ილია ფირცხალაიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფირცხალაიშვილი.

ილია (ილიკო) ფირცხალაიშვილი (დ. 1885, ოზურგეთი — გ. 18 სექტემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რეპრესირებული.

ილია ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი 1885
დაბადების ადგილი ოზურგეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1937
განათლება მოსკოვის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა გიორგი ფირცხალაიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1905 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1908 წლის 2 აპრილს დააპატიმრეს და პასუხისგებაში მისცეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის ბრალდებით. წლისა და 4 თვის პატიმრობის შემდეგ ოდესის სამხედრო სასამართლომ გაამართლა სხვა 8 სტუდენტთან ერთად, მაგრამ უნივერსიტეტში აღარ დააბრუნეს. 1909 წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1913 წელს დაამთავრა. შემდგომ წლებში მუშაობდა ნაფიც ვექილად.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო ქალაქ ქუთაისის კომისარი, ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობის ხმოსანი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის შრომის მინისტრის მოადგილე. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, პარალელურად კი1918 წლის 24 ივნისამდე – შრომის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო იურიდიული, საპენსიო, საარჩევნო და შრომის კომისიების წევრი. 1921 წლის იანვარში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც იმავე წლის 11 თებერვალს ცალკე ფრაქციად და პარტიად ჩამოაყალიბდა

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აქტიურად იყო ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლიდან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1930-იან წლებში მუშაობდა აბრეშუმის მრეწველობის სამმართველოს იურისკონსულტად. 1937 წლის 14 ივნისს დააპატიმრეს „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით, დახვრეტა მიუსაჯეს 17 სექტემბერს და აღასრულეს შემდეგ დღესვე. რეაბილიტირებულია 1957 წლის 9 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 396-397— საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0