ტბეთის მონასტერი

(გადამისამართდა გვერდიდან ტბეთის ეკლესია)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტბეთის მონასტერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტბეთის მონასტერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „ტბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტბეთი.

ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა[1]. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

ტბეთი

ტბეთის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°18′16″ ჩ. გ. 42°23′21″ ა. გ. / 41.30444° ჩ. გ. 42.38917° ა. გ. / 41.30444; 42.38917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი - შავშეთი
მუნიციპალიტეტი არტაანი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარგუმბათოვანი
თარიღდება X საუკუნე
დეტალები
 
ტბეთის ტაძარი დღეს, 1889 წლის აფეთქების შემდეგ
 
ტბეთის ტაძრის ნანგრევები, ხედი საკურთხევლისაკენ

ტბეთი ძველ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი. პირველ ცნობას ტბეთის ტაძრის აგებისა და ეპისკოპოსის შესახებ იძლევა სუმბატ დავითის ძე[2]:

აშოტ ერისთავთა-ერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე.

ამავე შინაარსის ცნობას იძლევა „მატიანე ქართლისაც“[3] და უფრო მოგვიანებით ვახუშტი ბატონიშვილი[4].

შუა საუკუნეების შემდეგ ტბეთის მონასტრის შესახებ ცნობები ლიტერატურაში თითქმის არ მოიპოვება. ცნობილია, რომ აქ გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი“ (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X საუკუნე). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI საუკუნეში), აბუსერისძე, ტბელი და სხვა[1]. მონასტერს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი, სადაც 995 წელს გადაიწერა ტბეთის სახარება[5]; დღეს იგი სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. ასევე მონასტერში იყო წიგნთსაცავიც; XII საუკუნის ერთ-ერთი ოთხთავის ანდერძი იძლევა ცნობას, რომ ტბეთში მრავალი ძველი წიგნი ინახებოდა[6]. 1961 წელს მონასტრის კარგად შემორჩენილი მთავარი ტაძარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ააფეთქა.[7]

ტბეთის ტაძარში წირვა-ლოცვა თურქეთის მიერ შავშეთის დაპყრობის შემდეგაც ტარდებოდა. საეპისკოპოსო კათედრა აქ XVII საუკუნის II ნახევრამდე არსებობდა. 1637 და 1650 წლებში იხსენიება მტბევარი გედეონ საფრიძე[8]. კათედრა მოგვიანებით გაუქმდა და შენობა თურქების ხელში აღმოჩნდა. ტაძარში ფუნქციონირება დაიწყო მუსულმანურმა სალოცავმა — ჯამემ, რომელიც 1880-იან წლებამდე მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ თურქებს ტაძრის მეჩეთად გადაკეთების დროს არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, მათ შენობა ფაქტობრივად უცვლელი დატოვეს, თუმცა ფრესკები და მოხატულობა დაზიანდა; 1860-იან წლებში ტაძარში მოაგროვეს თივა და ცეცხლი დაანთეს, რათა ისინი ქრისტიანულ გამოსახულებებს არ ეცდუნებინათ[9]. 1889 წელს სოფლელებმა ახალი ჯამე ააგეს, რომლის ფასადებიც თითქმის მთლიანად ტბეთის ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებითაა ამოყვანილი[10]. 1961 წელს სოფლელებმა ტაძარი ააფეთქეს.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ტბეთის ტაძრით მხოლოდ XIX საუკუნეში დაინტერესდა. ამ პერიოდის უადრესი ცნობები ეკუთვნით გიორგი ყაზბეგს[11], დიმიტრი ბაქრაძესა[12] და პრ. უვაროვას[13]. შემდეგ ა. პავლინოვმა მოკლედ აღწერა ტაძარი, შედაგინა მისი გეგმა, ჭრილი, ასევე სამხრეთი ფასადისა და ზოგიერთი არქიტექტურული დეტალის ნახატები. მასვე ეკუთვნის ოთხი ფოტოსურათი 1888 წლიდან. ეს მასალა მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომში „Экспедиция на Кавказ“[14].

 
„სხვათა შორის, აქ მოვიხსენიებ იმასაც, რომ ამ ექსპედიციას ნაღმით დამტვრევა უნდოდა და ვერაფრით დააკლო-რა მარმარილოს ქვასა, რომელიც ედო შავშეთში კუროპალატ აშოტის საფლავს, ამ მეფეს მიერ აშენებულ ცნობილ ტბეთის ეკლესიაში. ტბეთში ტაძრის გარშემო ადგილები, თვით ეკლესიის საძირკვლებიც კი, სულ გადათხრილი იქნა. დიდძალი ნივთები უპოვნიათ, ჩვენი არქეოლოგიისათვის ძვირფასნი, და წააღებინეს. აშოტ კუროპალატის საფლავის ჯერ გათხრა უნდოდათ, მაგრამ საფლავის ქვა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ ორმოცმა მუშამ დაძვრა ვერ უყო. მაშინ, როგორცა ვთქვით, ბერძენ ოსტატებს უბრძანეს, ნაღმით დაამტვრიეთ და ისე ამოვიღოთ საფლავში რაც ნივთები იქნებაო. ოსტატები გაკვირვებულები იყვნენ, რომ მარმარილოს ქვა ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ნაღმითაც ვერა დააკლეს რა.“

ტბეთის ტაძარი აღწერა ასევე ნიკო მარმა. ეს აღწერა უფრო დეტალურია და ეხება არა მარტო მთავარ ტაძარს, არამედ მის ირგვლივ არსებულ სიძველეებსაც. ნიკო მარს გადაღებული აქვს ასევე ტაძრის რამდენიმე ფოტო[15]. XIX საუკუნის ეს გამოკვლევები და ცნობები თანამედროვე მკვლევართათვის მეტად ღირებულია — დღეისათვის ტაძრისგან მხოლოდ რამდენიმე კედელია შემორჩენილი და მისი არქიტექტურის საფუძვლიანად შესწავლაში ძველ ცნობებს დიდი ადგილი უკავია. თანამედროვე მკვლევართაგან ტბეთის ტაძრის არქიტექტურული აღწერილობა და მის შესახებ სხვა ცნობები გამოქვეყნებული აქვს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიას მონოგრაფიულ ნაშრომში „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“[16].

  • პავლინოვის ფოტოები, 1888

ისტორიულ წყაროებში ნახსენები აშოტ კუხის მიერ აგებული პირველი ტაძარი ან მისი მშენებლობის რაიმე კვალი დღეს აღმოჩენილი არაა. უძველესი ტაძრის ფენა, რომელიც ტბეთის ტაძრის ნანგრევებშია გამოვლენილი, X საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ რვამკლავიან ტაძარს ეკუთვნის. ვარაუდობენ, რომ აშოტ კუხის ტაძარი მალევე დაინგრა და მის ნაცვლად აიგო ახალი, რვამკლავიანი ეკლესია, ან შესაძლოა ძველი ტაძრის ნაწილობრივი რეკონსტრუქციაც მომხდარიყო. მალევე, X საუკუნის ბოლოს ტბეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა — რვამკლავიანი ტაძრის ადგილას მესამე, უფრო მოზრდილი და განსხვავებული ტიპის ეკლესია აიგო. მიუხედავად არაერთი გადაკეთებისა და ბოლო დროის მნიშვნელოვანი დაზიანებისა, მესამე ტაძარმა ზოგადი კომპოზიცია დღემდე შეინარჩუნა[17].

მეორე მშენებლობა, რვამკლავიანი ტაძარი

რედაქტირება
 
რვამკლავიანი ტაძრის გეგმა.
შავი: შემორჩენილი ნაშთები;
ნაცრისფერი: გეგმის რეკონსტრუქცია.
 
რვამკლავიანი ტაძარი, რეკონსტრუქცია

რვამკლავიანი ტაძრიდან, რომელსაც მალევე ახალი, მესამე ტაძარი დააშენეს, მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ერთ-ერთი მოზრდილი ფრაგმენტი ახალი ტაძრის ჩრდილოეთის მკლავშია ჩართული და ჩრდილოეთის კედლის ფუნქციას ასრულებს. იგი სამ წახნაგს შეიცავს, რომელთაგან შუა ეკლესიის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძის პარალელურია, ხოლო დანარჩენი ორი მასთან ქმნიან 157-158°-იან კუთხეებს. შუა წახნაგის ცენტრში, რომელიც ყველაზე უკეთაა შემორჩენილი, დიდი სარკმელია გამოჭრილი. სარკმელი შემდეგ ამოვსებულია, თუმცა საპირე ქვის ჩამოცვენის გამო სარკმლის მოხაზულობა კარგად ჩანს. სარკმლის თავზე გაკეთებულია თავსართი, რომელიც წახნაგის მთელ სიგანეზეა გადაჭიმული, აქვს ორი დიდი რკალი და უფრო პატარა გადანაკეცები. თავსართი ორი სახის ჩუქურთმითაა მორთული[18].

შუა წახნაგის მარჯვნივ შემორჩენილია მეორე წახნაგის ნაშთიც, რომელიც ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთითაა ორიენტირებული. მისი დიდი ნაწილი მაღალ, ღრმა, სამკუთხედად შეჭრილ ნიშას უკავია, რომლის შიდა კუთხე 70°-ს შეადგენს. ნიშა ნახევარკონუსური კამარითაა დახურული; კამარის შიდა ნაწილი ერთ დიდ ქვაშია ნაკვეთი და გაფორმებულია მარაოსებრ გაშლილი 12 რადიალური ღარით. შუა წახნაგის მარცხნივ ჩანს ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგის ვიწრო ზოლი, დანარჩენს კი ჩრდილოეთის მკლავზე მიდგმული ეკვდერის აფსიდა ფარავს[18].

წახნაგების მიერ შექმნილ წიბოებს მსუბუქი შეწყვილებული ნახევარსვეტები აუყვება, რომელთაც საერთო მაღალი კაპიტელები. კაპიტელებზე ფართო სარტყლით გამოყვანილი თაღნარი გადადიოდა, რომელიც შენობას გარშემო შემოუყვებოდა. თაღი თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი ჩრსილოეთისა და ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთის წახნაგის ნაწილზე[18].

რვამკლავიანი ტაძრის შემორჩენილი ნაშთები გარედან მოპირკეთებულია მოწითალო-მონარინჯისფრო ქვიშაქვის დიდი კვადრატის ფორმის ფილებით. ზოგ ადგილებში გვხვდება ღია ქვიშისფერი ან უფრო მუქი მოშავო-მოწითალო ქვებიც. მათი წყობა მკაცრად მოწესრიგებულია, რიგები დაცულია და ძირითადად წახნაგიდან წახნაგზე გადადის. შიდა მოპირკეთება ჩრდილოეთის კედელზე შემოძარცვულია. შემორჩენილია მხოლოდ ქვების ბუდეები, რომელთა მოწესრიგებული წყობაც შიდა პერანგის სისუფთავესა და აკურატულობაზე მეტყველებს[18].

შემორჩენილი ნაშთების დაკვირვების საფუძველზე მკვლევარები ნაწილობრივ აღადგენენ რვამკლავიანი ტაძრის ზოგად სურათს — ცენტრალური სტრუქტურა, რომელსაც რადიალურად განლაგებული მკლავები გააჩნდა. მკლავების ნაშთების განლაგება და მათ შორის კუთხეების ზომები (157,5°) ადასტურებს, რომ მკლავების რაოდენობა რვა უნდა ყოფილიყო. განსაზღვრულია ტაძრის მიახლოებითი ზომებიც; სამხრეთ-ჩრდილოეთი ღერძის სიგრძე 18,5-19 მეტრს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე ძირითად პოლიგონურ კორპუსს სავარაუდოდ ძლიერშვერილი საკურთხეველი ემატებოდა. საკურთხეველი, როგორც ჩანს, ახალი ტაძრის (მესამე ტაძრის) აფსიდა და ბემას ემთხვეოდა. ამ აზრს ამყარებს ახალ ტაძარში არსებული პასტოფორიუმების არასწორი კონფიგურაციაც[18].

ამრიგად ტბეთის მეორე ტაძარი მოზრდილ, წრიული ფორმის გეგმის მქონე ნაგებობას წარმოადგენდა, რვა მკლავითა და დიდი ცენტრალური გუმბათით. გუმბათი კედლების კუთხეებს ეყრდნობოდა, ხოლო მკლავები გარედან ერთმანეთისაგან სამკუთხა ნიშებით იყო გამოყოფილი. აღმოსავლეთის მკლავი ღრმა, ბემიანი საკურთხევლით ბოლოვდებოდა. დანარჩენი მკლავები, სავარაუდოდ, მართკუთხა ფორმები ჰქონდა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მათაც ჰქონოდათ მცირე აფსიდები[19].

დათარიღება

რედაქტირება

ტბეთის რვამკლავიანი ტაძრის ტიპის ნაგებობები საქართველოში ძალიან იშვიათია და მათი ურავლესობა IX-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ტბეთის უშუალო კომპოზიციურ პარალელებს წარმოადგენს ორი ტაძარი — IX-X საუკუნეების[20] ტაოსკარის ეკლესია, რომელსაც რვა მართკუთხა მკლავი აქვს[21] და ნოჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება[22]. ტაოსკარის ეკლესია ზომით უფრო ახლოს დგას ტბეთის რვამკლავიან ტაძართან, მაგრამ საკურთხევლის ნაწილში განსხვავდება მისგან. ტაოსკარის საკურთხეველი, ტბეთისგან განსხვავებით ერთიან, თექვსმეტწახნაგა კორპუსშია მოქცეული. ნოჯიხევის ეკლესია უფრო პატარაა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ტბეთის საკურთხეველი არქიტექტურულად სწორედ ნოჯიხევის მსგავსი იქნებოდა[23].

