მიხეილ შავიშვილი (ლოტბარი)
მიხეილ (მიშა) შავიშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1920 — გ. 17 ივნისი, 1999, 1999) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1983).
მიხეილ შავიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მიხეილ გერმანეს ძე შავიშვილი |
დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1920 |
დაბ. ადგილი | ჭანიეთი |
გარდ. თარიღი | 17 ივნისი, 1999 (78 წლის) |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, ლოტბარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში. მისი სიმღერის პირველი მასწავლებელი იყო დედა, ვერა ვაშალომიძე, მეჩონგურე და მოკრიმანჭულე. მისი დედმამიშვილებიც მომღერლები იყვნენ. და ჟენია შემდგომში გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულე ქალი გახდა. 11 წლისამ ლიხაურში ალეგროზე გაიცნო ცნობილი მომღერალი-მგალობელი მღვდელი ნესტორ კონტრიძე და გახდა მისი მოწაფე. მეცხრე კლასის მოსწავლე უკვე სოფლის სკოლის გუნდს, შემდგომ კი სოფლის გუნდს ედგა სათავეში.
თხუთმეტი წლისა გახდა ვარლამ სიმონიშვილის მოსწავლე. 1936–1937 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლიგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულეა. ანსამბლის ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი იყო.
1941–1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1957 წელს ის გახდა თბილისში ანსამბლ „შვიდკაცას“ (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე) სოლისტი. 1959 წელს ანსამბლის დაშლის შემდეგ მან მახარაძის რაიონში ჩამოაყალიბა ანსამბლი „შვიდკაცა“. 1974 წელს შავიშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი „კრიმანჭული“. ამან დასაბამი მისცა რაიონებში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას. „შვიდკაცას“ პარალელურად შავიშვილი ხელმძღვანელობდა სოფელ ქაქუთის გუნდს. 1961 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1983 წელს კი სახალხო არტისტის წოდება.
გარდაიცვალა 1999 წელს, დაკრძალულია ოზურგეთში.