ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „უოლტ დისნეი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. უოლტ დისნეი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney; დ. 5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო, აშშ ― გ. 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში, ითვლება კულტურულ სიმბოლოდ,[1] რომელიც ცნობილია თავისი გავლენით და წვლილით XX საუკუნის შოუ-ბიზნესში. თავის ძმა როი ო. დისნეისთან ერთად იყო The Walt Disney Company-ს დამაარსებელი.[2]

უოლტ დისნეი

უოლტ დისნეი 1946 წელს
მშობლიური სახელი Walt Disney
დაბადების სახელი უოლტერ ელიას დისნეი
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1901
ჩიკაგო, ილინოისი
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 1966 (65 წლის)
ბერბანკი, კალიფორნია
დაკრძალულია გლენდეილი,
კალიფორნია,
აშშ
პროფესია 1920–1966
საქმიანობა
  • ანტერპრენერი
  • პროდიუსერი
  • დისნეის კომპანიის თანადამაარსებელი
  • რეჟისორი
რელიგია ქრისტიანი
(კონგრეგაციონალისტი)
მეუღლე(ები) ლილიან ბაუნდსი
(1925–1966)
შვილ(ებ)ი დაიან მერი დისნეი
შერონ მეი დისნეი
მშობლები მამა: ელიასი
დედა: ფლორა დისნეი
ჯილდოები
ხელმოწერა

უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ნოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. თავის გუნდთან ერთად შექმნა მრავალი გამოგონილი პერსონაჟი, რომელთა შორის არიან მიკი მაუსი, დონალდ დაკი და გუფი. თავად დისნეი მიკის გამხმოვანებელი იყო. დისნეის თავის სიცოცხლეში მიღებული აქვს ოთხი საპატიო ოსკარი და ჯამში 22 ოსკარი 59 ნომინაციიდან, მათ შორის - ერთ წელიწადში სარეკორდო ოთხი [3], რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. მას აგრეთვე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. მისი სახელი დაერქვა დასასვენებელ პარკებს - დისნეილენდს და უოლტ დისნეის მსოფლიოს კურორტს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში არსებულ ტოკიოს დისნეის კურორტს, პარიზის დისნეილენდს და ჰონგ-კონგის დისნეილენდს.

დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში, მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე. დატოვა დიდი მემკვიდრეობა, მათ შორის ურიცხვი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომპანია, პარკები და მისი სახელობის ანიმაციური სტუდია, ისევე, როგორც კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი (CalArts).

1901–1937: პირველი წლები

ბავშვობა

დისნეის წინაპრები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ. არუნდელ ელაიას დისნეი, უოლტის დიდი ბაბუა, დაიბადა კილკინის საგრაფოში 1801 წელს.უოლტის მამა, ელაიას დისნეი, ოხაჯთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში, რადგანაც მამამისმა სხვადასხვა სახის ბიზნესს მოჰკიდა ხელი.ფლორიდაში, სადაც მოგვიანებით დისნეილენდი აშენდა, ელაიასი ფოსტალიონად მუშაობდა.1800-იანი წლების ბოლოს იგი, მეუღლეს ფლორა კოლთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში.სწორედ იქ დაიბადა უოლტი.[4][5]

1906 წლის აპრილში ჩიკაგოში ძალადობის ფაქტებით შეწუხებული ოჯახი გადავიდა მისურის შტატში, ქალაქ მარსელინში, სადაც ელაიასის ძმას უძრავი ქონება გააჩნდა.ელაიასმა იქ შეიძინა სახლი და 45 აკრიანი ფართობი.აქ უოლტს გაუჩნდა ინტერესი ხატვის მიმართ.ერთ-ერთი მეზობელი, „დოკ“ შერვუდი, დაინტერესდა მისი ნიჭით და თანხაც კი გადაუხადა თავისი ცხენის დახატვაში.ქალაქში ასევე გადიოდა რკინიგზა და უოლტი დიდი ინტერესით უსმენდა ხოლმე მის ხმაურს.მოგვიანებით მან საკუთარი ბავშვობის მოგონებების ობიექტები გამოიყენა დისნეილენდის მშენებლობისას.

მარსელინში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ დისნეის ოჯახი 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა კანზასის შტატში.იქ სკოლაში უოლტმა თავისი სეხნია, უოლტ პფაიფერი გაიცნო.პფაიფერების ოჯახის წევრები თეატრალურ საზოგადოებასთან დაახლოებულები იყვნენ.სწორედ მათ გააცნეს უოლტს რიგი ვოდევილებისა და კინოფილმების.მოგვიანებით იგი ხშირად სტუმრობდა მათ, ხოლო უოლტ პფაიფერთან ერთად სასკოლო სპექტაკლებიც დადგა.

ჩიკაგო

1917 წელს ელაისმა შეიძინა ჟელეს დამამზადებელი ქარხნის წილი ჩიკაგოში და ოჯახი დაბრუნდა იქ.წლის ბოლოს უოლტი ჩაირიცხა მაკკინლის სკოლაში, საღამოს კი დადიოდა ჩიკაგოს სამხატვრო ინსტიტუტში.პარალელურად უოლტი მუშაობდა კომიქსების მხატვრად სკოლის გაზეთში.მისი კომიქსები პატრიოტული სულით იყო სავსე და მეორე მსოფლიო ომს ეხებოდა.16 წლისას მან დატოვა სკოლა და ჯარში გადაწყვიტა წასვლა, თუმცა უოლტი არ აიყვანეს, რადგანაც ასაკით იგი ჯერ ახალგაზრდა იყო.

უოლტმა და მისმა მეგობრებმა ალტერნატიული გზა აირჩიეს და „წითელ ჯვარში“ დაიწყეს მუშაობა.მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ასაკი „წითელ ჯვარში“ ჩასარიცხად 17 წელი უნდა ყოფილიყო, უოლტის დედამ შეცვალა დაბადების მოწმობა, რომელშიც დაწერა, რომ უოლტი 1900 წელს დაიბადა.ამრიგად, უოლტი 17 წლის ითვლებოდა და "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით.მთელი წლის განმავლობაში იგი მათი მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.

ამის შემდეგ უოლტი კანზასში დაბრუნდა, სადაც მისი მხატვრის კარიერა დაიწყო.მისი ძმა როი მუშაობდა ბანკში და მეგობრის მეშვეობით მოიძია უოლტისთვის სამუშაო პესმენ-რუბინის სამხატვრო სტუდიაში.იქ უოლტი ხატავდა რეკლამებს გაზეთებისათვის, ჟურნალებისათვის და კინოთეატრებისათვის.იქ მან ასევე გაიცნო მორცხვი კარიკატურისტი იუბ აივერკსი.ორივე მხატვარს ძალიან მოსწონდა ერთმანეთის ნამუშევრები და დამეგობრდნენ.მოგვიანებით მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს.

დისნეიმ და აივერკსმა 1920 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს კერძო კომპანია „აივერკსი-დისნეი - კომერციული მხატვრები“„“. გამოუცდელი წყვილი არავის აინტერესებდა და აივერკსმა დროებით დატოვა კომპანია.იგი სამუშაოდ გადავიოდა კანზას სიტის ფილმების სარეკლამო კომპანიაში.დისნეის პრობლემები გაუჩნდა და სასამართლოსთან ჰქონდა საქმე მას შემდეგ, რაც ბიზნეს გაერთიანება მიითვისეს ნიუ იორკელმა ფინანსისტებმა უინკლერმა და მინცმა.

ჰოლივუდი

Newman Laugh-O-Gram (1921)

ლოს-ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა ჯიბეში.მაშინ მან პირველად გაიფიქრა, რომ ვერ შესძლებს ანიმაციის სფეროში მუშაობას.დისნეის თქმით, თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორად მუშაობა.მან ყველა სტუდია შემოიარა და თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის მიღებაზე.

რადგანაც კინოფილმების გადაღება არ ანდეს, იგი დაუბრუნდა ანიმაცია.პირველი სტუდია მან მოაწყო ბიძამის რობერტის ფარდულში. დაუსრულებელი ფილმი გაეგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერს.პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიალ „ალისას საოცრებათა ქვეყნის“ გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა აგრეთვე მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.

პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა.დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, ასაბუთებდა რა ამას იმით, რომ როის გარეშე ფინანსურ მხარეს ვერ მოერევა.დისნეის თხოვნით, ვირჯინია დეივისის (ალისა) ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სტუდიასთან უფრო ახლოს.ჰოლივუდში, სილვერ ლეიკთან 1939 წლამდე განლაგდა დისნეის ძმების ახალი სტუდია.

1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში და ცელულოიდზე.დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ.ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში.

ალისას კომედიური სერიალი

 
ალისა ჯუნგლებში - 1925

ახალი სერიალი, „ალისას კომედიები“ წარმატებული იყო. ალისას როლი ითამაშეს დოუნ ო'დეიმ და მერჟი გეიმ — მას შემდეგ, რაც ვირჯინია დეივისის მშობლებმა აღარ დაუშვეს ბავშვი გადაღებებზე შემცირებული ჰონორარის გამო. როლი ასევე მოსინჯა ლუის ჰარდვიკმაც. 1927 წლისათვის, როდესაც სერიალის წარმოება დასრულდა, ყურადღება გადატანილი იქნა ანიმაციურ პერსონაჟებზე, განსაკუთრებით კატა ჯულიუსზე, რომელიც კატა ფელიქსის პროტოტიპად იქცა. ამრიგად, დისნეიმ გადაწყვიტა ანიმაციის გზა გაეგრძელებინა.

მხიარული ოსვალდი

1927 წლისათვის ჩარლზ მინტცი დაქორწინდა მარგარეტ უინკლერზე და მის ბიზნესზე სრული კონტროლი დაამყარა. მანვე ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა. სერიალს ერქვა „მხიარული კურდღელი ოსვალდი“. წარმატება ამ სერიალს მალევ მოჰყვა, თუმცა შეიქმნა პრობლემები - თავდაპირველად ოსვალდი შექმნა იუბ აივერკსმა, დისნეის სტუდიის თანამშრომელმა. დიდი სკანდალი, რომელიც პერსონაჟის მითვისებასთან დაკავშირებით აგორდა, გაგრძელდა წლები და, საბოლოოდ, 2006 წელს, დისნეის კომპანიამ დაიბრუნა საავტორო უფლებები ამ პერსონაჟზე. თუმცა, ოსვალდის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ დისნეი დაუფიქრდა მომავალს და ახალი პერსონაჟი მოიგონა.

მიკი მაუსი და სხვები

 
„გემი უილი“

ოსვალდის დაკარგვის შემდეგ დისნეი იძულებული გახდა, ახალ პერსონაჟზე ეფიქრა. დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი - დისნეიმ თუ აივერკსმა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ მიკი მაუსის პირველი ვერსია გაჩნდა ალისას სერიალშიც.

მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო „შეშლილი თვითმფრინავი“, მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. იგივე განმეორდა „მორბენალ გაუჩოში“, ხოლო მესამე ფილმი, „გემი უილი“ უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს.

წლების განმავლობაში, დისნეი თავად ახმოვანებდა მიკის. მიკი იქცა სტუდიის ყველაზე ცნობილ გმირად, ხოლო 1930 წელს, კონკურენტ კატა ფელიქსის წარუმატებლობის შემდეგ - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.

1929 წლიდან დისნეის სტუდია, მიკი მაუსის სერიების პარალელურად, მუშაობდა სერიალზე „სულელური სიმფონიები“. ამ სერიალის პირველი სერია იყო „ჩონჩხების ცეკვა“ - თავიდან ბოლომდე აივერკსის ნამუშევარი, რომელიც 1929 წლამდე დისნეის თითქმის ყველა ფილმის მთავარი მხატვარი იყო.

თუმცა, აივერკსს მობეზრდა დისნეისთან მუშაობა და საკუთარ სტუდიაზე დაიწყო ფიქრი. დისნეი ცდილობდა მისი შემცვლელის მოძებნას. ამასობაში, აივერკსმა უკვე გამოუშვა სერიალი „ბაყაყი ფლიპი“, პირველი ფერადი ანიმაციური ფილმების სერიის სახით. აივერკსმა აგრეთვე გადაიღო სხვა სერიალებიც - „კალია უილი“ და „კომიკოლორი“. [1936] წელს იგი უკვე აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე, მაგრამ დაუბრუნდა დისნეის სტუდიას [1940] წელს.

1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად, მაგრამ პოპულარობა არ შეეხო „სულელურ სიმფონიებს“. ის წელი დისნეისათვის რთული აღმოჩნდა - მისმა კონკურენტმა, მაქს ფლეიშერმა მსოფლიოს გააცნო თავისი ახალი ანიმაციური პერსონაჟი, ბეტი ბუპი. იგი საკმაოდ პოპულარული იყო კინოთეატრების მოყვარულებში. 1930-იან წლებში ფლეიშერი ითვლებოდა დისნეის მთავარ კონკურენტად, მაგრამ იგი ასევე იყო რიჩარდ ფლეიშერის მამა - ამ ადამიანმა მოგვიანებით ითამაშა დისნეის კინოფილმში „20,000 წყალქვეშ“.

 
სამი პატარა გოჭი

ამასობაში, კომპანიამ Columbia Pictures უარი თქვა დისნეის პროდუქციის გავრცელებაზე და მისი ადგილი დაიკავა მეორე კომპანიამ, United Artists. 1932 წლის ბოლოს ჰერბერტ კალმუსი ეწვია უოლტს და დაარწმუნა, რომ ღირს ფილმის „ყვავილები და ხეები“ გადაკეთება (პირველი ვერსია იყო შავ-თეთრი). კალმუსი ამავე დროს იყო Technicolor-ის შემქნელი და უოლტს სთავაზობდა ბოლო ნამუშევრის ფერად ატმოსფეროში გადატანას. მოგვიანებით ამ ანიმაციურმა ფილმმა დიდი წარმატება ჰპოვა და დისნეის მოუტანა „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“. ფილმის გამოსვლის შემდეგ „სულელური სიმფონიები“ თითქმის მთლიანად გადატანილი იქნა ფერადი ვარიანტის სახით და დისნეიმ, კალმუსთან კონტრაქტის დადებით, ორი წლით მოიპოვა უფლება მისი სამფრიანი ფირის გამოყენებაზე, თუმცა მოგვიანებით ამ კონტრაქტს დაემატა კიდევ 3 წელი.

„სულელური სიმფონიები“-ს წარმატების მატებამ არ დააყოვნა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნემ მოიპოვა 1933 წლის „სამი გოჭით“. მასში ასევე შეტანილი იყო სიმღერა, რომელსაც ხალხი უწოდებდა „დიდი დეპრესიის წამალს“, „ვის ეშინია დიდი ცუდი მგლის“.

პირველი ოსკარი

1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური „ოსკარი“. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი და პლუტო. უკანასკნელ ორს უკვე ჰქონდა სოლო-დებიუტი, თუმცა დონალდი, რომელიც პირველად მიკისთან ერთად გამოჩნდა 1934 წლის ფილმში „ობლების დასახმარებლად“, იქცა დისნეის პოპულარობით მეორე ანიმაციურ პერსონაჟად.

ოჯახი იზრდება

ლილის, დისნეის მეუღლის პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დასრულდა. მეორედ კი მათ ეყოლათ გოგონა, დაიან მერი დისნეი (18 დეკემბერი, 1933). რამდენიმე წლის შემდეგ მათ აიყვანეს მეორე ბავშვი, შერონ მეი.

