სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ბერაჲ — X საუკუნის ქართველი კალიგრაფი, პარხლის I ოთხთავისა და შატბერდის კრებულის გადამწერი.

აღიზარდა და მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. პარხლის ოთხთავი (29,9x19,9 სმ, 259 ფურცელი, ეტრატი) გადაწერილია 973, მრგლოვანით, ორ სვეტად, სეპიის ფერი მელნით. ყოველი თავის დასაწყისში სინგურის სათაურები და ინიციალებია, ხოლო თავებისა და ზოგიერთი მუხლის ბოლოს - სინგურისავე წვრილი ჯვრები, რაც ხელნაწერს უფრო საზეიმო იერს ანიჭებს. შატბერდის კრებული (973-976) საშუალო ზომის სქელი წიგნია (28x22 სმ, 286 ფურცელი, ეტრატი). 126 ფურცელი გადაწერილია ასომთავრულით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით, ერთი ხელით. შემდეგ მთავრულს უშუალოდ აგრძელებს ნუსხური. კრებულის ამ ნაწილში სამი ხელი გამოირჩევა (ალბათ აქ იოანე ბერაის ბიძა მიქაელ მოდრეკილი და ძმა დაეხმარნენ). შატბერდის კრებულის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა. იოანე ბერაის ხელნაწერი, რომელშიაც გააზრებულია არა მარტო ცალკეული გვერდის გაფორმება, არამედ წიგნის მთლიანი მხატვრული სახეც, ერთი ულამაზესთაგანია იმ ხანის ქართულ ხელნაწერთა შორის.

ლიტერატურა

რედაქტირება