ლადო გუდიაშვილი

ქართველი ფერმწერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუდიაშვილი.

ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 30 მარტი, [ძვ. სტ. 18 მარტი], 1896, თბილისი — გ. 19 ივლისი, 1980, იქვე) — მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.

ლადო გუდიაშვილი
სრული სახელი ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი
დაიბადა 30 მარტი, 1896
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 19 ივლისი, 1980
გარდაცვალების ადგილი იქვე
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი
საქართველოს სახალხო მხატვარი (1950)
საიტი http://www.art.gov.ge
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში 1896 წლის 30 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910–1914). 1914 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან „ქიმერიონის“ მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919–1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. „თავისუფალ აკადემიაში“. მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 წელს პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა „პრადომ“.

1926–1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს („კინტოების ქეიფი ქალთან“, 1919; „მოქეიფენი ეტლში“, „თევზი ცოცხალი“, „სადღეგრძელო გარიჟრაჟზე“, სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; „ნადირობა“, 1920, მხატვრის სახელოსნო; „იდილია“, 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; „ქალი კლდეებში“, 1923, მხატვრის სახელოსნო; „ირმის ტბის პირას“, 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული („ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“, 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; „ყეენობა თბილისში“, 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; „საკადრისი პასუხი“, 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).

გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს „ცისფერყანწელებს“ (1914–1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული „ლა რუშის“ მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.

მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან („თევზი ცოცხალი“ 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს („სერაფიტას გასეირნება“ 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი „დედამიწის ქალღმერთი“.

გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.

გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.

ჯილდოები

რედაქტირება

მიღებული აქვს სოციალისტური შრომის გმირის საპატიო წოდება (19.11.1976); დაჯილდოებულია ლენინის (2.04.1966, 2.07.1971, 19.11.1976), შრომის წითელი დროშის (17.04.1958) და „საპატიო ნიშნის“ (14.01.1937) ორდენებით და სხვა მედლებით.[1]

საქართველოს სსრ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1965). სსრკ სახალხო მხატვარი (1970). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1957). საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950). თბილისის საპატიო მოქალაქე (1979).[1]

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი

რედაქტირება

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი დაარსდა 2011 წლის მაისში, საქართველოში, ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას. საგამოფენო დარბაზში პერიოდულად იცვლება მხატვრის ექსპოზიცია და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს.

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა საგამოფენო სივრცეა, რაც ვიზიტორს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს გუდიაშვილის მუდმივმოქმედ გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების გამოფენები, გაეცნოს სხვადასხვა პროგრამას და ღონისძიებას.

 
ლადო გუდიაშვილის საფოსტო მარკა, 2019 წელი, ავტ. გ. ქართველიშვილი

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.[2] 2020 წელს საქართველოს ფოსტამ გამოსცა ლადო გუდიაშვილის მარკა.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 51;
  • Ладо Гудиашвили. Книга воспоминаний. Статьи. Из переписки. Современники о художнике. М., 1987;
  • Ладо Гудиашвили (альбом). Л., 1983.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ბაჩიროვი ანტონ, ლადო გუდიაშვილი საიტზე „ქვეყნის გმირები“ (რუსული). წაკითხვის თარიღი: 15 მაისი, 2020.
  2. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 49, 53, ISBN 978-99928-20-35-3.
  3. მარკები 2020. საქართველოს ფოსტა. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2020.