ნიკიტა თალაკვაძე ფსვედ: ზაქარია მთისპირელი (დ. 1873, სოფ. მთისპირი, ოზურგეთის მაზრა — გ. 8 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, დეკანოზი.

ნიკიტა თალაკვაძე
დეკანოზი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 1873
დაბადების ადგილი მთისპირი, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 დეკემბერი, 1933
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
დასაფლავების ადგილი ვერის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
მეუღლე ალექსანდრა ლუკაშვილი
შვილები გერმანი, ქეთევანი
მშობლები მალაქია თალაკვაძე
ალმა-მატერი კიევის სასულიერო აკადემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს ანტონთან, რომელმაც ეგზარქოს ეგზარქოს ალექსის მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა დიდუბის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1906 წლიდან იყო სემინარიის საბჭოს წევრი. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. 1912 წელს ნიკიტა თალაკვაძემ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. 1912-1918 წლებში საღვთო სჯულს ასწავლიდა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტში. იგი, როგორც ეპისკოპოს კირიონ II-ის თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1912 წლის 20 მაისს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1916 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. 1917 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 8 სექტემბრის საეკლესიო კრებაზე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის მკველობა. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან სიტყვა წარმოთქვა. მეორე საეკლესიო კრებაზე თალაკვაძემ გააპროტესტა კათოლიკოს-პატრიარქად ლეონიდეს დამტკიცება არჩევნების გარეშე. ამის შემდეგ იყო დაპირისპირებული ლეონიდესთან და საკათალიკოსო საბჭოსთან. 1920 წლის 2 იანვარს დაითხოვეს საკათილიკოსო საბჭოდან.

1920 წლის 15 იანვრიდან მეოცე ტექნიკუმში (ქალთა მესამე გიმნაზიაში) ასწავლიდა საქართველოს ისტორიას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია. ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა თალაკვაძეს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წლის ივლისში დეკანოზმა ნიკიტამ დატოვა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ — კულტურის სამინისტროში. მას და მის მეუღლეს შვილები არჩენდნენ. 1929 წელს დააპატიმრეს მისი შვილი გერმანი ბათუმში. 1930 წელს მუშაობდა „შრომის ბირჟასთან“ არსებულ კოლექტივში. 1931 წლის 16 ნოემბრიდან მუშაობდა რკინიგზაში თარჯიმნად. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 177.
  • თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. ISBN 978-99940-28-77-1. 
  • ტოგონილძე ლ., მაჩურიშვილი გ. (2012). „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“. თბილისი: ალილო. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება