მიხედვით სპეცგადასახლებულებს მთელი რიგი შეღავათები დაუწესდათ[105].

1945 წლის 16-20 მარტს ალმა-ათაში გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელთა კრება, სადაც აღნიშნეს, რომ დეპორტირებულებს აქვთ პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის სიმცირესთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელმძღვანელებთან ნეგატიურ დამოკიდებულებასთან, მთიელებს შორის ეპიდემიის, კერძოდ მუცლის ტიფის, გავრცელებასთან, რაც ართულებდა ადაპტაციის პროცესს[105].

1945 წლის 10 აპრილს ყარაღანდის ოლქში შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენებულიყო 80 და გაერემონტებინათ 600 სახლი სპეცგადასახლებულებისათვის. 1947 წლისათის ააშენეს 119 სახლი, შეიძინეს 42 და გაარემონტეს 337 სახლი. თემირთაუში გეგმის მიხედვით ააგეს 62 სახლი, ხოლო დეპორტირებულთა სახსრებით — 42. ფინანსების არქონის გამო სახლებს წიდისა და თიხისაგან აშენებდნენ[106].

რაიონებში შეიქმნა ე. წ. „ტროიკა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რაიონული საბჭოს თავმჯდომარე, პარტიის რაიკომის მდივანი და ნკვდ-ის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „ტროიკამ“ დაავალდებულა ადგილობრივი პარტიული, საბჭოთა და სოფლის მეურნეობის ორგანოები, რათა უზრუნველეყოთ საყოფაცხოვრებო პირობებით დეპორტირებულები. 1944 წლის 4 მარტს ჟამბილის ოლქის თალასის რაიონში სპეცგადასახლებულების პირველი პარტია ჩავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 1 349 ჩეჩენი იყო. მათგან ჩულაკ-თაუს კომბინატში განათავსეს 120 ოჯახი (651 ადამიანი), კარაკულის საბჭოთა მეურნეობაში — 62 ოჯახი (203 ადამიანი), ტამდინის სასოფლო საბჭოში - 21 ოჯახი (42 ადამიანი), ყიზილ-აუტის სასოფლო საბჭოში — 30 ოჯახი (109 ადამიანი) და ა. შ. ამის გამო პრობლემები შეიქმნან ახლადჩამოსახლებულების დასაქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კატეგორიაში შედიოდნენ გროზნოს მაცხოვრებელი სტუდენტები, მსახიობები, იურისტები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ადრე არ იყვნენ სოფლის მეურნეობით დაკავებულები[107].

სახკომსაბჭოს 1944 წლის 16 ოქტომბრის წერილის შესაბამისად[108] ყაზახეთის ხელმძღვანელობამ ადგილებიდან შეაგროვა ინფორმაცია და დაიწყო ზრუნვა ვაინახების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 1945 წლის 20 აპრილის კუსტანაის პარტიის საოლქო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზოგიერთ რაიონში ხელმძღვანელობამ თავად მოაგვარა სპეცგადასახლებულთა პრობლემები. ყარაბალკის, კოსტანაის, ყარასუს, სარიკოლისა და დენისოვის რაიონებში მთიელები იმყოფებოდნენ განსაკუთრებით მძიმე პირობებში[109].

1944 წელს ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქმა მთიელების ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის მიიღო 1 მლნ 900 ათასი მანეთი. აქედან ვაინახებისათვის პრაქტიკულად გამოყვეს 887 198 მანეთი[110]. ამავე ოლქში 1945-1946 წლებში სპეცგადასახლებულებისათვის საცხოვრებლების ასაშენებლად გამოიყო 2 მლნ 200 ათასი მანეთი. შემოწმებამ გამოავლინა რომ ხდებდა ციფრებით მანიპულირება და ფინანსური მახინაციები. სოკოლოვის რაიონის სივკოვის სასოფლო საბჭოში ვაინახებმა შეიძინეს 12 სახლი 400 მანეთად, არადა სოფლის მეურნეობის ბანკმა გამოყო მხოლოდ 2 000 მანეთი. მამლიუტის რაიონის პეტროვსკის სახელობის კოლმეურნეობის წარმომადგენელმა წარმოადგინა ფიქტიური დოკუმენტები ორი დეპორტირებული ოჯახისათვის 4 000 მანეთად სახლის ყიდვის შესახებ, როცა რეალური ფასი იყო 2 000 მანეთი[111].

ზოგიერთ რაიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მთიელთა პრობლემების გადასაწყვეტად. 1944-1945 წლებში უილიამსის სახელობის კოლმეურნეობაში, სადაც ცხოვრობდა სპეცგადასახლებულების 24 ოჯახი, მათთვის აშენდა საკუთარი სახლები[112].

