ეფრემ მაწყვერელი
ეფრემ მაწყვერელი — აწყურის ეპისკოპოსი (მაწყვერელი) დაახლოებით 845-885 წლებში. მის შესახებ ცნობები დაცულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში. იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის“ სახელით. ეფრემ მაწყვერელი სარგებლობდა დიდი ავტორიტეთით, მან კათოლიკოს არსენ I-ის წინააღმდეგ მოწყობილი ძლიერი დაჯგუფება მშვიდობიანი გზით დაშალა, კათოლიკოსს შეარიგა უკმაყოფილო ეპისკოპოსები და მთავარი გვარამ მამფალი. ერთ-ერთი ვერსიით, ეფრემ მაწყვერელის მცდელობით ქართულმა ეკლესიამ იერუსალიმის პატრიარქის სერგის (843-859) თანხმობით მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა“ ქართლში, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მირონის კურთხევის უფლება მცხეთის ეკლესიას მანამდეც ჰქონდა.[1] ეფრემი დაუკრძალავთ აწყურის ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, მისი ხსენების დღეა 17 (30) აპრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ერთი ქრონოლოგიური საყრდენი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა (აშოტ I დიდი კურაპალატის სიკვდილის თარიღის შესახებ), კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1970;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 112.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოილაძე, ვ. მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში, თბ., 2008. — გვ. 25.