არაბული კულტურაშუა საუკუნეების კულტურა, რომელიც ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოში VII-X საუკუნეებში არაბი და მათ მიერ დაპყრობილი ხალხების კულტურული ურთიერთზემოქმედების პროცესში. სამეცნიერო ლიტერატურაში „არაბული კულტურა” იხმარება, როგორც საკუთრივ არაბი, ისე სახალიფოს შემადგენლობაში შემავალი სხვა ხალხების შუა საუკუნეების არაბულენოვანი კულტურების აღსანიშნავად.

დამასკოს დიდი მეჩეთი არაბული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.

ისტორია და ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

არაბეთის ნახევარკუნძულზე არაბულ კულტურას წინ უსწრებდა ისლამამდელი არაბების - მომთაბარე და მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა. IV-VI საუკუნეებში არაბული კულტურა განიცდიდა ძველი იემენური, სირიულ-ელინისტური, იუდეველთა და ირანული კულტურების გავლენას. საკუთრივ არაბული კულტურა ჩამოყალიბდა ისლამის აღმოცენებისა (VII ს) და სახალიფოს შექმნის პერიოდში. არაბული კულტურის კომპონენტებიდან საკუთრივ არაბთაგან მომდინარეობს ისლამი, არაბული ენა და ბედუინური პოეზიის ტრადიციები. არაბული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ ხალხებმა, რომლებმაც მიიღეს ისლამი, ასევე სახალიფოს არამუსლიმმა მოსახლეობამ (სირიელი ქრისტიანები, იუდეველები, სპარსელი ზოროასტრელები და სხვა). VII საუკუნის დასასრულიდან VIII საუკუნის შუახანებამდე დამასკოსთან ერთად არაბული კულტურის განვითარების მთავარი ცენტრები იყო მექა და მედინა არაბეთში, ქუფა და ბასრა ერაყში. აბასიანთა სახალიფოს შექმნის (750 წ) შემდეგ არაბული კულტურის ცენტრმა სირიიდან სახალიფოს აღმოსავლეთში, ერაყში (ბაღდადი, დაარსდა 762 წელს) გადაინაცვლა IX-X საუკუნეებში არაბულმა კულტურამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, გაამდიდრა ბევრი ხალხის, კერძოდ, შუა საუკუნეების ევროპის ხალხების კულტურა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო კულტურის განვითარებაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ფილოსოფიას, მედიცინას, მათემატიკას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ფილოლოგიასა და ისტორიულ დისციპლინებს, ქიმიას, მინერალოგიას. არაბული კულტურის ცოდნის დარგების გამოყოფა პირობითია, რადგან მისთვის, ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა კულტურებისათვის, ნიშნეულია მეცნიერებათა დაუნაწევრებლობა, მოაზროვნეთა ენციკლოპედიური ცოდნა. ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ხშირად ისტორიკოსი, ექიმი, გეოგრაფი, პოეტიცა და ფილოლოგიც იყო. არაბული კულტურის გამდიდრებას ხელს უწყობდა მუსლიმური აღმოსავლეთის ხალხებს შორის კულტურული მონაპოვრების ურთიერთგაცვლის ფართო შესაძლებლობები, გაცხოველებული კავშირი აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან. აბასიანთა სახალიფოს დაშლამ (X საუკუნის შუა წლები) შეზღუდა არაბული კულტურის გავრცელების საზღვრები და თანდათანობით შეამცირა მისი როლი მსოფლიო კულტურების საერთო განვითარებაში.

 
ომაიანთა სახალიფოს მაქსიმალური გაფართოება
 
აბასიანთა სახალიფო 850 წელს
 
კორდოვის სახალიფო - მუსლიმური ესპანეთი და არაბული კულტურის მნიშვნელოვანი კერა

მუსლიმურ ესპანეთში, რომელიც აბასიანთა სახალიფოს ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გამოეყო, დაიწყო ე. წ. არაბულ-ესპანური კულტურის დამოუკიდებელი განვითარება. სახალიფოს აღმოსავლეთ პროვინციებში IX საუკუნის დასასრულს წარმოიქმნა ირანული კულტურულ-ეროვნული აღორძინების კერები. სპარსულმა ენამ არაბული შეცვალა თავდაპირველად ლიტერატურასა და პოეზიაში, შემდეგ ზოგიერთ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში (ისტორია, გეოგრაფია). არაბული დარჩა ყურანისა და ზოგიერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის (მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია, ქიმია და ფილოსოფია) ენად. არაბული კულტურის ცენტრმა გადაინაცვლა სირიაში, ეგვიპტესა და ესპანეთში. ჩრდილოეთ აფრიკაში ფატიმიდებისა (X-XII სს) და აიუბიდების (XII-XIII სს) დროს გრძელდებოდა არაბული კულტურის საუკეთესო ტრადიციების განვითარება მეცნიერებაში, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის სხვა სფეროებში, თუმცა იგი უკვე ნაკლებ გავლენას ახდენდა მუსლიმური აღმოსავლეთის ხალხების საერთო კულტურულ პროგრესზე, ვიდრე VIII-X საუკუნეებში. X საუკუნის დასასრულისათვის ბაღდადმა პირველობა კაიროს დაუთმო.

არაბული კულტურის მეცნიერული და ესთეტიკური ტრადიციები არ შეწყვეტილა, მაგრამ XIII საუკუნის II ნახევრის არაბული კულტურის მოღვაწეთა შემოქმედებაში ჭარბობდა ეპიგონური მიმართულება (კომპილაცია - მეცნიერებაში და მიმბაძველობა - ლიტერატურაში). X-XV სს-ში განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია არაბულ-ესპანურმა ცივილიზაციამ. მისი ცენტრები იყო კორდოვა, სევილია, მალაგა და გრანადა. დიდი მიღწევები აღინიშნა ასტრონომიაში, მათემატიკაში, ქიმიასა და მედიცინაში. აქ გრძელდებოდა არაბული ფილოსოფიის პროგრესული ხაზი. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი ესპანურ-მავრიტანული ხუროთმოძღვრებისა და გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებმა. XVI საუკუნეში არაბული ქვეყნები ოსმალეთის იმპერიის პროვინციებად გადაიქცნენ. არაბული კულტურა დაქვეითდა, თუმცა ამ პერიოდშიც სირიის, ერაყისა და ეგვიპტის ძველი კულტურული ცენტრები ტრადიციულად კვლავ იზიდავდნენ მუსლიმ სწავლულებს.

არაბული კულტურის განვითარების თავისებურად ახალი პერიოდი იწყება XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან. არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური აღორძინების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებისა და დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პირობებში იქმნებოდა და იქმნება თანამედროვე არაბული კულტურა.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები რედაქტირება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების ცენტრი სახალიფოში თავდაპირველად სირიისა და ნაწილობრივ სამხრეთ-დასავლეთი ირანის ტერიტორიაზე იყო. აქ ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ავტორების ნაწარმოებთა თარგმნასა და კომენტირებას. ეს თარგმანები ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყარო იყო, რომლის საშუალებითაც დასავლეთი ევროპა ანტიკურ კულტურას ეცნობოდა. მაგალითად, ჰერონის „მექანიკამ” და არქიმედეს ბევრმა ტრაქტატმა მხოლოდ არაბული თარგმანების სახით მოაღწია ჩვენამდე. არაბული სამყაროდან გავრცელდა ევროპაში მრავალი ტექნიკური სიახლე (კომპასი, ირიბი იალქანი და სხვა).

 
ომარ ხაიამი
 
ალ-ხვარაზმის ტრაქტატის გვერდი

IX საუკუნიდან მეცნიერებისა და განათლების ცენტრად ბაღდადი იქცა. აქ იქმნებოდა მშენებლობასა, მიწათმზომლობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამეცნიერო დარგები. ინტენსიურად ვითარდებოდა ასტრონომია, მათემატიკა, მინერალოგია, აღწერითი გეოგრაფია. სახალიფოს ცალკეულ სახელმწიფოებად დაშლასთან (X ს) ერთად ბაღდადის პარალელურად გაჩნდა ახალი სამეცნიერო ცენტრები: დამასკო და ჰალაბი (ალეპო) - სირიაში, კაირო - ეგვიპტეში, მარაღა - აზერბაიჯანში, სამარყანდი - ცენტრალურ აზიაში, ღაზნი - ავღანეთში; აგრეთვე ესპანურ-არაბული კულტურის ცენტრები: კორდოვა, შემდგომ სევილია და გრანადა. სხვადასხვა დროს დიდი სამეცნიერო ცენტრები იყო ბუხარა და ისპაანი. XI საუკუნის დასაწყისიდან არსებობდა „ცოდნის სახლი”, სადაც მუშაობდნენ ასტრონომი იბნ იუნუსი (950-1009 წწ), მათემატიკოსი და ფიზიკოსი აბუ ალი იბნ ალ-ჰაისამი (დაახლ. 965-1039 წწ). 1004 წელს კაიროში ააშენეს ობსერვატორია.

მათემატიკა რედაქტირება

ისლამურ ქვეყნებში მათემატიკის ჩამოყალიბებაზე ანტიკურ მემკვიდრეობასთან ერთად დიდი ზეგავლენა იქონია ინდოეთის სამეცნიერო ტრადიციამაც - გავრცელდა ინდური წარმოშობის თვლის ათობითი პოზიტიური სისტემა ნულის გამოყენებით. არითმეტიკისადმი მიძღვნილი პირველი ტრაქტატი არაბულ ენაზე დაწერა ალ-ხვარაზმმა (IX ს), XV საუკუნეში სამარყანდელმა მეცნიერმა ალ-ქაშიმ შემოიღო ათწილადები და შეიმუშავა მათზე მოქმედებების წესები, აბუ ლ-ვაფას, ალ-ბირუნის, ომარ ხაიამისა და ალ-ქაშის ნაწარმოებებში დამუშავებულ და სისტემატიზებულ იქნა ნატურალმაჩვენებლიანი ფესვის ამოღების მეთოდები. დიდია ალ-ხვარაზმისა და ომარ ხაიამის როლი ალგებრის, როგორც დამოუკიდებელი მათემატიკური დისციპლინის შექმნაში. დიდ ინტერესს იწვევს ძმებ „მუსას შვილების” („ბანუ მუსა”) გეომეტრიული ტრაქტატი; ასევე მნიშვნელოვანია აბუ ლ-ვაფას, იბნ კურას, აბუ ალი იბნ ალ-ჰაისამის, ომარ ხაიამის, ალ-ტუსისა და სხვათა წვლილი გეომეტრიის სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში. ისლამური ქვეყნების მათემატიკოსებმა ბრტყელი და სფერული ტრიგონომეტრია გამოყვეს ასტრონომიისაგან და აქციეს დამოუკიდებელ მათემატიკურ დისციპლინად. ალ-ხვარაზმის, ალ-მარვაზის, ალ-ბათანის, ალ-ბირუნის, ალ-ტუსის ნაშრომებში შემოღებულია წრის ექვსივე ტრიგონომეტრიული ხაზი, დადგენილია დამოკიდებულებანი ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის, გამოკვლეულია სფერული სამკუთხედების ამოხსნის ყველა შემთხვევა, მიღებულია უმნიშვნელოვანესი ტრიგონომეტრიული თეორემები, შედგენილია ზუსტი ტრიგონომეტრიული ცხრილები.