ტბეთის რვამკლავიანი ეკლესიის დასათარიღებლად მნიშვნელოვანია მისი მორთულობა. დიდი თავსართების მოჩუქურთმება ტაო-კლარჯეთის არქიტექტურაში 950-960-იანი წლებიდან ჩნდება (დოლისყანა, ხახული, ოშკი), მანამდე ისინი ყოველთვის ორნამენტების გარეშეა წარმოდგენილი. ამავე ხანებში იწყება სამკუთხა ნიშების ნახევარკონუსური კამარების ნიჟარისებური კვეთილობებით დამუშავება. თაღნარი, რომელიც ეკლესიას შემოუყვება, ქვედა ქრონოლოგიურ ზღვარს ასევე X საუკუნის შუა ხანებით ფარგლავს, ხოლო ლილვური სვეტებისა და თაღების სადა ფორმები გამორიცხავს ტაძრის აგებას X-XI საუკუნეების მიჯნის შემდეგ, რადგან უფრო გვიანდელ არქიტექტურაში თაღები და მათი საყრდენები დასაფეხურებულია[23]. ამ თავისებურებების გათვალისწინებით რვამკლავიანი ტაძრის აგების ხანას 960-970-იანი წლებით განსაზღვრავენ და, შესაბამისად, ამ ეკლესიას არ მიიჩნევენ აშოტ კუხის მიერ აგებულ თავდაპირველ ტაძრად. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც; მაგალითად რვამკლავიანი ეკლესია აშოტისდროინდელად მიაჩნიათ ნ. და ჟ. ტიერს[24]. ბოლო დრომდე ამგვარადვე ფიქრობდა ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია[25], თუმცა შემდეგ საკუთარი მოსაზრება მან თავადვე უარყო[23].

მესამე მშენებლობა, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი

რედაქტირება

X საუკუნის ბოლოს ტბეთში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (ე. წ. მესამე მშენებლობა), რის შედეგადაც რვამკლავიანი ტაძრის ადგილას ახალი, გუმბათიანი ეკლესია აღიმართა. დღეს უცნობია, ამ მშენებლობას წინ ძველი ტაძრის ნგრევა ან დაზიანება უსწრებდა თუ ახალი ტაძრის აგებისას ძველის გადაკეთება მოხდა სივრცის გაფართოების მიზნით. ეს ტაძარი ტბეთის ტაძრებს შორის მესამეა; მიუხედავად მნიშვნელოვანი დაზიანებებისა და შემდეგი არაერთი გადაკეთებისა, ძირითადი ფორმებით იგი დღემდეა შემონახული[26].

მესამე ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჯვარს ოთხი მკლავით, რომელთაგან აღმოსავლეთისა აფსიდიანია, ხოლო დანარჩენი სამი მართკუთხა. ცენტრალური კვადრატის ოთხივე კუთხეში გუმბათქვეშა ბურჯები იდგა, რომლებზეც თაღები გადადიოდა. გუმბათქვეშა გარდამავალი კონსტრუქცია გარდამავალი აფრულ-ტრომპული სახისა იყო. ბურჯები, თაღები და გუმბათი დღეს დანგრეულია, თუმცა მათი ზოგადი სურათის აღდგენა შესაძლებელია ა. პავლინოვის ფოტოს მიხედვით[27]. მესამე ტაძრის სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები სიგრძით დღევანდელის ნახევარი იყო, სამხრეთი მკლავი მოგვიანებით გააფართოვეს, ხოლო ჩრდილოეთის მკლავს, რომელიც რვამკლავიანი ტაძრის შემორჩენილ კედელთან სრულდებოდა, შემდეგი მშენებლობისას გარედან მიადგეს ეგვტერი. ამ ორ მკლავში მესამე ტაძარს არც პატრონიკეები ჰქონდა; პატრონიკე მხოლოდ დასავლეთის მკლავში იყო მოწყობილი. მესამე ტაძრის ეს ნაწილი დღეისათვის დანგრეულია და მათზე მსჯელობა მხოლოდ ძველი ავტორების აღწერილობით, ნახაზებითა და ერთი ფოტოსურათითაა შესაძლებელი. სხვა მკლავებთან შედარებით დასავლეთის მკლავი უფრო მოზრდილი იყო. მისი გრძივი კედლები პილასტრებით ორ-ორ მონაკვეთად იყო გაყოფილი და მათზე კედლის თაღები გადადიოდა. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღი ეფუძნებოდა[26].

ძველი ავტორების მიხედვით, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის პილასტრში ჩადგმული იყო რელიეფური ფილა ქტიტორის გამოსახულებით[28][29][30]. ეს ფილა მოგვიანებით თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სავარაუდოა, რომ იგი თავის ადგილას არ იჯდა და თავდაპირველად ფასადზე იყო მოთავსებული. აკაკი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რელიეფურ ფილაზე პირველი ტაძრის ქტიტორი, აშოტ კუხი იყო გამოსახული, შესაბამისად ფილა X საუკუნის დასაწყისით დათარიღდა. ეს მოსაზრება დღეს ფართოდაა გავრცელებული და დამკვიდრებული[31][32][33]. შემდეგში ნ. და ჟ.-მ. ტიერიმ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს; მათი აზრით რელიეფი უფრო გვიანდელია და X საუკუნის ბოლო ხანებით ან XI საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამ მოსაზრების თანახმად ფილაზე ტაძრის ერთ-ერთი განახლების ქტიტორია გამოსახული[34]. ნიკო მარის ცნობით რელიეფს წარწერაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მისივე თქმით წარწერა გულმოდგინედ იყო ჩამოტეხილი ჩაქუჩით. ნიკო მარს წარწერაში მხოლოდ რამდენიმე ასო გაურჩევია[35].

ა. პავლინოვისა და ნიკო მარის მოგზაურობების დროს ტაძარს ერთი პატარა შესასვლელი ჰქონდა დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელში. შემორჩენილ ფოტოზე ჩანს მისი ყორეთი ამოყვანილი წირ-თხლები, მაღალი ზღურბლი და ხის ფიცრის არქიტრავი. თავდაპირველი შესასვლელი, რომელიც უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ გვიან პერიოდში დააპატარავეს, როდესაც ტაძარში მეჩეთი ფუნქციონირებდა. ნიკო მარი ვარაუდობს, რომ ამავე კედელში მეორე კარიც იქნებოდა, პირველის სამხრეთით[35]. მესამე ტაძრის პერიოდში, შემდეგ გადაკეთებამდე კარი იყო ასევე ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე, რვამკლავიანი ტაძრის შემორჩენილ ნაშთში. ეს კარი მანამდე მოქმედებდა, სანამ ჩრდილოეთის მკლავს გარედან შემდეგში ეგვტერი არ მიაშენეს.

საკურთხევლის აფსიდა, მეორე ტაძრის (რვამკლავიანის) მსგავსად, მესამეშიც გარედან წახნაგოვანი მოყვანილობისაა, თუმცა მას ემატება პასტოფორიუმები. ეს სათავსები მესამე ტაძრის პერიოდში გაცილებით მცირე იყო, ვიდრე დღესაა; მათი სიგრძე დაახლოებით 2,5 მეტრს შეადგენდა (დღეს 4,1 მეტრია). აფსიდა მათი აღმოსავლეთ კედლების ხაზიდან წინ გადმოდიოდა. პასტოფორიუმები შემდეგში მრავალჯერ გადაუკეთებიათ[36].

ინტერიერი

რედაქტირება

დასავლეთი მკლავის ბოლოში მოთავსებული იყო ძირითადი სივრცისაკენ მთლიანად გახსნილი პატრონიკე, რომელიც 2,8 მეტრი სიღრმისა და 8 მეტრი სიგანისა იყო. პატრონიკეს ქვეშ შექმნილი დაბალი კომპარტიმენტი მკლავისაგან ორთაღედით იყო გამოყოფილი. ცენტრში იგი სვეტს ეყრდნობოდა, ხოლო კიდეებში — კედლებს აყოლებულ პილასტრებს. ამ თაღების ზემოთ წინა კედელზე ჩუქურთმებით გაკეთებული იყო მდიდრულად მორთული კარნიზი. მესამე თაღი სვეტიდან დასავლეთისაკენ გადადიოდა და პატრონიკეს ქვეშ სივრცეს ორ ნაწილად ჰყოფდა. დასავლეთის მკლავში პატრონიკეს დონეზე სამი ბრტყელი თაღი იყო გამოყვანილი; მათგან შუა სრული და უფრო მაღალი იყო, ხოლო გვერდითები მეოთხედწრიულ თაღებს წარმოადგენდა. ა. პავლინოვის აზრით, ეს ნახევართაღები მოგვიანო გადაკეთების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ აზრს ეთანხმება ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიაც, მაგრამ იქვე აღნიშნავს რომ დასავლეთი მკლავი ძირითადად მესამე მშენებლობისას ჩამოყალიბდა[26].

გუმბათქვეშა ბურჯებიდან აღმოსავლეთის ორი წყვილი კედლებთან ძალიან ახლოს, თუმცა მაინც თავისუფლად იდგა, ხოლო დასავლეთის ბურჯები შესაბამისი კუთხეებიდან განივად გამოშვერილ პილონებზე იყო მიდგმული, თუმცა მათ არ ეხებოდა. ოთხივე ბურჯს რვაწახნაგა ფორმა ჰქონდა და მაღალ, მრგვალ კვარცხლბეკებზე იდგა, რომლებიც სხვადასხვაგვარად იყო გაფორმებული; აღმოსავლეთის ბურჯთა კვარცლბეკები ფოთლოვანი ჩუქურთმებით იყო მორთული. ნიკო მარის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთი ბურჯის კვარცხლბეკში ადამიანის სიმაღლის ნიშა იყო გაკეთებული. ნიშა ნაწილობრივ ბურჯში იყო შეჭრილი, ნაწილობრივ კი მასზე იყო მიშენებული[37]. ნიკო მარი არ აზუსტებს, თუ რომელი მხრიდან იყო ნიშა მოწყობილი, თუმცა საფიქრებელია, რომ ის აღმოსავლეთიდან იქნებოდა; ამგვარივე ნიშა შესაბამის ბურჯზე გვხვდება ოშკის ტაძარშიც. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის კვარცხლბეკი იდგა უფრო ვიწრო, დაახლოებით 65 სმ სიმაღლის რვაწახნაგა საყრდენზე. ვახტანგ ჯობაძე მიიჩნევს, რომ საყდენი, იშხნის ანალოგიური დეტალის მსგავსად, ძველი ბურჯის ნაშთია, რომელიც მან მიახლოებით X საუკუნის შუა ხანებით დაათარიღა[38]. ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია არ ეთანხმება ვახტანგ ჯობაძეს და ამ საყრდენს მთელი ბურჯის თანადროულად მიიჩნევს[39].

რვაწახნაგა ბურჯები ბოლოვდებოდა კაპიტელებით; მათ ზემოთ კი გუმბათქვეშა საყრდენები იღებდა ჯვრის ფორმას, რომლის მკლავებს შორისაც მსხვილი ლილვები იყო აყოლებული. ამ მოკლე მონაკვეთების დამაგვირგვინებელ იმპოსტებს გუმბათქვეშა თაღები ეყრდნობოდა[39].

მიუხედავად შემდეგი არაერთი გადაკეთებისა, მესამე მშენებლობის დროინდელი ზოგიერთი დეტალი ტბეთის მთავარი ტაძრის ინტერიერში დღემდეა შემორჩენილი, მათ შორისაა სატრიუმფო თაღის იმპოსტები, რომლებსაც ხვეული ჩუქურთმებით მორთული ქვედა ნაწილი და მის თავზე გამოწეული ლილვი გააჩნია, ასევე თარო, რომელიც შემკულია დისკოების მწკრივით. მესამე მშენებლობის დროინდელია ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების წინა თაღების იმპოსტები, რომლებიც ნატიფი დამუშავებით და მდიდრულობით გამოირჩევიან[39].

ექსტერიერი

რედაქტირება
 
ტბეთის ორნამენტი

ინტერიერისგან განსხვავებით ტბეთის მთავარი ტაძრის ექსტერიერში მესამე მშენებლობის დეტალები ნაკლებადაა შემონახული. ფასადის დიდმა ნაწილმა დასრულებული სახე მოგვიანებით მიიღო. მესამე მშენებლობას მიაკუთვნებენ აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადთა ახლანდელი დასავლეთი ნაწილები და განივი მკლავების აღმოსავლეთ ფასადთა შიდა ნაწილები, რომლებზეც დეკორაციული ელემენტებიცაა შემორჩენილი. ამ ელემენტებს შორის არაა დეკორაციული თაღები. მესამე ტაძრიდან შემორჩენილია ასევე საკურთხევლის აფსიდის დიდი სარკმლის საპირე და რელიეფური თავსართი, რომლის გადანაკეცების ბოლოებსაც მოგვიანებით მიდგმული საფასადო თაღნარი ფარავს. საპირე შემკულია წნული ორნამენტებით, ხოლო თავსართი ფოთლოვანით. სავარაუდოდ ამავე ხანის უნდა ყოფილიყო დღეს უკვე დანგრეული დასავლეთი მკლავის ფასადები. ა. პავლინოვის ნახაზითა და ნიკო მარის აღწერით ჩანს, რომ თაღნარი არც ამ ფასადებზე ყოფილა; ამ მკლავის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადები საერთოდ არ იყო მორთული, ხოლო დასავლეთ ფასადზე ნიკო მარი აღნიშნავს რელიეფურ ჯვარს ფრონტონში, ასევე პატრონიკეს დიდი სარკმლის თავსართს, მცირე წრიული სარკმლების საპირეებსა და ქვედა დიდი სარკმლის თავსართს. ყველა მათგანი განსხვავებული, წნული ან ხვეული ჩუქურთმებით იყო შემკული. მარჯვენა მრგვალი სარკმლის საპირეზე გადახლართულ წრეებში ვარსკვლავები იყო ჩახაზული[40].

მეოთხე მშენებლობა

რედაქტირება
 
ტბეთის აღმოსაფლეთი ფასადი სამი თაღნარით მეოთხე მშენებლობიდან

ტბეთის მონასტრის მთავარი ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია (ე. წ. მეოთხე მშენებლობა), რომელიც მიზნად ტაძრის მოცულობის გაზრდასა და ფასადების უფრო მდიდრულად მორთვას ისახავდა, XI საუკუნის II ნახევარში განხორციელდა. მეოთხე მშენებლობისას ჩრდილოეთის მკლავზე მიაშენეს ეგვტერი და მის თავზე მოაწყვეს პატრონიკე. როგორც დღეისათვის შემორჩენილი ფრაგმენტებით ირკვევა, პატრონიკე ძირითადი სივრცისაკენ სამი თაღით იხსნებოდა. ჩრდილოეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელს გაუყვებოდა და პატრონიკეს იატაკის დონეს მონიშნავდა პროფილირებული კარნიზი, რომლის მცირე ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ეგვტერი პატარა დარბაზული ტიპის სამლოცველო იყო, რომელსაც აღმოსავლეთით მცირე აფსიდიც ჰქონდა. ნათდებოდა ორი სარკმლით, მათგან ერთი ჩრდილოეთის კედელში იყო, ხოლო მეორე აფსიდაში. ეგვტერს ორი კარი ჰქონდა, ერთი ჩრდილოეთის მკლავს უკავშირდებოდა, ხოლო მეორე — ეგვტერის დასავლეთით მიდგმულ მოგრძო სათავსს. პირველი კარი დღეს მთლიანად მიწითაა დაფარული, ხოლო დასავლეთის სათავსი ა. პავლინოვის მოგზაურობისას უკვე მთლიანად დანგრეული იყო. დღევანდელი მდგომარეობით დანგრეულია ასევე ეგვტერის დასავლეთი კედელი, ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი ნაწილი და გადახურვა[40].

იმ გარემოების გამო, რომ სამხრეთის მკლავი თითქმის მთლიანად განახლდა შემდეგი გადაკეთებისას, უცნობია, თუ რა შეიცვალა ამ მკლავში მეოთხე მშენებლობის პერიოდში. დავით ხოშტარია ვარაუდობს, რომ შესაძლოა სამხრეთის მკლავიც ჩრდილოეთის მსგავსად დაეგრძელებინათ, რათა არ დარღვეულიყო ტაძრის სიმეტრია და პროპორციები[40].

მეოთხე მშენებლობისას გადაკეთდა საკურთხეველიც. ამ პერიოდში დააგრძელეს პასტოფორიუმები, რის გამოც დაიკარგა აფსიდის გარე შვერილობა და აღმოსავლეთიდან შეიქმნდა ერთიანი ფასადის სიბრტყე. მასზე გაკეთდა ღრმა თაღნარი, რომლის სამი თაღიდან შუა უფრო ფართო და მაღალია, ვიდრე ორი გვერდითი თაღი. ანალოგიური თაღნარები გაკეთდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზეც[40].

მორთულობა

რედაქტირება
 
მეოთხე მშენებლობის დროინდელი შემორჩენილი ჩუქურთმის ფრაგმენტი ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ ფასადზე (ეგვტერის აფსიდაზე)

მეოთხე მშენებლობის დროინდელი საფასადო მორთულობა ტბეთის ტაძარში წინა პერიოდის დეკორისგან ძნელად გასარჩევია, სტილით ისინი ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მკვლევარები დანამდვილებით მხოლოდ რამდენიმე დეტალზე საუბრობენ, მათ შორისაა სამი პატარა მრგვალი სარკმლების საპირე მორთულობა აღმოსავლეთის ფასადზე და განედლებული ჯვრის რელიეფი, რომელიც დღეს გამქრალია, ძველად კი შუა სარკმლის ზემოთ იყო მოთავსებული. მეოთხე მშენებლობას ეკუთვნის ასევე აღმოსავლეთის მკლავის კარნიზები. მათი ფრაგმენტები მკლავის სამივე ფასადზეა შემონახული, სამივეზე განსხვავებული და მეტად დახვეწილი ჩუქურთმებითაა წარმოდგენილი. ამავე პერიოდისაა ჩრდილოეთის ეგვტერის აფსიდის სარკმლის თავსართი და მის ზემოთ მოთავსებული განედლებული ჯვრის დახვეწილი, ნატიფი გამოსახულება, რომელიც 1993 წელს ამოტეხეს. ჯვრის ზედა მკლავის ორივე მხარეს გაკეთებული იყო წარწერა:

ქ(რისტ)ჱ
ა(დი)დე
ი(ო)ვ(ან)ე
ი . . .
თა . . .
ცხ(ოვრე)ბ(ათ)ა

მეოთხე მშენებლობის პერიოდის ტბეთის მორთულობა მაღალი მხატვრული ხარისხითა და ტექნიკური შესრულების ოსტატობით X-XI საუკუნეების ქართული ჩუქურთმების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება. მაღალია მშენებლობის ხარისხიც, როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში მხოლოდ სუფთად დამუშავებული კვადრატული ფორმის ქვებია გამოყენებული[41].

მეხუთე მშენებლობა, სამხრეთის მკლავი

რედაქტირება
 
მეხუთე მშენებლობის დროინდელი მორთულობა სამხრეთი მკლავის სამხრეთ ფასადზე, თაღები და შეწყვილებული სარკმლები

მეოთხე მშენებლობის შემდეგ ტბეთის ტაძარში დიდი ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მხოლოდ XIII საუკუნეში აღადგინეს მისი სამხრეთი მკლავი, რაც მეხუთე მშენებლობის სახელითაა ცნობილი. დავით ხოშტარია ვარაუდობს, რომ პატრონიკე მეოთხე მშენებლობის შემდეგ, ჩრდილოეთის მსგავსად, სამხრეთის მკლავშიც იქნებოდა, თუმცა ჩატარებული განახლებითი სამუშაოების შემდეგ იგი გაქრა. მეხუთე მშენებლობისას ინტერიერის აღდგენილი ნაწილი ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება წინა მშენებლობას; კედლები შიგნიდან მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული მორუხო ქვით, სარკმლები შიგნიდან დაბრეცილია და არ არის დაცული გეომეტრიული სიზუსტე. განსხვავებით ინტერიერისა, ექსტერიერში მშენებლობის ხარისხს შორის სხვაობა შედარებით ნაკლებია. იმისათვის, რომ ტაძრის ექსტერიერის მხატვრული მთლიანობა არ დარღვეულიყო, მშენებლებმა ჩრდილოეთ ფასადის ანალოგიურად აღადგინეს ღრმა, პლასტიკური საფასადო თაღები, რომლებიც XIII საუკუნეში უკვე აღარ იყო გავრცელებული. ვახტანგ ჯობაძე აღნიშნავს, რომ ამ განახლებისას მშენებლებმა ძველი ჩუქურთმიანი ქვებიც გამოიყენეს[42].

თაღნარი ძველებურად სამი საფასადო თაღისაგან შედგება, რომელთაგან შუა შედარებით მაღალი და განიერია. შუა თაღში მოქცეულია ლილვური სვეტებითა და დეკორატიული კვადრატებით შედგენილი საპირეებით მორთული ორი შეწყვილებული სარკმელი. ჩუქურთმები გეომეტრიულია, ხარისხი მაღალია, თუმცა მთლიანობაში მორთულობას ერთგვარი დაუდევრობაც ეტყობა — ერთ-ერთი კვადრატი ირიბადაა ჩასმული, არკატურის აღმოსავლეთი თაღი დაბრეცილია და სხვა. ამგვარი დაუდევრობები მშენებლობაში XIII საუკუნის შუა ხანებისთვის დამახასიათებელია. შუა თაღს ზემოთ მოთავსებული იყო წმინდანის გამოსახულება, რომელიც დღეს დაკარგულია. ეს რელიეფი წინა მშენებლობას ეკუთვნოდა და სამხრეთი ფასადის აღდგენისას ის ხელმეორედ გამოიყენეს[43].

მეექვსე მშენებლობა, გუმბათი

რედაქტირება

ტბეთის ტაძარში რიგით მეექვსე სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათი, XIV საუკუნეში განხორციელდა. აღდგა გუმბათის ყელი, საკუთრივ გუმბათი და მისი სახურავი გარედან, ხოლო X-XI საუკუნეების გუმბათქვეშა კონსტრუქცია და ყელისძირა სარტყელი უცვლელი დარჩა. ტბეთის გუმბათი დღეს აღარ არსებობს, თუმცა ის ჩანს ნიკოლოზ მარისა და ა. პავლინოვის ფოტოსურათებზე. აღდგენილი გუმბათი გარედან თექვსმეტწახნაგას წარმოადგენდა, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა სარკმლიანი და უსარკმლო წახნაგები. სარკმლები ძალიან ვიწრო და მაღალი იყო, ჰქონდათ ჩუქურთმებით შემკული საპირეები და მათზე შემოწერილი ორმაგი ლილვით გამოყვანილი თაღოვანი ჩარჩოები. ანალოგიური ჩარჩოები უსარკმლო წახნაგებზეც იყო გაკეთებული. ჩარჩოების ნახევარწრიულ დაბოლოებებს შორის მოთავსებული იყო ჰორელიეფური გირჩები. გუმბათს აბოლოებდა მაღალი კარნიზი და კუნუსის ფორმის სახურავი[44].

ტბეთის XV საუკუნის ეს გუმბათი არქიტექტურულად არაა მაღალი ხარისხის. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით იგი მოკლებულია გამომსახველობას, დუნეა და მშრალია. ნიკოლოზ მარის ერთ-ერთ ფოტოსურათზე ჩანს, რომ საპირეების წნული ჩუქურთმა დაწვრილმანებულია. პ. ზაქარაია აღნიშნავს, რომ შესრულების ტექნიკით, პროპორციებით, გაფორმებითა და ცალკეული დეტალებით ტბეთის გუმბათი ყველაზე ახლოს გერგეტის სამების გუმბათთან დგას და მისი თანადროული უნდა იყოს[45][46].

სავარაუდოდ მეექვსე მშენებლობის დროისა ან უფრო გვიანი ხანისა უნდა იყოს დამატებითი სათავსი ტბეთის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. სათავსისაგან დღეს შემორჩენილია აღმოსავლეთ მხარეს მოწყობილი მცირე ზომის აფსიდა, რომლის თავზეც, კედლის სისქეში ვიწრო და გრძელი საიდუმლო ოთახია მოწყობილი[44].

ფრესკები

რედაქტირება

ტბეთის ტაძარი ინტერიერში ფრესკებით იყო მოხატული. დღეს შემორჩენილ ნანგრევებში, საკურთხევლის ზემოთ ახლაც განირჩევა მაცხოვრის ფრესკის ფრაგმენტები, რომლის ორივე მხარეს ანგელოზები და ქერობინები არიან გამოსახულნი. აფსიდის კედლის შუა ნაწილში სარკმლის ორივე მხარეს გამოსახულები იყვნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, მათ გაყოლებაზე კი — მოციქულები; მათგან მხოლოდ რამდენიმე ფიგურის თავი შემორჩა[47][48]. აფსიდის ქვედა რეგისტრი ტრადიციისამებრ მთლიანად ეკლესიის მამათა რიგს ეკავა, ეს ფრესკები დღეს მთლიანად განადგურებულია, თუმცა ნიკო მარის დროს ჯერ კიდევ ყოფილა მცირე ფრაგმენტები შემორჩენილი. ნიკო მარმა ერთ-ერთ გამოსახულებასთან წარწერაც გაარჩია — წმ. ათანასე[49]. აფრა-ტრომპებზე მახარებლები იყვნენ გამოსახულნი თავიანთი სიმბოლოებითურთ. პრ. უვაროვა აქვე აღნიშნავს ანგელოზისა და ხარის ფიგურებს[50]. დასავლეთის მკლავში, ნართექსის ქვეშ წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები იყო წარმოდგენილი, რომლებსაც თან ერთვოდა შესაბამისი წარწერებიც[51]. ნ. და ჟ.-მ. ტიერიმ ტბეთის მოხატულობა XII-XIII საუკუნეებით დაათარიღეს[52]. დავით ხოშტარია თვლის, რომ დასავლეთი მკლავის მოხატულობა წმინდა გიორგის ფრესკებით შედარებით გვიანდელია და უკავშირდება წმინდა გიორგის სახელზე XV-XVI საუკუნეებში ტბეთის ტაძრის ხელახლა კურთხევას. გვიანი თარიღის სასარგებლოდ მეტყველებს ამ ფრესკის წარწერებში ნიკო მარის მიერ აღნიშნული უწიგნურობები, კერძოდ ჲოტას არასწორი ხმარება[53]

მონასტრის სხვა ნაგებობები

რედაქტირება

დღეისათვის ტბეთის მონასტრის ტერიტორიაზე მთავარი ტაძრის ნანგრევების გარდა სხვა ნაგებობა შემორჩენილი არაა. სხვა სამონასტრო ნაგებობების შესახებ ინფორმაციას გვაქწვდის XIX-XX საუკუნეების ავტორთა ჩანაწერები, ნახაზები და მცირერიცხოვანი ფოტოები. ყველა ძველი ავტორი აღნიშნავს დიდ შენობათა ნანგრევებს ტაძრის ირგვლივ[54][55][56][57]. ცნობილია, რომ ტაძრის სამხრეთით, ცოტა მოშორებით გრძელი მიწისქვეშა გალერეა იყო, თუმცა ამჟამად ნაგებობის კვალი არსად ჩანს. შედარებით მეტი ინფორმაცია არსებობს სამრეკლოსა და სტელაზე, რომლებიც ტაძართან ახლოს იდგნენ.

