რომაული მითოლოგია
რომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბერძნული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.
რომაელთა რელიგიური შეხედულებები
რედაქტირებაადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახებით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის. რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესაური კავშირები და ქორწინებები.
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. უპირველეს ყოვლისა სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”ინდიგიტამენტები” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია პონტიფიკების მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია I ათასწლეულის დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, მუციუს სცევოლუსზე, რომელსაც იგი ადარებს სკანდინავიურ ფრეირს, ჰორაციუს კოკლესზე, რომელსაც ოდინს ადარებს).
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო იტალიის იმდროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი იანუსის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე მუხისგან, მითი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, იტალიკებისთვის და გალებისთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს სცემდნენ ასევე სხვა ხეებს და ტევრებს. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ პატივსაცემად ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება რომულუსი და რემუსი და მუხის ხე კაპიტოლიუმზე, რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
სავარაუდოდ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - კოდალაზე, არწივზე და მგელზე. მგელს ეძღვნებოდა ლუპერკალიუმი - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებას ანიჭებდნენ.
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა ემილიუსები, კლავდიუსები, კორნელიუსები, ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ ვესტას კულტის გარშემო.
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ჰყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა იუპიტერ კაპიტოლიელის ტაძარი გახდა.
რომაული რელიგიის განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი ძვ. წ. I საუკუნისთვის იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებაში არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია ციცერონის ტრაქტატში ღმერთების ბუნების შესახებ და დივიაციის შესახებ. ეთიკა რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც სჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.
მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი რესპუბლიკის ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული.
იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.
რომაული ღმერთები
რედაქტირება- ავრორა — ცისკრის ქალღმერთი.
- ბონა დეა — კეთილი ქალღმერთი.
- ბელონა — მარსის დედა ან და.
- ვენერა — ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.
- ვესტა — წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.
- ვიქტორია — გამარჯვების ქალღმერთი.
- ვულკანუსი — დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.
- გენიუსი — თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.
- დიანა — მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს მთვარეს.
- კვირინუსი — რომულუსი.
- კუპიდონი (ამური) — სიყვარულის ღმერთი.
- ლარები — კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.
- მარსი — ომის და ველური ბუნების ღმერთი.
- დედა მატუტა
- მერკური — ვაჭრობის ღმერთი.
- მინერვა — ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.
- ნეპტუნუსი — წყლის, ზღვის ღმერთი.
- ორკუსი — სიკვდილის ღმერთი.
- პარკები — ბედის ქალღმერთები.
- პროზერპინა — ქვესკნელის ქალღმერთი.
- რომა — რომის სიმბოლო ქალღმერთი.
- სილვანუსი — ტყეების და ბუნების ღმერთი.
- ტელუსი — მიწის ქალღმერთი.
- ფავნუსი — მინდვრების ღვთაება.
- ფლორა — ყვავილობის ქალღმერთი.
- იუნონა — ქორწინების და დედობის ქალღმერთი.
- იუპიტერი — ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.
- სატურნი — მიწათმოქმედების ღმერთი.
- იანუსი — ყოველი საწყისის და კარების ღმერთი.
მოცემულ სიაში ღმერთების სრული ჩამონათვალი არ არის მათი სიმრავლის გამო. მარსი იუპიტერი და კვირინი არიან უძველესი ღმერთები, ისინი წარმოადგენენ კაპიტოლიუმის ტრიადას.
რომაელთა რელიგიური რიტუალები
რედაქტირებაიმპერატორების კულტი
რედაქტირებარომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გაღმერთება. ამის შემდეგ ტრადიციად ჩამოყალიბდა თავისი სიკვდილით გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება. იმპერატორთა კულტებს სპეციალური ქურუმები ემსახურებოდნენ და მათი თაყვანისცემა სავალდებულო იყო რომის იმპერიის ყველა მაცხოვრებლისთვის.
გაღმერთებული იმპერატორები:
- ღვთაებრივი ავგუსტუსი
- ღვთაებრივი კლავდიუსი
- ღვთაებრივი ვესპასიანე
- ღვთაებრივი ტიტუსი
- ღვთაებრივი ნერვა
წინაპრების კულტი
რედაქტირებაროგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რომში წინაპრების კულტი დიდ როლს თამაშობდა. ყოველ ოჯახში იყო წინაპრებისადმი მიძღვნილი ალტარი, ხოლო წარჩინებულ გვარებს ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები ჰქონდათ, ამის შესახებ ტიტუს ლივიუსიც წერდა.
გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს.
რესურსები
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რომაული მითოლოგია“ ვიკისაწყობში.
- რომაული მითოლოგია
- ანტიკური მითოლოგია
- რომაული მითოლოგიის პერსონაჟები