ჭართალი (მხარე)
ჭართალი, ჭართალეთი — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდინარე ხანდოსხევამდე (ახლანდ. მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით — ბაზალეთი, აღმოსავლეთით — ფშავი, ხოლო დასავლეთით — ქსნის ხეობა.
წყაროებიდან პირველად „ქართლის ცხოვრება“ იხსენიებს მირიან I-ის მეფობის ამბებთან დაკავშირებით (ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისი). მემატიანის ცნობით, ჭართალში მოსახლე მთიელები („კავკასიანნი“) დურძუკებს შეკავშირებიან და კახეთი და ბაზალეთი დაურბევიათ. 330-იან წწ. წობენში ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ სხვა მთიელებთან ერთად ჭართლელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. 853 წ. არაბთა დამსჯელი ჯარი ბუღა თურქის სარდლობით ჭართალშიც ავიდა. 1210-იან წწ. თამარ მეფის წინააღმდეგ ფხოველთა და დიდოთა გამოსვლის დროს, ჭართალელნი სამეფო ხელისუფლების მხარეს იბრძოდნენ. შემდგომში ჭართალი არაგვის საერისთავოს ემორჩილებოდა; იყო მისი სამოურავო.
ჭართალის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების კომპლექსები:
- „მთავარნი“, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. მუგუდაში;
- წმ. სამების ეკლესია სოფ. ჭალისოფელში;
- ციხესიმაგრე სოფ. ციხისძირში;
- ციხესიმაგრე სოფ. ბუჩაანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვინჯილია, ჯ., ქსე, ტ. 11, გვ. 385. თბ., 1987