მაგრამ არსებობდა მთელი რიგი პრობლემები. სოვეტსკის რაიონის კიროვის სახელობის კოლმეურნეობაში სადაც ცხოვრობდა 213 დეპორტირებული ოჯახი, გადასახლების მომენტიდან არცერთი სახლი არ აშენებულა. ყველა ოჯახი ცხოვრობდა ხორბლის საბჭოთა მეურნეობის შენობაში, რომლის ნაწილს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. მაგომედ მერჟოევის რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა უფანჯრო, უკარო ბარაკის ტიპის საცხოვრებელში. გაირკვა, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა სიტუაციის გამოსასწორებლად. პოლუდენის რაიონის ტოკუშინის საბჭოთა მეურნეობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა 133 დეპორტირებული. ერთ ოთახში ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი. ახმეტ ხაპჩუევის შვიდსულიანი ოჯახი 1915-1946 წლებში ცხოვრობდა ცხოველების ყოფილ იზოლატორში [113]. პავლოდარის ტყავის ფაბრიკის ბარაკული ტიპის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ვაინახების 85 ოჯახი ანუ 635 ადამიანი. ტემპერატურა ზამთარში ეცემოდა -20°С-მდე, თუმცა მოსახლეობას არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი, ბავშვები ნახევრად შიშველი იყვნენ და პრაქტიკულად სიკვდილსთვის განწირულები. 1945 წლის იანვარში ფაბრიკაში შიმშილისა და სიცივისაგან გარდაიცვალა 12 ადამიანი[114].

ნორმატიული აქტების მიხედვით, კომპენსაციის სახით დეპორტირებულებს უნდა მიეღოთ პირუტყვი. 1944 წლის 1 დეკემბრისათვის პირუტყვი გამოუყვეს 3 924 ოჯახს (ოჯახების საერთო რაოდენობის 82 %-ს), აქედან 2 177 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 6 086 თხა და ცხვარი. 1946 წელს ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში პირუტყვი ჰყავდა 5 088 ოჯახიდან 5 017-ს[115].

ვაინახების გაძლიერებული კონტროლი

1945 წლის იანვარში ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება ვაინახების უფლებების დამატებით შეზღუდვის შესახებ. მათ ჩამოერთვათ საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება, თუკი არ შეატყობინებდნენ სპეციალურ კომენდატურას. სამი დღის განმავლობაში მათ ნკვდ-ს ორგანოებისათვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია ყველანაირი ოჯახური ცვლილების შესახებ. კომენდატურას მიეცა უფლება დამნაშავე დაეპატიმრებინა 5 დღის განმავლობაში ან დაეკისრებინა ჯარიმა 100 მანეთის ოდენობით[116].

ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის არასაიმედო ადამიანების არსებობა. ნკვდ-ის ორგანოებმა სპეცგადასახლებულებს შორის ანტისაბჭოთა განწყობილების მქონეთა დიდი რიცხვი აღმოაჩინეს[116].

1944 წლის შუა პერიოდში მხოლოდ ყაზახეთში დააპატიმრეს 2 196 სპეცგადასახლებული. ოქტომბერში ეს ციფრი გაიზარდა 3 310-მდე. კიდევ 1 969 ადამიანი აიყვანეს აღრიცხვაზე[117].

სპეცგადასახლებულებს შორის შემოიღეს კოლექტიური პასუხისმგებლობის სისტემა: სპეცგადასახლებულები დაყვეს „ათკომლიან“ ჯგუფებად, ჯგუფის ყველა წევრი პასუხს აგებდა ერთი მათგანის დანაშაულზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთიელებს შორის საიდუმლო აგენტების ჩანერგვასაც ახდენდა. გარდა ამისა ვაინახები იძლებული იყვნენ შეერთებოდნენ ე. წ. „თანამშრომლობის ჯგუფებს“, რომლებიც ეხმარებოდნენ სპეცკომენდატურას[118].

პირი, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი დეპორტირებულებს შორის, ხშირ შემთხვევაში რელიგიური პირები, იმყოფებოდნენ სპეცსამსახურების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. მათ არწმუნებდნენ ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან. მაგალითად, სპეცგადასახლებულებისათვის შენარჩუნებული იყო საარჩევნო უფლებები. 1946 წელს ვაინახების უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის უმაღლსი საბჭოს არჩევნებში რელიგიური ავტორიტეტების აგიტაციის წყალობით. ამავე დროს ის რელიგიური პირები, რომლებიც არ ღებულობდნენ მონაწილეობას არჩევნებში მოქცეულნი იყვნენ იზოლაციაში და დევნიდნენ. მსგავსი აგიტაციისათვის დააკავეს 40 ადამიანი. 1946 წლის შემოდგომაზე სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ათასზე მეტი რელიგიური ავტორიტეტი, საიდანაც 170-ს აიძულეს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან[119].

გადასახლებულთა წინააღმდეგობა

მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებმა ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ სპეცგადასახლებულების მხრიდან კანონის დარღვევის მრავალრიცხოვანი შემთხვევები. ცხადია, ამ დარღვევების დიდი უმრავლესობა პირდაპირ პროვოცირებული იყო ხელისუფლების პოლიტიკის მიერ. დეპორტაციის პირველი წლის ყველაზე ხშირი დანაშაული იყო საკვები პროდუქტების ქურდობა და პირუტყვის გატაცება, დასახლებების ადგილების არასანქცირებული მიტოვება. როგორც წესი ვაინახები დაკავებისას ნკვდ-ს ადგილობრივ ორგანოებს წინააღმდეგობებს უწევენ[120].

გაქცევის ერთი მიზეზი იყო კიდევ ის, რომ მრავალი ოჯახი დააშორიშორეს და სპეცსამსახურები ამ პრობლემის მოგვარებას არც კი ცდილობდნენ. 1944 წლის გაზაფხულიდან 1950 წლის ბოლომდე დაფიქსირდა 20 000 გაქცევის ფაქტი. თითქმის ყველა გაქცეული დააკავეს[120].

