კირილე პაჭკორია (დ. 23 აპრილი, 1889 — გ. 28 თებერვალი, 1967) — ქართველი მომღერალი.

კირილე პაჭკორია, მომღერალი და ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კირილე პაჭკორია დაიბადა 1889 წლის 23 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. ფოთშივე გაიცნო კირილემ ქართული სიმღერის დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე, რომლის გუნდშიაც ოთხი წელი იმღერა (1903-1907). მან შეისწავლა ბევრი სიმღერისა და საგალობლის ყველა ხმა. 1908 წელს პაჭკორიების ოჯახი საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. სწორედ აქ წარდგა კირილე პაჭკორია მსმენელის წინაშე, როგორც დამოუკიდებელი ლოტბარი. პარალელურად გუდაუთიდან სოხუმში ჩადიოდა, სადაც ძუკუ ლოლუას გუნდში მღეროდა. ძუკუს ძალიან მოსწონდა კირილეს ხმა და შესრულების წმინდა ხალხური მანერა. კირილეს ხშირად უმღერია მაღალი ხმა ძუკუ ლოლუასთან და რემა შელეგიასთან ერთად ტრიოში.

1918 წელს კირილე პაჭკორიამ ოჩამჩირეში დააარსა გუნდი. 1921 წლის 9 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა ძუკუ ლოლუა. მის გუნდს კიწი გეგეჭკორი ჩაუდგა სათავეში, მოადგილედ და ადმინისტრატორად კი კირილე პაჭკორია დაინიშნა. 1925 წლიდან ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდს სათავეში კირილე პაჭკორია ჩაუდგა. მას ხალხური სიმღერების საუკეთესო ცოდნასთან ერთად ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარიც აღმოაჩნდა. მალე გუნდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მობილურ და ორგანიზებულ მხატვრულ კოლექტივად იქცა. პირველად სწორედ ამ გუნდმა გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა საქართველოს გარეთ ასეთი ფართო მასშტაბით. კირილე პაჭკორიას შემოქმედებით ბიოგრაფიაში ძალზე მნიშვნელოვანი თარიღი იყო 1937 წელი, როდესაც მოსკოვში ჩატარდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების პირველი დეკადა, სადაც დასავლეთ საქართველოს ეთნოგრავიულმა გუნდმა ფურორი მოახდინა.

კირილე პაჭკორიას მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორდენი. 1939 წლის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად. 1946 წელს კირილე პაჭკორიას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1967 წლის 28 თებერვალს იგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება