ხანდო (მხარე)
ხანდო — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი არაგვის ხეობის ერთ-ერთი მცირე კუთხეა, რომელსაც ხშირად მთიულეთის ნაწილად მოიხსენიებენ.
მდებარეობს არაგვის ხეობაში, მთიულეთის სამხრეთით. იგი შედგება ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი ხევის - ხანდოსწყლისა და სოდევე-მეჯილაურთას წყლისაგან. ორივე ეს მდინარე ლომისის მთიდან გამოდის და ერთმანეთს სოფელ წინამხართან უერთდებიან. ხანდოს საზღვრები ასეთია: ჩრდილოეთით მას მთიულეთი ესაზღვრება, დასავლეთით - ცხრაძმისხევი, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ჭართალი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხანდოს ტერიტორია შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში (სოფლები: წინამხარი, უკანამხარი, ვეშაგურნი, დავითურნი, მეჯილაურები, სოდევი, ბანცური).
ხანდოელები მეტყველებენ ქართლურ დიალექტზე. 1746 წლის საისტორიო საბუთში, რომელშიც ჩამოთვლილია არაგვის ხეობის მხარეები, ხანდო და ჭართალი ცალკეა მოხსენიებული. ხანდოსა და ჭართალში სათემო სალოცავებთან ერთად სათემო ცენტრალური სალოცავებიც არსებობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 108-109 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0