ფიფქია და შვიდი ჯუჯა (1937 წლის ფილმი)
ფიფქია და შვიდი ჯუჯა (ინგლ. Snow White and the Seven Dwarfs) — Walt Disney Productions-ის 1937 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. იგი არის პირველი ცნობილი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმი ეფუძნება ძმები გრიმების ზღაპარს „ფიფქია“. იგი ადაპტირებულია დოროთი ენ ბლენკის, რიჩარდ კრიდონის, მერილ დე მარისის, ოტო ინგლენდერის, ერლ ჰერდის, დიკ რიკარდის, ტედ სირსის და უებ სმითის მიერ. ფილმის მეთვალყურე რეჟისორია დევიდ ჰენდი, ხოლო უილიამ კოტრელი, უილფრედ ჯექსონი, ლარი მოური, პირს პირსი და ბენ შარპსტინი ცალკე სცენებზე მუშაობდნენ.
„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ | |
---|---|
ჟანრი | ზღაპარი |
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
რეჟისორი |
|
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ეფუძნება |
„ფიფქია“ — ძმები გრიმები |
როლებში | |
მუსიკა | |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 83 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 1 488 423 აშშ დოლარი [1] |
შემოსავალი | 418.2 მილიონი აშშ დოლარი[2][3] |
ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 1937 წლის 21 დეკემბერს, რასაც მოჰყვა კინოგაქირავებაში 1938 წლის 4 თებერვალს გაშვება. მას დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც კრიტიკოსებს, ასევე რიგით მაყურებლებს შორის. ფილმის მსოფლიო შემოსავალმა შეადგინა 8 მილიონი აშშ დოლარი, რითაც იგი იმ დროისთვის ყველაზე შემოსავლიან ხმოვან ნამუშევრად ითვლებოდა. წარმატების გამო იგი კინოთეატრებში მრავალჯერ გაიმეორეს, ხოლო 1990-იანებში პირველად გამოუშვეს ვიდეოზე. ინფლაციის გათვალისწინებით, იგი ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავებაში ყველაზე წარმატებული ფილმების ათეულში შედის.
ოსკარის მე-11 დაჯილდოებაზე დისნეის გადაეცა სპეციალური ჯილდო, ხოლო ფილმი წინა წელს ნომინირებული იყო საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში. 1989 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა „ფიფქია“ აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“. იგი შეტანილია ამერიკის კინოინსტიტუტის ყველა დროის 100 უდიდესი ამერიკული ფილმის სიაშიც. დისნეის მიერ ზღაპრის ადაპტირების მცდელობამ მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა იქონია, რასაც მოჰყვა თემატური გასართობი პარკების, ვიდეო თამაშის და ბროდვეიზე მიუზიკლის შექმნა.
სიუჟეტი
რედაქტირებაპროლოგში ნაჩვენებია, რომ ფიფქია დედინაცვალთან ცხოვრობს, რომელიც არის ბოროტი დედოფალი. დედოფალს ეშინია, რომ ფიფქია თავისი სილამაზით მასზე უფრო დიდებულია, ამიტომ გოგონას შინ რთულ სამუშაოს აძლევს. იგი თავის ჯადოსნურ სარკეს ყოველდღე ეკითხება, თუ ვინ არის „ყველაზე მშვენიერი ამქვეყნად“. რამდენიმე წლის განმავლობაში სარკე პასუხობს, რომ ეს დედოფალია.
ფილმის დასაწყისში სარკე დედოფალს უამბობს, რომ ამჯერად უკვე ფიფქიაა ყველაზე მშვენიერი. შურიანი დედოფალი მონადირეს უბრძანებს, ფიფქია ტყეში წაიყვანოს და მოკლას, ხოლო მტკიცებულების სახით მოუტანოს ფიფქიას გული. თუმცა, მონადირე ვერ ბედავს ამას და ფიფქიას გაანდობს საიდუმლოს. იგი მას ურჩევს, ტყეში გაიქცეს და დაიმალოს. შეშინებული გოგონა ტყეში იკარგება, მაგრამ იმეგობრებს იქაურ ცხოველებს, რომლებსაც იგი მიჰყავთ ტყეში მდგარ ქოხთან. იპოვის რა შვიდ სკამს, ფიფქია იფიქრებს, რომ იქ ცხოვრობს შვიდი ობოლი ბავშვი, რომელსაც არ უყვარს სახლის დალაგება.
სინამდვილეში, ქოხში ცხოვრობს შვიდი ჯუჯა - დოკი, ბრაზიანი, მხიარული, მძინარა, მორცხვი, სულელი და სნიზი (რომელიც მუდმივად აცემინებს). ისინი ახლოს მდებარე მაღაროში მუშაობენ. შინ დაბრუნებისას გაოგნდებიან, რომ ვიღაცამ მათი ქოხი დაალაგა. ისინი ფიქრობენ, რომ სახლში ქურდია. ჯუჯები მეორე სართულზე ფიფქიას პოულობენ, რომელიც მათ საწოლებზე მოთავსდა. ფიფქია იღვიძებს და გაოგნებული ათვალიერებს ჯუჯებს, შემდეგ კი გაეცნობა და შვიდივე უმალვე თბილად მიიღებს მას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ შეუძლია გემრიელი კერძების მომზადება და კარგად დალაგება. სანამ ჯუჯები მაღაროში მუშაობენ, ფიფქია სახლს ალაგებს, საღამოს კი ერთად მღერიან, უკრავენ მუსიკას და ცეკვავენ.
