რეზო ჩხეიძე

(გადამისამართდა გვერდიდან რევაზ ჩხეიძე)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რევაზ ჩხაიძე.

რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ. 8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი — გ. 3 მაისი, 2015, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966), სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.

რეზო ჩხეიძე
დაბადების სახელი რევაზ ჩხეიძე
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1926
ქუთაისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 3 მაისი, 2015 (88 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
პროდიუსერი
შვილ(ებ)ი ბიძინა ჩხეიძე, თამარ ჩხეიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.

1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1973-2005 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.

რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს გარდაიცვალა თბილისში[1]. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯალაღანია რ., სიმაღლე, თბ., 1981;
  • Бровченко Г., В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
  • Тиканадзе Р., Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: