გიორგი შატბერაშვილი

ქართველი მწერალი

გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი (დ. 14 აპრილი [ძვ. სტ. 1 აპრილი], 1910, თბილისი — გ. 14 აპრილი, 1965, იქვე) — ქართველი პოეტი და დრამატურგი.

გიორგი შატბერაშვილი
დაბადების თარიღი 1 (14) აპრილი, 1910
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1965(1965-04-14) (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამა — ივანე შატბერაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი იყო. დედა — თამარ გიორგის ასული გოგიბედაშვილი გენეტიკურად გიორგი სააკაძეს ენათესევებოდა. მოგვიანებით დედისა და მამის სახეები მწერლის მოთხრობებში მარადიულობის სიმბოლოებად იქცა. ისინი იყვნენ ახალი პიროვნების დაბადებისა და ღირსეულ კაცად ჩამოყალიბების საწყისი და საფუძველი. პატარა გიორგი ხშირად სტუმრობდა ბებიასა და პაპას კასპის რაიონის სოფელ თვალადში, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. გიორგის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თვალადთან იყო დაკავშირებული. ჭერმისფერი კრამიტით დახურული შატბერაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების — კავთურასა და გუდალურას შესართავთან. გიორგი ისმენდა დარბაისლურ ქართულს, აქედან შეჰყურებდა კატაურასა და ძლევის ქედს, ხან მზით გაჭახჭახებულს და ხან თოვლიანს. ამიტომაც ადრეული ასაკიდან გამოჰყვა განსაკუთრებული ლტოლვა მზისა და თოვლისადმი, რაც შემდეგ მისი შემოქმედების „გულისგული“ გახდა. სოფლიდან სასწავლებლად პატარა გიორგი თბილისში გადავიდა. კავთისხევის სადგურამდე საყვარელმა ბიძამ, სანდრო ქვლივიძემ გააცილა. მას მამალხინესაც ეძახდნენ, რადგან ქარაგმული სიტყვების ჩაწერა და მათი გამოყენება იტაცებდა.

ივანე და თამარ შატბერაშვილებს ოთხი შვილი ჰყავდათ: ნატალია (ნატო), გიორგი, ლევანი და შოთა. ლევანი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი და რეჟისორი გახდა, შოთამ ინჟინრობა აირჩია, გიორგიმ კი — მწერლობა. გიორგი შატბერაშვილი სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა. გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოავლინა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში“, რომლის რედაქტორი შოთა ძიძიგური იყო.

ლიტერატურული მოღვაწეობა

რედაქტირება

გიორგი შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე ბედი სცადა დრამატურგიაში. დაწერა პიესა „დუშმანი“, რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორმა იონა ტუსკიამ, მხატვარი იყო გიორგი სიდამონ-ერისთავი. 1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას“, რომელიც პიესა „დუშმანთან“ ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. რვა წლის განმავლობაში (1936-1944) ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში).

სოფლებში ქვემოჭალაში, კავთისხევში და კასპში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურას, რუსულ ენასა და ისტორიას. ამავე დროს ახლოს ეცნობოდა სოფლის ცხოვრებას, აგროვებდა მასალებს თავისი მომავალი მოთხრობებისა და პიესებისთვის. დედაქალაქს მოცილებული მწერალი მშობლიური ლიტერატურის მადლს აზიარებდა თავის მოწაფეებს. ქართული ლექსისა და ქართული სიტყვის სიყვარულს უნერგავდა მათ.

1938 წელს გიორგი შატბერაშვილმა იქორწინა ნათელა ქეშელაშვილზე, რომელთანაც შეეძინა ქალ-ვაჟი — მზია და ზებედე. ზებედე დღესდღეობით არქეოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(იგი არის თავისი დიდი პაპის, აზნაურ ზებედე შატბერაშვილის სახეს ატარებს. პაპა, როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, კავთისხევის მღვდელი იყო და იბრძოდა 1812 წლის კახეთის აჯანყებისას რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ), მზიამ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. დიდი ერუდიციისა და გაქანების მწერალი ვერ ეტეოდა ლიტერატურის ერთი რომელიმე ჟანრის ჩარჩოში. დაკვირვებული და გამჭრიახი თვალის მხატვარს ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და ამიტომ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში ცდიდა კალამს. მის სამუშაო მაგიდაზე მხარიმხარ იქმნებოდა ლექსები, პოემები, მოთხრობები, პიესები, საბავშვო ნაწარმოებები, ნარკვევები, ლიტერატურული წერილები, იგი ამავე დროს თარგმნიდა უცხოური ენებიდან ქართულ ენაზე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.

1945 წელს ქართველმა მაყურებელმა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნახა გიორგი შატბერაშვილის პიესა „ფიქრის გორა“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რესპუბლიკის თითქმის ყველა თეატრში დაიდგა. ამ პიესას მოჰყვა „რკინის პერანგი“ და „ძველი სახლი“, რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა „უცნობი ქალი“. ამ სპექტაკლებმა სახელი და წარმატება შემატა თეატრს.

არის მოთხრობის „დინოზავრის ნაკვალევზე“ ავტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 367, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება