მაღრიბი
მაღრიბი (არაბ. المغرب ალ-მაღრიბ „დასავლეთი“, რომელიც წარმოებულია ზმნისაგან ﻏﺮﺏ ღარაბა „წასვლა, (მზის) ჩასვლა“) — ტერიტორია ჩრდილო აფრიკაში, ასე მოიხსენიებენ ძირითადად სამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანას ტუნისს, ალჟირსა და მაროკოს, ნაწილობრივ ასევე ლიბიას, დასავლეთი საჰარას და მავრიტანიას, რომელთაც თავიანთი ისტორიის შედეგად მრავალი საერთო რამ აქვთ. არაბულ ენაში მაღრიბით ძირითადად გულისხმობენ მაროკოს, რომელიც უკიდურესად დასავლეთით მდებარე არაბული ქვეყანაა და მისი სახელწოდებაც საკუთრივ ალ-მაღრიბად ჟღერს. ძველი არაბული გამოთქმის თანახმად, მაღრიბი წმინდა ფრინველია, რომლის სხეული ალჟირია, მარჯვენა ფრთა ტუნისი, მარცხენა კი მაროკო.
მაღრიბის საპირისპირო ცნებაა მაშრიყი (არაბ. المشرق ალ-მაშრიყ „აღმოსავლეთი“), ნაწარმოები არაბული ზმნისაგან „შარაყა“ (ﺜﺮﻕ) „(მზის) ამოსვლა, ნათება“.
ისტორია
რედაქტირებამაღრიბის კულტურა ძირითადად წმინდა აფრიკული კულტურა იყო. მიწათმოქმედების გავრცელების შემდეგ აღმოსავლური გავლენა გავრცელდა ეგვიპტეზე და კარდიალური კულტურის გავრცელების კვალდაკვალ მაღრიბში. ეს უკანასკნელი თავდაპირველად ფინიკიის გავლენის ქვეშ იყო. კართაგენი, ყველაზე დიდი და ძლიერი „პუნიკური“ ქალაქი ტუნისში მდებარეობდა, პუნიკური ომების შემდეგ მთელი რეგიონი რომს დაემორჩილა. უმეტესწილად ბერბერებით დასახლებული რეგიონი თითქმის მთლიანად გაქრისტიანებული იყო, როცა იგი VII საუკუნეში ისლამის გავრცელების შემდეგ არაბული გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა დღემდე სხვადასხვა დიდი უმცირესობა ადგილობრივ ბერბერულ ენაზე ლაპარაკობს. საბოლოო მრავალსაუკუნოვანი ოსმალური გავლენა XIX და XX საუკუნეებში ევროპული კოლონიზაციის შედეგად შემცირდა. მაღრიბში შემავალი ქვეყნების ტერიტორიული საზღვრები ნაწილობრივ ოსმალური, ნაწილობრივ კი ევროპული გადაწყვეტილებების შედეგია.
არაბული მაღრიბის კავშირი
რედაქტირება1989 წელს ალჟირმა, მავრიტანიამ, მაროკომ (მაროკოს თვალსაზრისით დასავლეთ საჰარაც), ლიბიამ და ტუნისმა დააარსეს საერთაშორისო ორგანიზაცია არაბული მაღრიბის კავშირი.
ენები
რედაქტირებაარაბული ენის მაღრიბული დიალექტები ქმნიან დიდ დიალექტურ ჯგუფს, რომელიც ამ ენაზე მოსაუბრეთათვის გასაგებია. მათზე ძლიერი გავლენა მოახდინეს ბერბერულმა ენებმა, რომლებმაც ამის მიუხედავად შევიწროება განიცადეს. მალტური ენა თავდაპირველად მაღრიბული დიალექტი იყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტულ ენად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია ფრანგული ენის როლი მაღრიბის ქვეყნებში.