პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765

პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765შეთქმულება ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის წინააღმდეგ პაატა ბატონიშვილის მეთაურობით. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება წარმოადგენდა ერეკლე II-ის გამაერთიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ თავადაზნაურთა რეაქციული ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს. შეთქმულება მიზნად ისახავდა მეფის მოკვლას და ქართლში პაატა ბატონიშვილის გამეფებას.

შეთქმულებაში მონაწილეობდნენ დავით ბატონიშვილი (აბდულა-ბეგის ძე), ქართლის თავადები: სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი, მისი შვილი ალექსანდრე, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი, დიასამიძე და სხვები, აზნაურები და როგორც ჩანს, გლეხთა და მოქალაქეთა ცალკეული წარმომადგენლებიც. ეს დასი უკმაყოფილო იყო კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლის — ერეკლე II-ის ქართლში გამეფებით. არსებითად კი მას არ მოსწონდა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკა. შეთქმულები იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში (მარკოზაშვილის დარბაზი), სადაც ცხოვრობდა პაატა ბატონიშვილი, ამის გამო მათ „მარკოზაშვილის დარბაზელნი“ ეწოდათ. შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომელმაც ეს ამბავი აღსარების დროს გაანდო მღვდელ ქრისტესიას, ერეკლემ შეთქმულნი შეიპყრო, სასამართლოს გადასცა და თვითონ მომჩივანის როლში გამოვიდა. შეთქმულები სასტიკად დასაჯეს: პაატა და დავით ბატონიშვილებს თავი მოჰკვეთეს, ელიზბარ თაქთაქიშვილი ცეცხლში დაწვეს; სხვა მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს: ციციშვილს ენა მოსჭრეს, დიასამიძეს ცალი თვალი ამოთხარეს, ალექსანდრე ამილახვარს მოჰკვეთეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვები და ა. შ. შეთქმულთა მამულების ნაწილი მეფემ ნასისხლად აიღო. შეთქმულების განადგურებამ განამტკიცა და გააძლიერა ერეკლე II-ის მდგომარეობა ქართლ-კახეთის სამეფოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხანთაძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 630.
  • იოსელიანი, ა., პაატა ბატონიშვილის შეთქმულებისადმი საიათნოვას დამოკიდებულების საკითხისათვის, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
  • ტუხაშვილი, ლ., რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1983;
  • ფირცხალაიშვილი, ა., პაატა ბატონიშვილი, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 1972.