1937–1941: ანიმაციის ოქროს ხანა

ტრიუმფი: ფიფქია და შვიდი ჯუჯა

 
უოლტ დისნეი წარადგემს შვიდ ჯუჯას

1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. ამის მთავარ მიზეზებად ორი ფაქტორი იქცა - მიკი მაუსის სერიები, რომლებიც ზედიზედ იყო ნაჩვენები კინოთეატრებში, თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად, უოლტი დააფიქრა თავად გადაბმული ჩვენების ფენომენმა. მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის სხვა ანიმაციური გმირის, პოპაის თავგადასავლებმა (მაქს ფლეიშერის წარმოების) უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, დისნეის შეეძლო კვლავ ძველი გზით მოძრაობა, მაგრამ მან არჩია სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შექმნა.

საზოგადოებამ დისნეის ამ ინიციატივას მხოლოდ „დისნეის კაპრიზი“ უწოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ უოლტის სტუდიას ეს პროექტი ბოლოს მოუღებდა. ლილიანი და როიც კი დაეჭვდნენ და უოლტს სთხოვდნენ პროექტის შეჩერებას, მაგრამ იგი კვლავ ჯიუტად ფიქრობდა მომავალ ფილმზე. უოლტმა მანამდე არნახული ნაბიჯიც გადადგა - შუინარის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორი, დონ გრეჰემი იქირავა, რათა მას სტუდიაში ტრენინგები ჩაეტარებინა. ”სულელური სიმფონიების” ახალი სერიები მან გამოიყენა რეალისტური ანიმაციის, სპეციალური ეფექტების და მრავალხედიანი კამერის ექსპერიმენტებისათვის.

ეს ტრენინგები და საკუთარი თავის დახვეწა სტუდიის ნამუშევრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. დისნეის საკუთარი გეგმები ჰქონდა სტუდიის ფილმენთან დაკავშირებით და კარგად იცოდა, რა აკლია მის ნამუშევრებს.

„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. ამ დროისათვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო გახდა. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მის შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია ამერიკის ბანკს უჩვენა. მან თავისი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიღებული იქნა.

საბოლოო შედეგის პრემიერა გაიმართა კართეის მრგალ თეატრში, 1937 წლის 21 დეკემბერს. ფილმის დასასრულს მაყურებელმა დისნეის ახალი ქმნილება ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ”ფიფქია”, ყველაფერთან ერთად, იყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი. 1938 წელს ფილმი ღია გავიდა კინოთეატრების ეკრანებზე, სადისტრიბუციო კომპანიასთან RKO Radio Pictures დადებული ხელშეკრულების თანახმად.

„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო ოსკარიოსკარი, კერძოდ - ერთი ჩვეულებრივი და სიმბოლურად, შვიდი მცირე ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბანკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო.

„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფიმლმების ოქროს ხანის დასაწყისიც.

შემდეგი ფილმები იყო „პინოქიო“, „ფანტაზია“ და „ბემბი“. პარალელურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებიც იქმნებოდა - მიკი მაუსი, დონალდ დაკი, გუფი და პლუტო. ამავე დროს დასრულდა სულელური სიმფონიების სერიაც. ანიმატორმა ფრედ მურმა მიკი მაუსი შეცვალა 1930-იანი წლების მიწურულს, როდესაც აღმოჩნდა, რომ დონალდი უფრო პოპულარული ხდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი

პინოქიო და ფანტაზია გამოვიდა 1940 წელს, მაგრამ ორივე კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. „დამბო“-ზე მუშაობის პერიოდში დისნეის სტუდიაში მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი გაფიცვა, რომელმაც დაძაბა ურთიერთობა უოლტსა და მის მხატვრებს შორის.

დამბოს (1941) გამოსვლის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება. აშშ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დისნეის სტუდიამ გადაიღო სასწავლო და შემეცნებითი ხასიათის ფილმები საომარ მოქმედებებზე. უოლტი თავის ჭიასაც ახარებდა - შეიქმნა სატირული ხასიათის „ფიურერის სახე“ და „საჰაერო ძალებით გამარჯვება“ (1943). კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად, მაყურებელთა ნაწილმა დაძაბულობის დროს მათი ნახვით ”გული მოიფხანა”.

კინოთეატრებისათვის გამოშვებული იქნა არასაომარი, ტრადიციულად დისნეისებური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, როგორიც იყო: „სალამი, მეგობრებო“ (1942), მისი გაგრძელება „სამი კაბალერო“ (1945), „მხიარული და ფანტასტიკური ხე“ (1947), და „იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები“ (1949). ამ უკანასკნელში შეტანილი პირველი ნოველა ეფუძნებოდა „მთვლემარე ხეობის ლეგენდის“ ისტორიას, (უოშინგტონ ირვინგი), ხოლო მეორე - პოპულარულ ზღაპარს „ქარი ტირიფებში“ (კენეტ გრეჰემი). ამ პერიოდში ასევე გადაღებული იქნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც, არაერთი მათგანი - ანიმაციისა და ცოცხალი მოქმედების ურთიერთინტეგრირებით. ასეთები იყო „სამხრეთის სიმღერა“ და „ჩემი გულისათვის ასე ძვირფასი“. ომის შემდეგ კი მიკი მაუსის პოპულარობამ საგძნობლად იკლო.