1948 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ ჩეჩნები და ინგუშები დეპორტირებულები იყვნენ „სამუდამოდ“. ასევე გამკაცრდა სასჯელი განსახლების ადგილებიდან გაქცევის გამო. უმაღლესი სასჯელის ზომა შეადგენდა 20 წლიან კატორღას, ხოლო მათ ვინც გაქცეულებს დაეხმარებოდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებოდათ. მიუხედავად ამისა გაქცევები არ შეწყვეტილა, ზოგიერთმა გაქცეულმა გროზნოს ოლქის ტერიტორიასაც კი მიაღწია[120].

1948 წელს დეპორტირებულების ნაწილი ხელმეორედ გადაასახლეს, ამ შემთხვევაში ყაზახეთის საზღვრებს მიღმა. დეპორტირებულების ნაწილმა განიზრახა ჩინეთში გაქცევა, მაგრამ ხელისუფლებამ გამოსცა კანონი და აიკრძალა დაპორტირებულების დასახლება სახელმწიფო საზღვრიდან ას კილომეტრში. ამ ბრძანების გამოსვლის შემდეგ 6 ათასი ვაინახი გაასახლეს ყაზახეთის სსრ-ის სასაზღვრო რაიონებიდან[121].

1940-1950-იან წლებში აღინიშნა მცირე შეტაკებები დეპორტირებულებსა და დამნაშავე ელემენტებს შორის, რომლებიც ხელისუფლებას თავის ნებაზე ჰყავდა მიშვებული. კრიმინალები ცდილობდნენ საკუთარი ბრძანებებისათვის დაემორჩილებინათ ჩეჩნები და ინგუშები. თუმცა მთიელები ყველანაირად ცდილობდნენ მსგავსი საქციელის აღკვეთას. სტალინურ ბანაკებში და ციხეებში ვაინახები გამოდიოდნენ დაჩაგრულების დამცველთა როლში[122].

დეპორტირებულთა შრომა

ნკვდ ასევე დაკავებული იყო სპეცგადასახლებულების შრომითი მოწყობის საკითხებით. რადგან მათი უმრავლესობა გადასახლებამდე დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობით, მათი ძირითადი დამსაქმებელი გახდა მიწათმოქმედების სახალხო კომიტეტი. რამდენიმე ათასი ადამიანი გაიგზავნა ქვანახშირის მაღაროებში და ფერადი მეტალების საბადოებზე, შავი და ფერადი მეტალურგიის საამქროებში, ტრანსპორტისა და ეკონომიკის სხვა დარგებში სამუშაოდ. ნავთობის მრეწველობის სპეციალისტები გააგზავნეს ყაზახეთის ატირაუს ოლქში[116].

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების ანალიტიკოსები დეპორტირებულების უმრავლესობას სამრეწველო საქმიანობისათვის არასაიმედოდ მიიჩნევდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც ყოველნაირად ცდილობდნენ მსგავსი პირები არ მიეღოთ სამსახურში. მიგრანტებს არ გააჩნიათ არანაირი უფლებები, რამაც მათი ინტერესების იგნორირება მოახდინა. გურიევის ოლქში მოქმედებდა საოლქო კომიტეტი, რომელსაც აკრძალული ჰქონდათ ვაინახების მიღება სპეციალისტების მომზადების კურსებზე[123].

კონტინგენტი, რომელიც შეყვანილი იყვნენ „სოციალურად არასაიმედოების“ კატეგორიაში, შეეძლოთ ემუშავათ მხოლოდ იქ სადაც კომენდატურა გააგზავნიდა. ყველას ვინც არ ეკუთვნოდა აღნიშნულ კატეგორიას შეეძლო თავად მოეძებნა სამსახური. განსაკუთრებულ შემთხვევებში მათ ეკრძალებოდათ სამსახურის მოძებნა დასახლების ფარგლებს გარეთ[116].

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მომუშავე ვაინახების რაოდენობა სტბილურად აღემატებოდა შრომისუნარიანების რიცხვს. ყაზახეთში შრომისუნარიანად ითვლებოდა 155 000 ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებული, ხოლო მუშაობდა 171 ათასი, საიდანაც 7,5 ათასი ითვლებოდა არაშრომისუნარიანად, ხოლო 13,5 ათასი იყო მოზარდი. ეს გამოწვეული იყო მთიელთა მძიმე ცხოვრების პირობებით, იძლებულები იყვნენ ემუშავათ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ პატარებსა და ავადმყოფებსაც კი[122].

სპეცგადასახლებულებს კეთილსინდისიერი შრომისათვის აჯილდოებდნენ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვებით. ნკვდ-ს მონაცემებით 1947 წლისათვის ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის შიმშილობა პრაქტიკულად შეწყდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ვაინახების უმრავლესობამ საკუთარი მეურნეობა მოაწყო, ჰყავდათ პირუტყვი, შინაური ფრინველი, უვლიდნენ ბოსტანს[124].

ზოგიერთ კოლმეურნეობაში დეპორტირებულები მუშაობდნენ ადგილობრივებზე უკეთ. ბაბიტ შამსუდიმ 1946 წლის პირველ ნახევარში გამოიმუშავა 346 შრომადღე, იბრაგიმ დერკინმა — 306, შედიტ ახმეტოვმა — 295. არცერთ ადგილობრივს არ გამოუმუშავებია ამდენი შრომადღე[125].

ახმეთ საპაროვმა 1952 წელს მიიღო ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი საპატიო სიგელი, ერთი წლის შემდეგ მიანიჭეს მეცხოველეობის ოსტატის წოდება, 1963 წელს მიიღო მეორე საპატიო სიგელი. იგი დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, ხალხთა მეგობრობის ორდენით. 1971 წელს მას მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მისი სახელი შეიტანეს ყაზახეთის სსრ-ის საპატიო მოქალაქეების ოქროს წიგნში[126].

მადი ბახმადოვი ტალდი-ყურღანის ოლქში მოხვდა 13 წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ დაეღუპა მამა და მან აიღო საკუთარი თავზე ოჯახის რჩენა. კარგი მუშაობისათვის მას წოდებები მისცეს. მისი დამხმარე ვერა ნესინა შრომის გმირი გახდა, ხოლო თავად მადიმ მიიღო ლენინის ორდენი, მაგრამ იგი არ მისცეს იმის გამო, რომ იყო დეპორტირებული. 1959 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში, გახდა ცნობილი მეცხვარე და დააჯილდოვეს საპატიო ნიშნის ორდენით, მიიღო ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი სოფლის მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე. 1971 წელს მას მიენიჭა სოციალისტუური შრომის გმირის წოდება[127].

ასტანის პარტიის ქალაქკომის მდივანი ა. ანდრეევი ამბობდა, რომ საოლქო გაზეთები არ წერდნენ ვაინახ დამრტყმელ მუშებზე[128].

სპეცგადასახლებულების წარდგენა სახელმწიფო ჯილდოებზე დაიწყეს 1948 წლიდან. ყაზახეთში იყო ხუთი ათასი სტახანოველი და დამრტყმელი მუშა ჩეჩნებისა და ინგუშების რიცხვიდან. 56 მათგანი დააჯილდოვეს გმირული შრომის მედლით, 278-ს გადასცეს პირუტყვი, 3 449-ს — ფული და სამრეწველო საქონელი. სოციალისტური შრომის გმირის წოდებით დააჯილდოეს 8 სპეცგადასახლებული, ხოლო კიდევ 71 — ორდენებით და მედლებით[124].

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

 
ჩეჩენი და ინგუში დიასპორის წარმომადგენლების მიტინგი სტრასბურგში, 2017 წლის 23 თებერვალს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სსრკ-ის მოკავშირეები მთლიანად უგულვებელყოფდნენ დეპორტაციის ფაქტს, სამაგიეროდ მხარს უჭერდნენ გერმანელების დეპორტაციას, როგორც მეხუთე კოლონის ლიკვიდაციას. ცივი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და ასევე გაეროს ყრილობებზე საუბარი დაიწყეს საბჭოთა კავშირში დეპორტაციის საკითხებზე. საბჭოთა დიპლომატები შემხვედრი ბრალდებებით პასუხობდნენ ევროპელ დიპლომატებს და მაგალითად მოჰყავდათ აფრიკის დეკოლონიზაცია[129].

ჩეჩნებმა და ინგუშებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, დაიწყეს აქტიური ბრძოლა მათი თანამემამულეების უფლებების აღსადგენად. დიასპორის წარმომადგენლებმა შექმნეს ორგანიზაციები, რომლებიც სთხოვდნენ მათ ქვეყანას, გამოეყენებინა თავისი გავლენა და ზეწოლა განეხორციელებინათ სსრკ-ის ამგვარ პოლიტიკაზე. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ იორდანიის, თურქეთისა და აშშ-ის ჩეჩენთა დიასპორა[129].

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აბდურაჰმან ავტორხანოვს. იგი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა ბრძოლას დეპორტირებული ხალხის სამშობლოში დაბრუნებისა და მათი რეაბილიტაციისათვის. 1952 წელს მიუნხენში გამოიცა მისი წიგნი „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხის მკვლელობა. ხალხთა მკვლელობა სსრკ-ში“. ეს წიგნი ითარგმნა მრავალ ენაზე და დასავლეთში დეპორტაციის საკითხის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შექმნა[130].

რეაბილიტაცია

 
რკინიგზის სადგური. 1957 წელი. ფრუნზე. სოფელ იურტ-აულის მოსახლეები ბრუნდებიან სამშობლოში.

სტალინის სიკვდილისა და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, დეპორტირებულ ხალხს გაუჩნდა რეაბილიტაციისა და სამშობლოში დაბრუნების იმედი. რეპრესირებულთა ცნობილი წარმომადგენლები ხელისუფლებასთან აგზავნიდნენ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებისა და კოლაბორაციონიზმში დადანაშაულების მოხსნის შესახებ.

საბჭოთა კავშირისა და რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების 1957 წლის 9 იანვრის ბრძანებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღადგინეს[131][132], თუმცა რამდენადმე განსხვავებულ საზღვრებში ვიდრე ის იყო გაუქმების დროს. მის შემადგენლობაში დარჩა 1944 წელს სტავროპოლის მხარიდან გროზნოს ოლქისათვის გადაცემული ნაურისა და შელკოვის რაიონები, ძირითადად რუსული მოსახლეობით, მაგრამ მას არ დაუბრუნეს პრიგოროდნის რაიონი და იგი დარჩა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს. აღდგენის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი იყო 19 300 კმ².

1957 წლის 11 თებერვალს სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა პრეზიდიუმის ბრძანება და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ავტონომიური რესპუბლიკა კვლავ შეიტანეს.

რეზოლუციის არათანამიმდევრული განხორციელებისა და ცენტრში პარტიული წარმომადგენლების წინააღმდეგობის გამო აღდგენის პროცესი გაჭიანურდა, რაც დაკავშირებული იყო ასევე ახალ პრობლემებთან. ორმხრივი პროვოკაციების გამო რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა 113 ათასმა არა ადგილობრივმა მოსახლეობამ[133].

1989 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე რეპრესიები არაკანონიერად შეფასდა. დეკლარაციის საფუძველზე მოახდინეს ყველა რეპრესირებული ერის რეაბილიტაცია[134].

1991 წლის 26 აპრილს რსფსრ-ში მიიღეს კანონი რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ, რომელმაც ხალხთა დეპორტაციები შეაფასა როგორც „ცილისწამების და გენოციდის პოლიტიკა“. გარდა ამისა, კანონი აღიარებდა რეპრესირებული ხალხის უფლებას, აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც არსებობდა საზღვრების იძულებით შეცვლის არაკონსტიტუციურ პოლიტიკამდე, ნაციონალური სახელმწიფო ორგანოების აღდგენას, რაც მათი გაუქმებამდე იყო ჩამოყალიბებული, ასევე სახელმწიფოს მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას[135].

2014 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია აღიარა გენოციდის აქტად[136][137][138].

დეპორტაციის ერთ-ერთი შედეგი იყო ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩეჩენური დიასპორის გაჩენა.

სამეცნიერო შეფასებები

ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნის ბრაიან გლინ უილიამსის აზრით, გადასახლების პერიოდში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩეჩნებისა და ინგუშების დეპრტაცია გაეროს კონვენციის თანახმად ჩაითვალოს გენოციდად[139].

ხსოვნა

 
სტალინიზმის მსხვერპლი ჩეჩენი-აკინჯების ძეგლი
 
აუხის მცხოვრებთა მიტინგი 2017 წლის 23 თებერვალს, რომელიც ეძღვნებოდა დეპორტაციის წლისთავს.

1953 წელს სემიონ ლიპკინმა დაწერა პოემა „ბელადი და ტომი: ნისლი მთებში“, რომელიც ეძღვნებოდა ჩეჩნებს, რომლებმაც დეპორტაციას მთებში დაემალნენ. 1980 წელს მანვე დაწერა პოემა „დეკადა“, რომელიც ეძღვნებოდა გამოგონილი კავკასიელი ხალხის, ტავლარების დეპორტაციას[140].

1977 წელს ვლადიმერ ვისოცკიმ დაწერა დეპორტაციისადმი მიძღვნილი სიმღერა „გაფრინდა ცხოვრება“[141][142].

ვაინახების დეპორტაციას მიეძღვნა ანატოლი პრისტავკინის წიგნი „ეძინა ოქროს ღრუბელს“. მისმა პუბლიკაციამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ზნამიაში“, გამოიწვია დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი. მომდევნო წლებში მას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა[143], ხოლო 1989 წელს კინორეჟისორმა სულამბეკ მამილოვმა მოახდინა მისი ეკრანიზაცია[144].

1989 წლის 19 თებერვალს დაღესტნის ნოვოლაკის რაიონის დასახლება ჩარავალში გაიხსნა სტალინიზმის მსხვრეპლ ჩეჩენი-აკინჯების ძეგლი. იგი იყო მსგავსი შინაარსის პირველი ძეგლი ქვეყანაში[145].

1994 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე, გროზნოში გაიხსნა 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი. პროექტის ავტორი იყო დარჩი ჰასანხანოვი. 2008 წელს ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანეს[146].

 
მემორიალი „ცხრა კოშკი“.

1997 წლის 23 თებერვალს დეპორტაციის წლისთავზე ნაზრანში გაიხსნა მემორიალი „ცხრა კოშკი“, რომლის ავტორიც იყო რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი მურად პოლონკოევი. აღნიშნული ნაშრომისათვის ავტორი 2002 წელს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით დააჯილდოეს. მემორიალი არქიტექტურის ძეგლია და შეტანლია რუსეთის სამხატვრო აკადემიის რეესტრში[147].

2011 წლამდე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 23 თებერვალი ხსოვნისა და მწუხარების დღე იყო[148]. 2011 წელს ჩეჩნეთში რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დადგენილებით, ღონისძიება გადაიტანეს 10 მაისს - ახმატ კადიროვის დაკრძალვის დღეს. ამავე წელს ინგუშებმა ღონისძიება გადაიტანეს 24 თებერვალს. ინგუშეთის პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერის კალოია ახილგოვის ინფორმაციით, ეს გააკეთეს მოსკოვის მითიტების გამო[149].

2011 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთის მთავრობის საარქივო სამმართველომ და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა ჩეჩნეთის პარლამენტის მხარდაჭერით გახსნეს საიტი, რომელიც ეძღვნებოდა „1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპოტაციის მსხვერპლთა ხსოვნას“. გახსნის მომენტისათვის ბაზა შეიცავდა ინფორმაციას 60 000 დეპორტირებულ პიროვნებაზე[150][151].