ასტრონომია რედაქტირება

მნიშვნელოვნად განვითარდა ასტრონომია. თავდაპირველად ითარგმნა და განმარტებულ იქნა პტოლემეს შრომები და ინდური ასტრონომიული თხზულებანი - სიდჰანტები; ციურ სხეულთა მოძრაობის მოდელირების ბერძნულ მეთოდებსა და გამოთვლის ინდურ წესებზე დაყრდნობით არაბმა ასტრონომებმა დაამუშავეს ციურ სფეროზე მნათობთა კოორდინატების განსაზღვრის ხერხები და აგრეთვე კოორდინატთა სამი ხმარებული სისტემის პირობებში ერთიდან მეორეზე გადასვლის წესები. ასტროლოგიის ტრაქტატებშიც კი მოიპოვებოდა მნიშვნელოვანი საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ცოდნის ელემენტები. ფართოდ გავრცელდა ზიჯები - სფერული ასტრონომიის გათვლითი წესების ცხრილები. ჩვენამდე მოაღწია XIII-XV საუკუნეების დაახლოებით 100-მა ზიჯამ.

გეოგრაფია რედაქტირება

არაბ გეოგრაფთა და მოგზაურთა მრავალრიცხოვანი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი გეოგრაფიული ნაწარმოებები შეიცავენ არა მარტო მთელი მუსლიმური სამყაროს, არამედ სხვა ქვეყნების (ევროპის, ჩრდილოეთი და ცენტრალური აფრიკის, აზიის) გეოგრაფიულ აღწერილობასაც. ამ მხრივ არაბულ გეოგრაფიულ ლიტერატურას ბადალი არ მოეპოვება შუა საუკუნეების გეოგრაფიაში. იგი მეტად მნიშვნელოვანი და ხშირად ერთადერთი წყაროა შუა საუკუნეების მრავალ ხალხთა შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ არაბმა გეოგრაფებმა დიდძალი რეალური ცნობები მოიპოვეს დედამიწის გეოგრაფიის შესახებ, სამყაროს ისინი მაინც პტოლემეს თვალით ხედავდნენ, მის თეორიულ პრინციპებს აღიარებდნენ, იმეორებდნენ მის რუკებს ან მიმართავდნენ სქემატურ რუკებს, რომლებიც ძველი ირანული პროტოტიპებიდან გადმოჰქონდათ.

 
შუა საუკუნეების არაბული რუკა
 
ალ-იდრისის შექმნილი მსოფლიოს რუკა

არაბთა ისლამამდელი გეოგრაფიული წარმოდგენები ასახულია ძველ პოეზიასა და ყურანში. VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ითარგმნა და გადამუშავდა ანტიკური ავტორების, განსაკუთრებით კი პტოლემეს, ასტრონომიულ-გეოგრაფიული შრომები, რამაც საფუძველი დაუდო არაბულ მეცნიერულ გეოგრაფიას, რომელშიც გამოყენებულია სფერული ასტრონომიული გაანგარიშების წესები და ცხრილები. ალ-ბათანისა და ალ-ხვარაზმის შრომებთან ერთად არაბული გეოგრაფიის ამ დარგის უმაღლესი მიღწევა ალ-ბირუნის შრომებია. IX საუკუნეში გამოჩნდა აღწერილობითი გეოგრაფიის პირველი ნიმუშები (იბნ ხორდადბეჰის (დაახლ. 820-912/913 წწ), კუდამა იბნ ჯაფარის (X ს-ის პირველი ნახევარი), ალ-იაკუბის (გარდ. 897 ან 905 წ) და სხვ.) და მოგზაურობათა აღწერილობები, რომლებიც შეიცავდნენ როგორც ფანტასტიკურ, ისე რეალურ ცნობებს სახალიფოს გარე ქვეყნებისა და ხალხების შესახებ (აბუ ზაიდ ალ-სირაფის კრებული, X ს; ბუზურგ იბნ შაჰრიარის და სხვათა თხზულებები). მოგზაურობათა აღწერის ჟანრი შემდეგშიც ვითარდებოდა (იბნ ფადლანის (X ს), აბუ დულაფის (X ს) ჩანაწერები; მოგზაურობათა დღიურები აბუ ჰამიდ ალ-ღარნატისა (გარდ. 1170 წ), იბნ ჯუბაირისა (გარდ. 1217 წ), იბნ ბატუტასი (1304-1377 წწ), პატრიარქ მაკარიოს ანტიოქიელის რუსეთში მოგზაურობის აღწერილობა).

