გიორგი სალუქვაძე
გიორგი ისაკის ძე სალუქვაძე (დ. 25 ივნისი, 1913, უჩხუბი, რუსეთის იმპერია, — გ. 15 ივნისი, 1990, ოზურგეთი, სსრკ) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985)[1], საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1957), საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1967).
გიორგი სალუქვაძემ აღადგინა ქართული ხალხური ცეკვები: „ფარცაკუკუ”, „კალმახობა”, „შიპრობა”, „ფუნდრუკი”, „მძიმური”, „იდუმალა”, ფერხული „დიდება”, „ვარძიობა-ძიობასა”; „ხელტრის ნადი”. მისი კონსულტაციითა და ქორეოგრაფიული კომპოზიციებით არის გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი: „შრომა და შემოქმედება”, „შეხვედრა მთაში”, „გიწვევთ ქართულ სუფრასთან”. შექმნა ხალხური სანახაობა „სეირი“ და საბავშვო ცეკვები „ცხენობანა“ და „წყაროსთან“.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ უჩხუბში ისაკ სალუქვაძის და ოლინკა თოიძის ოჯახში. 1915 წელს ოჯახი საცხოვრებლად გეორგიევსკში გადავიდა, სადაც ისაკ სალუქვაძე რკინიგზელთა კვების დარგში მუშაობდა. 1921-1928 წლებში სწავლობდა სოფლის შვიდწლიან სკოლაში. ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო ხალხური სიმრერითა და ცეკვით. 1928-1932 წლებში სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმში. სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. 1933-1939 წლებში სწავლობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში. სწავლის დროს ცხოვრობდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში არსენალის მთაზე. სტუდენტობის დროს, 1934 წელს ჩამოაყალიბა მომღერალ-მეჩონგურეთა სამკაციანი და მოცეკვავეთა ხუთკაციანი ჯგუფი, დგამდა ხალხურ ცეკვებს. მისი ხელმძღვანელობით 1937 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა ცეკვა „ხორუმით” ხალხური თვითმოქმედების IV რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი და ჯილდო მოიპოვა. 1937 წელს კირილე პაჭკორიამ მიიწვია დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფად და მოცეკვავედ მიიწვია. ამავე დროს იგი ხელმძღვანელობდა პუშკინის სახელობის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიულ წრეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სალუქვაძე ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა „თბოელექტროცენტრალში”. 1939-1941 წლებში ასევე მუშაობდა ქორეოგრაფად.
1940 წლის დეკემბერში დაქორწინდა თამარ ფარცვანიაზე. 1941 წლის 5 ივლისს გაიწვიეს ჯარში. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო არტილერისტი, მონაწილეობდა სევასტოპოლის და ქერჩის ბრძოლებში. 1943 წლის ივნისში გადაიყვანეს ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო ლეგიონში. დივიზიის ბაზაზე ხელმძღვანელობდა წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ქორეოგრაფად თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან არსებულ ანსამბლებში: საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სამტრესტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მაუდის ფაბრიკის ქორეოგრაფიული წრე, №5 საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი. ქმნიდა და აღადგენდა ცეკვებს. 1946 წელს დადგა მასობრივი ცეკვა „ფარიკაობა“.
1947 წელს გიორგი სალუქვაძე გადაიყვანეს მახარაძეში, სადაც დაინიშნა N1 ჩაის ფაბრიკის მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. ფაბრიკაში სალუქვაძე სხვადასხვა ტექნიკურ სიახლეებს ნერგავდა და გაზარდა ფაბრიკის მწარმოებლურობა. პარალელურად მუშაობდა კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, ხელმძღვანელობდა ნატანების, საკოლმეურნეო და მახარაძის №3 საშუალო სკოლის გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. 1948 წელს დაინიშნა მახარაძის რაიონულ აღმასკომსი. აღმასკომში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა სოფლებში წყალსადენის მოწყობას. 1949-1951 წლებში სოფლების: შრომის, ძამითისა და ბახვის საკოლმეურნეო გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. 1951 წელს პირველად შესრულდა მის მიერ აღდგენილია „ფარცაკუკუ“, ხოლო 1954 წელს „კალმახობა“. 1955 წლიდან გიორგი სალუქვაძე დაინიშნა ბჟუჟჰესის მშენებლობის დირექტორად და ტექნიკურ ზედამხედველად, პარალელურად განაგრძობდა ხალხური შემოქმედების სამსახურს. 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა სოფელ ქაქუთის საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფიულ წრეს. 1961-1962 წლებში მოგზაურობდა საინგილოში და ამ მოგზაურობის შედეგად აღადგინა ქალ-ვაჟთა დაირებით ცეკვა „შიფრობა“[2] 1963 წელს ანა ანტონოვსკაიას შვილმა მწერალამა ბორის ჩერნიმ დაწერა კინოსცენარი გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიამ შექმნა ფერადი ხმოვანი კინონარკვევი. 1964 წელს დაიწყო მესხური ფოლკლორის ძიება და 1966 წელს პირველად დადგა ქალტა ცეკვა „მძიმური“ და ვაჟთა ცეკვა „იდუმალა“, ხოლო 1967 წელს ცეკვები „დიდება” და „ვარძიობა-ძიობასა”. 1965 წელს ბათუმში დაიდგა სალუქვაძის აღდგენილი აჭარული ცეკვები „სეირი“ და ქალთა შრომის ამსახველი ცეკვა „ხელტრის ნადი“
1966-1968 წწ. წლების განმავლობაში გიორგი სალუქვაძემ ქორეოგრაფიულად დადგა და მუსიკალურად გააფორმა მახარაძის თეატრის ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი. 1968 წელს გიორგი სალუქვაძის ინიციატივით მახარაძეში შეიქმნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა. 1973 წელს სკოლის კურსდამთავრებულთაგან მან შექმნა ანსამბლი „იადონი”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
გიორგი სალუქვაძე გარდაიცვალა 1990 წლის 15 ივნისს, დაკრძალულია ოზურგეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 696-697.
- ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო., „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014.
- ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, გურია III წიგნი, გიორგი სალუქვაძე, ავტ: კვიჟინაძე მარინა, პატარიძე უჩა, 2004.
- შილაკაძე, ვ.., ხალხური შემოქმედების მოამაგე, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა”, ბათუმი 1979
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21037
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1985. № 7. გვ. 19
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 9.