იასე ყულარაღასი, იესე (იასე) დავითის ძე ერისთავი (ჩანს 1700 – გ. 1745) — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ყულარაღასი, ძმა და თანამებრძოლი შანშე ქსნის ერისთავისა. მონაწილეობდა შანშეს აჯანყებაში ირანის წინააღმდეგ. მასთან ერთად დატყვევებული იყო მაშათის ციხეში. 1745 წელს პატიმრობიდან გათავისუფლებული იასე გზაში გარდაიცვალა.

იასეს ცოლად ჰყავდა ქეთევანი, თავად ედიშერ ჩოლოყაშვილის ასული, მეფე თეიმურაზ II-ის დის, მარიამის (მაკრინე) შვილი (გ. 1791). 1739 წელს შანშეს რუსეთში ლტოლვილობისას ქეთევანი ბაზალეთის გზაზე ხელთ იგდო ბარძიმ არაგვის ერისთავის ძმამ, უთრუთმა, რომელმაც მას ნამუსი აჰხადა და შემდეგ არაგვის ერისთავებთან სტუმრად მყოფ ყიზილბაშებს გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულმა შანშემ არაგვის ერისთავებზე შური იძია, 12 000 ლეკით აიღო ანანურის ციხე, ბარძიმი სიკვდილით დასაჯა, ხოლო უთრუთი და მისი თანმხლები პირები ალყაშემორტმულ კოშკში დაიწვნენ.

იასე ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. ძველი ქართული ჰიმნოგრაფიული ტრადიციის მიხედვით შექმნა ორიგინალური საგალობელი „წმიდათა და დიდებულთა ორთა ძმათა მოწამეთა ქართველთა ელისბარ ქსნის ერისთავისა და ძმისა მისისა შალვასი და წმიდისა დიდებულისა მოწამისა ბიძინა კახისა“ — ხოტბა მიძღვნილი ბახტრიონის აჯანყების გმირებისადმი, რომელთა შორის პაპამისი შალვაც იყო (საგალობელს აქვს აკროსტიქი — „ქრისტეს მოწამეო შალვა, შეიწყალე ძის ძე შენი იესე“). თავდაპირველად მასში არ იყო ასახული აჯანყების ამბები. მოგვიანებით თხზულების ეს ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა, რომელმაც თავის ჰაგიოგრაფიულ კრებულში იესეს საგალობელი შევსებული და რედაქტირებული წარმოადგინა.

იესეს უნდა ეკუთვნოდეს კახეთის აჯანყების გმირებისადმი მიძღვნილი სვინაქსარული საკითხავიც. მანვე დაწერა ისე წილკნელის აკროსტიქული შესხმა, გალექსა საბას ლექსიკონის თავსართი ასოები. იასეს დაკვეთით გამოიცა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი დიდი ხელნაწერი, ასევე მისი და მისი ძმის ხელშეწყობით ახალგორში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა გარეჯელი მწიგნობარი ექვთიმე ბარათაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვრიტიშვილი დ. ურთიერთობა ქსნისა და არაგვის ერისთავებს შორის. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. თბ., 1951 წ. ნაკვ. 19. გვ.46-47.
  • ალ ჯამბაკურ-ორბელიანი. მეფის ირაკლი მეორის ცოტცოტა ანბები, ანუ ზოგიერთი მაშინდელი პირნი. კაკაბაძე ს. წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის. წ. 1. თბ., 1914. გვ.46-47.
  • ქეთევან ჩოლოყაშვილი - იესე ყულარაღასისი მეუღლე : (დაახლოებით 170?-1780) // ქსნის ერისთავიანთ ქალები : წ.1 : XIV-XIX სს. / ვიტალი ქენქაძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-7200-0. - გვ.18-22, 50.