ლაითური

დაბა სარართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ლაითურიდაბა საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დაბაში მოქმედებს საჯარო სკოლა,[4] საბავშვო ბაღი და მეჩეთი.

დაბა
ლაითური

დაბის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°54′45″ ჩ. გ. 41°54′33″ ა. გ. / 41.91250° ჩ. გ. 41.90917° ა. გ. / 41.91250; 41.90917
დაარსდა 1911
ამჟამინდელი სტატუსი 1953
ფართობი 23,9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2697[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 112,85 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,8 %
სომხები 2,5 %
რუსები 1,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 496[2]
საფოსტო ინდექსი 3500[3]
ლაითური — საქართველო
ლაითური
ლაითური — გურიის მხარე
ლაითური

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება ლაითურის წარმოშობის შესახებ ორი ვერსია არსებობს. გადმოცემის თანახმად, ლაითურის ტერიტორიაზე დასახლებულ დუხობორებს მეფის რუსეთის მთავრობისთვის წერილი მიუწერიათ „Мы живём здесь, где лаят туры“. (ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც ტურები ყეფენ). სწორედ ამიტომ, მოგვიანებით, ამ ადგილს ლაითური შეერქვა.

პროფესორ იური სიხარულიძის მოსაზრებით ლაზიკის სამეფოს დაშლის შემდეგ გურიაში მეგრულ-ჭანური ტოპონომიკა თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა. ამ შემთხვევაში ლაითური უნდა უკავშირდებოდეს ვინმე აზნაურ ლაითაძეს, რომელიც ამ ტერიტორიებს ფლობდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარეების, ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 80 მ, უახლოეს რკინიგზის სადგურ მერიიდან 5 კმ., ოზურგეთიდან 14 კმ.

ლაითურში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13,6 °C, იანვარში 4,9 °C, ივლისში 21,7 °C, აბსოლუტური მინიმუმი -16 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 40 °C, ნალექები 2330 მმ წელიწადში.

ლაითურის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. ლაითურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია – გვიანი ნეოლითისა და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები. ცალკეული ნივთები აღმოჩენილ იქნა 1984 და 1988 წლებში. ლაითურში აღმოჩენილია შემდეგი არქეოლოგიური მასალა: ბრინჯაოს 3 წალდი, 11 თოხი, 13 ცალი სეგმენტი, ზოდები, ბრინჯაოს ცულები და ნამგალი. გარდა სამეურნეო იარაღებისა, დაბა ლაითურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტიკური ხანის ლითონსადნობი სახელოსნოც, რაც იარაღის დამუშავების „მაღალგანვითარებულ“ ტექნიკაზე უნდა მიგვითითებდეს.[5]

ლაითურში იყო გაუვალი ტყე, რომელსაც სამალავად იყენებდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული მოვაჭრეები. გადმოცემის თანახმად, თუ გამტაცებლები მდევარს ამ ტყეებში შეასწრებდნენ, მდევარი პირს მყისვე უკან იქცევდა, რადგან იცოდა, აქ მაინც ვერაფერს გახდებოდა. განსაკუთრებით მრავლად იყო მგელი და ტურა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება „ლაითურის“ ეტიმოლოგია.

პირველი დასახლებები ლაითურის ახლანდელ ტერიტორიაზე 1911 წელს ჩნდება. რუსეთის იმპერიის მთავრობამ, ლაითურის ყამირი მიწების ასათვისებლად, აქ ოსმალეთის იმპერიიდან რუსი მოსახლეობა – დუხობორები – გადაასახლა. დუხობორების ხუთასამდე კომლმა, რომელთაც სესხით თითო ჰექტარი მიწა და ორთვალა ოდა-სახლები მისცეს, ამ ტერიტორიაზე ორი დასახლება – უსპენსკოე და ვოზნესენსკოე შექმნა. ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა და დაჭაობებული ნიადაგი ამ ტერიტორიაზე ისეთი კულტურების მოყვანას უწყობდა ხელს, როგორიც იყო სიმინდი, ბრინჯი, კარტოფილი და სხვა, თუმცა 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ორივე სოფელი აეყარა და გადაესახლებინა ყირიმში. დუხობორები ფოთის ნავსადგურიდან გემით გამგზავრებულან ყირიმისაკენ, თუმცა ნოვოროსიისკის მიდამოებში მტერს მათი გემი ჩაუძირავს. 1918 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ოსმალეთის იმპერიის ჯარებს ჰქონდათ დაკავებული.

1926 წლამდე ლაითურში გაშენდა ჩაის პლანტაციები 1650 კვ. მეტრზე. 1930 წელს შეიქმნა კიროვის სახელობის ლაითურის საბჭოთა მეურნეობა და დაიწყო ტყის გაჩეხვა. 1935 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა. 1946 წელს ლაითურის ტერიტორიაზე გაშენებული იყო 1700 ჰა ჩაის, 200 ჰა ტუნგისა და 114 ჰა ციტრუსის პლანტაცია. მოსახლეობის რაოდენობა აღემატებოდა 1000 ადამიანს. 1953 წელს დასახლებას მიენიჭა დაბის სტატუსი. 1955 წელს გაიხსნა 11 კილომეტრიანი საჰაერო-საბაგირო ჩაის ფაბრიკასა და V, VI და VII აგროგანყოფილებებს შორის. 1958 წლის 14 მაისს ლაითურის მეურნეობაში, ჭანიეთისა და ლიხაურის პარალელურად, პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.[6] 1969 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ხულოს რაიონიდან ლაითურში დასახლდა აჭარლების 300 ოჯახი. 1972 წელს ნიკოლოზ სანიშვილმა ლაითურში გადაიღო ქართული მხატვრული ფილმი „ჩარი რამა“. 1984 წელს ლაითურში დადგეს ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს“, რომელსაც 20 წელი შეუსრულდა, ძეგლი. ლაითურში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, 50 საწოლიანი საავადმყოფო.

1997 წელს ლაითურის ჩაის პლანტაციის ყოფილი ტერიტორიები კერძო მესაკუთრეებმა შეიძინეს. 2007 წელს ლაითურში ციხის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია. 2012 წლიდან ლაითურში 50 ჰექტარზე გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაციები. მოცვი რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იყიდება.[7]

ლაითურის ეკლესიები

რედაქტირება
 
ლაითურის ეკლესია

ლაითურში, მერიისა და ქალაქ ოზურგეთის საზღვარზე (სპონიეთი, სპოტიეთი) მდებარეობს ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ის წარმოადგენს გვიან-შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გამონაკლისს, რადგან თავისი ფორმით ერთ-ერთი გამორჩეულია. ასეთი როტონდის ტიპის ეკლესიები საქართველოში გარდა გვიანანტიკური წარმართული ტაძრების ნანგრევებისა და ადრექრისტიანული ხანის იშვიათი გამონაკლისისა საქართველოში ცნობილი არაა. ეკლესია გეგმით წრიული ფორმისაა (დმ - 5 მ). დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს სამი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს - თითო. კარისა და სარკმლების საპირეებად ბაზალტის ქვებია გამოყენებული. კარის დირეზე ჩამკეტი ფოსოებია შემორჩენილი. სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.[8]

მის ახლომახლოს შემორჩენილია კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია საძირკვლის დონეზეა დანგრეული. ნაგებია ბაზალტის გათლილი კვადრებით. ადგილზე მხოლოდ ცალკეული პროფილირებული დეტალები იკითხება.[9]

ლაითურში დგას ასევე სტაროვერების ეკლესია. ის აშენებულია 1928 წელს შემდეგ და ჩამოსხმულია ცემენტით. კომუნისტურ პერიოდში ეკლესია გადაკეთებული იყო სასადილოდ.[10]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 5018 1951 3067
1970   3398 1575 1823
1979   5327 2462 2865
1989   3854 1821 2033
2002   3556
2014   2697 1339 1358

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 110.
  • ე. ქვათაძე „ლაითურის ს. მ. კიროვის სახელობის საბჭოთა მეურნეობა-ტექნიკუმის ისტორია“, — თბილისი, 1983.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  5. „გურია“, მხარის კვლევა-ძიების შედეგები; ტომი I, გვ. 221 — თბილისი 1996.
  6. კილაძე მ. ჭელიძე გ., „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1958, № 57, გვ. 1.
  7. ქართული ლურჯი მოცვი დიდ ბრიტანეთში იყიდება
  8.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16089
  9.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16088
  10.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16156