 
იბნ-ბატუტა
 
იბნ-ჰაუქალის შექმნილი მსოფლიოს რუკა (X ს)

არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის აყვავება X საუკუნეს ემთხვევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისლამური სამყაროს სავაჭრო გზებისა და მხარეების აღწერილობისადმი მიძღვნილი შრომები, რომლებიც უხვად შეიცავდნენ გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ ცნობებს (ალ-ისტახრის, იბნ ჰაუქალის (X ს), ალ-მუკადასის (946/947-დაახ. 1000 წწ) შრომები), XI-XIV სს-ში აღმოცენდა ჟანრები გეოგრაფიული ლექსიკონებისა და სამყაროს ზოგადი აღწერილობისა - კოსმოგრაფიისა, რომლებშიც შეჯამებული იყო ადრე დაგროვილი გეოგრაფიული მასალა. მაგალითად, სიტყვარები იაკუთისა (1179-1229 წწ), ალ-ბაქრისა (გარდ. 1094 წ); კოსმოგრაფიები ალ-ყაზვინისა (გარდ. 1283 წ), ალ-დიმაშკისა (გარდ. 1327 წ), აბუ-ლ-ფიდასი.

ალ-იდრისის (1100-1161/1165 წწ) თხზულება, რომელიც 70 რუკას შეიცავდა, შუა საუკუნეების ევროპაში საუკეთესო გეოგრაფიულ ტრაქტატად იყო მიჩნეული. მუსლიმური აღმოსავლეთის აღწერის გარდა, იგი შეიცავს სხვადასხვა ცნობებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა და ქვეყანათა შესახებ. გეოგრაფიის შემდეგი განვითარება უმთავრესად ვრცელი კომპილაციების შექმნისა და ცალკეული ქალაქებისა და ქვეყნების ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერის გზით წარიმართა. მეტად მნიშვნელოვანია ალ-ნუვაირის, ალ-კალკაშანდისა და სხვათა თხზულებათა გეოგრაფიული ნაწილები. არაბული გეოგრაფიული მეცნიერების დიდი შენაძენი იყო ვასკო და გამას ლოცმანის იბნ-მაჯიდის (XV ს), აგრეთვე ალ-მაჰრის (XVI ს) შრომები, რომლებშიც განზოგადებული იყო არაბული საზღვაოსნო თეორია და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.

ფილოსოფია რედაქტირება

არაბულ ფილოსოფიას არსებითად ისლამთან ერთად ჩაეყარა საფუძველი. პირველი მუსლიმური სპეკულაციური თეოლოგები - მუთაზილიტები - ღმერთთან, სამყაროსა და ადამიანთან დაკავშირებული „დიადი საკითხების” განხილვამ აზიარა ანტიკურ ფილოსოფიას. შეიქმნა ე. წ. მუსლიმური რაციონალიზმი. ამ მიმართულებას დაუპირისპირდნენ ორთოდოქსული მუსლიმანური თეოლოგიის წარმომადგენლები - მუთაქალიმები, რომლებიც ებრძოდნენ როგორც არაისლამურ, ისე საერთოდ ანტირელიგიურ იდეებს.

 
არისტოტელე
 
იბნ სინა
 
ალ-ფარაბი
 
იბნ რუშდი

არაბული ფილოსოფია განსაკუთრებით ვითარდება IX-XI სს-ში, მაგრამ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი ყურანის თვალსაზრისით განიხილავს არა მარტო ანტიკურ, არამედ მთელ საკაცობრიო აზროვნებას. ყურანსავე ეყრდნობა, თუმცა ზოგჯერ ფორმალურად, შუა საუკუნეების არაბული პროგრესული და მატერიალისტური მიმდინარეობები. IX ს-დან იწყება ბერძენ ფილოსოფოსთა, უპირველეს ყოვლისა, არისტოტელეს ინტენსიური ათვისება. IX-XI სს-ში არისტოტელეს ცნობილი კომენტატორები და მიმდევრები იყვნენ ალ-ქინდი, ალ-ფარაბი და იბნ სინა. ალ-ქინდი, რომელმაც პირველად თარგმნა არისტოტელეს ნაწარმოებები არაბულ ენაზე, ძირითადად მის მატერიალურ ტენდენციებს ავითარებს და ხაზს უსვამს საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მნიშვნელობას ფილოსოფიისათვის. მიჩნეულია, რომ ალ-ქინდი რ. ბეკონის შთაგონების წყარო იყო. ალ-ფარაბი ავითარებდა ალ-ქინდის ენციკლოპედიურ ტრადიციას და ცდილობდა თავის ფილოსოფიურ სისტემაში გაეერთიანებინა არისტოტელეს მოძღვრება და ნეოპლატონიზმი. არაბული ფილოსოფიის მწვერვალია ალ-ფარაბის მოწაფე აბუ ალი იბნ სინა. ამ მოაზროვნეთა წყალობით არაბულ ფილოსოფიაში არისტოტელე ავტორიტეტად იქცა. მისმა არაბმა მიმდევრებმა უდიდესი გავლენა იქონიეს ევროპულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე. მათ შუამავლის როლი შეასრულეს საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში: არისტოტელეს ქმნილებებს შუა საუკუნეების ევროპა არაბი მოაზროვნეების საშუალებით გაეცნო. ამ პერიოდის პროგრესულ მოაზროვნეთა შორის აღსანიშნავია „სიბრმავისა და სიმარტოვის ტყვე”, სირიელი პოეტი-ფილოსოფოსი, ანტიკლერიკალი აბუ ლ-ალა ალ-მაარი (979-1058 წწ).

პარალელურად ვითარდება მუსლიმური სქოლასტიკის ორთოდოქსალური, რომელიც ალ-აშარის სახელთანაა დაკავშირებული და ანტიკური ფილოსოფიის წინააღმდეგ ბრძოლაში მუთაქალიმების ტრადიციას აგრძელებს. ვითარდება აგრეთვე, მისტიკური მიმართულება სუფიზმი, რომელშიც ნეოპლატონისტურ საწყისებთან ერთად ძველი ინდური და ირანული კულტურული ელემენტებიც გვხვდება. სუფიზმთან ახლოს იდგნენ სპარსი პოეტები ომარ ხაიამი და ჯალალ ალ-დინ რუმი. ორთოდოქსალური ისლამური ფილოსოფიისა და ანტიკური კულტურის ორთაბრძოლაში ისლამის გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო ალ-ღაზალი. მან მუსლიმურ ორთოდოქსალიზმს სუფიზმიც დაუმორჩილა. ამის შემდეგ XII-XIII სს-ში აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში არაორთოდოქსალური ფილოსოფიის წინააღმდეგ იქმნება ძლიერი ოპოზიცია, ფილოსოფოსებს დევნიან, სიტყვა „ფილოსოფოსი” სააუგო სიტყვად იქცევა.

XII ს-დან არაბული ფილოსოფიის ცენტრი დასავლეთში, არაბულ ესპანეთში ინაცვლებს. აქ პირველ დიდ ფილოსოფოსად ითვლება არისტოტელეს კომენტატორი, რაციონალისტი იბნ ბაჯა. მაჰმადიანი თეოლოგები მას ათეისტად მიიჩნევდნენ. იბნ ბაჯას რაციონალიზმი განავითარა იბნ ტუფაილმა, რომელმაც შექმნა დეისტური მოძრაობა ბუნებრივი რელიგიის შესახებ. დასავლეთ არაბული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია იბნ რუშდი (ავეროესი). იგი ავითარებდა არისტოტელეს ფილოსოფიის მატერიალისტურ ელემენტებს და ებრძოდა რელიგიის დამცველ ალ-ღაზალის. იბნ რუშდის მოძღვრებამ ჭეშმარიტების ორმაგი ბუნების შესახებ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქრისტიანულ ფილოსოფიას. არაბულმა ფილოსოფიამ ასევე განიცადა ებრაული ფილოსოფიის დიდი გავლენა.

ისტორიოგრაფია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

არქიტექტურა რედაქტირება

ისლამის ძირითადი საკულტო ნაგებობა მეჩეთია. იგი გალავნიანი ეზოსა და კოლონადისაგან შედგებოდა. ამ ტიპის ნაგებობანი VII საუკუნის პირველ ნახევარში ბასრაში (635 წ), ქუფასა (638 წ) და ფუსტატში (VII ს-ის 40-იანი წწ) შეიქმნა. დამასკოს მეჩეთის მშენებლებმა (VIII ს-ის დასაწყისი) კარგად გამოიყენეს ადგილობრივი ელინისტური და სირიულ-ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. დიდებული მეჩეთები აშენდა კაირუანში (სიდიოკბა, VII-IX სს) და კორდობაში (VIII-X სს). სვეტებიანი მეჩეთი არაბულ ქვეყნებში დიდხანს დარჩა ძირითად მონუმენტურ ხუროთმოძღვრულ ნაგებობად (მეჩეთები: იბნ-ტულუნისა კაიროში, IX ს; ჰასანისა რაბატში და ქუთუბიასი მარაქეშში - ორივე XII საუკუნე; ალჟირის დიდი მეჩეთი XI ს და სხვა). მან გავლენა მოახდინა ირანის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის მუსლიმანურ ხუროთმოძღვრებაზე. სვეტებიანი მეჩეთის გარდა ვითარდება გუმბათიანი ნაგებობა, რომლის ადრეული სახეა კუბათ ალ-სახრის რვაწახნაგოვანი მეჩეთი (687-691 წწ) იერუსალიმში.

 
კუბათ ალ-სახრი. იერუსალიმი

ომაიანების დროს ფართოდ გაიშალა საერო მშენებლობა: ამაგრებდნენ ქალაქებს, ქალაქგარეთ აგებდნენ ხალიფების სასახლეებსა და ციხესიმაგრეებს (მშათა, კუსაირ-ამრა, კასრ ალ-ხაირ ალ-ღარბი და კასრ ალ-ხაირ ალ-შარკი, ხირბათ ალ-მაფჯარი). აღნიშნული ნაგებობები მორთული იყო მრგვალი ქანდაკებებით, მოზაიკითა და კედლის მხატვრობით.

 
მეჩეთი ალ-აზჰარი. კაირო
 
ალ-ჰაქიმი. დეტალი. კაირო

აბასიანთა სახალიფოში გაიშალა ქალაქთმშენებლობა. 762 წელს საფუძველი ჩაეყარა ბაღდადს, რომელიც გეგმით მრგვალი ქალაქი იყო, ცენტრში სასახლე და მეჩეთი იდგა, ირგვლივ კი გამაგრებული ორმაგი კედელი ერტყა. ქალაქ სამარაში (სახალიფოს დედაქალაქი 836-892 წლებში) შემონახულია აგურისაგან ნაგები დიდებულთა სახლებისა და სასახლეების ნანგრევები. მათი სწორხაზოვანი ეზოები და თაღოვანი მისაღები დარბაზები მორთული იყო ამოკვეთილი ჩუქურთმებითა და პოლიქრომული მხატვრობით. სამარის მეჩეთებს ჰქონდათ ზიკურათისებური მინარეთები. არაბული ხუროთმოძღვრების განსაკუთრებულ სკოლას განეკუთვნება ფატიმიდების დროინდელი ნაგებობები კაიროში (დაარსდა 969 წელს). ქალაქის ქვის კედელი გეგმით კვადრატს ქმნის. შემორჩენილია XI საუკუნის რამდენიმე კარი, საითკენაც ქალაქის მთავარი ქუჩები მიემართება. ციხესიმაგრეთა ხუროთმოძღვრება გამოირჩეოდა სადა, მონუმენტური ფორმებით. ფატიმიდების კაიროს ამშვენებდა სასახლეები, ქარვასლები, აბანოები, საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე მეჩეთები, რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია გრანდიოზულმა ალ-ჰაქიმმა და ალ-აზჰარმა, აგრეთვე ფაქიზად მოჩუქურთმებულმა ალ-აკმარმა და ალ-სალიჰ-ტალაიმ.

 
ალჰამბრა. ესპანეთი

XIII საუკუნიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე ეგვიპტისა და სირიის ხუროთმოძღვრება მჭიდრო ურთიერთობაში იყო. მიმდინარეობდა დიდი საფორტიფიკაციო მშენებლობა: ციტადელები კაიროში, ჰალაბში (ალეპო) და სხვა. ამ დროს მონუმენტურ არქიტექტურაში სივრცობრივი ხუროთმოძღვრების საწყისებმა ადგილი დაუთმო გრანდიოზულ არქიტექტურულ მოცულობებს. დიდი სადა კედლებისა და ღრმა ნიშებიანი კარიბჭეების თავზე ამოჰყავდათ მაღალყელიანი გუმბათები. აშენდა დიდი ოთხაივნიანი ტიპის შენობები (მანამდე მხოლოდ ირანისათვის დამახასიათებელი): კალაუნის მარისტანი (ჰოსპიტალი, XIII ს) და ჰასანის მეჩეთი (XIV ს) კაიროში, მეჩეთი და მედრესე დამასკში და სხვა. სირიის ქალაქებში აგებდნენ მრავალრიცხოვან გუმბათიან მავზოლეუმებს (XV-XVI საუკუნეების მამლუქთა სასაფლაო კაიროში), რომლებიც თვალწარმტაც არქიტექტურულ ანსამბლებს ქმნიდნენ. კედლების დასამშვენებლად როგორც გარედან, ისე ინტერიერში, მხატვრულ კვეთასთან ერთად გვხვდება ფერადი ქვების ინკრუსტაციაც. XV-XVI საუკუნეების დეკორისათვის მოჭიქულ ფერად აგურსა და ოქროს ვარაყს იყენებდნენ (მეჩეთები მუსა ალ-კადიმისა ბაღდადში, ჰუსაინისა ქერბელაში და იმამ ალისა ნეჯეფში).

X-XV საუკუნეები მაღრიბსა და ესპანეთში არაბული არქიტექტურის აყვავების ხანაა. დიდ ქალაქებში (რაბატი, მარაქეში, ფესი და სხვა) შენდებოდა კასაბები, ციტადელები და მედინები - სავაჭრო და სახელოსნო კვარტალები. მაღრიბის სვეტებიანი, დიდი მეჩეთები და გეგმით იარუსებიანი მინარეთები გამოირჩევა ერთმანეთის გადამკვეთი ნავების სიმრავლით, ამოკვეთილი ჩუქურთმების სიმდიდრითა (თლემსენის, თაზის მეჩეთები და სხვა) და ფერადი კენჭების მოზაიკით. ესპანეთში კორდოვის მეჩეთთან ერთად შემონახულია არაბული არქიტექტურის სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები: ხუროთმოძღვარ ჯებერის „ლა-გირალდას” მინარეთი სევილიაში (1184-96 წწ), ალჰამბრას სასახლე გრანადაში (XIII-XV სს) - არაბული ხუროთმოძღვრებისა დეკორატიული ხელოვნების შედევრი. არაბულმა ხუროთმოძღვრებამ გავლენა მოახდინა ესპანეთის („მუდეხარის სტილი”), სიცილიისა და ხმელთაშუაზღვის სხვა ქვეყნების რომანულსა და გოტიკურ არქიტექტურაზე.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ არაბული ქვეყნების დაპყრობას მოჰყვა თურქული ხუროთმოძღვრების ფორმების დამკვიდრება, განსაკუთრებით საკულტო არქიტექტურაში; საერო არქიტექტურაში კი კვლავ ადგილობრივი სამშენებლო და მხატვრული ტრადიციები ცოცხლობდა და ვითარდებოდა.

სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება რედაქტირება

 
ალჰამბრას დეკორატიული მორთულობა

შუა საუკუნეების მხატვრული აზროვნებისათვის დამახასიათებელი დეკორატიულობის პრინციპი კარგად განვითარდა არაბულ ხელოვნებაში. არაბებმა შექმნეს არაბეთის ყველა კუთხისათვის თავისებური, მაგრამ განვითარების ერთიანი კანონზომიერებით დაკავშირებული უმდიდრესი ორნამენტები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტიკური მოტივიდან წარმომდგარი არაბესკი, ჩუქურთმის ახალი ტიპი, სადაც ნახატების მათემატიკური სიზუსტე ერწყმის თავისუფალ მხატვრულ ფანტაზიას.

 
არაბესკი ალჰამბრადან

განვითარდა აგრეთვე ეპიგრაფიკული ორნამენტი - ჩუქურთმაში ოსტატურად ჩართული კალიგრაფიულად შესრულებული წარწერა. არქიტექტურულ დეკორში ფართოდ გავრცელებული ორნამენტი და კალიგრაფია დამახასიათებელია გამოყენებითი ხელოვნებისთვისაც, სადაც სრულყოფილად გამოვლინდა არაბული მხატვრული შემოქმედების დეკორატიულობის სპეციფიკა. ლამაზი ორნამენტებით ამკობდნენ კერამიკასაც. ევროპულ გამოყენებით ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა XIV-XV საუკუნეების ესპანურ-მავრიტანულმა ლიუსტრიანმა კერამიკამ. ფართოდ იყო ცნობილი აგრეთვე არაბული სახეებიანი აბრეშუმი. არაბები ამზადებდნენ ხაოიან ხალიჩებს, ჭედურობით, გრავიურითა და ვერცხლისა და ოქროს ინკრუსტაციით ამკობდნენ ბრინჯაოს ნივთებს. განსაკუთრებული ოსტატობით გამოირჩევა XII-XIV საუკუნეებში ქალაქ მოსულისა (ერაყი) და სხვა სახელოსნო ცენტრებში შესრულებული ნივთები. ცნობილი იყო მინანქრით მოხატული სირიული მინა და მთის ბროლისაგან, სპილოს ძვლისაგან, ძვირფასი ჯიშის ხისაგან დამზადებული ორნამენტირებული ეგვიპტური ნაკეთობები.

ფერწერა და სკულპტურა რედაქტირება

ისლამი, ქრისტიანობისა და ბუდიზმისაგან განსხვავებით, სახვით ხელოვნებას ნაკლებად იყენებდა რელიგიის პროპაგანდისათვის. IX ს-ში დაკანონებულ ე. წ. სარწმუნო ჰადისებში აკრძალული იყო ცოცხალი არსების, განსაკუთრებით კი ადამიანის გამოსახვა. XI-XIII სს-ის ღვთისმეტყველებმა (ალ-ღაზალი და სხვა) ასეთი გამოსახულების შესრულება უმძიმეს ცოდვად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, მხატვრები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ხატავდნენ ადამიანებსა და ცხოველებს, რეალურ და მითურ სცენებს. ისლამის პირველ საუკუნეებში, როცა ღვთისმეტყველებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა შემუშავებული თავისი ესთეტიკური კანონები, ომაიანთა სასახლეების რეალისტურად შესრულებული ფერწერული და სკულპტურული მორთულობა მოწმობდა მუსლიმანობამდე არსებული მხატვრული ტრადიციების ძალას. X-XIII საუკუნეებს განეკუთვნება ეგვიპტის სახვითი ხელოვნების აღორძინება (ადამიანის გამოსახულებებითა და საყოფაცხოვრებო სცენებითაა შემკული ქალაქ ფუსტატის შენობათა კედლები, კერამიკული ლანგრები და ლარნაკები). მზადდებოდა ცხოველთა და ფრინველთა ფიგურების მსგავსი ბრინჯაოს ჭურჭელი. ანალოგიური მოვლენა გვხვდება X-XIV სს-ის სირიისა და მესოპოტამიის ხელოვნებაში.

მუსიკა რედაქტირება

არაბული მუსიკა შეიქმნა საკუთრივ არაბი და დაპყრობილი ქვეყნებიაგებობას მუსიკათა შერწყმის შედეგად. არაბული მუსიკის ადრეული, „ბედუინური” პერიოდი (VI-VII სს.) ხასიათდება მუსიკისა და პოეზიის ერთიანობით. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჟანრებია: მარსა - დატირება, სარი - შურისძიების სიმღერა, ურჯუზა - ბრძოლაში გამოწვევა, ჰიჯა - სატირა, მადჰი - ქება, ხოტბა, ხამრია - ღვინის ქება, ჰაბაბი - ცხენოსანთა სიმღერა, ჰიდა - საქარავნო სიმღერა. მუსიკის ჰანგი მეტწილად ზეპირად ვრცელდებოდა (არსებობდა ციფრობრივი მუსიკალური მართლწერაც). აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული პოეტური ჟანრი - ღაზალი, სრულდებოდა სიმღერით.

 
რაბაბა

ირანისა და ნაწილობრივ ბიზანტიის დაპყრობისა და შუა აზიასა და ეგვიპტეში თავიანთი ძალაუფლების დამყარების შემდეგ არაბები იწყებენ უფრო განვითარებული კულტურების ასიმილირებას. შეთვისებული იქნა ბერძნული მუსიკალური თეორიის საფუძვლები. სპარსული და ბიზანტიური მელოდიკის გავლენით არაბული ბგერათარიგი გაიზარდა ორ ოქტავამდე. ირანული გავლენა განიცადა ზოგიერთმა არაბულმა კილომ და საკრავმა. VII საუკუნის დასასრულიდან კლასიკური არაბული მუსიკა აყვავებას განიცდის. იგი ემყარება 7-საფეხურიან კილოებს, სადაც ძირითადი ბგერების გვერდით იყენებენ შუალედურ ინტერვალებს - კომებს (მთელი ტონის 1/8-ზე ნაკლები). არაბული მუსიკალური კილოების თავისებურებამ განაპირობა სიმღერის განსაკუთრებული მანერა, რომლის დროსაც ფართოდ იყენებენ გლისანდოს. არაბული მუსიკისათვის დამახასიათებელია ყვავილოვანი მელიზმატიკა, რომელიც მას ორიგინალურ კოლორიტს ანიჭებს. არაბულ მუსიკას ახასიათებს დიატონიკა. ძირითადად იგი ერთხმიანია. არაბული კლასიკური მუსიკა უპირატესად ვოკალურია. ყველაზე გავრცელებული ჟანრია ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელშიც წამყვანი როლი მომღერალს ეკუთვნის. ომაიანთა პერიოდის ცნობილი მომღერლები არიან იბნ მუსაჯიხი, მუსლიმ იბნ მუხრიზი, მომღერალი ქალი ჯამილა და მისი მოწაფეები, აბასიანების პერიოდში კი - იბრაჰიმ ალ-მაუსილი (742-804 წწ.), მისი შვილი ისჰაკ ალ-მაუსილი (767-850 წწ.) და მანსურ ზალზალი. არაბულ მუსიკაში, ძველ ბერძნულ-რომაული მუსიკისაგან განსხვავებით, გავრცელებულია წმინდა ინსტრუმენტალური მუსიკაც. ეს განაპირობებს მუსიკალური საკრავების შედარებით მრავალფეროვნებას. არაბული მუსიკის ძირითადი ძირითადი საკრავებია დასარტყამები: თუთი და კადიბი (მცირე ზომის ჯოხები, რომლებიც კასტანიეტებად გამოიყენება), ტაბლი (ცილინდრული ფორმის დოლი), ნაკარა (ქართ. ნაღარა), საომარი დოლი, დუფი (მცირე ზომის კვადრატული დაირა) და სხვა. ჩასაბერი საკრავებია: მიზ-მარი (ლერწმის ენიანი სალამური), ნაი (ლერწმის ფლეიტა), კუსაბა (პრიმიტიული ღია ფლეიტა), არგული და სხვა. სიმებიანი საკრავებია: ბარბითი (თავდაპირველად იყო ოთხ, შემდეგ ხუთსიმიანი), რაბაბი (ორსიმიანი ხემიანი საკრავი) და სხვა.

VII-VIII საუკუნეებში არაბები იწყებენ ბერძენ მეცნიერთა, მათ შორის მუსიკალურ თეორეტიკოსთა ნაშრომების თარგმნას. ომაიანთა პერიოდს განეკუთვნება არაბული სასიმღერო ტექსტების (ძირითადად პროფესიულის), ბიოგრაფიული და მუსიკალური ისტორიის მასალების (იუნუს ალ-ქათიბი) შეგროვება, აბასიანთა პერიოდში ამ მუშაობას აგრძელებდნენ იბნ ალ-კადიბი და ალი ისფაჰანი (897-967 წწ.), ამ უკანასკნელმა დაგვიტოვა მონუმენტური ნაშრომი „სიმღერათა დიდი წიგნი” („ქითაბ ალ-აღინი”). აღსანიშნავნი არიან მუსიკალური თეორეტიკოსები: ალ-ქინდი (შეიმუშავა და არაბულ მუსიკაში გამოიყენა ნეოპლატონიკოსების მეტაფიზიკის დოქტრინა „სამყაროს ჰარმონია”), საფი ალ-დინ ურმავი (დაახლ. 1230-1294), ავტორი ტრაქტატისა აკუსტიკური და ჰარმონიული კავშირების შესახებ - „ეშ-შარაფია”, ალ-ფარაბი (გარდ. დაახლ. 950) ავტორი „დიდი ტრქტატისა მუსიკის შესახებ”, იბნ სინა და სხვა. არაბული მუსიკის თეორეტიკოსებმა დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიო მუსიკალური აზროვნების განვითარებაში. მრავალი მუსიკალური ტერმინი - მუტრიბი, შაირი, ზმა, ხოტბა, აგრეთვე მუსიკალური საკრავების სახელწოდებები, დამკვიდრდა ძველ ქართულ საერო პოეზიასა და მუსიკაში. ეს გავლენა ვრცელდება ესპანეთისა და პორტუგალიის მუსიკალურ ხელოვნებაზე, აგრეთვე ზოგიერთი ევროპული მუსიკალური საკრავის ფორმირებაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება