ჟამური
ჟამური — ხეობა საქართველოში, მდინარე ქსნის სათავეებში, ქარჩოხის ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციულად შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაარსებობს ცნობა, რომ ხეობის ისტორიული სახელი დაკავშირებულია ქართულ-მეგრულ-სვანურ ძირძველ სიტყვასთან და უნდა ყოფილიყო ძამური ‖ ჯიმილი ან ჯიმური, ხოლო „ჟამური“ გვიან გაჩენილი სახელია. ხეობის ოსური მოსახლეობა ჟამურს „ძიმირს“ (Дзимыр) უწოდებს.
გეოგრაფია
რედაქტირებამდინარე ქსანი ყელის ტბიდან იღებს სათავეს და მიედინება ვიწრო, ღრმა და კლდოვან ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“ ვკითხულობთ:
„ქარჩოხის დასავლით არს კსანსა ზედა ჟამური. აწ მსახლობელნი არიან ოსნი. საშუალს ჟამურისა არს ციხე, ბერციხედ წოდვილი, კსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე. არამედ მთიულეთსა და ამას შუა არს მთა მარადის თოვლიანი, უტყეო, კალთათა მცირე არყნალი. ჟამურის მჴარეს ამ მთასა ზედა არს კოშკნი წარიგებულნი მრავალნი მაღალნი და კეთილნაშენნი.“
|
დასახლებები
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ არ ასახელებს ჟამურის სოფლებს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აქ 9 სოფელი ყოფილა. ისტორიკოსი ჯონდო გვასალია ამის მიზეზად ვახუშტის მიერ ამ მხარეების ნაკლებად ცნობითა და ქსნის საერისთაოსა და ქართლის სამეფო კარს შორის არსებულ მტრობას ასახელებს.
შემდგომ ხანებში ამ მხარეებს ეწვია გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, თუმცა სოფლების სახელები არც მას დაუსახელებია თავის ნაშრომებში. სოფლები არ არის მოხსენიებული ქსნის ხეობის 1774 და 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობებში. ბატონიშვილთა მამულების 1803 წლის აღწერის მიხედვით დავით გვრიტიშვილმა დაადგინა XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჟამურის ხეობაში არსებული სოფლების დასახელებები, თუმცა ამ სიაში არ არის ისეთი სოფლები როგორებიცაა: ალავერდი, ბერციხე, ხეთაანი, შავციხე, ფაგაანი, გურჭიანი, ნავისხევი (ნიავის ხევი), ჩიღოიანი; ამის მიზეზად ამ სოფლების ჯერ არ არსებობა, დაცლა და აღწერის არასიზუსტე სახელდება.
სოფლები | 1926 | 1939[1] | 1959[2] | 1970[1] | 1979[1] | 1989[1] | 2002[3] |
---|---|---|---|---|---|---|---|
ზემო ბაგინი | 65 | 238 | 89 | ||||
ქვემო ბაგინი | 75 | ||||||
გორგა | 23 | ||||||
გურჭიანი | 44 | 125 | |||||
კორა | 117 | 91 | |||||
ფაგოიანი | 46 | 14 | |||||
თოგოიანი | 65 | ||||||
ხეთაანი | |||||||
ჩიგოიანი | 94 | 279 | ზემო: 34 | 2 | 8 | 0 | 0 |
ქვემო: 78 | 12 | ||||||
ნავიხევი | 38 | 19 | 7 | 2 | 0 | 0 |
- აღნიშნულია მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აღწერაში მოხვდა.
თავდაცვითი ნაგებობები
რედაქტირებაჟამურის ციხე-კოშკებიდან ვახუშტი მხოლოდ ბერციხეს ასახელებს, რადგან იგი ყველაზე გამორჩეულია ამ ხეობაში; მდებარეობს სოფელ თოგოიანის მოპირდაპირე მხარეს. აღსანიშნავ ძეგლთა შორისაა ალავერდის ციხი კომპლექსი, საიდანაც კარგად მოჩანს მთელი ჟამურის ხეობა; პარმენ ზაქარაია აღნიშნავს, რომ ამ ციხის ნამდვილ სახელს ვერ მიაკვლია და მას „ალავერდს“ სოფელ ძამირის მოსახლეობა უწოდებს. თუმცა ჟამურის ხეობაში ასეთი სახელის სოფელი არ გვხვდება. ჟამური ჩრდილოეთიდან იცავდა ქსნის ხეობას მომხდურთაგან. გადმოსულ მტერს ჟამურში მრავალი ციხე ხვდებოდა, რომელთა შორის ზემოხენებული ბერციხე და ალავერდი, აგრეთვე კორა გამოირჩევა.
მოსახლეობა, მეურნეობა
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ჟამურში ოსები ცხოვრობდნენ („აწ მსახლობელნი არიან ოსნი“). მის რუკაზე ჟამურის მთლიანი მოსახლეობა ოსებადაა მონიშნული. მოსავლიანობის მხრივ ეს ადგილები მთის სხვა ადგილებს ჰგავს. მოშენებული ჰყავდათ უდუმო ცხვრები; პირუტყვის რაოდენობა მცირე იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული: ტ. 3, 1967, გვ. 9–54.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1959, ლენინგორის რაიონი (რუსული)
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.