ყვითელმიწა ნიადაგი

(გადამისამართდა გვერდიდან ყვითელმიწა)

ყვითელმიწა ნიადაგინიადაგი, რომელიც განვითარებულია ტენიანი ან ნახევრად ტენიანი სუბტროპიკულ ტყეებში. აორთქლებასთან შედარებით მოსული ნალექების სიჭარბე ქმნის ჩამრეცხი წყლის რეჟიმს; გამოფიტვის პროცესი განაპირობებს ერთ-ნახევარი ჟანგეულების მატებას და SiO2-ის რამდენადმე შემცირებას; ამ დროს ინტენსიურად გაიტანება ტუტემიწა ლითონები. წითელმიწა ნიადაგებთან შედარებით ყვითელმიწა ნიადაგები ფორმირდება დრენირებულ პირობებში მაღალ რელიეფზე, ფერდობების ზედა ნაწილებში და ძველ ტერასებზე; წარმოადგენს ყომრალებსა და წითელმიწებს შორის გარდამავალს.[1]

ყვითელმიწა ნიადაგი ხასიათდება ყვითელი შეფერილობით, გათიხებით, კოშტოვანი სტრუქტურით და ჩვეულებრივ, მძლავრი პროფილით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 13,7–15,1 °C-ს, ყველაზე ცივი თვის იანვრის 3,3–6,8 °C, ყველაზე თბილი თვის 19,3–24,5 °C. ვეგეტაციური პერიოდი გრძელდება რვა თვეს. ნელექების წლიური რაოდენობა დიდია და შეადგენს 1100–2500 მმ-ს, მაგრამ მათი განაწილება თვეების მიხედვით არათანაბარია. ნალექების მინიმუმი აღინიშნება აპრილში, მაისსა და ივნისში. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა საკმაოდ მაღალია (80 %-მდე).[2]

ყვითელმიწა ნიადაგი გავრცელებულია ძველ ზღვიურ ტერასებზე, დანაწევრებულ და მათთან მიმდებარე მთისწინებზე. ნიადაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია მჟავე და საშუალოდ მყარი ქანების გამოფიტვის პროდუქტებით. ტერასებზე ეს ნიადაგები ჩვეულებრივ ვითარდება ფხვიერ, თიხიან ქანებზე. ნიადაგწარმომქმნელი ქანები მიკუთვნება სიალიტურ თიხებს, რომლებშიც SiO2: Al2O3 აღწევს 3,20; თუმცა გვხვდება ფერალიტიზირებულიც შეფარდებით SiO2: Al2O3 < 2,50. ნიადაგწარმომქმნელი ქანები ხასიათდება ცუდი ფიზიკური თვისებებით, რაც ხელს უწყობს მათ ჩამორეცხვას და გამეწყერებას. ყვითელმიწა ნიადაგის არეალი განისაზღვრება ქანების გავრცელებით.[2]

ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია შერეული სუბტროპიკული ტყეებით, რომელთა შორისაა მუხა, ძელქვა, წაბლი, ლაფანი, წიფელი, ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა. ამჟამად ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ბუნებრივი მცენარეულობა განადგურებულია და შეცვლილია სასოფლო-სამეურნეო მინდვრების და პლანტაციების მცენარეულობით. ნიადაგურ პროფილს ჩვეულებრივ აქვს შემდეგი აგებულება: A0-A-AB-B-BC.[3]

კავკასიაში ყვითელმიწები, როგორც დამოუკიდებელი ნიადაგური წარმონაქმნი, პირველად აღწერილი და შესწავლილი იყო აზერბაიჯანში, ლენქორანის ოლქში, ვასილკო აკიმცევის (1926) მიერ. სახელწოდება „ყვითელმიწა“ შემოღებული იყო ყვითელი ფერის გამოფიტვის ქერქზე განვითარებულ დასავლეთ საქართველოს წითელმიწის ქვედა ჰორიზონტებთან მსგავსების საფუძველზე. მაგრამ უფრო ადრე ამ ნიადაგებზე ცალკეული მონაცემები მოყვანილია პიოტრ კოსოვიჩის (1910), ი. ვიტინის (1914), სერგეი ზახაროვის (1913, 1924) შრომებში. ყვითელმიწები საფუძვლიანად შეისწავლა მიხეილ საბაშვილმა (1926, 1948). მან პირველმა გამოამჟღავნა ამ ნიადაგის დამოკიდებულება ნიადაგწარმომქმნელი ქანების ხასიათზე. კვლევის საწყის ეტაპზე ყვითელმიწა ნიადაგი განიხილებოდა წითელმიწა-ყვითელმიწის ტიპის ქვეტიპად. ამჟამად ეს ნიადაგი გამოიყოფა ცალკე გენეტიკურ ტიპად. ყვითელმიწების რეაქცია მჟავეა. ჰუმუსის შემცველობა მერყეობს 2-დან 7 %-მდე. სიღრმით ჰუმუსის შემცველობა საკმაოდ მკვეთრად მცირდება. ჰუმუსი ფულვატურია. შთანთქმის კომპლექსი არ არის მაძღარი ფუძეებით, მაგრამ არამაძღრობის ხარისხი მნიშვნელოვნად იცვლება.[2][4]

მექანიკური შემადგენლობა სიღრმით უმნიშვნელოდ იცვლება. ამორფული რკინის შემცველობა მცირეა, ხოლო არასილიკატურის — საკმაოდ მაღალი. მთლიანი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ძირითადი ჟანგეულები არათანაბრადაა განაწილებული.[2]

ყვითელმიწა განსხვავდება ყვითელ-ყომრალისგან, რომელიც ვითარდება უფრო გრილ პირობებში, ღრმა გამოფიტვით, ერთნახევარი ჟანგეულების მეტი და კაჟმიწის ნაკლები შემცველობით. ყვითელმიწა განსხვავდება წითელმიწისგან, რომელიც ვითარდება იგივე ბიოკლიმატურ პირობებში, მაგრამ კაჟმიწით ღარიბ ქანებზე, ყვითელი შეფერილობით, ნაკლებად მყარი და უფრო უხეში სტრუქტურით, ნაკლები გამოფიტვით. ყვითელმიწის ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ფერალიტიზაცია, გათიხება, ჰუმუსწარმოქმნა და გალებება. ყვითელმიწა იყოფა სამ ქვეტიპად: ტიპური, გაეწრებული და გალებებული.[2]

ყვითელმიწის გავრცელება და თვისებები განპირობებულია ნიადაგწარმომქმნელი ქანების გავლენით. ნიადაგწარმოქმნის პროცესში ხდება რკინის გადაადგილება და მისი ნაერთების ძლიერი ჰიდრატაცია. ამ უკანასკნელით განისაზღვრება პროფილის ყვითელი შეფერილობა. ყვითელმიწის ძლიერი ჰიდრატაცია განისაზღვრება თიხების და თიხაფიქლების შინაგანი თვისებებით, კერძოდ წყლის დიდი რაოდენობის დაკავების უნარით.[5]

ყვითელმიწა ღარიბია საკვები მინერალური ელემენტებით და ათვისებისას სწრაფად კარგავს ნაყოფიერებას. მას აგრეთვე გააჩნია არახელსაყრელი ფიზიკური თვისებები: დაბალი წყალგამტარობა, ცუდი აერაცია, სუსტი გასტრუქტურება. ყველაზე ეფექტურად მისი გამოყენება შესაძლებელია მუდმივი პლანტაციების ქვეშ. მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ორგანული და მინერალური სასუქების დიდი დოზების შეტანა. ყვითელმიწა ნიადაგი ერთიანდება ლუვისოლების ჯგუფში არჯიკ ჰორიზონტის გამო.[5]

ყვითელმიწა ნიადაგის საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 4,5 %-ს, რაც უდრის 317 600 ჰა-ს. ძირითადად ვრცელდება ზღვის დონიდან 100 მ-იდან 500–600 მ-მდე, დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, — გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ნაკლებად ხონის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ვანის მუნიციპალიტეტების გორაკ-ბორციან ზოლში. ემიჯნება წითელმიწას (გურიაში, იმერეთსა და აფხაზეთში), ყვითელმიწა-ეწერ და ყვითელმიწა-ეწერ-ლებიან ნიადაგებს (სამეგრელოში), ყვითელ-ყომრალ ნიადაგს (აფხაზეთში, იმერეთსა და გურიაში).[5][6]

  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2014, გვ. 375.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 თ. ურუშაძე. საქართველოს ძირითადი ნიადაგები. მეცნიერება, თბილისი, 1997, გვ. 41–46
  3. გ. ტალახაძე. საქართველოს ძირითადი ნიადაგური ტიპები. თბილისი, ცოდნა, 1964.
  4. მ. საბაშვილი. საქართველოს სსრ ნიადაგები : [მონოგრაფია], თბილისი, მეცნიერება, 1965
  5. 5.0 5.1 5.2 თ. ურუშაძე, თ. ქვრივიშვილი. საქართველოს ნიადაგების სარკვევი. თბილისი, მწიგნობარი, 2014, გვ. 37–40
  6. თ. ურუშაძე, საქართველოს ნიადაგების რუკა მასშტაბში 1:500 000. კარტოგრაფია, თბილისი. 1999