ლადო ასათიანი
ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი პოეტი.
ლადო ასათიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 იანვარი, 1917 ან 1917 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 23 ივნისი, 1943 ან 1943 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | ლირიკა |
Magnum opus | სალაღობო |
ბიოგრაფია
რედაქტირებალადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში, 1917 წლის 14 იანვარს პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა. ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი.
1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ამ პერიოდში გაიცნო ლადო ასათიანმა მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, რომელიც ეკონომისტად მუშაობდა მწერალთა კავშირში. ლადომ ანიკო პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნა, რომლის ავტორის დადგენაც ანიკოს სამსახურში მწერლებმა მოინდომეს ხელწერის მიხედვით და რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.
ანიკო ვაჩნაძე ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანის გაცნობამდე, მას ლექსები სიმონ ჩიქოვანმა, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, გიორგი შატბერაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ, გიორგი ქუჩიშვილმა, სერგეი მიხალკოვმა მიუძღვნეს. მოგვიანებით ყველა ამ ლექსს პოეტმა მინაწერები გაუკეთა
ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს პირადად პოეტის უახლოესმა მეგობარმა ნიკა აგიაშვილმა გააცნო. წყვილი ქორწინების შემდეგ ერთხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით.
პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო ორიენტში იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.
1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადო ავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
ლადოს და ანიკოს 1941 წელს შეეძინათ ქალიშვილი მანანა (დ. 1941 — გ. 2024). ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა. ლადოს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მას ლექსი მიუძღვნა, უნდოდა ის კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს მოენათლათ, თუმცა ლადომ თავის სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა, მისი გარდაცვალების შემდეგ მანანა კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებმა მონათლეს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა, და ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.
ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს. მასთან ერთად დაკრძალულია ანიკო ვაჩნაძეც (დ. 3 თებერვალი, 1914 — გ. 13 დეკემბერი, 1994).
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 621.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 62, თბ., 1994
- აგიაშვილი ნ., „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, თბილისი, 1971
- აფხაიძე შ., „კრიტიკული წერილები“, თბილისი, 1959