მურად II
მურად II (ოსმ. مراد ثاني - Murâd-ı sânî , თურქ. İkinci Murat; დ. ივნისი 1401, ამასია — გ. 3 თებერვალი 1451, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის მეექვსე სულთანი 1421-1444 და 1446-1451 წლებში, მეჰმედ I-ის ვაჟი, რომლისგანაც ტახტი მემკვიდრეობით 1421 წელს მიიღო.
მურად II | |
---|---|
İkinci Murat | |
ოსმალეთის მე-6 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 მაისი, 1421 |
მმართ. დასასრული: | აგვისტო, 1444 |
წინამორბედი: | მეჰმედ I |
მემკვიდრე: | მეჰმედ II |
ოსმალეთის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | სექტემბერი, 1446 |
მმართ. დასასრული: | 3 თებერვალი, 1451 |
წინამორბედი: | მეჰმედ II |
მემკვიდრე: | მეჰმედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ივნისი, 1404 |
დაბ. ადგილი: | ამასია, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 3 თებერვალი, 1451 |
გარდ. ადგილი: | ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
იენი ხათუნი ჰალიმე ჰიუმა ხათუნი დესპინა ხათუნი |
შვილები: |
აჰმედი, ალადინი, მეჰმედი, ორჰანი, ჰასანი, აჰმედი ჰატიჯე, ფატმა, შეჰზადე, ერჰონდუ |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მეჰმედ I |
დედა: | ემინე ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1404 წლის ივნისში, ქალაქ ამასიაში. მურადის დედა იყო ემინე ხათუნი. მამამისი, მისი დაბადების დროისთვის, ოსმალეთის იმპერიის ტახტისთვის იბრძოდა ძმების წინააღმდეგ. 1410 წელს მურადი მამასთან ერთად დედაქალაქ ედირნეში გადავიდა. როდესაც მეჰმედ I-მა ოფიციალურად მოიპოვა ოსმალეთის სულთნის ტიტული, ახალგაზრდა შეჰზადე მურადი დაინიშნა ამასიის სანჯაყის განმგებლად, რადგან იგი იყო მემკვიდრე შეჰზადე და უნდა მიეღო მმართველობის გამოცდილება. 1421 წელს, როდესაც მურადი 16 წლის იყო, სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი მემკვიდრეობით მას ერგო.
მმართველობის დაწყებისთანავე, მან განაახლა ომი ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც მამამისის დროს შეწყვეტილი იყო. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მურადისთვის ტახტის მოცილე მუსტაფა ჩელების ბიზანტიის იმპერატორი მხარს უჭერდა. 1422 მან ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. ოსმალებმა ალყა მაშინ მოხსნეს, როდესაც მანუელ II პალეოლოგოსი დაიყოლიეს მათთვის ხარკის გადახდაზე.
მას შემდეგ, რაც მანუელ II-მ აღიარა ოსმალთა მიმართ ვასალური დამოკიდებულება, მურადმა ბალკანეთისაკენ გადაიტანა ყურადღება. 1430 წელს, 5 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ოსმალთა ჯარებმა დაიპყრეს სალონიკი (თანამედროვე თესალონიკი), რომელიც იქამდე ვენეციის კონტროლის ქვეშ იყო. აგრეთვე, ოსმალეთის ჯარი წარმატებით მოქმედებდა უნგრეთ-სერბეთ-ყარამანის ალიანსის წინააღმდეგ, მაგრამ მას შემდეგ რაც ალიანსი გაფართოვდა და მას გერმანიის, პოლონეთისა და ალბანეთის ჯარები შეუერთდნენ, ოსმალებმა დაკარგეს ქალაქი ნიში და სოფია. ოსმალეთის ჯარი განადგურდა იალოვაზსთან გამართულ ბრძოლაშიც, რასაც 1444 წლის 12 ივნისს მოჰყვა ალიანსის ქვეყნებსა და ოსმალეთს შორის ედირნეში ხელშეკრულების დადება. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მურად II თავისი 12 წლის შვილის, მეჰმედის სასარგებლოდ გადადგა.
ევროპის ქვეყნებმა, რომის პაპ ევგენი IV-ის მეთაურობით, მალევე დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და განაახლეს ომი ოსმალეთის იმპერიასთან. ამიტომ, მურადი იძულებული გახდა სახელმწიფო საქმეებს დაბრუნებოდა. იგი სათავეში ჩაუდგა ოსმალეთის არმიას და 1444 წლის 10 ნოემბერს სასტიკად დაამარცხა ქრისტიანული ძალები ვარნის ბრძოლაში. შედეგად, ოსმალებმა საბოლოოდ დაიკავეს ვარნა. 1446 წლის სექტემბერში მურადი ოფიციალურად დაბრუნდა ტახტზე.
1448 წელს უნგრეთის მმართველმა იანოშ ჰუნიადიმ განაახლა ომი ოსმალეთის იმპერიასთან. მან არმიასთან ერთად გადაკვეთა მდინარე დუნაი და დაბანაკდა ქალაქ კოვინთან ახლოს. ჰუნიადი ერთ თვეზე მეტ ხანს ელოდა დამხმარე არმიას, მაგრამ ალბანეთი ამ ბრძოლაში ჩართვას არ აპირებდა. უნგრელებს დახმარება მხოლოდ ვლახეთის მმართველმა, ვლადისლავ II-მ აღმოუჩინა. 17-20 ოქტომბერს კოსოვოს ველზე მიმდინარეობდა ბრძოლა ოსმალეთისა და უნგრეთ-ვლახეთის არმიებს შორის. მურად II პირადად მეთაურობდა საკუთარ ჯარს. ბრძოლა დასრულდა უნგრეთ-ვლახეთის არმიის სრული მარცხით და ისინი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.
ამის შემდეგ, მურად II-მ ყურადღება აღმოსავლეთზე გადმოიტანა. მან დაამარცხა თემურლენგის მემკვიდრე, შაჰრუჰ-მირზა. ამას მოჰყვა გამარჯვება ყარამანისა და ჩორუმ-ამასიის გაერთიანებულ არმიებს შორის. 1450 წლის გაზაფხულზე მურად II უკანასკნელად წავიდა ლაშქრობაში. ოსმალეთის არმიამ სცადა ალბანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის, კრუიას აღება. ოსმალებმა ალყა 14 მაისს დაიწყეს. ალყა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. 23 ნოემბერს მურადმა იგი მოხსნა და დედაქალაქში დაბრუნდა.
მურადი ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა ანატოლიაში, რადგან არ სურდა გაეზიარებინა ბაბუის, ბაიაზიდ I-ის ბედი. ოსმალებმა მეტი გავლენა მოიპოვეს დასავლეთ ანატოლიის თურქმენ მმართველებზე, მაგრამ ყარამანი, რომელიც იყო დასაყრდენი ბალკანელი მმართველებისათვის და ოსმალთათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ რჩებოდა ავტონომიურად.
სულთან მურადის მმართველობის პერიოდში, დიდი ვეზირის პოსტზე დაიწყო ჩანდარლების ოჯახის დომინირება. იანიჩართა კორპუსი უფრო მეტად გაძლიერდა და ევროპაში ცნობილად იქცა. ოსმალეთის ევროპული ნაწილის მმართველებმა, დაიწყეს სულთნისაგან დამოუკიდებელი მოქმედება ბალკანეთში. მურად II გარდაიცვალა 1451 წლის 3 თებერვალს. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მეორედ ავიდა მეჰმედ II.
ოჯახი
რედაქტირება- იენი ხათუნი
- ჰალიმე ხათუნი
- ჰიუმა ხათუნი
- დესპინა ხათუნი
ვაჟები
რედაქტირება- შეჰზადე აჰმედი
- შეჰზადე ალადინი (1425, ედირნე — 1443, ბურსა)
- მეჰმედ II (30 მარტი 1432, ედირნე — გ. 3 მაისი 1481, ჰუნიქარ-ჩიარი)
- შეჰზადე ორჰანი
- შეჰზადე ჰასანი
- შეჰზადე ქუჩუქ აჰმედი
ქალიშვილები
რედაქტირება- ჰატიჯე სულთანი
- ფატმა სულთანი
- შეჰზადე სულთანი
- ერჰონდუ სულთანი