ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა საქართველო
უახლოესი ქალაქი ბორჯომი
ფართობი 107 083 ათასი ჰა
დაარსდა 1995
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

საქართველოში გარემოს დაცვის ახალი ეტაპი XIX საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის ხეობა და აქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. 1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი.

ას წელზე მეტი ხნის ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებით, კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით.

დაცული ტერიტორიების კატეგორიები

რედაქტირება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს — ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს (IUCN კატეგოტია I, დაარსდა 1935 წელს, ფართობი 14 820,6 ჰა), საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს (IUCN კატეგოტია II), ნეძვის აღკვეთილს (IUCN კატეგოტია IV, დაარსდა 1995 წელს, ფართობი 8992 ჰა), ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს (IUCN კატეგოტია IV) და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს (IUCN კატეგოტია III).

ბიომრავალფეროვნება

რედაქტირება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის ეკორეგიონის ცენტრალურ ნაწილში. გამორჩეული ბიომრავალფეროვნების და მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე. უფრო მეტიც, კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმის მიხედვით, დაცული ტერიტორიები მოიცავენ კავკასიის ეკორეგიონს 56 უპირატესი არეალიდან ერთ-ერთის (№27) მნიშვნელოვან ნაწილს.

 
 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა (ტერიტორიის 75 %). აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების (Picea) და ფიჭვნარების (Pinus) მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კავკასიური სოჭი (Abies nordmanianna) და კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana). ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა (Quercus iberica) და რცხილა ჭარბობს (Carpinus caucasica), ზედა სარტყლებში – წიფელი (Fagus orientalis); ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი (Castanea sativa) და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც (Betula litwinowii). საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macra№thera), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra).

ტიპური ტენიანი კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მესამეული რელიქტური სახეობებიდან გვხვდება ბუჩქები – შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron flavium), წყავი (Laurocerasus officinalis), ბაძგი (Ilex aquifolium), ასევე კოლხური სურო (Hedera colchica) და სხვა.

დაცული ტერიტორიების მდებარეობამ ირანულ-ანატოლიური ეკორეგიონების ზღვარზე, გამოიწვია მისი სამხრეთული სახეობებით სიმდიდრე, როგორიცაა: კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ხუჭუჭა მაჩიტა (Campanula crispa), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო (Papaver pseudoorientalis) და სხვ.

ტყე და მაღალმთა განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. მნიშვნელოვანი სახეობებია კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რობერტის მემინდვრია (Chinomys roberti).

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ენდემური სახეობები: კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasica), აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) და სხვა.

დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), გიგანტური მეღამურა (nyctalus lasiopterus); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური წავი (Lutra lutra), თეთრკუდა არწივი (Haliaeetus albicilla), სვავი (Aegypius monachus), მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის კაკაჩა (Buteo rufinus), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), კავკასიური როჭო და სხვ. ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus), მგელი (Canis lupus), ტყის კატა (Felis silvestris). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჰეტეროფაუნა მოიცავს საქართველოში გავრცელებული ამფიბიების თითქმის ყველა სახეობას და ოთხ კლდის ხვლიკს. ამფიბიების სახეობათა მრავალფეროვნება, საქართველოს ფარგლებში სხვაგან არსად შეინიშნება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამფიბიათა სახეობათა მრავალფეროვნების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს. აქ ისინი ძირითადად ბორჯომის ხეობაში და მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში გვხვდებიან. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 17-მდე სახეობის რეპტილია და ამფიბია არის გავრცელებული, მათ შორის აღსანიშნავია კავკასიის ენდემი - კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), რომელიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ის საქართველოსა და IUCN-ის „წითელ ნუსხაშია“ შესული.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მდინარეებში წყალმცენარეების გარდა მრავალი ჰიდრობიონატია გავრცელებული, მათგან აღსანიშნავია კალმახი (Salmio fario trutta), წვერა (Barbus barbus) და ნაფოტა (Rutilus rutilus).

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში.

ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში.

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება