ქოლოთის ციხე
ქოლოთის ციხე – ციხესიმაგრე ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას სათავეებში, კავკასიონის მთის ფერდობზე. ქოლოთის ციხე-დარბაზი მდინარის მარჯვენა მხარესაა აღმართული. ხეობა აქ ვიწროა. სიმაგრისათვის კარგი ადგილი შეურჩევიათ - თითქმის ოთხივე მხრიდან იგი მიუდგომელია.
არქიტექტურა
რედაქტირებანანგრევებში აშკარად გამოირჩევა სამი ფენა. პირველად აქ მდგარა ვიწრო და მაღალი კოშკი, რომლისთვისაც შემდეგ დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობა მიუშენებიათ და ყველაფერი ეს ვრცელი გალავნით შემოუსაზღვრავთ. კოშკს ერთი მხარე მომრგვალებული აქვს. იგი ხუთსართულიანია. როგორც სხვა ამ ტიპის კოშკებს, მასაც ზურგი მთისკენ აქვს მიქცეული, ხოლო პირი - მდინარისკენ. კოშკში ერთადერთი შესასვლელი პირველ სართულზეა. ეს უკანასკნელი მიწის დონიდან 5-6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იმავე ვერტიკალზეა განლაგებული ზედა სართულების ფანჯრებიც, რომლებიც ხეობისკენაა მიმართული.
კოშკის პირველი სართულის იატაკქვეშ მოწყობილი იყო წყალსაცავი. ასეთი შემთხვევა ხშირია ამ ტიპის კოშკებში. პირველი სართულის გეგმა ტრაპეციულია, ზედა სართულებისა კი - რკალისებური. თითოეული სართულის სიმაღლე ორ მეტრს არ აღემატება. ასეთი კოშკი, სადაც თითო სართულს მხოლოდ თითო ფანჯარა აქვს, ცხადია, მაღალი ხარისხის საბრძოლო ნაგებობა ვერ იქნებოდა. იგი ძირითადად მზვერავთათვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა სართულშუა გადახურვის მოწყობა ქვის ფილებით. ასეთი კონსტრუქცია იშვიათად გვხვდება. სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდებოდა. სხვა სართულებისაგან განსხვავებით, მეხუთე სართულს მდინარისკენ მიმართულ კედელში კარი აქვს დატანებული. კარის წინ ხის კოჭებზე მოწყობილი შვერილი აივანი ყოფილა, საიდანაც შესანიშნავი სანახაობა იშლება.
კოშკზე დასავლეთის მხარეს მოგვიანებით მიშენებული ნაგებობის პირველი სართული ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც მისი გეგმა კარგად არ იკითხება, მაგრამ ჩანს, რომ ისიც ტრაპეციას უახლოვდებოდა. შესასვლელი მხოლოდ მეორე სართულზე ყოფილა სამხრეთიდან. იმავე სართულზე არსებული მეორე კარი დასავლეთით მდებარე სადგომის ბანზე გადიოდა. ამ ვიწრო სადგომის ორივე სართულს მხოლოდ ფანჯრები აქვს შერჩენილი.
გალავანი სამხრეთით, კოშკის ზურგთან იწყებოდა და ნელ-ნელა ძირს ეშვებოდა. ხევის პირას, ქარაფთან, კედელი წყდება და შემდეგ ჩრდილოეთით უერთდება სადგომს. უკეთაა შერჩენილი სამხრეთის კედელი. აქვეა ვიწრო კარი. გალავნის კედლებში ისეთი სათოფურებია, როგორსაც XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში აკეთებდნენ.
ისტორია
რედაქტირებაქოლოთის ციხის ელემენტებს საერთო აქვს IX-X საუკუნეების ნაგებობებთან, მაგრამ ისტორიულ წყაროებში იგი მხოლოდ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე იხსენიება.
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე დავით VIII-ს გადაუწყვეტია ქსნის ურჩი ერისთავის დასჯა და მის იქ არყოფნისას საერისთავოს დიდი ჯარით შესევია, გადაუწვავს და მოუოხრებია ცხრა ძმის ხევი; იერიში მიუტანია ისეთ დიდ ციხეებზე, როგორიც იყო: ქვენიფნევი, ქარჩოხი, ქოლოთი, ისროლი და სხვა. სასტიკი ბრძოლა შვიდ წელს გაგრძელდა, მაგრამ ციხის მცველები მაინც მტკიცედ იდგნენ. თუმცა მათ მეტად გაუჭირდათ; სასმელ-საჭმელი შემოაკლდათ და სხვა რომ ვერაფერი იშოვეს, ტყავის ღვედების ჭამა დაიწყეს. ასეთ დღეში მყოფთ მოუსწრო მაშველი ჯარით შალვა ქსნის ერისთავმა და ვახტანგ III-მ. დავითი იძულებული გამხდარა ალყა მოეხსნა და არაგვის ხეობაში გაქცეულიყო.
ციხე XIV საუკუნის ბოლოსაც აუღებლად ითვლებოდა, როცა 1400 წელს თემურ-ლენგმა ააოხრა საქართველო და კერძოდ, ქსნის საერისთავო, მან ვერ მოახერხა ყველა ციხის აღება. ამ რამდენიმე აუღებელ ციხეს შორის ქოლოთიც ყოფილა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVII საუკუნის ოციან წლებში ქოლოთი ღაზნელთა დიდ გვარს ეკუთვნოდა. მაგრამ ძლიერ მეზობლებს, ამილახორსა და ქსნის ერისთავს თავდასხმა მოუწყვიათ მათზე, გაუწყვეტიათ და მათი მამული გაუყვიათ. ქოლოთ-ქვითკირი ქსნის ერისთავებმა მიისაკუთრეს და იგი საერისთავოს გაუქმებამდე მათივე იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, თბ., 1986 წ.
- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973 წ.
- ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001 წ.
- ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965 წ.