იუსტინე აბულაძე

ქართველი ფილოლოგი, ირანისტი
(გადამისამართდა გვერდიდან აბულაძე, იუსტინე)

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე (დ. 5 (17) აპრილი1874, სოფელი როკითი, ახლანდელი ბაღდათის რაიონი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ირანისტი, ირანული ფილოლოგიის კათედრის დამაარსებელი და რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).

იუსტინე აბულაძე
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1874
დაბ. ადგილი როკითი, ბაღდათის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 ივნისი, 1962
გარდ. ადგილი თბილისი, სსსრ
დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
საქმიანობა ფილოლოგი და ირანისტი
ალმა-მატერი პეტერბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938)
ჯილდოები საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943)
სამეცნიერო სფერო ქართული ფილოლოგია
ირანისტიკა
რუსთველოლოგია

იუსტინეს ბაბუა, როკითის მკვიდრი, გიორგი აბულაძე შეძლებული აზნაური იყო. მასა და მის მეუღლეს ზედიზედ ექვსი ქალიშვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი დაეღუპათ. უფროსი ქალიშვილი, ეკატერინე სამხედრო პირს, ნიკოლოზ კახიანს გაჰყვა ცოლად, მეორე, მარინე კი - ბეჟან გაბუნიას. უმცროსი ქალიშვილები, სოფიო და ანეტა ზემო იმერეთსა და გურიაში გათხოვდნენ, შესაბამისად. წყვილს მეშვიდე შვილი ვაჟი, ირაკლი შეეძინა.

ირაკლი აბულაძემ ცოლად პელაგია მხეიძე შეირთო, რომელთაც პირველი ორი შვილი დაეღუპათ. მაშინდელი წესის თანახმად, მომდევნო შვილები, ალექსანდრე და ელისაბედი, ირაკლი აბულაძემ თავის უშვილო დას, მარინეს მიანდო. მამიდამ აღზარდა იუსტინე აბულაძე და მისი ძმა, გიორგიც.[1]

ადრეული წლები

რედაქტირება

იუსტინე აბულაძე 1874 წლის 17 აპრილს (ძველი სტილით 5 აპრილს) ქუთაისის მაზრაში, ქვემო იმერეთის სოფელ როკითში (დღევანდელი ბაღდათის რაიონი) დაიბადა.

განათლება

რედაქტირება

1900 წელს იუსტინე აბულაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ქართულ-სომხურ-სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფიელბა პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. ალექსანდრე ცაგარელის, ნიკო მარისა და ვ. ჟუკოვსკის რეკომენდაციით, მას იქვე ტოვებდნენ სამუშაოდ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში დაბრუნდა და და პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა.

აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902 წლებში სპარსეთსა (ერთი თვე გაატარა თავრიზში) და შუა აზიაში (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) იმოგზაურა. 1903 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე კი ვენის, ბერლინისა და პარიზის ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში მუშაობდა.[2]

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა იუსტინე აბულაძე თბილისში სპეციალურ სასწავლებლებსა და გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1906 წლის 4 ივლისს პოლიციელებმა ქართული გიმნაზიის დარბევისას შიო ჩიტაძე მოკლეს, იუსტინე აბულაძეს კი ფეხში 3 ტყვია მოხვდა და თავში თოფის კონდახიც ჩაარტყეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე.[2]

იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსული ფილოლოგიის კათედრას.

იუსტინე აბულაძე ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიუბილეო გამოცემას (1937) დაერთო. გამოსცა «"შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები» I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი.

იუსტინე აბულაძეს ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936).

ირანისტიკა

რედაქტირება

იუსტინე აბულაძე ბეჭდავდა ომარ ხაიამის, საადი შირაზელის, ჰაფიზის, ნიზამი განჯევის, აბდულ რაჰმან ჯამის, რუდაქისა და სხვა ირანელი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წერილებსა და ნარკვევებს, თარგმნიდა სპარსული პოეზიის ნიმუშებს (ომარ ხაიამის „რობაიები“) და ხელს უწყობდა აღმოსავლური პოეზიის პოპულარიზაციას საქართველოში. მანვე დაწერა „სპარსული ლიტერატურის ისტორიის“ კურსის სახელმძღვანელო.[2]

ლექსიკოლოგია

რედაქტირება

იუსტინე აბულაძემ „ვეფხისტყაოსნის გამოცემებისთვის ლექსიკონები შეადგინა. გარდა ამისა, 1938 წელს გამოსულ „შაჰნამესა“ და „ვისრამიანის“ ქართულ ვერსიებს მეცნიერულად გამართული ლექსიკონები დაურთო. მანვე შეადგინა ორტომიანი „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ და სპარსულ-ქართული ლექსიკონი, გამოაქვეყნა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლთა სახელთა ეტიმოლოგიებს, გამოეხმაურა ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოების გამოცემებს, გამოაქვეყნა „ირანული ენის გრამატიკა ქრესტომატიითურთ“ და ა.შ.[2]

რუსთველოლოგია

რედაქტირება

იუსტინე აბულაძე თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო რუსთველოლოგთაგანი იყო. ივანე ჯავახიშვილი წერდა:

 
„რუსთაველის პოემის ორიგინალობისა და ირანული მწერლობითგან პარალელების საკითხზე, აკად. ნ. მარის შემდგომ, ყველაზე მეტად იუსტ. აბულაძეს აქვს დაწერილი“

.

1909 წელს გამოიცა იუსტინე აბულაძის ნაშრომი „მე-12 საუკუნის საერო მწერლობის ხასიათი და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ხელახლა დაიბეჭდ 1922 წელს. მათში ავტორი პოემის ტექსტის, ლექსიკისა და მხატვრული ენის საკითხებს მიმოიხილავს. ნიკო მარის შეფასებით:

 
„საკითხის შესახებ, ქართულ ენაზე არსებულ ლიტერატურაში ი. აბულაძის ნაშრომი არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი. საკმარისია ითქვას, რომ ავტორმა იცის სპარსული ენა და ამ მხრივ უფლებამოსილია იმსჯელოს ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა თაობაზე, და საერთოდაც ცდილობს იმუშოს ფართო მეცნიერული ჰორიზონტით“

.[2]

ნიკო მარის რეკომენდაციით, ადრინდელი სათანადო ნაშრომებისა და „ვეფხისტყაოსნის“ 1914 წლის გამოცემის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკვალიფიკაციო კომისიამ იუსტინე აბულაძეს ფულადი პრემია მიანიჭა.

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გაწმენდისა და თეორიული კვლევის გარდა, იუსტინე აბულაძე „ვისრამიანისა“ და რუსთაველის პოემის თავისებურებებს იკვლევდა. მან დაასკვნა, რომ შოთა რუსთაველთან „ვისრამიანისგან“ განსხვავებული სიყვარულია დახატული. რასაც ალექსანდრე ბარამიძე, ნოდარ ნათაძე და სხვებიც იზიარებდნენ.[2]

იუსტინე აბულაძე რუსთველოლოგიაში ნიკო მარის მიდგომებს იყენებდა, თუმცა რიგ საკითხებში მასწავლებელს არ ეთანხმებოდა. ნიკო მარი თვლიდა, რომ შოთა რუსთაველი წარმოშობით მესხეთიდან იყო, იუსტინე აბულაძე კი პირველი მიემხრო თეიმურაზ ბაგრატიონს და პოეტის ჰერეთიდან წარმოშობის თეორიას იზიარებდა, თუმცა შემდეგში ამ საკითხში დაეჭვდა. გარდა ამისა, ნიკო მარი პოემას ნათარგმნად თვლიდა, იუსტინე აბულაძე კი ნაწარმოებს ორიგინალად მიიჩნევდა, ხოლო სიუჟეტს - ნასესხებად. მკვლევარი შოთა რუსთაველის ქრისტიანობას ემხრობოდა.

იუსტინე აბულაძემ გამოსცა ტექსტოლოგიური ხასიათის ნაშრომებიც: „შესწორებანი და შენიშვნები ვეფხისტყაოსნის 22-ე გამოცემის შესახებ კრიტიკული ტექსტის რამდენიმე ნიმუშით“ (1914), „ვახტანგ VI გამოცემული ვეფხისტყაოსნის რედაქცია... პოემის შესავალი კრიტიკული ტექსტით“ (1920) და სხვ.[2]

იუსტინე აბულაძემ დაადგინა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის სტროფული შედგენილობა და თანმიმდევრობა, გამართა მცდარად წაკითხული და გადამწერების მიერ დამახინჯებული ტაეპები, გამოარკვია ქართული საერო ლიტერატურის რიგი თავისებურებები და ა.შ. მის მიერ დადგენილი პოემის პროლოგი მცირეოდენი შესწორებით შევიდა 1937, 1951 და 1957 წლების გამოცემებში. მის მიერ 1909 წელს შედგენილი ლექსიკონი სათანადო დაზუსტებებით დაერთო „ვეფხისტყაოსნის“ 1914, 1926, 1937 და 1951 წლების გამოცემებს.

იუსტინე აბულაძემ უამრავი სიახლე შეიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის საკითხების გარკვევასა და პოემის ლექსიკონის დადგენაში. მან პოემის ლექსიკონს არაბულ სიტყვათა, სპარსულ სიტყვათა, ბერძნულ-ქართულ სიტყვათა, საკუთარ სახელთა ლექსიკონები და თურქულ-ოსმალურ-ქართული და ლათინურ-ქართული სიტყვები დაურთო.

ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ იუსტინე აბულაძემ პირველმა აღწერა და დაახასიათა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, მათი კლასიფიკაციაც მოახდინა, ზოგიერთი მათგანის წარმომვლობა დაადგინა და ხელნაწერების მიხედვით გადამწერებისა და რედაქტორების ორ კატეგორიად დაყოფის იდეაც შეიმუშავა.[2]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება

იუსტინე აბულაძე 1962 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2015 წლის 18 ნოემბერს მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943)

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
  • XII საუკუნის ქართული მწერლობის ხასიათი და რუსთველის „ვეფხის-ტყაოსანი“. 1909. ძველი საქართველო. ტ. I. გვ. 69-112.
  • შესწორებანი და შენიშვნანი ვეფხისტყაოსნის 22-ე გამოცემის შესახებ, კრიტიკული ტექსტის რამდენიმე ნიმუშით. 1914. ტფილისი.
  • შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები. ტ. I. 1916. ტფილისი.
  • რუსულ-ქართული ლექსიკონი. ნაწ. I. 1928. ტფილისი.
  • ირანული ენის გრამატიკა (ქრესტომათიით და ლექსიკონით). 1936. თბილისი.
  • სპარსული ენის სახელმძღვანელო: გრამატიკა, ქრესტომათია, ლექსიკონი. 1953. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მაქაძე, 2019, გვ. 5-8
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 მეგრელიძე, ი., რუსთველოლოგები, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1970. — გვ. 198-211.