ამასობაში, ჰკითხავს რა სარკეს, დედოფალი აღმოაჩენს, რომ ფიფქია ჯერ კიდევ ცოცხალია და კვლავაც ყველაზე მშვენიერია, ხოლო მისთვის მორთმეული გული სინამდვილეში ღორის იყო. ჯადოქრობით იგი იქცევა მოხუც ქალად და წამლავს ვაშლს. ნებისმიერი, რომელიც მას იგემებს, უმალვე „მძინარე სიკვდილს“ მიეცემა და წყევლას მხოლოდ „სიყვარულის პირველი კოცნა“ თუ მოხსნის. დედოფალი ქოხისკენ მიეშურება, სანამ ჯუჯები შინ არ არიან, მაგრამ ცხოველები მას შეამჩნევენ და ჯუჯებთან გარბიან. დედოფალი ატყუებს ფიფქიას და გოგონა ვაშლს ჩაკბეჩს. როგორც კი გოგონა მოწამლული იძინებს, დედოფალი ქვეყნად ყველაზე მშვენიერს საკუთარ თავს უწოდებს. ჯუჯები სასწრაფოდ შინ ბრუნდებიან, კუდიანს მისდევენ და მთის წვერთან მიიმწყვდევენ. იგი ცდილობს მათზე დიდი ლოდის დაგორებას, მაგრამ ვერ ასწრებს - მთის წვერზე ეცემა ელვა, დედოფალი მთიდან ეცემა და კვდება.
ჯუჯები ბრუნდებიან ქოხში და, აღმოაჩენენ რა, რომ ფიფქია, როგორც ჩანს, მკვდარია, დაღონებულები, მოათავსებენ მას ოქროთი მორთულ შუშის სასახლეში, ტყეში მდებარე მდელოზე დაასვენებენ და დარაჯობენ. გადის დრო და უფლისწული, რომელმაც ფიფქია ჯერ კიდევ სასახლეში იხილა და შეიყვარა, შეიტყობს მისი მარადი ძილის შესახებ და მდელოს ესტუმრება. დაღონებული მისი აღსასრულით, უფლისწული კოცნის ფიფქიას, რაც შელოცვას მოქმედებას დაასრულებს და ფიფქია იღვიძებს. გახარებული ჯუჯები და ცხოველები სასახლისკენ მიმავალ ფიფქიას და უფლისწულს ემშვიდობებიან.
წარმოება
რედაქტირებამუსიკა
რედაქტირებასხვა გამოშვებები
რედაქტირებაკინოთეატრები
რედაქტირებაფილმის განახლებული ვერსია პირველად 1944 წელს გამოვიდა. შემდგომში იგი გამოდიოდა 1952, 1958, 1967, 1975, 1983, 1987 და 1993 წლებში. საიუბილეოდ, 1987 წელს, გამოიცა მისი დაბეჭდილი ვერსია, რომელიც მწერალმა სიუზენ უეინმა შეადგინა.
1993 წელს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იქცა პირველ ფილმად, რომლის სამუშაო მასალა გადაყვანილი იქნა ციფრული ფაილების ფორმატში და კვლავ შედგენილ იქნა ფილმის სახით.
გამოცემები
რედაქტირება1994 წელს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გამოიცა სერიაში Walt Disney Masterpiece Collection. ეს იყო დისნეის სრულმეტრაჟიან ფილმებში უკანასკნელი, რომელიც ვიდეოფორმატში გამოიცა.
DVD დისკზე ფილმი პირველად 2001 წლის 9 ოქტომბერს გამოვიდა. იგი წარმოდგენილი იყო 2 დისკის სახით, სადაც, გარდა რესტავრირებული ფილმისა, შეტანილი იქნა დოკუმენტური ფილმი მის გადაღებაზე, აუდიოკომენტარები და უოლტ დისნეის ანოტაციები, ასევე ბევრი სხვა მასალა.
2009 წლის 6 ოქტომბერს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ოფიციალურად გამოვიდა Blu-ray ფორმატში. ახალი DVD გამოვიდა 2009 წლის 24 ნოემბერს. Blu-ray დისკზე შეტანილია ფილმის გაუმჯობესებული რესტავრაცია, მაღალხარისხიანი გამოსახულებით და რამდენიმე დამატებითი მასალა, რომელიც არ მოხვდა 2001 წლის გამოცემაში.
2010 წლის თებერვალში რესტავრირებული ფილმი ნაჩვენები იქნა არხის ABC Family ეთერში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ საიტზე Disney.com
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ — Allmovie-ზე
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ — Box Office Mojo-ზე
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Barrier 1999, p. 229.
- ↑ Snow White and the Seven Dwarfs (1937). ციტირების თარიღი: 18 December 2015.
- ↑ Box-office
- Wilhelm, Henry Gilmer; Brower, Carol (1993) The Permanence and Care of Color Photographs: Traditional and Digital Color Prints, Color Negatives, Slides, and Motion Pictures. Preservation Pub, გვ. 359. ISBN 978-0-911515-00-8. „In only 2 months after the 1987 re-release, the film grossed another $45 million—giving it a total gross to date of about $375 million! (Online copy at Google Books)“
- Snow White and the Seven Dwarfs. The Numbers. Nash Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2014. ციტატა: „1993 release: $41,316,184“ ციტირების თარიღი: July 5, 2011.