სამრეკლო

რედაქტირება
 
გიორგი ყაზბეგის 1874 წლის ჩანახატი, ტბეთის ტაძარი. ნახატზე ჩანს სამრეკლო (ტაძრის მარჯვნივ) და სტელა (მარცხნივ)[58]

ტბეთის სამრეკლო ცალკემდგომი ნაგებობა იყო, რომელიც ტაძრიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით ათ მეტრში მდებარეობდა. სამრეკლო გამოსახულია გ. ყაზბეგის სქემატურ ნახაზზე[59] და ტექსტშიცაა მოხსენიებული[60]. უფრო სრულად და დეტალურად აღწერა პრ. უვაროვამ[61]. სამრეკლო, როგორც ჩანს უვაროვას მოგზაურობის შემდეგ მალევე დაინგრა ან დაანგრიეს. ამას მოწმობს ის, რომ ა. პავლინოვს მის ადგილას მხოლოდ ნანგრევები დახვდა. დანგრევის თარიღად მიჩნეულია 1887 წელი, მოკლე პერიოდი უვაროვასა და პავლინოვის მოგზაურობებს შორის. ნიკო მარის თქმით, ეს თარიღი დაასახელა ერთ-ერთმა სოფლელმაც[62].

ტბეთის სამრეკლო ორიარუსიანი ნაგებობა იყო, რომლის ქვედა კვადრატული ფორმის კორპუსი ოთხივე მხარეს თაღებით იყო გახსნილი. მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენდა, რვამალიანი თაღნარით. შენობის სიტლანქისა და მორთულობის დაბალ ხარისხზე საუბრობს როგორც გ. ყაზბეგი, ასევე პრ. უვაროვაც[63].

სამრეკლოს წარწერები

რედაქტირება

ტბეთის სამრეკლოდსან ორი წარწერაა ცნობილი. ერთი მათგანი ქვედა კორპუსზე იყო განთავსებული, ხოლო მეორე — ფანჩატურზე, კარნიზის ქვეშ. ორივე წარწერა იხილეს, მაგრამ არ წაუკითხავთ გ. ყაზბეგსა და პრ. უვაროვას. ამათგან ერთ-ერთი წარწერებიანი ქვა ნიკო მარმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში ღუმელში ჩადგმული იპოვა. აქვე იყო მონასტრის ნანგრევებიდან წამოღებული სხვა ქვებიც[64]. ამ წარწერის არც ერთი სტრიქონი ნიკო მარის დროს სრულად არ იყო შემორჩენილი. მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სტრიქონები:

. . . რ მოს(ა)ვსა
. . . იტოს მტბევ
. . . სამრეკლო ესე
. . . ქ(ო)რ(ო)ნიკ(ო)ნსა სიე

ამ წარწერის საფუძველზე დადგინდა, რომ ქვა ნამდვილად სამრეკლოს ეკუთვნოდა. ასევე ზუსტად განისაზღვრა სამრეკლოს აგების ტარიღიც — 1527 წელი (ქორონიკონი სიე)[65].

ნიკოლოზ მარმა სხვა წარწერასაც მიაგნო ადგილობრივ მცხოვრებთა სამოსახლოში. მეორე წარწერა შედარებით უკეთ იყო შემონახული. სოფლელები ადასტურებდნენ, რომ ეს ქვაც სამრეკლოს ნანგრევებიდან ჰქონდათ მოტანილი[64]. წარწერა ამგვარად იკითხებოდა:

ქ(რისტე) ამ(ი)სა ზედა მდე-
გსა თათუხაძესა
შ(ა)ხბუზას შ(ეუ)ნ(დო)ს ღ(მერთმა)ნ

ეს წარწერებიანი ქვა ნიკო მარის მოსაზრებით საფლავის ქვას წარმოადგენს. განსხვავებულად ფიქრობს დ. თუმანიშვილი და მის აზრს იზიარებს ხელოვნებათ დავით ხოშტარიაც. ისინი ფიქრობენ, რომ შახბუზა თათუხაძე სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოების „ზედა მდეგი“ უნდა იყოს. დავით ხოშტარიას მაგალითად მოჰყავს ოშკის წარწერა, რომელშიც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი თავს „საქმეთა ზედა მდგომს“ უწოდებს[66][65].

ტბეთის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვის დიდი სტელა იყო აღმართული. იგი კარგ მდგომარეობაში დახვდათ პრ. უვაროვასა[67] და ა. პავლინოვს[68]. სტელა ჩანს პავლინოვის ფოტოსურათზეც. ნიკოლოზ მარს იგი უკვე წაქცეული და ორად გატეხილი დახვედრია[69]. დღეისათვის დაკარგულია ორივე ნატეხი და ასევე კვარცხლბეკი, რომელიც ნიკო მარის მოგზაურობისას ჯერ კიდევ ტბეთში იყო.

სტელა მოწითალო ვულკანური წარმოშობის ქვისაგან იყო დამზადებული. მისი სიმაღლე 4,25 მეტრს აღწევდა და რვაწახნაგა ფორმა ჰქონდა. ზედა მხარეს იგი შევიწროვებული იყო, ქვემოთ კი 67 სანტიმეტრის სიმაღლის მთლიანად მოჩუქურთმებული ოთხწახნაგა ძირი. მისი წახნაგების სიგრძე 70 სმ-ს უდრიდა. სტელა იდგა პლატფორმის სახის კვარცხლბეკზე, რომლის ფართობი 5,0 x 4,7 მეტრს შეადგენდა, ხოლო სიმაღლე 1,25 მეტრს. სტელის თავზე გამოღებული იყო მრგვალი ფოსო, რომელშიც სავარაუდოდ თავის დროზე ჯვარი იქნებოდა ჩასმული[70].

„ღმრთისმშობლის საფლავი“

რედაქტირება

ტბეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ნაგებობის, ე. წ. „ღმრთისმშობლის საფლავის“ არსებობა მხოლოდ ვარაუდია და ეფუძნება ნიკო მარის მიერ ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაპოვნ ძლიერ დაზიანებულ ექვსსტრიქონიან დიდი ზომის ფილას. წარწერა ამგვარად იკითხება[71]:

ყ(ოვლა)დ წ(მიდა)ო ღ(მრთის)მშ(ობელო)
თ(ა)ვნო მ(ო)ც(ი)ქ(ულ)თ(ა)ნო
. მქ~მნ თქ~გ
კე . ი . . . . .
. ჱ . . ბჭე ესე

და კუბ(ო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ

ეს წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, დაკარგულია. ნიკო მარის მითითებით, წარწერა მიუთითებს ტბეთში ღვთისმშობლის განსაკუთრებული კულტის არსებობაზე[72]. დავით ხოშტარია ყურადღებას აქცევს წარწერის შინაარსს, განსაკუთრებით კი მის ბოლო სტრიქონს. მისი თქმით, „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს. წარწერაში ნახსენები „ბჭე“, მისი აზრით, შესაძლოა მიუთითებდეს საფლავზე მდგარ ნაგებობაზე, ერთგვარ ჩარდახზე ან ბალდახინზე. დავით ხოშტარია იქვე, შესადარებლად, აღნიშნავს, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკა და ლეონტი მროველი „კუბოს“ უწოდებენ დამცავ ნაგებობას, რომელიც რევ მირიანის ძემ აუშენა მცხეთის ჯვარს[73][74]. არსებობს მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტბეთში არსებობდა ნაგებობა, „ღმრთისმშობლის საფლავად“ წოდებული, რომელიც იერუსალიმში არსებული ღვთისმშობლის ნამდვილი საფლავის იმიტაციას წარმოადგენდა, ისე, როგორც სვეტიცხოველში არსებობს „უფლის საფლავი“[75].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 680.
  • დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 233-252
  • გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995, გვ. 78-81
  • W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992
  • Д. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению Академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин и Артанудж, ЗИАН, т. 37, кн. 1. გვ. 49-51
  • П. Уварова, Путевые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891
  • А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, გვ. 71-74, ნახ. 44, ტაბ. XLI-XLVII
  • Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 11-25, ტაბ. 2-6
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ.177
  1. 1.0 1.1 ქსე, ტ. IX, თბილისი, 1985, გვ. 680
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 380
  3. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 260
  4. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 679
  5. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბილისი, 1962, გვ. 472
  6. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბილისი, 1962, გვ. 474
  7. ვ. ჯობაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში (Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klajet'i, and Savset'i), თბილისი, 2007, ISBN 978-99940-61-11-2
  8. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბილისი, 1962, გვ. 469-470
  9. Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 16
  10. O. Aytekin, Ortaçağ'dan Osmanli Dönemi Sonuna Kadar, გვ. 191-195, ტაბ. 120
  11. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995, გვ. 78-81
  12. (რუსული) Д. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению Академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин и Артанудж, ЗИАН, т. 37, кн. 1. გვ. 49-51
  13. (რუსული) П. Уварова, Путевые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891
  14. (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, გვ. 71-74, ნახ. 44, ტაბ. XLI-XLVII
  15. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 11-25, ტაბ. 2-6
  16. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 233-252
  17. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 239-240
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 236-237
  19. გეგმის ამგვარი რეკონსტრუქციის ვარიანტი (ყოველ მკლავში აფსიდით) წარმოადგინა გ. მარსაგიშვილმა, გ. ჩუბინიშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXX სამეცნიერო სესია, 1984, 16 ივნისი
  20. (რუსული) В. Беридзе, Архитектура Тао-Кларджети, Тбилиси, 1981, გვ. 173-175
  21. ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი, შედგენილი პროფ. ე. თაყაიშვილის მიერ, ტფილისი, 1924, ტაბ. 12
  22. პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე, ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1991, სურ. 87, გვ. 241-254
  23. 23.0 23.1 23.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 239
  24. (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, La cathedrale de T'beti. Nouvelles donnees, Cahiers Archeologiques, 47, 1999, გვ. 82-83
  25. ნ. ალექსიძე, დ. ხოშტარია, ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ, ლიტერატურა და ხელოვნება, N1, 1991, გვ. 134-135
  26. 26.0 26.1 26.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 240-241
  27. (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, ტაბ. XLIII
  28. (რუსული) Д. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению Академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин и Артанудж, Записки Императорской Академии Наук, т. 37, кн. I, С.-Петербург, 1880, გვ. 50
  29. (რუსული) П. Уварова, Путвые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 290
  30. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 15-16
  31. კ. მაჩაბელი, რელიეფი ტბეთიდან აშოტ კუხის გამოსახულებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე, 5, 1968, გვ. 150-162
  32. (რუსული) Н. Аладашвили, Монументальная скулптура Грузии, Москва, 1977, გვ. 87-88
  33. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 224
  34. (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, La cathedrale de T'beti. Nouvelles donnees, Cahiers Archeologiques, 47, 1999, გვ. 87-89
  35. 35.0 35.1 (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 16
  36. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 242
  37. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 13
  38. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 225
  39. 39.0 39.1 39.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 243
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 244
  41. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 245
  42. (ინგლისური) W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 230
  43. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 246
  44. 44.0 44.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 247
  45. (რუსული) П. Закарая, Зодчество Тао-Клардэти, Тбилиси, 1990, გვ. 99
  46. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1955, გვ. 221
  47. ნ. ალექსიძე, დ. ხოშტარია, ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ (1990 წლის ექსპედიცია), ლიტერატურა დახელოვნება, N1, 1991, გვ. 135-136
  48. (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, La cathedrale de T'beti. Nouvelles donnees, Cahiers Archeologiques, 47, 1999, გვ. 89-95
  49. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 18
  50. (რუსული) П. Уварова, Путвые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 290-291
  51. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 18-19
  52. (ფრანგული) N. et J.-M. Thierry, La cathedrale de T'beti. Nouvelles donnees, Cahiers Archeologiques, 47, 1999, გვ. 96
  53. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 248
  54. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995, გვ. 81
  55. (რუსული) П. Уварова, Путевые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 291
  56. (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, გვ. 72
  57. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 23–24
  58. ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, თბილისი, 1987, გვ. 164-165
  59. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995, გვ. 78
  60. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1995, გვ. 80
  61. (რუსული) П. Уварова, Путевые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 291
  62. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 23
  63. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 250
  64. 64.0 64.1 (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 25
  65. 65.0 65.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 250
  66. W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 133
  67. (რუსული) П. Уварова, Путвые записки, Кавказ: Аджария, Шавшетия, Посховский участок, ч. II, Москва, 1891, გვ. 291
  68. (რუსული) А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, ტაბ. XLV
  69. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 23-24
  70. დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, დანართი: შავშეთის ეკლესიები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 249
  71. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 18
  72. (რუსული) Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911, გვ. 24
  73. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963, გვ. 91
  74. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 123
  75. (რუსული) А. Натроев, Мцхет и его Собор Свети-Цховели, Тифлис, 1901, გვ. 184