ოდინი
ოდინი, ვოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული (ვალჰალის მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის ღმერთი, ვაჭართა მფარველი და ღმერთების მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების მთელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. ოდინი უპირატესად გერმანელთა ღმერთია, ფრიგის ქმარი, კანონმდებელი, ომისა და მშვიდობის განმგებელი, „ჩრდილოეთის ზევსი“, აზთა შორის ყველაზე ბრძენი, რადგან ბუმბერაზ მიმირის სიბრძნის წყარო შესვა. მისი ცალი თვალი - მზეა, მეორე კი - მთვარე. მზე მიმირს დაუთმო ამ წყაროს სამაგიეროდ. აზების (ასბის) მამა და უბრძნესი მათგანი, ოდინი სიჭაბუკეში მივიდა ბუმბერაზ მიმირთან და სთხოვა, შენი სიბრძნის წყალი მასვიო. „მუქთად არაფერი არ არის, - მიუგო მიმირმა, - რას მომცემ სამაგიეროდ?“ „რასაც მომთხოვ“. „მაშ მომეცი შენი მარჯვენა თვალი“ (ეს იყო მზე!). „კარგი, მიმირ, სირძნის ფასი არაფერია. ბრძენი ცალი თვალით უკეთ ხედავს, ვიდრე ბრიყვი ორივე თვალით“. ამის შემდეგ ოდინი ცალთვალაა.
ოდინი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) | |
---|---|
„ოდინი დედამიწაზე ხეტიალის დროს“ 1886, გეორგ ფონ როზენი | |
მითოლოგია: | სკანდინავიური მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | Wōdan, Woden და Billy Blind |
სქესი: | მამრობითი |
რეგიონი: | სკანდინავია |
მამა: | Borr[1] |
დედა: | Bestla |
და-ძმა: | Ve, Vili და Hœnir[2] |
მეუღლე: | ფრიგი[3] |
შვილები: | ბალდრი[4] , ჰიოდი, ჰერმოდი, ბრაგი, ვიდარი, თორი, მეილი, Heimdall, Tyr, Winta, ვალი, Skjöldr და Göte |
გამოსახულებები |
მანვე შექმნა რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და აუწყებენ ყველაფერს, რაც ნახეს, რაც მოისმინეს. ყორანთა სახელებია ჰუგინი („აზრი“) და მუნინი („მეხსიერება“). ფეხრთით ორი მგელი უწევს. ერთი მეომარი, მეორე მონადირე. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება). ეს მგლები ნთქავენ ოდინის კერძებს (ძირითადად ტახს), მხოლოდ ღვინოს უტოვებენ. პოეტური შთაგონების წყაროა, რადგან პოეტური შარბათი მოიტაცა იოტურნების (ბუმბერაზთა) ქვეყნიდან.
ომში მიმავალს რჩეული გმირები ახლავს, არწივის ფრთებით შემკული ოქროს მუზარადი ადგას, ოქროს ბრწყინვალე აბჯარი მოსავს, მარად გამარჯვების ხმალი ჰკიდია გვერდზე, ხელში უჭირავს ოქროს მშვილდი, რაც მიზანს არ ასცდებს და ისარი უკანვე უბრუნდება. რვაფეხა რაში სლაიპნირი დააქროლებს უსასრულო სივრცეში, აბჯრის ზრიალით ებრძვის მტრებს - ბუმბერაზებს, მგლებს, გველეშაპებს, ან კიდევ ბერიკაცის სახეს იღებს. სახეშეცვლილი, უჩინარის სამოსითა და რუხხალებიანი მოსასხამით მოსილი, ცალთვალიანობის დასაფარავად სახეზე ქუდჩამოფხუტული, წვერულვაშიანი ჭაღარა ბერიკაცის სახით დაიარება და ქვეყნად მტერ-მოყვარეს სწავლობს, მტერს სპობს. სიბრძნეს დაეძებს ნიადაგ, ფარულ ზრახვებს ავლენს, წელში მოკეცილი ესტუმრება გლეხკაცებს, თავს აბრალებს და ცდის (შეადარეთ - ზევსი), მეორე დღეს კი მისი რაშის ჩლიქების დაკვრისაგან მიწა იძვრის, ფაფარს ცეცხლი ედება. მისი სახელობისაა ოთხშაბათი (გერმანულად ვოდანს-ტაგ). შექმნაში ეხმარებოდნენ ვილი და ვე.
როგორც ბრძოლის ველის მბრძანებელს, ოდინ-ვოდანს ეძახიან, ამასთანავე უწოდებენ ჰეერფატერსაც (ჯარის მამას), ზიიგფატერს (გამარჯვების მამას), ვალფატერს (დაცემულთა, ვალჰალელ გმირთა მამას) და სხვა ზედწოდებებს, რომელთა რიცხვი ჩრდილოეთში ორასამდეა. ყველაზე ბრძენია, რადგან ყოველივე მიმირის სიბრძნის წყაროს წყალს სვამს, და იკვებება მხოლოდ ღვინით, სხვა ღმერთები კი ყველაფერს მიირთმევენ, ესაუბრება საგას, პოეტთა ქალღმერთს, და „პოეზიის მამაა“, სვამს „სკალდების შარბათს“, ცოდნის წყაროა, მეცნიერების მამა, რუნების გამომგონებელი (რაშს აწერია კბილებზე ასოები - რუნები). თავი ჩამოიხრჩო რუნთა სიბრძნისთვის.
წყვდიად ღამეებში, ჩვეულებრივ შობიდან სამი აღმოსავლელი მოგვის სახელობის დღეებამდე, ჩრდილოეთის ხალხებს ელანდებოდათ შმაგი ხმაური, ბუკთა ხმა, მარეკთა ყიჟინი, ცხენთა ფლოქვების თქარუნი, ძაღლების ყეფა, კატების ჩხავილი, და მთელს ამ ბუმბერაზულ ხმაურში შმაგი მხედრობა დაფეთებულ ნადირს მისდევდა ტყე - ღრეში, ჭალებში და ხევ-ხუვში (მოსავლიანი წლის ნიშანი), ან ღრუბელთა შორის (ომის მოლოდინი). ეს იყო ოდინის „გიჟური“ ნადირობა, რაც ანადგურებდა სოფლებს, ტყის ნადირს, ზღვაზე - ხომალდებს. შმაგი მხედრობა არავის ინდობდა. წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ოდინი მიუძღოდათ. მართალია რარიბებს ნანადირევს უზიარებდნენ, ხოლო თუ შორეულ ლაშქრობაში მყოფი ქმრის ამაო ლოდინში ქალს განზრახული ჰქონდა მეორედ გათხოვება, მოულოდნელად ქმარი ესტუმრებოდა იმ ქარიშხლიან ღამეს, მაგრამ ოდინის ნადირობა ხალხს მაინც აძრწუნებდა.
ხანდახან ოდინი მეფეს ეწვევა, მეომრებს აღაფრთოვანებს, ომში მოუწოდებს, გამარჯვებას მოუტანს და რჩეულთ ხოცავს, რომ საიქიოს მათ სულებს მიესალმოს. მისი სასახლე ციურ სივრცეშია. სასახლის სახელია ვალჰალი. ზღუდის ალაყაფის კარებს იცავენ მრისხანე მგელი და ძლიერი არწივი. დიდებული სასახლის შუა დარბაზის ბოლოს დგას მარალი ტახტი. დარბაზშია 12 სკამი, ზედ ამდენივე ციური მსაჯული ზის და ქვეყნის ბედს განაგებს. აქედან გასცქერის სამყაროს ოდინი, ღმერთების მეფე, მონადირე და მეომარი, ვოლსუგთა წინაპარი, სიდგრანი („გრძელწვერა“). მისი პერსონა ფართოდ აისახა „უფროს ედაში“ და სხვა.
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
- ალფადირ (ყველაფრის მამა)
- ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
- ჰარ (ძალიან მაღალი)
- ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
- ჯაფნჰარ (უმაღლესი)
- თჰიდი (მესამე)
- ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
მსოფლიო ომი - რაგნაროკი
რედაქტირებაროცა ბოროტმა ძალებმა ღმერთების დაღუპვა განიზრახეს, ოდინმა ბრძენ მიმირს მიაშურა და გაიგო, რომ იწყება მსოფლიო ხანძარი, რაგნაროკი. ამხედრებული დაეშვა ციდან, ჰაიმდალი საყვირის ხმამ შეძრა, ახებმა და ვანებმა თავი მოიყარეს ვიდრიდის ფართო ველზე (შეადარეთ - ფლეგრეის ველი ბერძნულ მითოლოგიაში, სადაც მოხდა ოლიმპიელთა და გიგანტების ომი). აქ მოხდა ოდინის თაობის ღმერთთა ომი ლოკის, ფენრის - ვოლფის, მიდგარდ - შლანგეს და ჩრდილოეთიდან გემებით მოსული სხვა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ფენრისმა შთანთქა ოდინი. მაშინვე ოდინის ძემ ვიდარმა მგლის ქვედა ყბას ფეხი დაადგა, მაღლა ასწია, გახლიჩა და შური იძია მამის მოკვლისათვის. დაიღუპა ოდინის მოდგმა, დაიწყო მსოფლიო ხანძარი. გავიდა ხანი და ფერფლიდან აღდგა ორი ადამიანი, ტალღებიდან აღიმართნენ მთები, გაცოცხლდნენ მარადიული არსებები - აზები და ვანები, განახლდა მშვიდობიანი ცხოვრება და ყოველივე ამას მაღლით დასცქერის „ძლიერი, რომლის სახელიც არ ითქმის“. ეს „ძლიერი, მაღლით მოვლენილი“ („დერ შტარკე ფონ ობენ“) უნდა იყოს იგივე ოდინი, უზენაესი პრინციპი, კიდევ უფრო ამაღლებული და საყოველთაო ბუნების განსახიერება, ღმერთთა მამამთავარი (ასე ეწოდა თავიდანვე), მამათა მამა („ალფატერ“), ეს იყო „პირველი ზედწოდება ოდინისა. მამამთავარი ცოცხლობს გერმანელთა წარმოდგენაში ყველა დროში და განაგებს ყველაფერს. მან შექმნა ცა და მიწა, არსი ყოველი“.[5] ამრიგად ოდინი ბედითაც ამართლებს „ჩრიდილოეთის ზევსის“ საპატიო წოდებას.[6]
მითი და ლეგენდა
რედაქტირებაოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელ-სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაოდინის ჟამისა - უძველესი, - შეადარეთ - ქართულად ოდინდელი, ოდითგან. ოდინის შუბი - უბედურების სიმბოლო (ოქროზე შეშლილ ადამიანებს ოდინმა შუბი სტყორცნა - დაიწყო ომები.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Буре или Бури // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. V. — С. 21.
- ↑ 2.0 2.1 Гёнир // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 337.
- ↑ 3.0 3.1 различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1907.
- ↑ 4.0 4.1 Балдур // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IIа. — С. 796.
- ↑ (კარლ კრუგერი, გერმანელთა ღმერთები, 149)
- ↑ მ. ზიმროკი, მით. 206... „ოდინის შევარდენი“ - ყორანია.