შალვა რადიანი

ქართველი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე

შალვა რადიანი ნამდვილი გვარი შეწირული (დ. 30 დეკემბერი, 1904, ოზურგეთი — გ. 23 მარტი, 1977, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი (1943), პროფესორი (1944).

შალვა რადიანი
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1904(1904-12-30)
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი 23 მარტი, 1977(1977-03-23) (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა დიმიტრი შეწირულისა და ეკატერინე გიგინეიშვილის ოჯახში. მამამისი წვრილი ხელოსანი იყო. 1918-1920 წლებში სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ ოზურგეთის გიმნაზიაში. ქუთაისში მას ასწავლიდნენ სილოვან ხუნდაძე, სამსონ ყიფიანი და სხვები. 1923 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, აქვეყნებდა ნამუშევრებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1924 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა თბილისის მეორე ტექნიკუმი. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან. 1930 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და საქმიანობაში. მუშაობდა „მნათობის“ (1930), „პროლეტარული მწერლობის“, „პიონერის“, „დროშის“, „ჩვენი თაობისა“ და სხვა ჟურნალების რედაქციებში. 1929-1932 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1937-1942 წლებში გაზეთ „ლიტარატურული საქართველოს“ რედაქტორი. 1942 წლამდე თსუ-ში კითხულობდა მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის კურსს. 1942 წლიდან იყო თსუ-ში ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1944 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1949-1956 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი.

ნამუშევრები

რედაქტირება

შალვა რადიანი მრავალი ფუძემდებლური ნაშრომის ავტორია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: „თანამედროვე ქართული ლიტერატურა“ (1931), „ლიტერატურული პორტრეტები“ (1934), „ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები“ (1944), „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“ (1946), „ახალი ქართული ლიტერატურა“ (წგნ. I-II., 1949-1950), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (თანაავტორები ა. ბარამიძე, ბ. ჟღენტი. 1958, რუსულ ენაზე), „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (1959), „სახეები და შთაბეჭდილებანი“ (1962), „თანამედროვენი“ (1965) და სხვა. მისი რედაქციით გამოიცა ილია ჭავჭავაძისს, რაფიელ ერისთავის, გიორგი წერეთლის, იროდიონ ევდოშვილის, ეგნატე ნინოშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა თხზულებათა კრებულები ქართულ და რუსულ ენებზე. რადიანი იყო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების თანაავტორი.

27 წიგნისა და 300-ზე მეტი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, ჰეგელის და ლესია უკრაინკას მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. სოფელ დვაბზუში მოქმედებს მისი სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება