პარხლის I ოთხთავი — ქართული ხელნაწერი, დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-1453), შეიცავს 260 ფურცელს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: „მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია: „დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზ. ქრონიკონი იყო რჟგ". ხფოზ=6577 (6577-5604=973წ.); რჟგ=193 (780+193=973წ.).

პარხლის ოთხთავი

პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა". ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალის მღვდელთან, ვინმე სუხიევთან (სუხიაშვილთან). ამ უკანასკნელის სიტყვებით სახარება მას გორიდან ჰქონდა წაღებული, იგი ეკუთვნოდა ივანე აბაშიძის ქვრივს. ვინაიდან მღვდელმა არ ინდომა სახარების გადაცემა, ეყვთიმე თაყაიშვილი მასთან დადიოდა და სწავლობდა ხელნაწერს. როგორც გაირკვა, სახარება გადაწერილი ყოფილა იმავე იოვანე ბერაის მიერ, რომელსაც გადაუწერია შატბერდის კრებული, რაც საშუალებას იძლეოდა შატბერდის უთარიღო ხელნაწერის დათარიღებისა. მ. სუხიაშვილისის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერს ვეღარ მიაგნეს. 1920 წელს ოთხთავი უნივერსიტეტში მიიტანა გერმანიის კონსულმა, რომლისთვისაც შესაძენად შეუთავაზებიათ ეს უკანასკნელი. პირი, რომელსაც განთქმული ოთხთავი თავისად მიაჩნდა, იძულებული შეიქნა უნივერსიტეტისათვის დაეთმო იგი. ასე გადაურჩა ეს ხელნაწერი უცხოეთში გაყიდვას.

პარხლის ოთხთავი ორ სხვა ხელნაწერთან ერთად გამოსცა აკაკი შანიძემ 1945 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, ბათუმი, 284-6-82012, გვ. 7. ISBN 978-9941-9284-6-8

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება