ბოლოცეცხლა (ლათ. Phoenicurus) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13,5–16 სმ.[1] შეფერილობაში შეხამებულია წითური, შავი, თეთრი და მურა ფერები; სახეობათა უმრავლესობას კუდი წითური აქვს; მამლები უფრო მეტად კაშკაშა ფერისანი არიან.[1] გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 3 სახეობაა: ჩვეულებრივი, შავი და წითელმუცელა ბოლოცეცხლა; ამათგან პირველი ორი მობუდარი გადამფრენია (ჩვენში მარტიდან ოქტომბრამდეა), წითელმუცელა ბოლოცეცხლა კი — მობინადრე. ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა ბინადრობს ტყეებში, ბაღებში, პარკებში; შავი ბოლოცეცხლა — ხრამებში, კლდეებზე, ალპურ მდელოებსა და ადამიანის სამოსახლოში, წითელმუცელა ბოლოცეცხლა — მაღალმთიანეთში — ხეობებში, კლდეთა ნაშალებში. აპრილ-მაისში დებენ 4-6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 14 დღე. იკვებებიან მწერებით.