2011 წელს ყაზახეთში, რეპრესიების მსხვერპლთა დღის წინა პერიოდში, რომელიც აღინიშნება 31 მაისს, ყარაგანდაში გაიხსნა დეპორტაციის პერიოდში დაღუპული ჩეჩენი და ინგუში ხალხის სამახსოვრო ძეგლი[152].

2014 წელს სტუდია „გროზნო-ფილმმა“ გადაიღო ფილმი „ნაბრძანებია დავიწყება“[153]. ფილმის პრემიერა უნდა გამართულიყო 2014 წლის 10 მაისს გროზნოში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ფილმის ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან „აღვივებდა ერთაშორის უთანხმოებას“[154][155][156][157]. ამავე წელს ფილმი აჩვენეს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამით. ეს მოხდა ფილმის რეჟისორის ჰუსეინ ერკენოვის მოთხოვნით[158].

დღემდე დეპორტაცია არის მხატვრების, პუბლიცისტებისა და მეცნიერი ვაინახების მუდმივი განსჯის თემა. დეპორტაციის შესახებ წერდა მაგომეტ სულაევი რომანში „მთები არ დაივიწყებენ“, ზ. აბდულაევი წიგნში „აფორიაქებები“[159], ხამზათ იანდარბიევი „საუკუნის დანაშაული“[160] და მთელი რიგი ავტორები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Абдулаев З. С., Всполохи: Повести, рассказы, очерки, გროზნო, 1988.
  • Абдурахманов Д. Б., Ахмадов Я. З., Битва за Чечню, გროზნო: АО «ИПК «Грозненский рабочий», 2015, ISBN 978-5-4314-0155-8.
  • Авторханов А. Г., Убийство чечено-ингушского народа, СП «Вся Москва», 1991.
  • Ахмадов Я. З., Хасмагомадов Э. Х., История Чечни в XIX-XX веках, მოსკოვი: «Пульс», 2005. 1200 ეგზ., ISBN 5-93486-046-1.
  • Бибулатов В. М., Трудовые подвиги спецпереселенцев // Архивный вестник : журнал, 2016, № 4, გვ. 170—172.
  • Бугаев А. М., Почему Сталин выселял народы? (постановка проблемы) // Известия вузов. Северо-Кавказский регион : журнал, Известия вузов. Северо-Кавказский регион, 2009, № 3а, გვ. 88—91.
  • Бугай Н. Ф., Репрессированные народы России: Чеченцы и Ингуши, Капь, 1994.
  • Висаитов М. А., От Терека до Эльбы. Воспоминания бывшего командира гвардейского полка о боевом пути в годы Великой Отечественной войны, გროზნო: Чечено-Ингушское книжное издательство, 1966.
  • Волконский С. Г., Записки, Иркутск: Восточно-Сибирское книжное издательство, 1991.
  • Дунюшкин И. Е. Идеологический и военный аспект борьбы с вайнахским национал-клерикальным сепаратизмом на Северном Кавказе в 1941 году. Доклад на научной конференции 9 декабря 2001 года.
  • Ермекбаев Ж. А., Чеченцы и ингуши в Казахстане. История и судьбы, Алма-Ата: «Дайк-Пресс», 2009, ISBN 978-601-7170-028.
  • Земсков В. Н., Спецпоселенцы в СССР. 1930—1960 гг., მოსკოვი: Наука, 2005.
  • Ибрагимов М. М., Гакаев Д. Ж., Хасбулатов А. И. და სხვ., История Чечни с древнейших времён до наших дней, გროზნო: ГУП "Книжное издательство", 2008, ISBN 978-5-98896-101-7.
  • Козлов В. А. და სხვ., Вайнахи и имперская власть: проблема Чечни и Ингушетии во внутренней политике России и СССР, მ.: Российская политическая энциклопедия, 2011, ISBN 978-5-8243-1443-4.
  • Лазарев С. Е. О прошлом ради будущего: интервью с Мусой Ибрагимовым // Военно-исторический архив. 2016. № 7 (199). С. 168—191.
  • Лунина М., Терпение камня // Собеседник : газета, 1989, № 27, გვ. 12.
  • Михайлов А. Г., Чеченское колесо: генерал ФСБ свидетельствует, მ.: ООО Коллекция «Совершенно секретно», 2002, ISBN 5-89048-100-2.
  • Нухажиев Н. С., Умхаев Х. С., Депортация народов: ностальгия по тоталитаризму, გროზნო: ЗАОр «НПП «Джангар», 2009.
  • Ошаев, Х. Д., Под кровавыми сапогами: рассказы-были из истории депортации чеченского народа, Нальчик: 2004.
  • Пыхалов И. В., За что Сталин выселял народы? Сталинские депортации — преступный произвол или справедливое возмездие?, მ.: Яуза-Пресс, 2008, ISBN 978-5-9955-0017-9.
  • Сборник докладов «Мир и война: 1941 год». — Екатеринбург: Издательство гуманитарного университета, 2001.
  • Сигаури И. М., Очерки истории и государственного устройства чеченцев с древнейших времен, ტ. 2, მ.: «Русь», 2001.
  • Эдиев Д. М., Демографические потери депортированных народов СССР, Ставрополь: СтГАУ "Аргус", 2003, ISBN 595960020X.
  • Яндарбиев Х. Ш., Преступление века / Ред. Ирисханов И. А., გროზნო: «Книга», 1992.
  • Pohl J. O., Ethnic Cleansing in the USSR, 1937–1949, Westport—London: Greenwood Publishing Group, 1999. — გვ. 93-98. 179 გვ.
  • Williams B. G., Inferno in Chechnya: the Russian-Chechen Wars, the Al Qaeda Myth, and the Boston Marathon Bombings, Lebanon, NH: University Press of New England, 2015. — გვ. 66-67. 218 გვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გზაში „დაკარგული“ ვაინახები
  2. 2.0 2.1 2.2 Указ
  3. Ермекбаев, 2009, გვ. 13
  4. 4.0 4.1 Ахмадов, 2005, გვ. 836
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 RIA
  6. 6.0 6.1 Ахмадов, 2005
  7. 7.0 7.1 Ахмадов, 2005, გვ. 824
  8. 8.0 8.1 8.2 Ахмадов, 2005, გვ. 820
  9. Абдурахманов, 2015, გვ. 269—270
  10. Сигаури, 2001, გვ. 234
  11. Ахмадов, 2005, გვ. 790
  12. Ермекбаев, 2009, გვ. 73—74
  13. Музаев
  14. Ахмадов, 2005, გვ. 793
  15. Межиев
  16. Ибаева
  17. Висаитов, 1966, გვ. 71
  18. Ахмадов, 2005, გვ. 793—794
  19. Ахмадов, 2005, გვ. 846
  20. Ахмадов, 2005, გვ. 795
  21. Ахмадов, 2005, გვ. 796—797
  22. 22.0 22.1 Ахмадов, 2005, გვ. 797
  23. Ермекбаев, 2009, გვ. 75
  24. Ермекбаев, 2009, გვ. 76
  25. Ермекбаев, 2009, გვ. 77
  26. Ахмадов, 2005, გვ. 822
  27. Козлов, 2011, გვ. 685
  28. Эдиев, 2003, გვ. 28
  29. Эдиев, 2003, გვ. 27
  30. Эдиев, 2003, გვ. 28—29
  31. Абдурахманов, 2015, გვ. 252
  32. Эдиев, 2003, გვ. 26—27
  33. Калыбекова
  34. Эдиев, 2003, გვ. 14—15
  35. 35.0 35.1 35.2 Бугаев, 2009
  36. ქართული ტოპონიმები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წლები)
  37. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანება, გაზ. ”კომუნისტი”, 1944 წლის 12 ოქტომბერი. თბილისი.
  38. Эдиев, 2003, გვ. 23
  39. 39.0 39.1 Эдиев, 2003, გვ. 23—24
  40. Эдиев, 2003, გვ. 24—25
  41. Эдиев, 2003, გვ. 25
  42. Медведев
  43. Шнайдер
  44. 44.0 44.1 Ибрагимов, 2008, გვ. 547
  45. Ахмадов, 2005, გვ. 833
  46. Ахмадов, 2005, გვ. 833—838
  47. Ахмадов, 2005, გვ. 837
  48. 48.0 48.1 Ахмадов, 2005, გვ. 838—839
  49. Ибрагимов, 2008, გვ. 548
  50. Мероприятия
  51. Скепсис
  52. 52.0 52.1 Полян
  53. 53.0 53.1 53.2 Архив Сталина
  54. Мендкович
  55. 55.0 55.1 55.2 55.3 Ахмадов, 2005, გვ. 847
  56. Кречетников
  57. Ермекбаев, 2009, გვ. 91
  58. Гайрбеков
  59. Ахмадов, 2005, გვ. 846—847
  60. Ермекбаев, 2009, გვ. 89
  61. М. Музаев. Тяжёлый путь к реабилитации…. chechnyatoday.com. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
  62. Ахмадов, 2005, გვ. 845—846
  63. Ахмадов, 2005, გვ. 860
  64. Бугай
  65. Абдурахманов, 2015, გვ. 277
  66. Михайлов, 2002, გვ. 17
  67. Марко Шахбанов. (2005-03-18) Жертвы неизвестной депортации. chernovik.net. ციტირების თარიღი: 2018-01-31.
  68. Операция "Чечевица". 23 февраля 1944 года. bessmertnybarak.ru (2016-02-23). ციტირების თარიღი: 2018-01-31.
  69. Ахмадов, 2005, გვ. 844
  70. Ахмадов, 2005, გვ. 862
  71. Михайлов, 2002, გვ. 16
  72. Ахмадов, 2005, გვ. 845
  73. Ахмадов, 2005, გვ. 884—885
  74. Ахмадов, 2005, გვ. 848—849
  75. sevkrimrus
  76. garant
  77. Указ.
  78. Ахмадов, 2005, გვ. 849
  79. Ахмадов, 2005, გვ. 849—850
  80. Ахмадов, 2005, გვ. 850
  81. Ахмадов, 2005, გვ. 852
  82. 82.0 82.1 Ахмадов, 2005, გვ. 853
  83. Ахмадов, 2005, გვ. 850—851
  84. Ахмадов, 2005, გვ. 851
  85. 85.0 85.1 Ахмадов, 2005, გვ. 854
  86. Умхаев, 2009, გვ. 146
  87. 87.0 87.1 Ахмадов, 2005, გვ. 855
  88. Ермекбаев, 2009, გვ. 92
  89. Козлов, 2011, გვ. 649
  90. Ермекбаев, 2009, გვ. 88
  91. 91.0 91.1 Ахмадов, 2005, გვ. 856
  92. Ахмадов, 2005, გვ. 856—857
  93. 93.0 93.1 Ахмадов, 2005, გვ. 857
  94. Ахмадов, 2005, გვ. 857—858
  95. 95.0 95.1 Ахмадов, 2005, გვ. 858
  96. Ахмадов, 2005, გვ. 858—859
  97. Ахмадов, 2005, გვ. 859
  98. Земсков, 2005, გვ. 178
  99. Земсков, 2005, გვ. 193—195
  100. Pohl, 1999
  101. Эдиев, 2003, გვ. 294
  102. Земсков, 2005, გვ. 210—224
  103. Ермекбаев, 2009, გვ. 96
  104. Ермекбаев, 2009, გვ. 102-103
  105. 105.0 105.1 Ермекбаев, 2009, გვ. 104
  106. Ермекбаев, 2009, გვ. 98
  107. Ермекбаев, 2009, გვ. 99—100
  108. Ермекбаев, 2009, გვ. 107
  109. Ермекбаев, 2009, გვ. 106—107
  110. Ермекбаев, 2009, გვ. 111
  111. Ермекбаев, 2009, გვ. 114
  112. Ермекбаев, 2009, გვ. 111—112
  113. Ермекбаев, 2009, გვ. 112—113
  114. Ермекбаев, 2009, გვ. 130
  115. Ермекбаев, 2009, გვ. 115
  116. 116.0 116.1 116.2 116.3 Ахмадов, 2005, გვ. 861
  117. Ахмадов, 2005, გვ. 864
  118. Ахмадов, 2005, გვ. 865
  119. Ахмадов, 2005, გვ. 865—866
  120. 120.0 120.1 120.2 Ахмадов, 2005, გვ. 866
  121. Ахмадов, 2005, გვ. 866—867
  122. 122.0 122.1 Ахмадов, 2005, გვ. 869
  123. Ахмадов, 2005, გვ. 867
  124. 124.0 124.1 Бибулатов, 2016, გვ. 170—172
  125. Ермекбаев, 2009, გვ. 146—147
  126. Ермекбаев, 2009, გვ. 147—148
  127. Ермекбаев, 2009, გვ. 149—150
  128. Ермекбаев, 2009, გვ. 152
  129. 129.0 129.1 Ахмадов, 2005, გვ. 876
  130. Ахмадов, 2005, გვ. 876—877
  131. Указ Президиума ВС СССР от 09.01.1957
  132. Указ Президиума ВС РСФСР от 09.01.1957 № 721/4 о восстановлении Чечено-Ингушской АССР и упразднении Грозненской области
  133. Ермекбаев, 2009, გვ. 269
  134. ст. 2 Закона «О реабилитации репрессированных народов»
  135. Закон РСФСР от 26.04.1991 "О реабилитации репрессированных народов" (с изменениями и дополнениями). base.garant.ru (1991-04-26). ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  136. Европейский парламент признал геноцидом сталинскую депортацию чеченцев и ингушей в Центральную Азию и Сибирь в 1944 году. svoboda.org (2004-02-26). ციტირების თარიღი: 2018-02-21.
  137. Европейский парламент признал геноцидом сталинскую депортацию чеченцев и ингушей. kavkaz-uzel.eu (2004-02-27). ციტირების თარიღი: 2018-02-21.
  138. Европейский Парламент признал депортацию чеченцев в 1944 году актом геноцида. 23021944.ru (2004-02-27). ციტირების თარიღი: 2018-02-21.
  139. Williams, 2015
  140. Козлов, 2011, გვ. 691
  141. Высоцкий - Летела жизнь YouTube-ზე
  142. Высоцкий
  143. Валитова
  144. ruskino
  145. Лунина, 1989, გვ. 12
  146. ликвидация
  147. Журнал «Дош». № 24, 16.05.2011
  148. Ибрагимов
  149. Перенос
  150. Памяти жертв депортации чеченцев и ингушей в 1944 году. 23021944.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-31.
  151. Муслим Ибрагимов. (2011-02-23) Власти Чечни открыли сайт, посвященный депортации 1944 года. kavkaz-uzel.eu. ციტირების თარიღი: 2018-01-31.
  152. В Казахстане открыт монумент памяти вайнахов – жертв политрепрессий. grozny-inform.ru. Информационное агентство «Грозный-информ». ციტირების თარიღი: 2018-04-18.
  153. Приказано забыть. YouTube-ზე
  154. Показы фильма «Приказано забыть» запрещены Минкультом РФ. kinote.info (2014-05-21). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  155. Министерство культуры запретило к показу на территории России фильм «Приказано забыть» о депортации чеченцев и ингушей в феврале 1944 года. echo.msk.ru. Эхо Москвы (2014-05-20). ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  156. "Приказано забыть". Запрещенный фильм. kavpolit.com (201-06-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-02. ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  157. Анастасия Кириленко. (2014-06-26) Как бы не разжечь.... svoboda.org. Радио «Свобода». ციტირების თარიღი: 2018-04-01.
  158. Лейла Павлова, Маша Твардовская. (2014-06-24) «Приказано забыть»: приоткрытый показ. kavpolit.com. Кавполит. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-08. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
  159. Абдуллаев, 1988
  160. Яндарбиев, 1992