ომარ ხაიამი
ომარ ხაიამი, სრული სახელი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (დ. 18 მაისი, 1048 — გ. 4 დეკემბერი, 1131 ) — სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.
ომარ ხაიამი | |
---|---|
სპარს. حکیم عُمَر خَیّام نیشابوری არაბ. غیاث الدین ابو الفتح عمر بن ابراهیم خیام نیشاپوری[1] | |
დაბადების თარიღი | 18 მაისი, 1048[2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ნიშაბური, სელჩუკთა სახელმწიფო[6] [7] |
გარდაცვალების თარიღი | 4 დეკემბერი, 1131[2] [3] [4] [5] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიშაბური, სელჩუკთა სახელმწიფო[6] [7] |
დასაფლავებულია | Omar Khayyam Mausoleum |
ფსევდონიმი | خیام |
საქმიანობა | მათემატიკოსი[8] [7] [9] , ასტრონომი[8] , პოეტი[6] [8] , ლირიკოსი, ფილოსოფოსი[7] , მუსიკოსი, ასტროლოგი, მწერალი[10] [7] და ფიზიკოსი[8] |
ენა | სპარსული ენა |
მოქალაქეობა | სელჩუკთა სახელმწიფო |
ჟანრი | რობაი |
Magnum opus | Rubáiyát of Omar Khayyám და Solar Hijri calendar |
გავლენა მოახდინეს | |
ლეგენდების კვალდაკვალ
რედაქტირებაბევრი ლეგენდა არსებობს ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ. ხაიამის ცხოვრების მკვლევართა და, საერთოდ, სპარსული ლიტერატურისა და ირანის ისტორიის სპეციალისტთა შორის დამკვიდრებული აზრის თანახმად, ის XI საუკუნის შუა წლებში უნდა დაბადებულიყო. მეცნიერები გარდაცვალების ზუსტი თარიღად მიიჩნევენ 1131 წლის 4 დეკემბერს, რომელსაც ხაიამთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან წყაროებში წააწყდნენ, ანუ ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, ალბათ, იმის მტკიცება, შეიძლება თუ არა ამ თარიღების ნდობა თუ უარყოფა, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მისმა ასაკმა სამოცდათორმეტ წელს მაინც გასტანა, რასაც ზოგიერთ რობაიში თავად ავტორიც ადასტურებს:
„...სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ
და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია“.
ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ - ქალაქი ნიშაპური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ქალაქი ნიშაპური, როგორც ხაიამის დაბადების ადგილი, თითქმის არ იწვევს ეჭვს და ამას ზურგს უმაგრებს ზედწოდება, „ნიშაპური“ (ნიშაპურელი), რაც, როგორც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.
შესაძლებელია, თავად სიტყვა „ხაიამ“-შიც ამოვიკითხოთ საჭირო ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ. ეს არის არაბული სიტყვა, რაც „კარვის მკერავს (მეკარვეს)“ ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, თავად იყო ამ ხელობის, თუ მისი წინაპრებისაგან შემორჩა.
„ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპური“ - საბოლოოდ ასე დადგინდა ამ პიროვნების სახელი, თუმცა მას მთელი მსოფლიო უფრო მარტივად მოიხსენიებს - ომარ ხაიამი.
მთარგმნელთა შთაგონების წყარო
რედაქტირებასპარსული ლირიკა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ „აღმოაჩინა“, შექმნა რა თავისი ცნობილი „აღმოსავლურ-დასავლური დივანი“. სწორედ მისმა დიდმა ავტორიტეტმა და ლიტერატურულ პროცესებზე ზეგავლენამ გახადა ევროპელთა ყურადღების ღირსი ცივილიზაციის ის განუმეორებელი ფენომენი, რასაც სპარსული პოეზია ჰქვია და რასაც ანალოგი არ მოეძებნება არც ერთ ეპოქასა და სივრცეში. თუმცა არც ასე რადიკალურად შეიძლება მსჯელობა, რადგან პოეზიის ჭეშმარიტი მიყვარულები და დამფასებლები გოეთემდეც სცემდნენ თაყვანს პოეტთა „აღმოსავლურ თანავარსკვლავედს“, ანუ ისინი, ვინც ახერხებდნენ ენობრივი ბარიერის გადალახვას და სპარსული ენის ცოდნის წყალობით ეცნობოდნენ ირანსა თუ მის შემოგარენში დაბადებულ გენიოსთა ქმნილებებს. მასობრივი მკითხველისთვის კი საჭირო გახდა „მთარგმნელობითი ინსტიტუტის“ საქმიანობის შექმნა-გაფართოება, რასაც წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულად ყველა კულტურულმა ენობრივ-ლიტერატურულმა გარემომ.
ასეთი ახსნა-განმარტებითი „გამართლების“ შემდეგ გასაკვირი აღარ იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოსათვის ომარ ხაიამი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში, ინგლისელი ედვარდ ფიტცჯერალდის მიერ. ეს პიროვნება ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს პოეტადაა მიჩნეული... ომარ ხაიამის „წყალობით“. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ერთ პატარა ესსეში ასეთ აზრს გამოთქვამს: ედვარდ ფიტცჯერალდის პიროვნებაში ერთ მშვენიერ დღეს ომარ ხაიამის სული „ჩასახლდა“ და ინგლისურად აამეტყველაო. ეს, ალბათ, ყველაზე მართალი, ყველაზე ჭეშმარიტი მისტიკური ვარაუდია მათ შორის, რაც კაცობრიობის ისტორიაში მრავლად შეუქმნიათ სპირიტიზმის ავ-კარგით მოვაჭრე „მოაზროვნეებს“.
უფრო კონკრეტულად:
რედაქტირებაედვარდ ფიტცჯერალდმა (1809-1883) ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებით გაატარა ინგლისის ქალაქ საფოლკში. ზუსტად ვერავინ იტყვის, იცოდა თუ არა მან სპარსული ენა იმ დონეზე, რაც თარგმნის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის Robayyat-ად წოდებული წიგნი, რითაც სათავე დაუდო სპარსელი პოეტის განუზომელ პოპულარობას მთელ მსოფლიოში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხსენებულ წიგნს დიდი ვერაფერი ყურადღება დაუმსახურებია და მხოლოდ დანტე გაბრიელ როსეტის მიერ 1868, 1872, 1879 წლებში განხორციელებული გამოცემების შემდეგ გახდა ყველასათვის ნათელი, რომ ედვარდ ფიტცჯერალდის სახით ინგლისურენოვანმა სამყარომ შეიძინა, არათუ მხოლოდ მთარგმნელი, არამედ დიდი პოეტიც.
ზემოხსენებული საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ ფიტცჯერალდის მიერ შესრულებული თარგმანი უფრო თავისუფალი „გადამღერებაა“ ხაიამისეული თემატიკისა. აქვე დგება საკითხი მთარგმნელის მიერ სათარგმნელი მასალის ენის სრულყოფილად ცოდნის შესახებაც, მაგრამ ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებისათვის მალევე ეძლევა დავიწყებას, რადგან მათი გულის, გონების და სულის წინაშე იშლება ჭეშმარიტი პოეზიის სამყარო და უკვე ნაკლებად არის საინტერესო ამა თუ იმ „წვრილმანის“ ცხოველმყოფელობა. მთავარია ის „ფორმულა“, რაც ყოველი მთარგმნელის საქმიანობის უმაღლეს შეფასებას წარმოადგენს, ანუ - ომარ ხაიამი ინგლისელი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა!....
ომარ ხაიამი ქართულად
რედაქტირებაპირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ „კავკასიონში“ (#1-2) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერულმა თვალსაზრისმა განაპირობა და, ბუნებრივია, ვერ მიიპყრობდა პოეზიის მოყვარულთა ყურადღებას. პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად „ამეტყველება“ სცადა, ამბაკო ჭელიძე არის, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერთად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.
ხაიამის გარდა, არ არსებობს, ალბათ სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის „სიმარტივე“ იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვს, რათა ითქვას:
ხაიამი ქართველი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა.
საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.
1959 წელს გამოიცა მაგალი თოდუას მიერ შესრულებული დიდებული თარგმანები, რასაც დღემდე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობთ და, დარწმუნებულნი ვართ, მომავალი თაობებიც არ მოიკლებენ მათგან მონიჭებულ სიამეს.
1963 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემულ თარგმანებში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ომარ ხაიამი ქართულად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაც ზემოთ ვახსენეთ, ანუ - პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი. სრული გულწრფელობით და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ვახუშტის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემადგენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ ითქვა სპარსულად, მაგრამ.... ომარ ხაიამი მაინც არ აძლევს მოსვენებას (....ალბათ, არც მომავალში მისცემს!) პოეტურ სიტყვასთან მოპაექრე ადამიანებს და, მიუხედავად უკვე არსებული დიდებული თარგმანებისა, სულ ახალი და ახალი „ვარიაციების“ შექმნას აიძულებს მათ.
1966 წელს თამაზ ჩხენკელმა აღმოსავლური ლირიკის კრებულში ერთხელ კიდევ სცადა ხაიამის რობაიების თარგმნა და კვლავ ახალი სიტყვა თქვა. მის თარგმანებში სხვა კუთხით დავინახეთ ის, რაც თითქოს უკვე ნაცნობი და გააზრებული იყო მანამდე.
მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი „ხაიამის ასპარეზზე“ და ამით, თუ ვერ გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს მაინც რობაიების თარგმანთა გალერეა. აღსანიშნავია სულ ახლახან გამოსული ორენოვანი წიგნი, სადაც ნომადი ბართაიამ სპარსული ტექსტის გვერდით მშვენიერი თარგმანები წარმოადგინა.
2005 წელს გამოიცა ომარ ხაიამის რობაიების ახალი თარგმანები, თარგმნილი ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ, სადაც წარმოდგენილია პარალელური სპარსულ–ქართული ტექსტი, 178 სპარსული და 212 ქართული რობაი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ zbMATH Open Database
- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Catalog of the German National Library
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 11.0 11.1 Nasr S. H., Aminrazavi M. Anthology of philosophy in Persia: from Zoroaster to Omar Khayyam — I.B. Tauris, 2009.