მინანქარი
მინანქარი — მტკიცე მინისმაგვარი საფარი, რომლითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს. თითქმის ყველა მინანქრის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმის დიოქსიდი , ბორმჟავა ანჰიდრიდი , ალუმინის ოქსიდი , ტიტანის დიოქსიდი , ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ოქსიდი, ზოგიერთი ფთორიდი და სხვა. მინანქარის არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მინანქარს, რომელშიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მინანქარს კი უშუალოდ ადებენ მფარავ ზედაპირს.
მინანქარი იცავს ლითონს კოროზიისაგან და ანიჭებს ლამაზ გარეგნულ იერს. მინანქრით ზოგჯერ ფარავენ თუჯსა და ფოლადს, ზოგჯერ სპილენძს, ალუმინისა და სხვადასხვა შენადნობებისაგან დამზადებულ ნაკეთობებს. მომინანქრებულ ლითონს იყენებენ კვების, ქიმიურ, ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მშენებლობაში. მხურვალმტკიცე და მაღალკოროზიამდეგ მინანქრის საფარს იყენებენ რეაქტიულ ძრავებში, განსაკუთრებით აგრესიულ გარემოში მომუშავე აპარატებისათვის, სპეციალურ შენადნობების თერმული დამუშავებისა და ცხლად დეფორმაციის დროს.
მხატვრული მინანქარი
რედაქტირებაოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა (ხატები, სხვადახსხვა დადანიშნულების რელიგიური ნივთები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი და სხვა). მინანქრის ტექნიკა უძველესი დარგია, მინანქრის ტექნიკური პროცესი მრავალფეროვანია. დამზადების და მიხედვით განასხვავებენ ამოღრმავებულ, ტიხრულ, კვეთილ და ფერწერულ მინანქრად.
- ტვიფრული მინანქარი — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრით ხდება ლითონის ამოღრმავებული ნაწილების ამოვსება. იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმოსავლეთში (ჩინეთში), გვხვდება აგრეთვე გვიანდელი რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. ამ ტექნიკის მინანქარი დასავლეთ ევროპაში XII საუკუნეში გავრცელდა. ძირითადად ცნობილია 3 სკოლა: მაასის — მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა — ცენტრი კელნში (ოსტატები — ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი), ლიმოჟისა (ცენტრი ქალაქი ლიმოჟი, საფრანგეთი, იარსება XV საუკუნემდე).
- ტიხრული მინანქარი — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრით ხდება წვრილი ლითონის ძაფებით შექმნილი გამოსახულების ტიხრების შევსება. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძველი ეგვიპტის ოქროს ნაკეთობებში. ტიხრული მინანქრით არის შესრულებული მილანის სანტ-ამბროჯოს ეკლესიის საკურთხევლის ხატი (ოსტატი ვოლვინიუსი, IX საუკუნე). ტიხრული მინანქარი (ოქროზე) აყვავდა ბიზანტიაში X-XII საუკუნეებში, საიდანაც იგი ევროპაში გავრცელდა. შემორჩენილია კიევის რუსეთში შექმნილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები (ოქროს დიადემები და სხვა). ცნობილია აგრეთვე XII-XIII საუკუნეების რუსული ტიხრული მინანქარი (უმთავრესად ვერცხლზე). ჩინეთში ტიხრული მინანქრის ტექნიკას იყენებდნენ ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (618-907), განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა მინის დინასტიის ხანაში (1368-1644).
- კვეთილი მინანქარი (გრავირებული) — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრის ისეთი თხელი ფენით ხდება ლითონის დაფარვა, რომ მის სიღრმეში კარგად ჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. კვეთილი მინანქრის ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა ესპანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში (ნოვგოროდი, მოსკოვი, XIV-XVII საუკუნეები).
- ფერწერული მინანქარი — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრიანი სღებავებით იხატება გამოსახულებები (XVII საუკუნიდან — ცეცხლგამძლე საღებავებით თეთრი მინანქრის ფონზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე). XV-XVII საუკუნეებში ფერწერული მინანქარი უმთავრესად ლიმოჟში მზადდებოდა (მთავარი ოსტატი ნარდონ პენიკო). XVI საუკუნეში მოხატულობას გრიზაილის წესით ასრულებდნენ (ერთტონიანი მოხატულობა — ღია ტონი მუქ ფონზე, რომელიც რელიეფის შთაბეჭდილებას ქმნის). მთავარი ოსტატები იყვნენ ლეონარ ლიმოზენი, პიერ რეიმონი. რუსეთში ფერწერული მინანქარი XVII საუკუნის ბოლოდან განვითარდა, განსაკუთრებით სოლვიჩეგოდსკში (სტროგანოვების საოსტატოს ნაკეთობანი). XVIII-XIX საუკუნეებში ფერწერული მინანქრის ტექნიკა აყვავდა როსტოვში, სადაც ხატები მზადდებოდა. XVII საუკუნიდან ცნობილია კიევის ფერწერული მინანქარი. XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მომინანქრებული პორტრეტული მინიატურა, როლის ცნობილი ოსტატები იყვნენ ჟან პეტიტო, შარლ ბუატი, გ. მუსიკიისკი, ა. ოვსოვი და სხვა.
XIX-XX საუკუნეებში მთელ მსოფლიოში ამზადებდნენ სხვადასხვა ტექნიკით მომინანქრებულ ნაკეთობებს. მინანქრის წარმოების ცენტრები იყო პარიზი, ბრიუსელი, ვენა, მოსკოვი, პეტერბურგი. XIX საუკუნის უდიდესი ოსტატია კოლოდიუს პოპლენი.
ქართული ხელოვნება
რედაქტირებამინანქარი ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქრის სახით. ტვიფრული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთივე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის კარედზე შემონახული მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისაგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ეგრეთ წოდებული ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია. უძელესი VIII საუკუნითაა დათარიღებული. ესაა კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართული ტიხრული მინანქარი, XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდედის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტიხრული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმინდა გიორგის ორი ხატი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 706-707.
- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961
- Хускивадзе Л. З. Грузинские эмали, Тб., 1981