1940-იანი წლების მიწურულს სტუდია უკვე ამოძვრა ფინანსური პრობლემებიდან და ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმებიც გადაიღო - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და „პიტერ პენი“. ორივე უკვე დაგეგმილი პროექტი იყო, მაგრამ ომის პერიოდში მათზე მუშაობა შეჩერებული იყო.

შემდეგი ფილმი იყო „კონკია“, რომელიც, დისნეის გასაკვირად, მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, ”ფიფქიას” შემდეგ.

სტუდია ასევე მუშაობდა დოკუმენტური ფილმების სერიაზე, რეალური თავგადასავლები, რომელშიც შედიოდა ფილმების მთელი რიგი, მაგალითად სელაპების კუნძულზე

ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმები აღარ იყო ისეთი პოპულარული, როგორც ერთ დროს, მათი წარმატება დაჩრდილა ბაგს ბანიმ (უორნერ ბრაზერსი). 1942 წელს ეს კომპანია საერთოდ ოფიციალურად გამოაცხადეს ყველაზე წარმატებულ ანიმაციურ სტუდიად.

გამოსვლა კონგრესში

1947 წელს, ცივი ომის დაწყებისას, დისნეი გამოვიდა მოხსნებით კონგრეში, სადაც ჰერბერტ სორელი, დევიდ ჰილბერმანი და უილიამ პომერენსი, ყოფილი ანიმატორები და მუშათა პარტიის ორგანიზატორები, დაასახელა კომუნისტ აგიტატორებად. სამივემ უარყო ეს ბრალდება. დისნეიმ განაცხადა, რომ მსახიობების გილდიაც კომუნიზმის აგიტატორია და 1941 წლის აჯანყება მის სტუდიაში მათ მიერ ჰოლივუდში გავლენის მოსაპოვებლად იქნა ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა და საქმე ”გაიყინა”.

1955–1966: პარკები და სხვა

კეროლვუდის რკინიგზა

1949 წელს დისნეი და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდნენ ახალ ადგილზე. ეს იყო ჰოლმბი ჰილსის რაიონი, ლოს-ანჯელესთან (კალიფორნია). მეგობრების, უორდ კიმბელისა და მისი მეუღლის, ბეტის წინადადებით, უოლტმა დაიწყო მათივე უკანა ეზოსთვის მინიატურული რკინიგზის მშენებლობა. მინიატურულ ლოკომოტივს ეწოდა ლილი ბელი, უოლტის მეუღლის პატივსაცემად.

დისნეილენდის დაგეგმვა

1940-იანი წლებში ჩიკაგოში მგზავრობისას დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დრო და დრო დასვენებას. ოუკლენდში (კალიფორნია) საბავშვო პარკის ვიზიტისას მას საკუთარი პარკის იდეა ეწვია. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში, ეს კონცეფცია იქცა დისნეილენდად. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და საკუთარი კომპანიის ქვეგანაყოფიც კი შექმნა, სახელწოდებით WED Enterprises, რომელსაც უნდა ემუშავა პარკის დაგეგმვასა და აშენებაზე. ამ ჯგუფს შეუერთდა ანიმატორების მცირე ჯგუფიც.

საქმეში ისევ სურდათ ამერიკის ბანკის ჩართვა და დისნეიმ, ჰერბერტ რაიმანის დახმარებით შექმნა პარკის ზედხედი. ჰერბერტს მან ასე მიმართა: ”ჰერბი, მე უბრალოდ მსურს რომ ეს პარკი ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში. და მას უნდა უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”.

მატარებლის იდეა ამ პარკისათვის დისნეის სწორედ კეროლვუდის მინი-რკინიგზის შემდეგ ეწვია. იქ იგი ხშირად ატარებდა თავის შვილებსა და მეგობრებს.

ახალი სივრცეების ათვისება

როდესაც დისნეილენდის მშენებლობა დაიწყო, პარალელურად სხვა პროცესებიც მიმდინარეობდა. სტუდია მუშაობდა ცნობილი ნაწარმოებისა თუ ორიგინალური სცენარების ეკრანიზაციაზე. ასეთები იყო: „განძთა კუნძული“, „20.000 წყალქვეშ“, თმაგაჩეჩილი ძაღლი და „ხაფანგი მშობლებისათვის“ (1961). ამავე პერიოდში ტელეეთერში გავიდა პირველი სპეციალური გადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა დისნეილენდის მშენებლობას. იმ დროიდან მოყოლებული, უოლტი რეგულარულად აცნობდა მაყურებელს დისნეილენდის შმენებლობასთან დაკავშირებულ მოვლენებს. შოუს ფარგლებში ასევე შესაძლებელი იყო დევი კროკეტის თავგადასავლების ნახვაც, რამაც დევი კროკეტის მინი-კულტიც კი გამოიწვია. ეს პერსონაჟი იმდენად პოპულარული იყო, რომ სტუდიამ დამატებითი თანხებიც კი იშოვა, დევი კროკეტთან დაკავშირებული სუვენირების გაყიდვით.

1955 წელს ეთერში გავიდა ყოველდღიური შოუ „მიკი მაუსის კლუბი“, რომელიც 1990-იან წლების ჩათვლით გადიოდა.

 
უოლტ დისნეი და ვერნერ ბრაუნი

რადგანაც სტუდია ფართოვდებოდა, დისნეი ცდილობდა, არ დაევიწყებინა გამოცდილი ხალხი და მთავარ ფუნქციებს, რთული ანიმაციური ეპიზოდების შექმნას აკისრებდა განსაკუთრებულ ჯგუფს, რომელსაც მან უწოდა ცხრა მოხუცი.

დისნეის სიცოცხლეშივე, სტუდიას კვლავ ეწვია წარმატება, ანიმაციური ფილმების „ლედი და მაწანწალა“ (1955), „ას ერთი დალმაციელი“ (1961), „მძინარე მზეთუნახავი“ (1959) და „ხმალი ქვაში“ (1963) დახმარებით.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოება გრძელდებოდა 1956 წლამდე. ამ დროს დისნეიმ დახურა მოკლემეტრაჟიანების განყოფილება. სპეციალური მოკლე ფილმები მაინც დრო და დრო მზადდებოდა. ეს იყო დისნეის კომპანიის ახალი ქვეგანაყოფის Buena Vista Distribution მიერ საკუთარი დისტრიბუციით გავრცელებული ფილმები (ანუ RKO Radio Pictures-ის უფლებები ამიერიდან მას გააჩნდა)

დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს და წარმატებამაც არ დააყოვნა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ჯადოსნური პარკის სანახავად, რომელშიც ცოცხლდებოდნენ მისი პერსონაჟები და სხვადასხვა ფილმები. 1955 წლის შემდეგ ტელეშოუს, რომელიც ეძღვნებოდა დისნეილენდს, ეწოდა უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ. შავ-თეთრ ფერებზე უარის თქმის შემდეგ 1961 წელს იგი ფერადი გახდა და სახელიც შეიცვალა - უოლტ დისნეის ფერების საოცარი სამყარო. აგრეთვე, არხიდან ABC იგი გადავიდა NBC-ზე. შოუ წლების განმავლობაში, განმეორებით გადიოდა სხვადასხვა არხზე.

1950-იანებში NASA-სთან ერთად შეიქმნა შემეცნებითი ფილმების სერია . ამაში მონაწილეობას რაკეტების ცნობილი დიზაინერი ვერნერ ფონ ბრაუნიც იღებდა. სულ გამოვიდა სამი ფილმი: ადამიანი კოსმოსში და ადამიანი მთვარეზე (1955) და მარსი და სხვა (1957).

1960-იანი წლების წარმატებები

1960-იანი წლების დასაწყისში დისნეის იმპერიას დიდი წარმატება ხვდა წილად და უოლტ დისნეის კომპანია იქცა ერთპიროვნულ ლიდერად გასართობ ინდუსტრიაში. კომპანიამ მოიპოვა უფლება პამელა ტრევერსის „მერი პოპინსი“-ს ეკრანიზაციაზე. ფილმი გამოვიდა 1964 წელს და იქცა დისნეის მიერ 1960-იანებში გადაღებულ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად. იმავე წელს სპეციალურ გამოფენაზე დისნეიმ წარადგინა ანიმატრონიკის უკანასკნელი ნიმუშები, რომლებიც მოგვიანებით განთავსდნენ დისნეილენდში. აგრეთვე მან დაიწყო საუბარი ახალ პარკზე, რომელიც განთავსდებოდა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე.

Disney World და EPCOT

დისნეის პირველი ჩანაფიქრი იყო Disney World - დისნეილენდზე ბევრად დიდი პარკი, რომელშიც ბევრი სპორტული მოედანი თუ სასტუმრო უნდა აეშენებინათ. მაგრამ მისი გული, თავის მხრივ, უნდა ყოფილიყო მეორე პროექტი - მომავლის ექსპერიმენტული ქალაქი-პროტოტიპი (ინგ.:Experimental Prototype Community of Tomorrow) ანუ EPCOT. EPCOT-ის კონცეფციაში შედიოდა ცხოვრება, მუშაობა და ურთიერთობა უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. ქალაქში უნდა ეცხოვრა მეცნიერთა დიდ ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებდა ახალ ტექნოლოგიებს, რათა გაეუმჯობესებინა ადამიანების ცხოვრება და ჯანმრთელობა.

გარდაცვალება

1966 წელს დისნეის თანამონაწილეობა დასრულდა. სიგარეტის რეგულარული მოწევის შედეგად მას ფილტვის კიბო გაუჩნდა. იგი დააწვინეს სტუდიასთან ახლოს განლაგებულ სამედიცინო ცენტრში. აგრეთვე იგი საჭიროებდა ოპერაციას - ძველი ტრავმის გამო, რომელიც პოლოს თამაშის დროს მიიღო. ოპერაციამდე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მარცხენა ფილტვზე მას დიდი სიმსივნე ჰქონდა. ხუთი დღის შემდეგ იგი დაბრუნდა საავადმყოფოში, რათა ოპერაციის პროცედურა გაევლო, მაგრამ ამ დროისათვის სიმსივნე უფრო გაიზარდა. ექიმებმა უთხრეს მას, რომ სულ ცხოვრების ექვსი თვე დარჩა. ქიმიოთერაპიის პროცედურების შემდეგ დისნეი და მისი მეუღლე ისვენებდნენ კალიფორნიაში, შემდეგ კი შინ დაბრუნდნენ. 1966 წლის 30 ნოემბერს დისნეი დაეცა საკუთარ სახლში, მაგრამ იგი გონს მოიყვანეს პარამედიკოსებმა. უოლტი წაყვანილი იქნა საავადმყოფოში, მაგრამ გარდაიცვალა, 1966 წლის 15 დეკემბერს, დილის 9:30-ზე.

მისი კრემაცია ჩატარდა იმავე წლის 17 დეკემბერს. მისი ფერფლი განისვენებს გლენდეილში განლაგებულ პარკში (კალიფორნია). როი დისნეიმ განაგრძო ფლორიდის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ამიერიდან ეწოდა Walt Disney World Resort.

სიმღერების ავტორი რობერტ ბ. შერმანი იხსენებს დისნეის უკანასკნელ დღეს სტუდიაში: „იგი ამოვიდა ანიმაციური სტუდიის მესამე სართულზე. იგი გაესაუბრა ყველას, ვინც იმჟამად მუშაობდა ახალ ფილმზე, „უბედნიერესი მილიონერი“. მან უთხრა, რა მოსწონს და რა - არა, რა უნდა შეიცვალოს. როდესაც დაასრულა, მოგვიბრუნდა, გაგვიღიმა და გვითხრა - „კარგად იმუშავეთ, ბიჭებო“. და გავიდა სტუდიიდან. მაშინ უკანასკნელად ვნახეთ“.

წლების განმავლობაში ვრცელდება ჭორი, თითქოს დისნეი დროებით გაყინეს და მისი გაყინული სხეული ინახება „კარიბის მეკობრეების“ ატრაქციონის ქვეშ, დისნეილენდში. თუმცა, ეს გამორიცხულია, რადგანაც გვამი ოფიციალურად დაუქვემდებარეს კრემაციას და პირველი ოფიციალური გაყინვა მოხდა ერთი თვის შემდეგ, ჯეიმზ ბედფორდის გაყინვით.

უკანასკნელი ფილმები, რომლებზეც მუშაობდა დისნეი, იყო „ჯუნგლების წიგნი“ და „უბედნიერესი მილიონერი“ (1967).

1967–დღემდე: გავლენა

ხედვის განხორციელება

უოლტის გარდაცვალების შემდეგ, როი დისნეიმ სრულად დაიქვემდებარა მთლიანად Walt Disney Productions და WED Enterprises. იმავე წლის ოქტომბერში ახალი პარკი Walt Disney World Resort ოფიციალურად გაიხსნა მისი და სხვა თანამშრომლების ოჯახების მონაწილეობით.

როის ამ ცერემონიაზე შეუერთდა ლილიანი, უოლტის ქვრივი. როიმ ჰკითხა მას - "ლილი, შენ იცოდი უოლტის ყველა ჩანაფიქრისა და იმედის შესახებ, ისევე როგორც სხვებმა. რას იტყოდა უოლტი უოლტ დისნეის სამყაროზე?". მან უპასუხა: "მე ვფიქრობ, უოლტი დაგვეთანხმებოდა".

როი გარდაიცვალა 1971 წლის 20 დეკემბერს, იმ დღეს, როდესაც მას უნდა გაეხსნა დისნეილენდის საშობაო აღლუმი.

EPCOT-ს მოგვიანებით ეწოდა EPCOT Center. იგი გაიხსნა 1982 წელს. ამჟამად ეს ჩვეულებრივი ქალაქია, რომლის კონცეფციაც უფრო შორს არის იმ იდეისგან, რომელზეც უოლტი მუშაობდა. 1992 წელს ფლორიდაში გაიხსნა ქალაქი „ზეიმი“, რომელიც უფრო ახლოს არის EPCOT-ის იდეასთან.

დისნეის გასართობი იმპერია

ამჟამად, უოლტ დისნეის ანიმაციური/კინო სტუდიები და პარკები იქცნენ რამდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ტელე, კინო სტუდიებად, გასართობ ცენტრებად და მედია-კორპორაციებად. უოლტ დისნეის კომპანია დღეს ფლობს ხუთ დასასვენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 2 წყლის პარკს, 39 სასტუმროს, 8 კინოსტუდიას, 6 ხმისჩამწერ ლეიბლს, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდ სატელევიზიო ქსელს. 2007 წლისათვის მას აქვს რეგულარული შემოსავალი, წლიური 35 მილიარდი აშშ დოლარის სახით.

დისნეის ანიმაცია დღეს

ტრადიციული ნახატი ანიმაცია, რომლითაც დაიწყო კომპანიის მოღვაწეობა, ამჟამად არ არის უპირატესი. ფინანსურად წარუმატებელი ფილმების შემდეგ, 2000-იან წლებში, კორპორაციის ორი სტუდია, საფრანგეთსა ფლორიდაში დახურული იქნა, ხოლო მთავარი სტუდია, რომელიც განლაგებულია ბერბანკში - იქცა კომპიუტერულ გრაფიკაზე ორიენტირებულ დაწესებულებად. 2004 წელს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა კიდევ ერთი ნახატი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სახლი ქალაქის განაპირას“. ცნობილი იყო აგრეთვე, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ნახატი ფილმი, მაგრამ მოგვიანებით ეს პოზიცია შეიცვალა და კომპანიამ განაცხადა, რომ 2009 წლის ფილმით „პრინცესა და ბაყაყი“ იგი დაუბრუნდება კლასიკურ ანიმაციას.

სამხატვრო ინსტიტუტი კალიფორნიაში

უკანასკნელ წლებში დისნეი ასევე უთმობდა დროს კალიფორნიის სამხატვრო ინსტიტუტის დაფინანსებას. იგი ჩამოყალიბდა 1961 წელს და მიზნად ისახავდა ანიმატორების ტრენინგს. დისნეის გარდაცვალების შემდეგ მისი ფინანსების 1/4 გადარიცხული იქნა ამ უნივერსიტეტის ანგარიშზე. ამით შესაძლებელი იქნა ინსტიტუტის ტერიტორიის გაფართოება. თავის ანდერძში დისნეიმ აგრეთვე ითხოვა რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის შექმნაც.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოები

უოლტ დისნეის კვლავ დამყარებული აქვს რეკორდი ამერიკის კინოაკადემიის ნომინაციების (59) და მიღებული ოსკარების მხრივ (26). აქედან ოთხი ’’ოსკარი’’ იყო სპეციალურად გადაცემული პრიზი, ერთ-ერთი კი მას ცხოვრებისეული წვლილისათვის მიენიჭა, გარდაცვალების შემდეგ.

  • 1932: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: ყვავილები და ხეები (1932)
  • 1932: სპეციალური პრიზი მიკი მაუსის შექმნისათვის
  • 1934: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: სამი გოჭი (1933)
  • 1935: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: კუ და კურდღელი (1934)
  • 1936: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: სამი ობოლი კნუტი (1935)
  • 1937: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: The Country Cousin (1936)
  • 1938: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: ძველი წისქვილი (1937)
  • 1939: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: ხარი ბერდინანდი (1938)
  • 1938: სპეციალური პრიზი ფილმისათვის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (1938) - ერთი ჩვეულებრივი და 7 მცირე ზომის „ოსკარი“
  • 1940: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: მახინჯი იხვის ჭუკი(1939)
  • 1941: სპეციალური პრიზი ფილმისათვის ფანტაზია (1941), ფილმებში მუსიკის შერწყმის ტექნოლოგიის განვითარებისათვის
  • 1942: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: მომაწოდე თათი (1941)
  • 1943: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: ფიურერის სახე (1942)
  • 1949: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური: სელაპების კუნძული (1948)
  • 1949: ირვინგ ტალბერგის სახელობის ჯილდო
  • 1951: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური: თახვების მდელო (1950)
  • 1952: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური: ბუნების ნახევარი აკრი (1951)
  • 1953: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური: წყლის ჩიტები (1952)
  • 1954: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ცოცხალი უდაბნო (1953)
  • 1954: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი: ალასკელი ესკიმოსი (1953)
  • 1954: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: საყვირის ხმა, სტვენა, წკარუნი და გუგუნი (1953)
  • 1954: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური: დათვების ქვეყანა (1953)
  • 1955: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: გაუჩინარებული პრერია (1954)
  • 1956: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი: ადამიანები არკტიკის წინააღმდეგ
  • 1959: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: დიდი კანიონი
  • 1969: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია: ვინი პუჰი და ქარიანი დღე

სხვა ჯილდოები

ანაჰეიმში ვარსკვლავების ხეივნის გახსნისას გაიხსნა უოლტის სახელობის ვარსკვლავი, რომელიც მას გადაეცა ანაჰეიმის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის, დისნეილენდის სახით.

უოლტმა ასევე, 1968 წლის 24 მარტს მიიღო კონგრესის ოქროს მედალი, ხოლო მანამდე, 1935 წელს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. 1935 წელს მან ასევე, ერების ლიგისგან მიიღო სპეციალური მედალი, მიკი მაუსის შექმნისათვის. 1964 წელს მან აგრეთვე მიიღო პრეზიდენტის მედალი თავისუფლებისათვის . 2006 წლის 6 დეკემბერს კალიფორნიის გუნერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის და მისი მეუღლის, მარია შრივერის მიერ უოლტ დისნეი შეყვანილი იქნა კალიფორნიის დიდების დარბაზში, რომელიც კალიფორნიის ისტორიის, ქალების და მხატვრობის მუზეუმშია განლაგებული.

პლანეტა #4017, რომელიც 1980 წელს აღმოაჩინა საბჭოთა ასტრონავტმა ლუდმილა კარაჩკინამ, ატარებს უოლტ დისნეის სახელს - ’’4017 დისნეია’’.

2003 წელს გაიხსნა ლოს-ანჯელესის უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Dave Bryan (August 13, 2002). „Walt Disney Helped Wernher von Braun Sell Americans on Space“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 24, 2009. ციტირების თარიღი: September 27, 2010.
  2. 2013 Form 10-K, Walt Disney Company. United States Securities and Exchange Commission.
  3. Walt Disney Academy awards. Academy of Motion Picture Arts and Sciences. Fill the "nominee" column with "Walt Disney".
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-03. ციტირების თარიღი: 2011-03-26.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-05. ციტირების თარიღი: 2008-06-05.
  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.