აბდულა-ბეგი, არჩილი — ქართლის მეფის იესეს ძე, ანტონ კათალიკოსის ძმა, ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ერეკლე II-ის გამარჯვების აღმნიშვნელი მხედრული წარწერა თბილისის მეტეხის ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე.

1737 წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის სამეფოს ნაიბად დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს, ქართლში თეიმურაზ II-ისა და კახეთში ერეკლე II-ის გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი.

1747 წელს თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა და ქართლის სამეფო მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში — სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ქართლის მეფობაზე პრეტენზია განაცხადა. ერეკლე II-მ სამშვილდის აღება ვერ შეძლო. აბდულა-ბეგი ციხიდან გამოვიდა და კოდასა და შინდისს შორის დადგა. მას შეუერთდა აზერბაიჯანის ხანი ამრ-ასლანის რვა ათასი ავღანელი მეომარი და საბარათიანოს ჯარი. ქართლის სხვა ფეოდალები ერეკლეს მიემხრნენ. ამაში დიდი როლი ითამაშა აბდულა ბეგის ძმის, ანტონ კათალიკოსის მიერ ერეკლეს მხარდაჭერამ. ბრძოლა გაიმართა სოლოლაკის მთის ფერდობზე. ერეკლეს მარცხენა ფრთაზე განლაგებულმა ქიზიყელების ჯარმა უკუაქცია აბდულა-ბეგის ჯარი და იაღლუჯის კალთებამდე სიდა მას. აბდულა-ბეგი კვლავ სამშვილდეში გამაგრდა. ერეკლემ ძალისხმევა თბილისზე მიმართა, აიღო თაბორის კოშკი, მეტეხისა და ნარიყალის ციხეები. ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, 1748 წელს, აბდულა-ბეგი დანებდა. ერეკლე მას შეურიგდა და საუფლისწულო მისცა.

აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, ერეკლე I-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:

  • აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
  • დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
  • იესე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1812)
  • როსტომ მირზა (1736–1755)
  • ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
  • მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა აზად ხან ავღანზე, შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.

ლიტერატურა

რედაქტირება