ოზურგეთის აბანოები
ოზურგეთის აბანოები — აბანოს არქეოლოგიური ნაშთები ქალაქ ოზურგეთში, მიეკუთვნება სავარაუდოდ XVII-XVIII საუკუნეებს.
ისტორია
რედაქტირებაქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს 1957, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რესტორან „იზაბელას" მშენებლობის დროს. ნაშთები ისტორიკოსმა ნინო ხოშტარიამ შეისწავლა, თუმცა აბანოების სრული შესწავლა არ მომხდარა, გაიზომა მხოლოდ ცალკეული დეტალები. ძეგლი მიეკუთვნა სავარაუდოდ გვიან ანტიკურ ან ადრე ფეოდალურ ხანას. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ათი დღის განმავლობაში ძეგლის მხოლოდ მცირე პერიმეტრზე, ამიტომ მისი სრული გაბარიტით გამოვლენა ვერ მოხერხდა. აბანოს ჩრდილოეთ ნაწილი დაზიანდა ბულდოზერის მიერ იუსტიციის სახლის მშენებლობისას, ხოლო სამხრეთ ნაწილი 1957 წლის სამუშაოებისას იყო დაზიანებული.
შესაძლოა ნაშთები ეკუთვნოდეს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილ გურიელების აბანოს. ქალაქში გურიელთა სასახლე მოხსენიებული აქვს ასევე ვახუშტი ბატონიშვილს, ხოლო 1896 წელს გურიელის სასახლის ნანგრევებსა და მთავრის აბანოს იხსენიებს თედო სახოკია.
აღწერა
რედაქტირებაძველი ნაგებობის ნაშთები 400 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. აბანო შედგება ანფილადური განლაგების ოთახებისგან: გასახდელი (აპოდიტერიუმი), ცივი (ფრიგიდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი) და ცხელი (კალდარიუმი) აბანო და საცეცხლე განყოფილება (პრეფურნიუმი). შენობის გეგმა წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამხრეთითაა მოქცეული ცხელი აბანო, რაც მზის სითბოს გამოყენებით უნდა აიხსნას.
ოზურგეთის აბანო, ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ სართულიანია. ზედა სართული ეთმობა სააბაზანო აუზებს. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული - გათბობის სისტემა (ჰიპოკაუსტი). გასახდელი შენობის ჩრდილოეთ ნაწილშია და მოკლე დერეფნით უკავშირდება ცივ აბანოს, რომელიც სიმეტრიულად განთავსებული სამი აბაზანისგან შედგება. მისი იატაკი და კედლები ჰიდრავლიკური ხსნარით იყო შელესილი. აქედან ღიობი თბილ ოთახში გადის. ამ ოთახის შუა მოზრდილ აბაზანაში შემორჩენილია ბრტყელი აგურით ამოყვანილი თლილი ქვის იატაკი. ამ ოთახიდან შუა ღიობით გასასვლელია ორნაწილიან ცხელ აბანოში.
ქვედა სართული ნაგებია თიხის აგურისგან და მთლიანი სისტემაა, რომელიც ცხელი აირით მარაგდებოდა. აბანოს საძირკველი და კედლები ნაგებია რიყის ქვისგან კირ-დუღაბზე. მიწის ზედაპირიდან კარგად ჩანს აბანოს ღუმელი თაღოვანი გადახურვით. ღიობები ამოყვანილია რადიალურად დაწყობილი თხელი თიხის აგურისაგან, რომლების თეთრი შემაკავშირებელი ნივთიერებით არიან დაკავშირებული. ამ თაღის საფუძველი 2,8 მეტრს შეადგენს, წყობის სისქე – 65 სანტიმეტრს. ჩრდილოეთით ჩანს კედლის ნაგებობაში დატანებული თიხის მილები, რომელთა დიამეტრი 10-12 სანტიმეტრია. მილების შიგნითა ზედაპირი დაფარულია ჭვარტლით. აღმოჩენილია ქვის ფილებისაგან ქვედა სართულის გადახურვა. ქვის ფილების ზომაა 75/35/10 სანტიმეტრი. ამ ფილების შიგნითა ნაწილი დაფარულია დაფარულია ჭვარტლით. ქვის ფილებიანი გადახურვა დაფუძნებულია ერთი მეტრის სიმაღლის სვეტებზე, რომლებიც თხელი აგურისაგან არიან აგებული 26-26 სანტიმეტრი და შეკავშირებულია თეთრი შემაკავშირებელი ნივთიერებით.
ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე იარუსში აღმოჩნდა სააბაზანო იატაკი, რომლის ზედაპირი მოყვითალო-მოვარდისფრო ხსნარით არის დაფარული. ამ ადგილს უკავშირდება ჰორიზონტალური მილები. ნაგებობის ძირითად მასალასთან ერთად გამოყენებულია რიყის ქვა შემაკავშირებელი ნივთიერებით (სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში). ნაგებობაში გამოყენებულია ორი სახის შემაკავშირებელი ნივთიერება – თეთრი სილიანი და მოყვითალო-მოვარდისფრო. როგორც ჩანს ნაგებობა შემცველი იყო ქვის სვეტების, რასაც მოწმობს აქ არსებული ერთ-ერთი ფრაგმენტი. თბილი აბანოს იატაკი გაწყობილი იყო ქვიშა-ქვის ფილებით, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილია შემორჩენილი.
დათარიღება
რედაქტირებააბანოს შენობის ამგვარი გადაწყვეტა საქართველოში დაფიქსირებულია I-II საუკუნეებიდან, მათი უმეტესი ნაწილია აღმოსავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი (ძალისი, არმაზციხე, ბიჭვინთა, ციხეგოჯი, შუხუთი). სწორედ ამიტომ ნინო ხოშტარიამ ძეგლი მიეკუთვნა სავარაუდოდ გვიან ანტიკურ ან ადრე ფეოდალურ ხანას. 2012 წლის გათხრების მწარმოებლებმა ის გვიანი შუა საუკუნეების ძეგლად მიიჩნიესს გამოვლენილ არტეფაქტებზე დაყრდნობით (თიხის ჭურჭელი, მინისა და იატაკში ჩაშენებული ქვევრის ნამტვრევები, თურქული ჩიბუხი). აბანო გურიის ერთ-ერთი მთავრის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის აბანო არსებითად განსხვავდება გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული სხვა მრავლად შემორჩენილი აბანოსგან, როგორებიცაა ანდუყაფარ ამილახვრის აბანო ქვემო ჭალაში (XVII ს.), მძოვრეთისა (XVII ს.) და როსტომ მეფის აბანო თბილისში (XVII ს.). ყველა ეს ძეგლი სპარსული ტიპის აბანოა, სადაც არა ანფილადური, არამედ კორიდორული სისტემაა და დერეფნიდან ხდება დაკავშირება სხვადასხვა ოთახთან. შესაბამისად, აბანოს ზუსტი დათარიღებისთვის დამატებითი კვლევაა საჭირო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალაქ ოზურგეთის მთავარ მოედანზე აღმოჩენილი აბანო — თბილისი, 2013
- „მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18188