ჭანიეთი
ჭანიეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭანიეთი, ვაშტიალი, ქაქუთი).
სოფელი | |
---|---|
ჭანიეთი | |
„ჩაბიას ტახტი“ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭანიეთი |
კოორდინატები | 41°52′06″ ჩ. გ. 41°58′58″ ა. გ. / 41.86833° ჩ. გ. 41.98278° ა. გ. |
ფართობი | 12,6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
მოსახლეობა | 489[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 38,8 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,8 %, სომხები 1,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებაჭანიეთი მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელი მდებარეობს ნაბადას მთის ძირში, მდინარე ჩოლოქის ხეობაში. ნაბადას ჩრდილოეთით დგას მუზარათის მთა, საიდანაც ჩამოედინება მუზარათის ღელე. ნიაბაურისა და ჭანიეთის საზღვარზე დგას ნასიმაგრევის მთა. გადმოცემით, აქ უნდა აშენებულიყო თამარის ციხე, მაგრამ არ აშენდა, რადგან ამ ადგილას წყალი არ აღმოჩნდა. თამარის ციხე აშენდა ლიხაურის საზღვარზე. სოფელში მრავლადაა მცირე მდინარეები — თაროსანას ღელე, ცხვირსაბანელა, ორპირღელე, ძიმითას ღელე; აგრეთვე წყაროები: ანტონას საცივი, ბარნაბას საცივი, თადას საცივი, ელისაის საცივი, ბოლქვაძის წყარო, ოლიმპის საცივი, ცინცაძეების საცივი.
ისტორია
რედაქტირებაჭანიეთის სახელი „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.
ჭანიეთი, სხვა მეზობელ სოფლებთან ერთად, შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში. ისტორიულ წყაროებში ჭანიეთი ლიხაურისგან დამოუკიდებლად იშვიათად იხსენიება. 1870-იან წლებში ჭანიეთი და ქაქუთი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. მანვე აღწერა ჭანიეთში სასაფლაოზე მდგარი ახალაშენებული მთავარანგელოზთა სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, რომელსაც ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახით იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი რუსუდანი, სავარაუდოდ, გიორგი III-ის და. გადმოცემის თანახმად მთავარანგელოზთა ეკლესია უნდა აშენებულიყო ე.წ. საჯვარეზე. ეს იყო სალოცავი ადგილი, სადაც აღმართული იყო ჯვრის ფორმის ქვა, რომელიც ამჟამად დაკარგულია. ეკლესიის მრევლი შეადგენდა 75 კომლს. ეკლესია მოხატული იყო. 1920-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს და ხის მასალით სოფლის კლუბი ააშენეს. გარდა მთავარანგელოზთა ტაძრისა, ჭანიეთში იდგა გურიელთა კარის ეკლესია და შავიშვილთა კარის ეკლესია. გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო სიმინდი და ღომი, აგრეთვე ვაზის ადგილობრივი ჯიში ჩხავერი. იმ ადგილებს, სადაც ვენახი იყო გაშენებული, შემორჩენილი აქვს სახელი ჩხავნარა.
1929-30 წლებში პერიოდში ჭანიეთი გამოეყო ლიხაურის საზოგადოებას და ქაქუთთან და ვაშტიალთან ერთად შექმნა ცალკე სასოფლო საბჭო. შეიქმნა ვალერიან ბაქრაძის სახელობის კოლმეურნეობა. დაიწყო ჩაის გაშენება. ასევე სოფელში გაშენებული იყო ციტრუსები, ვენახი, ხეხილი და ტუნგი. 1958 წლის 14 მაისს ჭანიეთის კოლმეურნეობაში, ლაითურისა და ლიხაურის, პარალელურად პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.[2] 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე სოფელში მუშაობდა კრამიტისა და აგურის ქარხნები. მისი მუშაობა შეწყდა ნედლეულის ამოწურვის გამო. 1990-იან წლებში განადგურდა ჩაის ფართობების დიდი ნაწილი და სხვა სამეურნეო ობიექტები.
1955 წელს ჭანიეთის კოლმეურნეობას ეწოდა შოთა რუსთაველის სახელი. 1966-67 წლებში მოხდა სოფლის ცენტრის რეკონსტრუქცია. დაინგრა ძველი შენობები და აშენდა ახალი, სადაც სოფლის ადმინისტრაცია და კულტურული დაწესებულებები განთავსდა. 1966 წელს დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 2011 წელს სოფელი დაიყო 11 ქუჩად და თითოეულს მიენიჭა საკუთარი სახელი, მოხდა სოფლის გაზიფიცირება, ცენტრში გაშენდა ილია II-ის სახელობის სკვერი.
ეკონომიკა
რედაქტირებაჭანიეთის, ისევე როგორც გურიის მხარეში სხვა სოფლებში ეკონომიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობით შემოიფარგლება და ისიც ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს, რომელიც ის ორიენტირებულია მხოლოდ შიდა სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. საბჭოთა პერიოდში, 1930-იანი წლებიდან სოფლის ეკონომიკის წამყვანი დარგი მეჩაიეობა იყო. სოფლის მოსახლეობა მოწეულ მოსავალს აბარებდა თავიდან გურიანთის, ხოლო 1965 წლიდან ლიხაურის ჩაის ფაბრიკაში. 1950-იან წლებში ჩაი გაშენებული იყო 143 ჰექტარზე, ასევე სოფელში იყო 50 ჰა ციტრუსების, 30 ჰა ვენახისა და ხეხილის და 20 ჰა ტუნგის პლანტაციები.[3] 1990-იან წლებში სოფელში იყო 80 ჰა ჩაისა და 165 ჰა სიმინდის ფართობი. ამჟამად სოფელში გავრცელებული კულტურებია თხილი, მანდარინი, კივი, სიმინდი.
განათლება
რედაქტირებასოფელში არის საჯარო სკოლა[4] და საბავშვო ბაღი. ჭანიეთის ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა 1930-იან წლებში. 1936-38 წლებში აშენდა სკოლის სამსართულიანი, რიყის ქვის შენობა, რომელსაც მიაშენეს დამატებითი კორპუსი 1973 წელს. 1999 წლიდან სკოლა ცხრაწლიანია. 2018 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა.
ჩაბიას ტახტი
რედაქტირებადიმიტრი ბაქრაძეს, რომელმაც ჭანიეთი და ქაქუთი 1873 წელს მოინახულა, აღწერილი აქვს მასიური ქვის ფილა, „ჩაბიას ტახტი“. ქვის ფილა ეყრდნობა მიწაში ჩასობილ ოთხ დაბალ ქვის სვეტს. მასზე შემორჩენილია წარწერა „ეს ქ..ე....ყენა გგი ჩაბია. შე.ნდე ღმთო“ (ეს ქვა დააყენა გიორგი ჩაბიამ, შეუნდე ღმერთო). მინდორს, სადაც ეს ქვა დგას, ჩაბიასეულს ეძახიან. ეს გვარი გურიაში ბაქრაძის მოგზაურობის დროს უკვე არ ფიქსირდებოდა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 651 | ||
1911[6] | 467 | ||
2002 | 521 | ||
2014 | 489 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებაჭანიეთში დაიბადნენ:
- ივანე სურგულაძე - იურისტი, ქართული სამართლის ისტორიის მკვლევარი
- გიორგი ხაჭაპურიძე - ისტორიკოსი, აკადემიკოსი
- მიხეილ შავიშვილი - ცნობილი მოკრინამჭულე, ლოტბარი და ხალხური მომღერალი
- თეიმურაზ კვირკველია - ლოტბარი და ხალხური მომღერალი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 382.
- სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ მ. კილაძე, გ. ჭელიძე „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N57 გვ 1. — 1958 წ.
- ↑ რუსიეშვილი გ. „ჩვენი სოფელი დღეს“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N2 გვ 3. — 1955 წ.
- ↑ საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2018-12-27.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год