პარხალი
პარხალი — ქართული მონასტერი თურქეთში. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.
პარხალი | |
![]() | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°58′13″ ჩ. გ. 41°23′01″ ა. გ. / 40.97028° ჩ. გ. 41.38361° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ისლამი ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | ართვინი |
რაიონი | იუსუფელი |
სასულიერო სტატუსი | მონასტერი |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გვიანდელი ქართული ბაზილიკა |
თარიღდება | 973 |
ისტორიარედაქტირება
პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S 4927) და პარხლის მრავალთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A—95) გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
არქიტექტურარედაქტირება
პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით — მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ბერიძე ვ., მენაბდე ლ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703.
- საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, თბილისი, 2005 წ., გვ. 104-105
- თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბილისი, 1960;
- Беридзе В.В., Архитектура Тао-Кларджери, Тб., 1981;