ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ)

ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (რუს. Чечено-Ингушская Автономная Советская Социалистическая Республика, Чечено-Ингушская АССР, ჩეჩ. Нохч-ГӀалгӀайн Автономин Советийн Социалистийн Республика, Нохч-ГӀалгӀайн АССР, ინგშ. Нохч-Гӏалгӏай Автономни Советски Социалистически Республика, Нохч-Гӏалгӏай АССР; 5 დეკემბერი, 19367 მარტი, 1944 და 9 იანვარი, 19571993) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრ-ის შემადგენლობაში. მდებარეობდა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ფართობი 19.3 ათასი კმ². მოსახლეობა 1 275 ათასი კაცი (1989). დედაქალაქი — გროზნო. რესპუბლიკაში იყო 14 რაიონი, 5 ქალაქი და 4 დაბა.

ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ
რუს. Чечено-Ингушская Автономная Советская Социалистическая Республика
ჩეჩ. Нохч-ГӀалгӀайн Автономин Советийн Социалистийн Республика
ინგშ. Нохч-ГӀалгӀай Автономе Советий Социалистически Республика
დროშა გერბი

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი გროზნო
კოორდინატები 43°19′00″ ჩ. გ. 45°40′59″ ა. გ. / 43.316694° ჩ. გ. 45.683306° ა. გ. / 43.316694; 45.683306
მმართველი Doku Zavgayev
დაარსდა 5 დეკემბერი, 1936
ფართობი 19300 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 275 513 (1989)[1]
გაუქმდა 1991
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო და UTC+3

ჩეჩნეთ-ინგუშეთის აო-ს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში. ბრინჯაოს ეპოქაში მეურნეობის საფუძველს შეადგენდა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. ამ ხანის დასასრულს აღინიშნებოდა კავშირი სკვითებთან, ამიერკავკასიასა და წინა აზიასთან. ადრინდელ შუა საუკუნეებში ჩეჩნეთ-ინგუშეთის აო-ს უმეტესი ნაწილი შედიოდა ადრინდელ ფეოდალურ სახელმწიფო გაერთიანება — ალანიაში. ჩეჩნებისა და ინგუშების პირდაპირი წინაპრები სახლობდნენ მთებში, სადაც მიმდინარეობდა პირველყოფური თემური წყობილების დაშლა. XIII საუკუნეში განიცადა მონღოლთა გამანადგურებელი თავდასხმები. XIV საუკუნეში შეიჭრა თემურ-ლენგი.

X საუკუნიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთის აო-ში დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება საქართველოდან. XVI საუკუნის მიწურულს ფეხი მოიკიდა დაღესტნიდან შემოსულმა მუსულმანობამ, რომელიც XIX საუკუნის I ნახევარში გაბატონებული რელიგია გახდა.

XVIII საუკუნის დამდეგიდან ნოხჩუოს ტომის ეთნოგრაფიულ სახელწოდებად თანდათანობით დამკვიდრდა ჩაჩნები (აულ ჩეჩენიდან), ხოლო XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის (ღლიღვები) ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან).

1722 წელს სპარსეთის ლაშქრობისას ჩეჩნეთში იყო პეტრე I. აქედან მოყოლებული დაიწყო ჩეჩნებისა და ინგუშების (განსაკუთრებით დაბლობში მცხოვრებთა) კულტურული და ეკონომიკური კავშირი რუსეთთან. 1810 წელს ინგუშებმა მიიღეს რუსეთის ქვეშევრდომობა. ცარიზმის კოლონისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდა. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო კოლონიზაციის გაძლიერებამ გამოიწვია მთიელთა მოძრაობა ღაზი-მაჰომედის, ჰამზათ-ბეგისა და შამილის წინამძღოლობით. 1859 წელს შამილის კაპიტულაციის შემდეგ ჩეჩნეთი მთლიანად და საბოლოოდ შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა სამრეწველო სავაჭრო ბურჟუაზია, გაიყვანე რკინიგზა, დაჩქარდა ნავთობის მოპოვება გროზნოში, განვითარდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა.

1900-იანი წლების დამდეგს გროზნოში ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატული წრეები, ხოლო 1903 წელს გაორმდა ბოლშევიკური ორგანიზაცია. ქალაქის პროლეტარიატი აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში.

1917 წლის 4(17) მარტს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ გროზნოში შეიქმნა დროებითი მთავრობის ხელისუფლების ორგანო. 26 ოქტომბერს (8 ნოემბერს) ქალაქში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ჩაჩნეთ-ინგუშეთში თან ახლდა მძაფრი კლასობრივი ბრძოლა. კონტრრევოლუცია ილაშქრებდა საბჭოების წინააღმდეგ. ადგილობრივებმა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით 1920 წლის მარტის ბოლოს საბოლოოდ აღადგინეს საბჭოთა ხელისუფლება. მხარის ბოშევიკთა ბრძოლას სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ ს. კიროვი და გ. ორჯონიკიძე. 1921 წლის 20 იანვარს ჩეჩნეთ-ინგუშეთი შევიდა მთიანეთის ასსრ-ში. 1922 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა ჩაჩნეთის, ხოლო 1924 წლის 7 ივლისს ინგუშეთის აო რსფსრ-ის შემადგენლობაში, რომლებიც 1934 წლის 15 იანვარს გაერთიანდნენ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქში. 1936 წლის 5 დეკემბერს ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ასსრ-დ.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის შემოდგომიდან 1943 წლის იანვრამდე რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1944 წლის 7 მარტს ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ გააუქმეს. 1957 წლის 9 იანვარს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ კვლავ აღდგა.

1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკა დაიშალა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებად.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ დაჯილდოვდა 1965 წლის 13 დეკემბერს ლენინის ორდენით, 1972 წლის 6 დეკემბერს ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და 29 დეკემბერს ხალხთა მეგობრობის ორდენით, ხოლო 1982 წელს — შრომის წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება