ბიზანტიური სამართალი
ბიზანტიური სამართალი – ბიზანტიის იმპერიის სამართალი VI-XV საუკუნეებში, იგი არის ბიზანტიური საზოგადოების მოთხოვნილებათა შესაბამისად გადამუშავებული რომის სამართალი და თვით ბიზანტიაში შექმნილი ორიგინალური სამართლის ნორმების ერთობლიობა. ხასიათდებოდა საეკლესიო და საერო სამართლის ნორმების პარალელური მოქმედებით. ბიზანტიურ სისხლის სამართალში თანდათან შეაღწია ბარბაროსული ჩვეულებითი სამართლის ნორმებმა, რაც გამოიხატა სასტიკი (კერძოდ გამახეიბრებელი) სასჯელების შემოღებით. სამოქალაქო სამართალზე გარკვეული ზეგავლენა იქონია იმპერიის ფარგლებში მცხოვრებ ხალხთა ჩვეულებითმა სამართალმა, ცალკეული ინსტიტუტები ძირითადად რომის სამართლის საწყისების შემდგომი განვითარებაა.
ბიზანტიას ჰქონდა განვითარებული საკანონმდებლო სისტემა. ბიზანტიური სამრთლის ძირითადი წყარო იყო თეოდოსიუსის კოდექსი, იუსტინიანეს კოდიფიკაცია, ეკლოგა, საადგილმამულო კანონი, ნომოკანონი (საეკლესიო და საერო სამართლის კრებული, რომელსაც საქართველოში სჯულის კანონი ეწოდებოდა), პროქირონი, ეპანაგოგა, ბასილიკები, საეპარქო წიგნი, მათე ბლასტარის ალფაბეტური სინტაგმა და კონსტანტინე არმენოპულოსის „ექვსწიგნეული“.
სამართალგანვითარების თვალსაზრისით ბიზანტია სანიმუშო ქვეყანა იყო შუა საუკუნეების მსოფლიოში. ბიზანტიური სამართალი ქათული ფეოდალური სამართლის ერთ-ერთ წყაროსაც წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნომოკანონი და ბლასტარის ალფაბეტური სინტაგმა, რომლის შემოკლებული ვარიანტი, შევსებული არმენოპულოსის კრებულიდან და სხვა წყაროებიდან, ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის სახით („სამართალი ბერძული“) შევიდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 370.